პოლიტიკა

რატომ ატყუებენ საქართველოში პოლიტიკოსები საზოგადოებას, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაცია პოლიტიკური მოვლენაა, როდესაც ეს ღონისძიება ძირითადად ბიზნესია

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 05.02

კონსტანტინე ჟღენტი
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება, მისთვის ხელის ჩამორთმევა თუ მასთან ვახშამზე მოხვედრა პოლიტიკური წონისა და გავლენის მაჩვენებლად მიიჩნეოდა (და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ახლაც ასეა), თუმცა საქმე გაცილებით პროზაულადაა: აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ფასიანია, ისევე, როგორც მასთან გასაუბრება და, მით უმეტეს, მასთან ერთად ვახშამზე მოხვედრა (და არც თუ იაფი სიამოვნებაა). რაც მთავარია, შესული თანხის ნაწილი თავად აშშ-ს პრეზიდენტს გადაეცემა (როგორც მის მიერ გამომუშავებული თანხა). რატომ ენიჭება პოლიტიკური ელფერი იმას, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, იყიდება? – ამ თემას დიპლომატ კონსტანტინე ჟღენტთან ერთად განვიხილავთ. მანამდე კი მოგახსენებთ, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა შეიწყალა თავისი ძმა ჯეიმს ბაიდენი, რძალი – სარა ჯოუნს ბაიდენი, და – ვალერი ბაიდენ-ოუენსი, სიძე – ჯონ ოუენსი და კიდევ ერთი ძმა (უმცროსი) – ფრენსის ბაიდენი (უფრო ადრე, ტრამპის გამარჯვებისთანავე, თავისი ვაჟი – ჰანტერ ბაიდენი). ხოლო ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში კი უკვე გამოსცა რამდენიმე განკარგულება: აშშ ტოვებს ჯანმოს; გამოდის პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან; გააუქმა განათლების სამინისტრო, განკარგულება „სიტყვის თავისუფლების შესახებ“; განკარგულება არალეგალების დეპორტაციის შესახებ; აკრძალა მოქალაქეობის მინიჭება არალეგალთა ბავშვების ამერიკაში დაბადების გამო; ბაიდენის განკარგულება თანასწორობისა და ინკლუზიურობის შესახებ და ასე შემდეგ.

– ტრამპმა უკვე დაიწყო დანაპირებების ასრულება, თუმცა ჩვენთან პოლიტიკოსები კვლავაც იწონებენ თავს, რომ დაესწრნენ ტრამპის ინაუგურაციას, რაც ტყუილია, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია ლამის მხოლოდ ბიზნესია და პოლიტიკა, მართლაც, საერთოდ არ ურევია?

– მხოლოდ ბიზნესი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია უფრო ტექნიკური მოვლენაა, ვიდრე პოლიტიკური. რა თქმა უნდა, პოლიტიკური მდგენელი არის, ვინაიდან რამდენჯერმე ითქვა და ვნახეთ კიდეც, რომ ოფიციალური მიწვევები, ფაქტობრივად, არავისთან გაგზავნილა, თუ 2-3 ლიდერს არ ჩავთვლით. რაც ნიშნავს, რომ ეს უკვე პოლიტიკური მდგენელია. ვიცით, რომ ჩავიდა სი ძინპინის მოადგილე, მიწვეული სი ძინპინის ნაცვლად; ასევე, იტალიის პრემიერი. ამერიკულ ტელეარხებზე რამდენჯერმე ახსენეს, რომ ინაუგურაცია არის არაპარტიული ღონისძიება, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის „რესპუბლიკელების“ ან „დემოკრატების“ ინაუგურაცია და, მით უმეტეს, უცხოეთის რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან პოლიტიკური ძალის დასწრების ინაუგურაცია, არამედ ეს არის ზეპარტიული ღონისძიება. ეს მიანიშნებს, რომ პოლიტიკური მდგენელი არის ძალიან მცირე. ცხადია, ვიღაც კუდს მოაბამს და იტყვის, რომ ასეა ან ისე, მაგრამ, რეალურად, ისეა, როგორც დაწერა „სი ენ ენმა“, რომ ეს არის ზეპარტიული ღონისძიება. „სი ენ ენი“ კი ყველაზე ლიბერალურ მედიასაშუალებად მიიჩნევა და არც თუ კეთილგანწყობილად ტრამპის მიმართ. ეს ჩანდა მათ მიერ მიწვეულ სტუმრებში, მათ მიერ განხილულ თემებში. ბოლოს და ბოლოს, ტრამპი არის ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ, როგორც კი შევა თეთრ სახლში, ინაუგურაციის შემდეგ, პირველს, რასაც გააკეთებს, ბაიდენის 100 ყველაზე სულელურსა და ბოროტ განკარგულებას გააუქმებს და უკვე გააუქმა კიდეც ზოგიერთი. აი, ესაა პოლიტიკური მდგენელი. საქმე ისაა, ინაუგურაციის შემდეგ რა მოხდება, თორემ, მაგალითად, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის შემდეგ შენობაში ინაუგურაცია არ ჩატარებულა, რომელიც, ჩემი შეფასებით, საუკეთესო პრეზიდენტი იყო და იმედი მაქვს, ტრამპი მას ამაში გაეჯიბრება. ამდენად, ისინი იმას კი არ აქცევენ ყურადღებას, ტექნიკურად როგორ ჩატარდა ინაუგურაცია და ვინ იყო მიპატიჟებული, არამედ იმას, თუ რა მოხდება შემდეგ.

– მე ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ ჩვენთანაა აქცენტი გადატანილი ინაუგურაციაზე დასწრებაზე, ვითომ ეს რამეს ნიშნავდეს.

– არასწორადაა აქცენტი დასმული და შევეცადე, ამეხსნა. შეხედონ „სი ენ ენს“, „ბი ბი სის“, „როიტერს“ და ნახავენ, რასაც ნიშნავს ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია. იქ ინაუგურაციის ტექნიკურ მხარეზე არავინ ამახვილებს ყურადღებას. წინასწარ თქვა ტრამპმა თავის მომხრეებთან შეხვედრაზე, რომ მოაგვარებს მიგრაციის პრობლემას, რომ ენერგომატარებლების ფასებს დასწევს მინიმუმამდე, რაც შეამცირებს ინფლაციასაც და ხალხის ჩართულობას უზრუნველოფს მმართველობაში. აი, ამას ელოდებიან მისგან. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელი საკითხები. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას: ჩემი აზრით, ინაუგურაციამდე ტრამპის საუბარი სი ძინპინთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება, მოახდინოს გავლენა საქართველოზე, ჩვენი ჩინეთთან ურთიერთობიდან გამომდინარე. არავინ ელოდებოდა, რომ ტრამპი სი ძინპინთან ურთიერთობას მოინდომებდა და გააუქმებდა „ტიკ ტოკზე“ აკრძალვას. იცით, რომ „ტიკ ტოკის“ აკრძალვა მის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე შევიდა ძალაში და მან თქვა, რომ, როგორც კი თეთრ სახლში შევალ, ამ აკრძალვას გავაუქმებო. ძალიან ბევრი იტყვის, რომ ეს იყო სი ძინპინთან საუბრის ერთ-ერთი შედეგი. შეიძლება, მაგრამ იქ სხვა საკითხებიც იქნებოდა განხილული. ტრამპმა განაცხადა, ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და პირველ 100 დღეში აუცილებლად შევხვდები სი ძინპინსო. ესე იგი, ორი ზესახელმწიფოს ლიდერი აპირებს თანამშრომლობის დაწყებას. ძალიან ხშირად ადარებენ ტრამპისა და კისინჯერის გამონათქვამებს და გაგახსენებთ, რომ სწორედ კისინჯერმა და ნიქსონმა დაიწყეს ჩინეთთან ურთიერთობის გამოსწორება. ამდენად, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რა იქნება ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი. ამასთან, ტრამპმა თქვა, მე დავამყარებ წესრიგს ახლო აღმოსავლეთშიო. თუმცა ბაიდენმა მიიწერა მძევლების გაცვლა.

– ისრაელსა და ჰამასს შორის?

– დიახ. სინამდვილეში ეს გაცვლა ტრამპის განცხადებას მოჰყვა და ყველა ნორმალური ადამიანი ხვდება ამას. თუ გახსოვთ, ტრამპმა განაცხადა, ჩემს ინაუგურაციამდე უნდა გადადგას ნაბიჯები „ჰამასმა“, თორემ შემდეგ რაც დაემართებათ, ნახავთო. ამას არავინ ახსენებს, მაგრამ სწორედ ამ განცხადების შედეგად გაიცვალა მძევლები.

– ინაუგურაციამდელ პერიოდში რამდენჯერმე ითქვა, რომ ტრამპი ელაპარაკა პუტინს. შემდეგ დაამატეს, რომ აპირებს, შეხვდეს პუტინს, მაგრამ რეალურად ტრამპი ესაუბრა სი ძინპინს და თქვა, რომ მასთან აპირებს შეხვედრას. შეიძლება, დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ აშშ-ჩინეთის ურთიერთობა იგულისხმება, მაგრამ ჩინეთი ხომ შეიძლება, მათ შორის, შუამავალ რგოლადაც განიხილებოდეს რუსეთთან სალაპარაკოდ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში?

– ვთქვი და გავიმეორებ: ტრამპს არ უხსენებია დაპირისპირება ჩინეთთან. მან თქვა, ვესაუბრე თანამშრომლობის შესახებო. რაც მთავარია, დაპირისპირებაზე ტელეფონით არ საუბრობენ ლიდრები. როგორც წესი, ურეკავენ თანამშრომლობაზე. ამდენად, ამას, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება რუსეთთან ურთიერთობაზეც და პუტინთან შეხვედრაზეც, იმიტომ რომ რუსეთში თვითონ ოპოზიცია ლაპარაკობს უკვე ფრთხილად, არ ვიქცეთ ჩინეთის პოლიტიკის დანამატადო. ამას წინათ აკუნინი საუბრობდა ამის შესახებ. ასე რომ, ამ სამი სახელმწიფოს ინტერესები დაკავშირებულია ერთმანეთთან. ერთი შედარებით დასუსტებულია, რუსეთს ვგულისხმობ, ორი კი – აღმავალ გზაზეა, განსაკუთრებით, ტრამპის ამომრჩეველ ამერიკელებს აქვთ იმედი, რომ ტრამპის მისვლის შემდეგ კიდევ უფრო აღმავალ გზას დაადგება ამერიკა ეკონომიკურად და პოლიტიკურად და ეს, ბუნებრივია, ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

– თქვით, „სი ენ ენმა“ ხაზგასმით დაწერა, რომ ზეპარტიულია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაცია. ის ფაქტი, რომ ტრამპმა დაპატიჟა მხოლოდ იტალიის პრემიერ-მინისტრი...

– თუ გახსოვთ, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე ჩავიდა მასთან ფლორიდაში, ეახლა და წინასწარ ელაპარაკა გარკვეულ საკითხებზე. დაუფასა ადამიანმა ეს ჟესტი არა მხოლოდ, როგორც მანდილოსანს, არამედ ისეთ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც, ჩვენს მთავრობასთან გავავლებ პარალელს – პირველ ადგილზე აქვს ოჯახური ღირებულებები, ისევე, როგორც ტრამპს და ბევრი სხვა რამ. ის ქალბატონიც უფრო მემარჯვენე, ტრადიციული ფასეულიბების მიმდევარ პრემიერად ითვლება. ამდენად, ეს ქალბატონი დაპატიჟა ამ მიზეზებით. სი ძინპინი დაპატიჟა იმიტომ, რომ მას თავის დონის ლიდერად მიიჩნევს.

– ვერ დავასრულე შეკითხვა: მიპატიჟებულების გეოგრაფია ხომ გვაძლევს გეოპოლიტიკურ ინფორმაციას? ესეც ხომ არის პოლიტიკური გზავნილი იმავე ევროკავშირის მიმართ?

– ევროკავშირიდან არც არავინ დაპატიჟა.

– აი, ამიტომ აღვნიშნე.

– ითქვა, რომ ორბანი დაპატიჟეს, მაგრამ ის ვერ ჩავიდა. ისეთი პოლიტიკოსები დაპატიჟა; რითიც მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რომლებიც, მისი გაგებით, პოლიტიკური ფასეულობების თვალსაზრისით, მასთან ახლოს არიან.

– და დიდი ბრიტანეთის მიმართ შეიძლება, ჩავთვალოთ ჟესტად, რომ მთავრობიდან არავინ მიიპატიჟეს?

– ცნობილია, რომ ბრიტანეთის მთავრობა თავისი განცხადებებითა და ქცევით, უაღრესად ლიბერალური მთავრობაა.

– ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა, იმიტომ რომ აშშ-ის ინტერესია, ეს დერეფანი გააკონტროლოს, ჩინეთის ინტერესია, იმუშაოს შუა დერეფანმა.

– ჩინეთისა და ამერიკის თანამშრომლობა და არა ერთმანეთთან წინააღმდეგობა და მტრობა ჩვენი ინტერესია, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები ემთხვევა ამ ორის თანამშრომლობის ინტერესებს.

– ამ კითხვას ვსვამ, რადგან ამ მოლაპარაკებებისას ჩვენი ინტერესი ხომ არ შეიძლება, დაზარალდეს? თუ საკითხი ასე არ დადგება?

– არა, ასე არ დადგება საკითხი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ჩვენი ინტერესი არ დაზარალდება.

– ამ მოლაპარაკებაში როგორ შეიძლება, იყოს გათვალისწინებული რუსეთის ინტერესი? თუ არ იქნება გათვალისწინებული?

– აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო უკავშირდება ერთმანეთს. ამდენად, რა თქმა უნდა, ამ სამეულის ინტერესებიც ერთმანეთთან შეხებაში იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა