პოლიტიკა

რატომ ასხამს წყალს საქართველოს წისქვილზე რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში დაშვებული შეცდომები

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 19:00 04.09

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა დაიძაბა და თუმცა, ოფიციალური ბაქო ახლა შედარებით პასიურადაა, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში აქტიურად ბომბავს „სოკარის“ კუთვნილ ობიექტებს, იმის პარალელურად, რომ საგრძნობლად ავიწროებენ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ამ ყველაფრით კი ეკონომიკურ ზიანი ადგება აზერბაიჯანის სახელმწიფოს, რაც სავსებით ლოგიკურია. მეორე მხრივ, აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები აზერბაიჯანული არმიის ძლევამოსილებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მოკავშირეებსაც ახსენებენ: თურქეთს, პაკისტანს, თავისი ოფიციალური ბირთვული იარაღით და ისრაელს, თავისი არაოფიციალური ბირთვული იარაღით (ისინი დაგვეხმარებიანო). მართალია, რთული სათქმელია, ვინ ვის დაეხმარება, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება იძაბება და რთულდება. ამ თემაზე მამუკა არეშიძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– როგორი ტაქტიკით მოქმედებს რუსეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რა ტიპის სტრატეგია აირჩია სამხრეთ კავკასიაში გავლენის დასაბრუნებლად, თუ აქვს ასეთი მიზანი, რა თქმა უნდა.

– შევთანხმდეთ, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიას არ მოეშვება არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი სივრცეა, რადგან მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ სამხრეთ კავკასიის დაკარგვის შემთხვევაში ძალიან მალე დაკარგავენ კავკასიას. ეს არის სერიოზული მოცემულობა და ბევრად უფრო ყურადღებით ეკიდებიან ამ საკითხს, ვიდრე, მაგალითად, შორეულ აღმოსავლეთში ჩინელების მიერ მათი ტერიტორიის მითვისებას. ასე რომ, ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის წინ გვაქვს და ეს ეტყობა კიდეც რუსეთის ხელისუფლების გარკვეულ ნაბიჯებს. თუმცა, რადგან ახლა მას შეზღუდული აქვს მოქმედების საშუალებები, შეიძლება, მისი აქტივობა ზედაპირზე არ დევს, მაგრამ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შენელების შემთხვევაში ისინი ბევრად უფრო გააქტიურდებიან.

– გააქტიურებაში რას გულისხმობთ – სამხედრო მოქმედებებს? იმიტომ რომ ეკონომიკურ, არასამხედრო მოქმედებებს უკვე იყენებენ.

– არ მგონია სამხედრო მოქმედებები იყოს, იმიტომ რომ რუსეთს შეუძლია, სხვა ბერკეტები იხმაროს. უპირველესია ეკონომიკური ბერკეტები, ხოლო მეორეა საქართველო. თუ რუსეთი მოინდომებს აზერბაიჯანის გაჩერებას, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი პლაცდარმი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის. ამას ამბობენ რუსი პოლიტიკოსები, კრემლთან აფილირებული პიროვნებებიც, თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსეთი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს – ვერ ითვალისწინებს თავის სტრატეგიული განვითარების აუცილებლობის საკითხებს და უშვებს ისეთივე შეცდომებს, რომლებიც, მაგალითად, 90-ანების დასაწყისში დაუშვა. საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება რუსეთისთვის იყო სრულად კონტრპროდუქტიული და დღეს ამას კულუარულად აღიარებენ პოლიტიკოსები.

– ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს დახმარებით შეეძლოთ კავკასიის შენარჩუნება?

– მიხვდნენ, მაგრამ ყველანი არა. დღეს, მაგალითად, მათ გაუფუჭდათ ურთიერთობა სომხეთთან და ამის გამო ლამის გაწევ-გამოწევამდეც კი მივიდა საქმე ზოგიერთი იმ ხელმძღვანელის მიმართ, რომლებმაც თავის დროზე კრემლის ხელმძღვანელობას ის პოლიტიკა ურჩია სომხეთის მიმართ, რაც დღესაა. სერიოზული შეცდომები დაუშვეს ყარაბაღის მოვლენების კონტექსტში. ამას ვამბობ, რუსეთისთვის საჭირო პოლიტიკიდან გამომდინარე. თორემ რუსეთის შეცდომები, თუ სწორად გამოვიყენებთ, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. რაც შეეხება თქვენს კითხვაზე პასუხს: დიახ, მიხვდნენ, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ უნდათ, იმიტომ რომ იმპერიის თვისებაა საკუთარი შეცდომის არაღიარება. ასეთმა პოლიტიკამ, მოიტანა ის შედეგი, რომ, ფაქტობრივად, დაინგრა რუსეთის წინა ხელისუფლებების 300-წლიანი ნამუშევარი, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ, რუსეთის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დაეკავებინათ სამხრეთ კავკასია და, აქედან გამომდინარე, შავი ზღვის დიდი ნაწილი გაეკონტროლებინათ. დღეს ვითარება შეიცვალა და რუსეთისთვის არასასიკეთოდ. რუსეთი აუცილებლად შეეცდება, რომ რევანში აიღოს და რევერსი გააკეთოს, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. შარშან ზაფხულში რუსეთმა დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადმოდგმა საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორებისა და აფხაზეთის მიმართულებით სიტუაციის შეცვლის მიზნით, მაგრამ კირიენკოს აფხაზეთის კურატორის რანგში მოსვლის შემდეგ, ეს პროცესი გაჩერდა. ახლა მთელი ყურადღება აქცენტირებულია უკრაინასთან დაპირისპირებაზე, მაგრამ რუსეთი, ასევე, ნაბიჯებს დგამს, რომ შეაკავოს ბაქოს ამბიციები. ეს ნაბიჯები არის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური.

– სამხედროში რას გულისხმობთ?

– კასპიის ფლოტილიის განსაკუთრებით გაძლიერებას. სარაკეტო კატარღების შეყვანას ბაქოს ტრავერსზე. ნეიტრალურ წყლებში შევიდნენ, მაგრამ ბაქოს ტერიტორიული წყლების სიახლოვეს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაბიჯებს: ეს არის არნახული ზეწოლა აზერბაიჯანულ დიასპორაზე, რომელიც ძალიან გავლენიანია დღეს რუსეთში როგორც ინსტიტუციური, ისე ფინანსური თვალსაზრისით. აზერბაიჯანული დიასპორის ხელშია მსხვილი ქალაქების სოფლის მეურნეობის პროდუქტით მომარაგება და არა მხოლოდ აზერბაიჯანის მიერ, არამედ სამხრეთის სხვა რეგიონებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტით: ირანში, სამხრეთ კავკასიაში, ნაწილობრივ შუა აზიაში და რუსეთში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ნაწილსაც აზერბაიჯანული ორგანიზაციები აკონტროლებენ. აი, ამ ორგანიზაციებზე დაიწყო ტოტალური შეტევა. ინფორმაციისთვის უნდა ითქვას, რომ ანალოგიური ზეწოლა ხორციელდება სომხურ დიასპორაზეც, მაგრამ აზერბაიჯანული დიასპორისადმი ბევრად უფრო უხეშად და თანმიმდევრულად იქცევიან.

– დიასპორებზე ზეწოლა და მათთვის ფინანსური ნაკადების გადაკეტვა რა გავლენას ახდენს აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფოებზე?

– ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში ამდენი და ამდენი ფულადი გზავნილები შემოვიდა. მათ შორის, შემოდის რუსეთიდანაც. ხან რუსეთია პირველ ადგილზე, ხან სამეულში შედის. აზერბაიჯანში კი წლებია, ფულადი გადმორიცხვებით რუსეთია პირველ ადგილას და ძალიან უსწრებს მეორე ადგილას მყოფ ქვეყანას. თან, საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ამ ფინანსურ ნაკადებს აკონტროლებს აზერბაიჯანის ხელისუფლება. იმიტომ, რომ ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი არის აზერბაიჯანის ხელისუფლების სხვადასხვა სეგმენტის. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ენერგეტიკულ სექტორში ძალიან ინტენსიური თანამშრომლობაა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. აზერბაიჯანული ენერგეტიკული რესურსის ნაწილი რუსეთის გავლით გადიოდა დანარჩენ სამყაროში, ვგულისხმობ ენერგოდერეფან ბაქო-ტუაფსეს. ახლა შეიცვალა ვითარება, მაგრამ სხვა დანარჩენი შენარჩუნებულია. აზერბაიჯანიდან ენერგომატარებლები დღეს ევროპაში ჩვენგან გადის.

– ამ დაპირისპირებით საფრთხე ხომ არ შეექმნება ჩვენს მოქმედ დერეფანს?

– შეექმნება, თუ რუსეთმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და გაეხსნა ხელები. ალბათ, გახსოვთ, 2008 წლის ომის დროს რუსეთმა დემონსტრაციულად დაბომბა მილსადენის მიმდებარე ტერიტორია. მაშინ ერთი ამბავი ატეხა მსოფლიოს უმსხვილესმა ენერგოფირმებმა, მათ შორის, „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ და უფრო სერიოზულად ჩაერთნენ ამ საქმის მოგვარებაში, ვიდრე საქართველოს უსაფრთხოების დაცვაში მსოფლიოს პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. იმის თქმა მინდა, რომ, რაც მედიაში იწერება, ხშირ შემთხვევაში იმის უკან სხვა რამ ხდება ხოლმე. ძალიან საინტერესო მაგალითია გაუთავებელი ლაპარაკი ამ ზანგეზურის დერეფნის შესახებ, რომ აი, ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში, ანუ ჩაიგდებენ, იმიტომ რომ ეს საკითხი ჯერ მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა.

– აქ ერთი საინტერესო საკითხია: ვინ დგას სომხეთ-ირანის საზღვარზე, რომელიც ზანგეზურის დერეფნის იქითაა და სიახლოვეს?

– რუსი მესაზღვრეები.

– დიახ. ესე იგი, რუსებიც იქ იქნებიან და ამერიკელებიც.

– თუ რუკას დავხედავთ, დავინახავთ, რომ ზანგეზურის დერეფანი გადის ირან-სომხეთის საზღვარზე. დავუშვათ, ეს დერეფანი მხოლოდ ამერიკელებმა გააკონტროლეს, ესე იგი, ამ დერეფნის მარჯვენა მხარეს იქნებიან სომეხი სამართალდამცველები და მარცხენა მხარეს – რუსი მესაზღვრეები. რუსეთმა, სადაც არ სჭირდებოდა, იქიდან მოაცილა თავისი მესაზღვრეები. იგულისხმება ზვარტნოცის აეროპორტი. აქ კი არც სომხეთის ხელისუფლება ჩქარობს და არც რუსეთი მოინდომებს ასე მარტივად სომხეთ-ირანის საზღვრიდან წასვლას. ამიტომ უკვირდა ბევრს, რატომ შეხვდა რუსეთი ასე წყნარად ზანგეზურის დერეფნის საკითხის ამერიკული სცენარით გადაწყვეტას. იმიტომ შეხვდა, რომ, იმ დეკლარაციით არ იგულისხმება სამხედრო კონტინგენტის განლაგება. შეიძლება, განლაგდეს საპოლიციო ძალები და, ამასთან, არაფერია ნათქვამი რუსი მესაზღვრეების შესახებ. ვიდრე რუსი მესაზღვრეები 200 მეტრიდან მაინც დააკვირდებიან ამ გზას, მანამდე მაინცდამაინც აგრესიული არ იქნება რუსეთი ამ პროექტის მიმართ.

– „სოკარის“ ობიექტების დაბომბვებით ზარალს აყენებს აზერბაიჯანს?

– არის ზარალი, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ზარალი, იმიტომ რომ „სოკარი“ არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ორი-სამი ობიექტის განადგურებით, მაინცდამა-ინც, დიდ ზარალს არ იღებენ.

– მიკვირს აზერბაიჯანელების რეაქცია, რატომ ბომბავსო. აბა, არ დაბომბავს? მოერიდება?

– ეს ყველაფერი პიარის ნაწილია. ერდოღანის განცხადების არ იყოს, რომ გადაირია საზოგადოება. ეს არის ზეწოლის მექანიზმი. ერდოღანმა გააკეთა განცხადება, ეგრეთ წოდებული, „მესხეთელი თურქების“ შესახებ და ამის შემდეგ უკვე რუსეთმა გააკეთა განცხადება, რომ ყირიმის ხიდის ასაფეთქებლებით დატვირთული მანქანა, თურმე, საქართველოდან შევიდა რუსეთში. ასეთი განცხადებები ზეწოლის ფორმაა. „მესხეთელი თურქების“ უზარმაზარი მასა უკვე ადაპტირებულია სხვა ქვეყანაში და უმეტესობას არც უნდა აქ დაბრუნება. მინდა, მკითხველმა იცოდეს: გახსოვთ, ერდოღანი თვალცრემლიანი რომ კითხულობდა ლექსს, თუ როგორ უყვარს მესხეთი? ეს არის დიანა ფაშაევას ლექსი. ის 20 წლის განმავლობაში იყო აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი. ფაქტობრივად, ალიევების ოჯახის წევრი. გარდაიცვალა.

– იმას რაღა ესაქმებოდა მესხეთში?!

– ეს ყველაფერი ხდება დიდი თურანის კონტექსტში. ერთობლივად მუშაობენ, რომ თურქეთმა ფეხი მოიკიდოს მთელ კავკასიაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა