პოლიტიკა

რატომ ჩამოყალიბდა თანამედროვე მსოფლიოში პრივილეგირებული სახელმწიფოები, რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ

№27

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.07

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

უცნაური მსოფლიო ჩამოყალიბდა: გამოცხადდა, რომ ირანის სულიერი ლიდერი უნდა მოკვდეს (იმისდა მიუხედავად, მომწონს თუ არა ის და მისი საქმიანობა, ცოტა უხერხულია ადამიანზე ნადირობის გამოცხადება). ამის პარალელურად, ირანს არ შეიძლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ შეიძლება, ჰქონდეს პაკისტანს; ისრაელი შეიძლება, თავს დაესხას ნებისმიერს, ვინც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის, მაგრამ, თუ სხვა სახელმწიფო დაესხმება იმავე მოტივით თავს მეორე სახელმწიფოს, ეს დასაგმობია. ბუნებრივია, პოლიტიკა ყოველთვის მსგავსი მოტივებით ხელმძღვანელობდა, მაგრამ ახლა აღარაფერი იმალება, რაც ბადებს ეჭვს, რომ უკვე აღიარებულია მთავარი სახელმწიფოები, რომლებსაც ყველაფრის უფლება აქვთ და მეასეხარისხოვნები, რომლებსაც ისე აბურთავებენ, როგორც ეს პირველხარისხოვნებს მოეპრიანებათ, – ამ თემაზე მამუკა გიორგაძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– ყოველგვარი ნორმა დაიკარგა საერთაშორისო ურთიერთობებში?

– განსხვავება ის არის, რომ სოციალურმა ქსელებმა, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებმა, ხელოვნურმა ინტელექტმა და, საერთოდ, ტექნოლოგიურმა განვითარებამ ძალიან ბევრი ადამიანი მოიცვა. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს საკითხების გარკვევაში, რაღაც ინფორმაციის გავრცელებაში, რაც თავისთავად იწვევს უფრო მეტ ემოციას, საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანების აქტიურობას და, ამდენად, გვექმნება ეს შთაბეჭდილება, თორემ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაგალითად, სულ რაღაც რამდენიმე საუკუნის წინ გივი ამილახვარი, შანშე ერისთავი იმიტომ, რომ ირანის წინააღმდეგ ებრძოლათ, თურქეთს ემხრობოდნენ და შედეგსაც მიაღწიეს. გივი ამილახვრის, ასე ვთქვათ, დაჟინებული მოთხოვნით, სიონის ტაძარი აფეთქებას გადაურჩა და დღესაც აღდგომის შემდგომ შაბათს სიონში გივი ამილახვრის სულის საოხად წირვა აღევლინება. ამ ამბებიდან სულ ცოტა ხანში კი გივი ამილახვარი ლამის ირანის ჯარის სარდალი გახდა. გავიხსენოთ, თუნდაც, ის, რომ დავით აღმაშენებელმა თბილისი ბოლო წუთამდე არ აიღო; თანამშრომლობდა სხვადასხვა ძალასთან: ვგულისხმობ, ყივჩაღების ჩამოყვანას და შემდეგ უკან გაშვებას. მისი ეს ქმედებები პოლიტიკური ვითარების ცვლილებამ განაპირობა. ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

– მაგრამ არც გივი ამილახვარი და არც დავით აღმაშენებელი არ ამბობდნენ, რომ უპირველესი დემოკრატია და ადამიანის უფლებებია. ანუ თვალში ნაცარს არავის აყრიდნენ.

– ამ სიტყვებს არ ხმარობდნენ, სხვა სიტყვებს ხმარობდნენ, მაგრამ მაშინაც იყო იგივე. მაგალითად, დამოუკიდებელ საქართველოში, 1918-1921 წლებში ბრიტანეთმა შემოგვთავაზა, ხელი შეგვეშალა ბაქოს გაწითლებაში. იმიტომ რომ ამის რესურსი ჩვენ გვქონდა. 40 000 შტიკი ეყენა კვინიტაძეს განჯასთან. ასე წერს თავის მემუარებში, მაგრამ საქართველოს იმდროინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამჯობინა, რუსეთთან წასულიყო მოლაპარაკებაზე და 20 მაისს რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ საქართველო არ ჩაერეოდა აზერბაიჯანის საქმეებში. ანუ როდესაც რუსეთიც გეუბნება, არ ჩაერიოო, ბრიტანეთი კი გეუბნება, ჩაერიეო, გამოდის, რომ საქართველოს რეალურად ჰქონდა ჩარევის თავი.

– მე ცოტა მეეჭვება, რასაც ვუყურებ უკრაინაში, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ბაქოს გაწითლების თავიდან აცილება. ვფიქრობ, უბრალოდ, ჩვენი გამოყენება უნდოდათ.

– მე ვლაპარაკობ ფაქტებზე, არ ვაფასებ.

– 2022 წელსაც გვეუბნებოდა, მათ შორის, არესტოვიჩი, შედით დე-ფაქტო აფხაზეთსა და ცხინვალში, ლაჩრები ხომ არ ხართ და დაიბრუნეთო, მაგრამ რას მოიტანდა ეს შესვლა?

– დიახ და დღეს იგივე არესტოვიჩი ზის იულია ლატინინასთან ერთად და მოუწოდებს უკრაინელებს, რომ დანებდნენ რუსებს.

დიახ, ამიტომ დავსვი ეს კითხვა.

– ჩვენ გვისაუბრია არესტოვიჩის მაშინდელ განცხადებებზე და არც მაშინ შეგვიფასებია დადებითად. იმიტომ რომ ასეთი ადამიანებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიაში იქნებიან, მთავარია, იყვნენ ხელისუფლებასთან ახლოს, ჟარგონით რომ ვთქვათ, „კარმუშკასთან“. მეორე მხრივ, მართლაც მიმდინარეობს ღირებულებათა სისტემების გამო დაპირისპირებები არა მარტო ქვეყნებს შორის, არამედ ქვეყნებს შიგნითაც. ვხედავთ, როგორი დაპირისპირებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის ან მეომარ ქვეყანა ისრაელში რამხელა წინააღმდეგებებს უქმნიან პრემიერ ნეთანიაჰუს, რომელმაც შეიძლება, ითქვას, რომ დაამარცხა გოლიათი.

– მე ვერ ვიზიარებ ნეთანიაჰუთი ასეთ აღფრთოვანებას.

– მე არ ვაფასებ, მე ვლაპარაკობ ობიექტურ რეალობაზე. ობიექტური რეალობაა, რომ დღეს კონსერვატორული ძალები არიან მემარცხენე რადიკალური ძალების დარტყმის ობიექტი და ეს ბრძოლა მიმდინარეობს ქვეყნებს შიგნით და ქვეყნების გარეთ კი ვხედავთ ამ ბრძოლის გამოძახილს. ამას ემატება სახელმწიფოთა სტრატეგიული ინტერესები და ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ამან ჩვენში ემოცია კი არ უნდა გამოიწვიოს, არამედ უნდა დავფიქრდეთ, ამ სიტუაციაში ჩვენთვის რა იქნება სწორი.

– ამიტომაც წამოვწიე ეს საკითხი: ჩვენ აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას ავღანეთში კოალიციის სამხედრო ოპერაციებში თალიბების წინააღმდეგ, ახლა თალიბები აშშ-ის მოკავშირეები ხდებიან. ჩვენ, ცოტა არ იყოს, მარიონეტების როლში ვჩანვართ.

– შეგვიძლია, მოვიშველიოთ ისტორიული მაგალითები. გივი ამილახვარი ვახსენე; გავიხსენოთ იგივე გიორგი მეთერთმეტე, რომელიც ავღანელების წინააღმდეგ იბრძოდა, რითიც საქართველოში დარჩენილ ადამიანებს აძლევდა საშუალებას, საქართველო აეშენებინათ. ეს ის პერიოდია, როდესაც ვახტანგ მეექვსე სტამბას აარსებდა საქართველოში და აქ კულტურული ცხოვრება ჩქეფდა. ანუ, როდესაც მსოფლიო ტენდენცია მიდის რაღაც მიმართულებით, შენ ხეირი უნდა ნახო. ჩვენ კი რა ვქენით?! ჩვენი ბიჭები მიდიოდნენ ავღანეთში და ნუ გვავიწყდება, რომ აქ მთავარი მოტივი მათი მხრიდან ფული იყო.

– დიახ და ამერიკის ინტერესიც ფული იყო, ქართველი სამხედრო უფრო იაფი უჯდებოდა.

– მე ჩვენს მხარეზე ვლაპარაკობ. ჩაწყობა ხდებოდა, რომ ავღანეთში წასულიყვნენ.

– ფიზიკური მონაცემების გარეშე ჩააწყობდი?!

– ფიზიკური მონაცემი ბევრს ჰქონდა, მაგრამ აწყობდნენ, მეორედ და მესამედ რომ წასულიყვნენ, იმიტომ, რომ იქაური ხელფასი საქართველოში არსებულ ხელფასთან შედარებით შეუდარებლად მაღალი იყო. ამდენად, მოტივაცია ჰქონდათ მეომრებს, მაგრამ ეს მაინც კერძო მოტივაცია იყო. რაც მთავარია, შენ ამის გამო მოგეცა შესაძლებლობა, რომ აქ განვითარებულიყავი. სახელმწიფო ინსტიტუციები აგეშენებინა, ამაში ფულიც მოგვცეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ფული შევჭამეთ, ანუ შეჭამა ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ, გამოიყენა თავისი კერძო მიზნებისთვის და ჩვენ აღმოვჩნდით, აი, ამ სავალალო მდგომარეობაში. თორემ ის შესაძლებლობები რომ გამოგვეყენებინა, რაც მოგვცეს, დღეს საქართველო არ იქნებოდა ასეთ ვითარებაში. დასავლეთის სახელმწიფოები ჩვენდამი კეთილგანწყობილები იყვნენ, გვაძლევდნენ ფულს და სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს არ გამოიყენა, რაც უკვე შიდა პრობლემაა. მსოფლიოში ყოველთვის მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა და ჩვენ გვიწევდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს დგომა. ასე რომ, მოვლენები და გარემოებები პოლიტიკისთვის არის შესაძლებლობა, როგორც დაივინგი ელოდება შესაბამის ტალღას, რომ კარგად გასრიალდეს. ჩვენ რამდენიმე ასეთი ტალღა გავუშვით და შემდეგ არასწორი მოქმედების გამო არასწორად დავუდექით ტალღას და აღმოვჩნდით წყალში... ასეთი ძვრებია მსოფლიოში და ჩვენ ერთმანეთს რაზე ვეჩხუბებით?! ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, ხომ არ არის მიმართული ქვეყნის განვითარებისკენ?! ახლა ნაწილდება მსოფლიო და ამაში საქართველო საერთოდ არ მონაწილეობს, ხოლო, თუ მონაწილეობს, ჩვენ გარშემო ყველას მტრად წარმოვიდგინეთ.

– სხვები კი არადა, ერთმანეთს აღვიქვამთ მტრებად. სხვათა შორის, სირიისთვის ყველა მტერი რომ იყო, იმიტომაც დაინაწილეს იმ სხვებმა მისი ტერიტორია.

– მაგრამ შემდეგ იქ მოიძებნა ადამიანი, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია: ჩაიცვა პიჯაკი.

– მარტო პიჯაკი არ ჩაუცვამს, გოლანის სიმაღლეები გადასცა ისრაელს, იდლიბის პროვინცია – თურქეთს, საბადოებიანი ტერიტორია – ამერიკელებსა და ქურთებს.

– ჯერჯერობით კიდევ გადასაწყვეტია ბევრი საკითხი, მაგრამ თავისთავად ის, რომ ჩაიცვა პიჯაკი და დაიწყო გასაგებ ენაზე ლაპარაკი, დისტანცირება გააკეთა ირანისგან და გადადგა ნაბიჯები ჯანსაღი ნორმალური ურთიერთობისაკენ, ამის გამო რაღაც რაღაცებზე თვალი დახუჭეს. სხვა თემაა, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დღეს ეს მაგალითიც საკმარისია, რომ დავინახოთ, რომ ყოველთვის არსებობს ქვეყნის განვითარების შანსი. ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია, იმიტომ რომ გასარკვევია ქურთისტანის საკითხი, ისრაელთანაა გასარკვევი სიტუაცია, ასევე, შიგნითაც. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არის სუბიექტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სირიის, როგორც სახელმწიფოს, გადარჩენასა და ქვეყნის მრავალათეულწლიანი სამოქალაქო ომიდან გამოყვანაში. აი, ეს პერსპექტივა რომ დაინახეს სახელმწიფოებმა, ამიტომ დახუჭეს თვალები რაღაც-რაღაცებზე, თორემ დავიწყებით არაფერი დაუვიწყებიათ და არავინ იცის, როდის გაახსენებენ და რაღაც არ მოეწონებათ და ალ-ჯულანი, რა თქმა უნდა, მაშინვე ტერორისტი გახდება. ჩვენ შანსებს ვუშვებთ ხელიდან და შემდეგ სხვას ვაბრალებთ, რატომ არ არის სხვა ისეთი სამართლიანი, როგორც მოსამართლე აზდაკი იყო. რეალურ ცხოვრებაში ჩვენი ქმედებების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის მერე ვღიზიანდებით იმიტომ, რომ შემოდის ემოციური განზომილება. არადა, პოლიტიკაზე პოლიტიკური კატეგორიებით უნდა ვიმსჯელოთ, ფეხბურთზე – ფეხბურთის წესებით, კალათბურთზე – კალათბურთის წესებით. ჩვენ ეს აღრეული გვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა