პოლიტიკა

რატომ ატყდა უკრაინაში სწორედ ახლა კორუფციული სკანდალი, ანუ როგორ გადაწყდა ფულის შოვნა ახლა უკვე უკრაინის აღდგენის ხარჯზე

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:00 02.12

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ასკვნის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქარათველოში მედია მიიტაცა, თუმცა ამ საქმეში მარტო არაა. მიმტაცებელთა რიცხვში არიან: მასკი, ფიცო, ორბანი და ნეთანიაჰუ. თუ გავიხსენებთ, აი, იმ ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში მედიის მიტაცებისა და დაცენზურების მასობრიობას, როდესაც არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც „რეპორტიორებს საზღვრების გარეშე“, მედიის მიტაცების დეფინიცია აზრადაც კი არ მოსვლია, იბადება კითხვა: რას ნიშნავს მიტაცება ლიბერალურად? და ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში რამაზ საყვარელიძე დაგვეხმარება.

- სიტყვა მიტაცება გულისხმობს ძალადობას და სწორედ ძალადობის აღნიშვნისთვის უნდათ ეს სიტყვა. და დიახ, ანალოგიური შინაარსის სიტყვები არასდროს უხმარიათ დასავლეთიდან სააკაშვილის პერიოდში არც მედიასთან კავშირში და არც საერთოდ. მათთვის იმ პერიოდის საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო და ამ ხაზს არ გადადიოდნენ. სანამ ვნებათაღელვა პიკს მიაღწევდა, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 2012 წლამდე, დემოკრატიის მხრივ, თქვენთან ყველაფერი გადასარევად იყო, ამის შემდეგ გადაუხვიეთ დემოკრატიასო, არადა ჩვენ გვახსოვს, რა როგორ იყო.

– ამას რატომ ამბობენ: ჩვენ ასე გვესმის დემოკრატიაო თუ, იმ იმედით, რომ ვერ მივხვდით, რა ხდებოდა?

– მათ სჭირდებათ ტექსტი, რომლიდანაც შემდეგ ლოგიკურად გამოიყვანენ სანქციებს და გაამართლებენ დასჯას. მეტი არაფერი უნდათ. ამდენი ხანია, ლაპარაკია, რუსეთისკენ მიდიხართო. ერთი ფაქტი მაინც ითქვა, რით მივდივართ რუსეთისკენ?! მოლდოვა დსთ-შია და ის არ მიდის რუსეთისკენ, მაგრამ ჩვენ, თურმე, მივდივართ. აი, ეს სიმართლე აქვთ. ეს ჩვენ გვაქვს არასწორი დამოკიდებულება მათ მიმართ, რომ რასაც ისინი ამბობენ, გულწრფელი ნათქვამია და ესაა ჩვენი უბედურება, ჩვენი დანაშაული, თორემ ის, სანამ გაუვა, იმას იტყვის, რაც გაუვა, ხოლო შენი, როგორც ხალხის, როგორც აუდიტორიის, ინტერესი ამ შემთხვევაში ნაკლებად აწუხებთ. მცირე ქვეყანაა და მთავარია, აქ მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც მათ სჭირდებათ.

– დასავლეთთან ურთიერთობის დაწყების პირველი დღეებიდანვე ასე იყო?

– დასავლეთთან ურთიერთობის პირველ დღეებში, შევარდნაძის პერიოდში, იყო დამოკიდებულება, რომ, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება, იმის გამგებელი და პატრონი არის რუსეთი. მახსოვს, როგორ ეხვეწებოდა შევარდნაძე პოლიტიკური თანამდებობის პირებს ინგლისშიც, ამერიკაშიც, ნუ გაქვთ კონცენტრაცია რუსეთზე, გადაიტანეთ კონცენტრაცია რესპუბლიკებზეო. და რატომ ჰქონდათ გადატანილი ყურადღება რუსეთზე? არა იმიტომ, რომ რუსეთი უყვარდათ. მარტივი იყო ამხელა სივრცის მართვა ერთი ცენტრიდან.

– ანუ რუსეთი მართავდა ამ სივრცეს და შემდეგ თვითონ მართავდნენ რუსეთს? სულ ამბობენ, რომ რუსეთი საბჭოეთის დაშლიდან პირველ წლებში დასავლეთის გავლენის ქვეშ იყო.

– თუ გახსოვთ, ბაიდენმა გამოაცხადა კიდეც, რუსეთი არ უნდა დავშალოთ, თორემ ისეთი რამ დაგვემართება, როგორც საბჭოთა კავშირის დაშლისას დაგვემართა, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექითო. ამ ფრაგმენტიდან ერთი დასკვნა გამომდინარეობს, საბჭოთა კავშირი არ დაუშლია ამერიკას. ეჭიდავებოდა, ოღონდ არ უნდოდა მისი დაშლა. ეს არ იყო მისი გეგმა. მას მეტოქე სჭირდებოდა. რეიგანმა ბოროტების იმპერიად გამოაცხადა საბჭოთა კავშირი და ამ თეზას აწვებოდა ბოლომდე. რატომ აწვებოდა და შედეგად რა მიიღო? გაზრდილი დაფინანსება საომარი წარმოების და ამით მოსპო უმუშევრობა. ასე რომ, ხელსაყრელი იყო მისთვის საბჭოთა კავშირის მოსპობა?! არა, რადგან ნებისმიერ დროს წამოსწევდა ამ თემას და ამ თემაზე მერე უკვე თავის ამომრჩევლებიდან რაღაცებს აიღებდა, ისევე, როგორც დღეს ევროპა ამბობს, რომ თავს დაგვესხმება რუსეთიო.

– არ მგონია, რუსეთს ევროპა სჭირდებოდეს ან როგორ უნდა დაიკავოს?

– მაგრამ ამ დაშინებით დიდ თანხებს გამოართმევენ უკვე ამომრჩეველს, შეძლებენ, რომ ამომრჩეველი დაითანხმონ ბიუჯეტიდან კიდევ მეტი დაფინანსების მიღებაზე. ძალიან მარტივი თამაშია და დიდი ხანია, პოლიტიკა არაფერ შუაში აღარ არის. თამაშია იმაზე, ვისთვის რა არის ხელსაყრელი და პოლიტიკა უკვე, თუ შეიძლება, ითქვას, გარკვეული დეკორაციაა იმისა, როგორ აიღონ ფული. ახლა კი, ნელ–ნელა იკვეთება ხაზი, რომ ომსაც დაანებებენ თავს. შემთხვევითი არ არის ეს სკანდალი ზელენსკისთან.

– უცებ აღმოაჩინეს კორუფცია უკრაინაში.

– ჩნდება კითხვა, ევროპელი კორუფციონერები რას იზამენ, როდესაც უკრაინელ კორუფციონერებს ასეთ დღეში ჩაყრიან?! მე მგონი, ევროპელმა კორუფციონერებმაც გადაწყვიტეს, რომ დახურონ ეს თემა და დაამთავრონ ომი, იმიტომ, რომ ომის შემდეგ მოდის კორუფციის ისეთი გემრიელი ლუკმა, როგორიც არის უკრაინის აღდგენა. ჩემი აზრით, დაასკვნეს, რომ აღდგენით უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ, ვიდრე ომით. ეს ომი, ადრე თუ გვიან, ხომ უნდა დამთავრდეს?! თან, უკრაინას რესურსი უმთავრდება და, ამდენად, ომი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ასე რომ, ამ სიტუაციიდან ახალ საფეხურზე გადასვლის ეს ვარიანტი იპოვეს: მოდი, ახლა დავამთავროთ ომი, რაც შეიძლება, ჩქარა. თან, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მთელი ომის პრობლემები და გაფლანგვები დაეწერება ზელენსკისა და მის გარემოცვას; რომ ევროპელები მოტყუვდნენ, მსხვერპლები არიან. აატირებენ თავიანთ ამომრჩეველს, მაგრამ ხომ მაინც უნდა ვუშველოთ უკრაინელ ხალხს ქვეყნის აშენებაშიო და უკვე უკრაინის აშენება დაიწყება.

– ბრიტანეთი ძალიან აქტიურობს იმ თვალსაზრისით, რომ გავლენები უნდა და არ უნდა ამ ომის დამთავრება. ევროკავშირს, გასაგებია, არა აქვს ის საშუალებები, რაც აქვს „მი 6-ს“. ლონდონი იოლი მოსატეხი იქნება, თუ აქედან ისიც მიიღებს სარგებელს?

– არ ვიცი. მე უხეში დათვლით ვთქვი ეს ვერსია, რადგან აშკარად იგრძნობა, რომ ბევრისთვის აღარ არის ხელსაყრელი ომის გაგრძელება, თუმცა ბრიტანეთზე გეთანხმებით, მას სხვანაირი პოზიცია აქვს, მაგრამ, უკრაინის აღდგენის საკითხი თუ დადგა, იქ ბრიტანეთი წამყვანი იქნება თუ მეათეხარისხოვანი, შეიძლება, ამას ჰქონდეს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, დავიმახსოვროთ, რომ მაღალი მატერიებით არ წყდება ეს საკითხები, წყდება საკმაოდ დაბალი მატერიებით. „ოცნებასთან“ დასავლეთის ბრძოლაც, დაახლოებით, ამავე ტიპის მოვლენაა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ, კორუფციის მხრივ, სააკაშვილის რეჟიმი ანებივრებდა სტუმრებს, ის რეჟიმი არის უფრო ხელსაყრელი უცხოელებისთვის, იმიტომ რომ არ ეჯიბრება, არ ურჩობს. ხომ თქვა კიდეც ზელენსკიმ თავის დროზე, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველო ომში ჩაებმებოდაო. და ომში ჩაბმა-არჩაბმა მარტო ომი არ არის, თავისთავად არის იმის ნიშანი, ურჩი ქვეყანაა ეს საქართველო თუ არა. ანუ, რომც დაამთავროს ომი დასავლეთმა, მაინც ურჩევნია სააკაშვილის რეჟიმი, იმიტომ რომ შენი დღევანდელი ხელისუფლება კერკეტი კაკალია, ეურჩება. ამიტომ მედიის მიმართაც, დემოკრატიის მიმართაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. არჩევნები არ აღიარეს, მეტი უარესი რა უნდა გააკეთონ?! რა სიმართალზეა ლაპარაკი.

– ადრეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უფრო განმიმტკიცდა აზრი, რომ არჩევნები ყველა ქვეყანაში ფარსია, ვინაიდან ზემოქმედების პირდაპირი თუ ირიბი ბერკეტები არსებობს. სხვადასხვა ტიპის ზეწოლაა ამომრჩეველზე და საინფორმაციო ზეწოლაც ზეწოლაა, უფრო დახვეწილი.

– თქვენ კეთილშობილურ ვერსიას ამბობთ.

– თქვით, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთს არ დაუშლია და იყო ვერსია, რომ დაშალა საბჭოთა „კა გე ბემ“. ვინ არიან ეს უხილავი ადამიანები, რომლებიც მართავენ პროცესებს?

– ჩემი ვერსია უფრო ლოგიკას ეფუძნება და ეს დაიწყო ანდროპოვის პერიოდიდან. იმდროინდელ გაზეთებში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ საბჭოთა კავშირში დემოგრაფიული კრიზისი მწიფდებოდა. და იმავე პერიოდში საფრანგეთში ზურაბიშვილის ნათესავმა დანკოსმა-ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა წიგნი, სამეცნიერო ნაშრომს ჰგავს, ცხრილებია მოტანილი. ქალბატონმა დანკოსმა დაითვალა დემოგრაფიული პროცესები ომის შემდგომ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკაში და აღმოაჩინა, რომ მოსახლეობის 50 პროცენტამდე ზრდა იყო მუსლიმანურ რესპუბლიკებში და ძალიან მცირე ზრდა იყო რუსეთში. აქედან გამომდინარე, დანკოსმა გასული საუკუნის 70-იან წლებში თქვა, რომ 90-იანი წლებისთვის საბჭოთა კავშირში მთელი არმია იქნებოდა მუსლიმანური. გორბაჩოვისდროინდელმა ელიტამ კარენ დანკოსი-ზურაბიშვილი ჩაიყვანა რუსეთში და დიდი პატივით დახვდნენ და დიდი ყურადღებითაც მოუსმინეს. რატომ არის ანდროპოვი საყურადღებო ფიგურა? მის ხელში იყო მაშინ „კა გე ბე“ და, როდესაც გადავიდა გენერალური მდივნის პოსტზე, გადაიტანა „კა გე ბეს“ გავლენა. ეს იყო ეთნიკურად ყველაზე რუსული და რუსეთის ინტერესებში მომუშავე სტრუქტურა, ჯარი იყო შერეული და, რამე თუ მოხდებოდა, უშიშროების მექანიზმს რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. და აი, ამ ბატონმა დაშალა საბჭოთა კავშირი. რუსეთი იყო ავტორი 9 აპრილის და სხვა ანალოგიური გამოვლინებების სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. ეს დიქტატორული გამოვლინებები რუსეთს სჭირდებოდა იმისთვის, რომ რესპუბლიკებში ანტისაბჭოთა განწყობები გაღვივებულიყო. ჩატარდა გამოკითხვა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი არ ემხრობოდა საბჭოთა კავშირის დაშლას. დაუჯერებელი იყო ეს შედეგი. მაშინ მყავდა სოციოლოგიური ჯგუფი და თბილისში ჩავატარეთ სატელეფონო სოციოლოგიური გამოკვლევა. იგივე შედეგი მივიღე: 70 პროცენტი ეწინააღმდეგებოდა საბჭოეთის დაშლას. წარმოიდგინეთ, როგორი ვითარება შეიქმნა: რუსეთს უნდოდა საბჭოთა კავშირის დაშლა, რესპუბლიკებს კი არ უნდოდა: მოსდიოდათ რუსეთიდან ბენზინი, ხე–ტყე, რკინა და ასე შემდეგ. ამიტომ შეიქმნა სადამსჯელო ხაზი: ჩვენთან 9 აპრილი, მსხვერპლით. მსხვერპლი იყო აზერბაიჯანში, ბალტიისპირეთში, შუა აზიის რესპუბლიკებშიც. ანუ კონფლიქტები გააჩაღეს. გამოუშვეს ციხეებიდან დისიდენტები. მათ ყველგან დაიძახეს, რომ უნდა გავიდეთ საბჭოთა კავშირიდანო და მივიღეთ საბჭოთა კავშირიდან გასული რესპუბლიკები, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ არ იცოდა ჩვენმა ჭკვიანმა უცხოეთმა?! ამიტომ თქვა ბაიდენმა, ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშეო. მართლაც ფაქტის წინაშე დადგნენ: დაშლილი საბჭოთა კავშირი მიიღეს და ამას მოჰყვა სახელდახლო გადაწყვეტილება: მოდი, ისევ რუსეთი იყოს ამ დიდი სივრცის არაფორმალური ლიდერი. აი, ამას ეხვეწებოდა შევარდნაძე, დაანებეთ თავი რუსეთს, აქცენტი გადაიტანეთ რესპუბლიკებზეო. გაგახსენებთ, დასავლეთს საერთოდ არ შეუმჩნევია, რა მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების დროს, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს რუსული შიდა სამზარეულოს პროცესები იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი