რატომ ბრაზობენ ოპოზიცია და ევროპარლამენტარები ქართველ ამომრჩეველზე, რომელსაც არ უნდა აჯანყება და რევოლუცია
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.12
მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზეა, ანუ სავსებით რეალურია სცენარი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და თვით „ნატო“, რაც მაინც ვერ მოაგვარებს ჩინეთის პრობლემას, მაგრამ ქართული პოლიტიკური სპექტრი ლამის სრულადაა გასული საღი აზრის მომსახურების ზონიდან, ვინაიდან ამ არეულ სამყაროში ისევ და ისევ მოითხოვს, რომ ხალხი ქუჩაში გავიდეს, დაიბრუნოს „მოპარული“ არჩევნები, იმიტომ რომ ევროპას გვართმევენ. ქართული ოპოზიციის არაადეკვატურ ქმედებებს ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.
– სჯერათ თავიანთი არაადეკვატური ლოზუნგების თუ რა მიზანი აქვთ? მართლაც გავედით მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გააზრების ზონიდან?
– თქვენი კითხვა, რაღაც ასპექტით, რიტორკულია, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი შეშფოთებს საფუძველიც და ვეცდები, ავხსნა, ჩემი აზრით, რატომ ხდება ასე. სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ისტორია ახალ დროში, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ვგულისხმობ ერთიანი და მთლიანი საქართველოს არსებობას, რაც გიორგი ბრწყინვალის შემდეგ პრობლემური იყო. რამდენიმე ათეული წელია, რაც ფორმალურად დამოუკიდებლები გავხდით. ეს იყო იმპერიის დაცემის შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მონაწილეობდა ამ პროცესში და თავისი წვლილიც შეიტანა. მაგრამ, რეალურად, ამის შემდეგ დაიწყო კატაკლიზმებისა და დაპირისპირებების პერიოდი. ჩვენ ავირჩიეთ განვითარების ის გზა, როგორიც არის შეერთებული შტატების პოლიტიკური გავლენის არეალში ყოფნა, დასავლეთისკენ სწარაფვა დასავლეთის დომინირების პირობებში, როდესაც შეერთებულ შტატები საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ერთპიროვნული ჰეგემონი გახდა. ჩვენ ამ პროცესს ავყევით. გამსახურდიას შემდეგ ყველა ლიდერი ამ გზას მიჰყვებოდა: თანამშრომლობა დასავლეთთან, სიფრთხილე რუსეთთან, თუმცა მაინც დავკარგეთ ტერიტორიები... ამ პროცესში ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ პროფესიონალი პოლიტიკოსების კლასი და ის სივრცე, საიდანაც ეს პროფესიონალი პოლიტიკოსები უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციის რიგებში, იყო უაღრესად ვიწრო და თანდათან კიდევ უფრო ვიწროვდებოდა. იმიტომ რომ ჩვენ იმთავითვე ვთქვით უარი საბჭოთა ბიუროკრატიასა და ინტელიგენციაზე, როგორც იმპერიის მომსახურე ხალხზე, არადა ის ფენა იყო საზოგადოების განვითარების პროდუქტი და მათ შორის უამრავი ნიჭიერი და მოაზროვნე ადამიანი იყო, ზოგიერთებმა კიდეც შეასრულეს გარკვეული როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ არსებითად ჩვენ უარვყავით ისინი და არენიდანაც გავყარეთ. ჩვენ, ანუ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ადამიანებმა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოხდა გადატრიალება: გამსახურდიას ხელისუფლების ნაცვლად მივიღეთ ახალი ხელისუფლება, რომელმაც უარყო საზოგადოების ის ძალიან მნიშვნელოვანი ფენა, რომლებიც ზვიად გამსახურდიას უჭერდნენ მხარს; მათ შორის მოყვნენ პატრიოტულად გულანთებული და უაღრესად განათლებული და გამოცდილი ადამიანებიც. ანუ ამ არელიდან საბჭოთა არისტოკრატიასთან ერთად განვდევნეთ გამსახურდიას მომხრეები.
– პერიოდულად სულ ასე ხდება: თითქოს ციკლურია.
– არის გარკვეული ციკლები, მაგრამ ამას მიჰყვა სხვა ელიტაც: კორუფციასთან მეტ-ნაკლებად შემხებლობაში მყოფი, რომელთა „გაკულაკება“ მოინდომა სააკაშვილმა. ის შეეცადა, მათი ნაწილისთვის ქონება წაერთმია, რომელიც, მისი აზრით, უკანონოდ ჰქონდათ მოხვეჭილი, არადა საბჭოთა პერიოდში ყველანაირი ქონების მოხვეჭა უკანონო იყო. სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არენიდან გაძევებულებს მიემატა ადამიანების, ახალგაზრდა პოლიტიკოსების, ძალიან საინტერესო ჯგუფი, რომლებიც, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე, იმსახურებდნენ პოლიტიკური არენიდან გასვლას, მაგრამ დღემდე ცდილობენ, დარჩნენ არენაზე. ანუ ერის ინტელექტუალური პოტენციალის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გარიყული და განდევნილია პოლიტიკიდან და, შესაბამისად, ვინც დარჩა, ფაქტობრივად, გამოუცდელია და პოლიტიკოსობას იწყებს პარლამენტის დარბაზში, როდესაც სიით გადის რომელიმე პიროვნების ავტორიტეტით. მოცემულ შემთხვევაში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
– ყველა პარტიული სიით გასული ამ პრინციპით გადის: ვიღაცის ავტორიტეტით.
– დიახ, როდესაც ვამბობ პოლიტიკურ კლასს, ვგულისხმობ ოპოზიციასაც, იქაც არიან შემთხვევითი ადამიანები. ვიღაც აქციაზე გამოიჩენს თავს და მაშინვე პოლიტიკოსი ხდება და ასე შემდეგ. პოლიტიკოსობას ვერც ერთ პროფესიასთან ერთად ვერ შეისწავლი. ის სპეციფიკურია დასავლეთშიც და იაპონიაშიც შესაბამისი სკოლებია. ხოლო საქართველოში ამის სწავლა შეუძლებელია, ამიტომ გარკვეული პოლიტიკური გადარჩევის შედეგად წინა პლანზე უნდა წამოვიდნენ ისინი, რომლებსაც შეუძლიათ, პირნათლად ემსახურონ ქვეყანას. ამ ქვეყანაში კი ყველას ჰგონია, რომ პოლიტიკოსობა შეუძლია. ისინი ფიქრობენ: რა უნდა ოთხმილიონიანი ქვეყნის მართვას?! პატარა ეკონომიკაა. წინააღმდეგობებია: დასავლეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი, მათ შორის ლავირებაა საჭირო და მეტი არაფერი. ჩვენ გვყავს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი, შეძლებული ადამიანები, რომლებსაც ბევრი მილიონი აქვთ ნაშოვნი და მიაჩნიათ, რომ, აბა, რა უნდა ამ პატარა ქვეყნის მართვას, როდესაც მე ძალიან ბევრი მილიონი ვიშოვე?! ამ პატარა ეკონომიკას როგორ ვერ ავაწყობ?! არადა, ეს მიდგომა აბსოლუტურად მცდარია და ყოველთვის ვიხსენებ აინშტაინის ცნობილ გამონათქვამს პოლიტიკის შესახებ, როდესაც მას ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს, გავლენიანი და ცნობილი კაცი ხართ, იქნებ ავტორიტეტი სამშობლოს მოახმაროთო. აინშტაინმა უარი თქვა: მე შესანიშნავად ვიცი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია, მაგრამ ვერაფერი გავუგე ისეთ ურთულეს მეცნიერებას, როგორიც პოლიტიკააო. ის არა მარტო დიდი პიროვნება იყო, არამედ გონიერი და პრაგმატული. რთული მეცნიერებაა პოლიტიკა, მაგრამ ახლა პოლიტიკური შერჩევის პროცესიც კასტრირებულია. სოციალურ ქსელში სრული ქაოსია და თუ არ გაქვს რაღაც ბაზა, ძალიან ძნელია, გაერკვე, იქ რა ხდება, ხოლო დღემდე ყველაზე ეფექტიანი ტელემედია გაყოფილია ორ ჯგუფად: სახელისუფლოდ და ოპოზიციურად და ერთმანეთის გამომრიცხავი ლოგიკითა და მსჯელობით, განსხვავებული აზრებისადმი მოუთმენლობით ხასიათდებიან, რაც შეუძლებელს ხდის ჭეშმარიტების დადგენას. არის შიშველი პროპაგანდა, საიდანაც ვერც მე და თქვენ, რომლებიც ვცდილობთ, რაღაცას წარმოვადგენდეთ ჩვენს სპეციალობებში და ვერც რიგითი მოქალაქეები ვერაფერს გავიგებთ. შესაბამისად, არის პოლიტიკური კლასი, რომლებიც საოცრებებს ამბობს. მაგალითად, დღეს გამოვიდა ჩემთვის პატივსაცემი ბიზნესმენი და მოღვაწე მამუკა ხაზარაძე, რომელიც პოლიტიკაში შემოვიდა, რასაც მე მივესალმე და თქვა, მე არ მივცემ ლეგიტიმაციას პარლამენტს. კი მაგრამ, მას გუნდში ჰყავს პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, ანუ არ აქვს მწირი ინტელექტუალური რესურსი და როდის მომხდარა, რომ არჩევნების, თუნდაც, გაყალბებულის მონაწილე ერთ პიროვნებას, პარტიას ან ჯგუფს შეეძლო, არალეგიტიმურად ეცნო ერთ-ერთი სახელისუფლო შტო, ანუ პარლამენტი?! როდის მომხდარა, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოს გამოეცხადებინოს, რომ, რადგან ჩვენ აღარ გვინდა მანდატები, ვინაიდან ვერაფერს შევცვლით, არ მივცემთ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს?!
– ეს იმას ჰგავს, ბავშვობაში, ერთ-ერთი მავნე ბავშვი რომ ბრაზდებოდა და ამბობდა, აღარ მინდა თამაშიო და თამაში იშლებოდა.
– ეს ამ საცოდავი ქვეყნისთვის, რომელსაც სახელმწიფოებრიობის პატარა ისტორია აქვს – ჩვენთვისაა ბევრი 30 წელი, თორემ ისტორიისთვის ერთი წამია – მძიმე ამბავია. იგივე ეხება გვარამიას, ბევრი არაადეკვატური განცხადება გაუკეთებია ბოლო პერიოდში, მაგრამ უფრო საოცარი რამ განაცხადა: აჯანყებას, რევოლუციას, ხელისუფლების შეცვლას აწყობენ არა პოლიტიკოსები, არამედ ხალხი და ხალხმა არ მოაწყო ეს რევოლუცია, რა ჩვენი ბრალიაო. თან, ეს ბრძანა ბრიუსელიდან. ერთგვარი თავის მართლებაცაა და, ალბათ, უნდა იმართლოს კიდეც თავი, იმიტომ რომ ამის დიდი იმედი ჰქონდა ოპოზიციის ნაწილს, ამაზე დიდი ფულია დახარჯული დასავლეთიდან... ბევრი მილიონი დახარჯა დასავლეთმა მრავალი წლის განმავლობაში აქ მათი დასყრდენი ფენის შესაქმნელად, საიდანაც ჩემამდე და თქვენამდე ერთი დოლარი არ მოსულა, ანუ იმ ხალხამდე, რომლებიც ჩვენი პროევროპული განვითარების თავგამოდებული მომხრეები ვართ. ანუ რეალურად დასავლეთისკენ ჩვენი ქვეყნის სვლის დისკრედიტაცია მოახდინეს და არც კი ვიცი, რა მომავალი შეიძლება, ჩამოყალიბდეს. და თუ ხალხმა არ დაგიჭირათ მხარი, არ მოვიდა ბევრი ადამიანი ახალი პარლამენტის სესიის გასაპროტესტებლად, თუ მათი მომხრეებიც მიიჩნევენ, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ლეგიტიმაციის იმ უმნიშვნელო ხარისხსაც ნუ წავართმევთ ამ ქვეყანას, რომელსაც იმისთვის, რომ თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდეს, ბევრი სიძნელე აქვს გადასალახი?! ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად ვხდებით თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა. მაგრამ შედით იმ პარლამენტში, მიმართეთ ამ ხალხს, მიიმხრეთ, ტრიბუნად მაინც გამოიყენეთ?! ახლა რას იზამენ იმით, რომ ტოვებენ მარტო ბიძინას და მის მიერ დანიშნულ პარლამენტარებს?! დაამხობენ ბიძინას?! არ დაემხობა. მას, ფაქტობრივად, უსაზღვრო ფინანსური რესურსი აქვს, რომლის გამოყენებაც შეუძლია პოლიტიკაში.
– როგორც ჩანს, გონებრივი რესურსიც არანაკლები აქვს.
– ფინანსური რესურსი პირველია, ის გამჭრიახი კაცია. მან ურთულეს პირობებში იშოვა თავისი ფული, მერე ამ ფულს მოუარა, გაამრავლა და დღემდე თავის აქტივებს თვითონ მართავს, ამიტომაა, რომ პრეზიდენტობაზე უარს ამბობს, სხვა შემთხვევაში, უნდა გამხდარიყო, მისთვისაც ასე აჯობებდა და ქვეყნისთვისაც, მაგრამ ის თავის აქტივებს თავად მართავს და სამართლიანადაც არ ენდობა სხვებს. მას უზარმაზარი რესურსი აქვს, ფინანსური, გონითი და, თუნდაც, განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს, თუ ის ობიექტური იქნება, იმ არჩევნებსაც მოიგებს, 50 პროცენტს პლუს ერთ ხმას მაინც მიიღებს, თუნდაც, ათი არჩევნები ჩატარდეს უახლოეს 5 წელიწადში. შესაბამისად, რა აზრი აქვს ამ დესტრუქციას?! თორემ ცალსახად ვაცხადებ და არაერთხელ მითქვამს: 12 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ერთმა პიროვნებამ და მისმა ჯგუფმა მართოს ქვეყანა. ეს რომ კონსოლიდირებული და განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა იყოს, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლებათა ცვალებადობა განვითარების დიდი მუხტი და სტიმულია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ამდენად, უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება, მაგრამ ამ პირობებში ვერ მიდის და ამაში ბიძინას „დამსახურებაცაა“ და ოპოზიციის უნიათობისაც, რომელიც არაფერს წარმოადგენს და არაფერი შეუძლია. ხალხამდე მისასვლელ გზას ვერ პოულობს. ხაზარაძე არის გამჭრიახი ადამიანი, ბევრი მილიონის მშოვნელი, მას აქვს გარკვეული ინტელექტუალური რესურსი თანამოაზრეების სახით, ჩამოიყვანა ებრაელი და სხვა პიარტექნოლოგები, მაგრამ ხალხამდე მისვლას ვერ ახერხებს. თუმცა ბარიერი გადალახა. ჰოდა, შედით ამ პარლამენტში და იქ იბრძოლეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან