რატომ აშინებენ ევროკავშირისა და ბრიტანეთის მთავრობები თავიანთ მოსახლეობას რუსეთის შეჭრით
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 21.05

ევროკავშირის სახელმწიფოს ლიდერები და, ასევე, ევრობიუროკრატია საკუთარ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია რუსეთის ევროკავშირზე თავდასხმა, თუმცა, თუ გავიხსენებთ ევროკავშირისა და რუსეთის მოსახლეობის ოდენობებს (500 მილიონი და 145 მილიონი), ნაკლებად სავარაუდოა ამ სცენარის ასრულება, ვინაიდან გაუგებარია, რატომ უნდა დაესხას რუსეთი თავისზე სამჯერ დიდ გაერთიანებას და რა მიზნით. ამის მიუხედავადაც, ევროკავშირის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ იქონიონ 72 საათის სამყოფი პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი. ამის პარალელურად, ევროკავშირის ორ ქვეყანაში არც თუ დიდი ხნის წინ გაითიშა ელექტროენერგია, რამაც ქაოსიც გამოიწვია და, სავარაუდოდ, პანიკაც და შესაძლოა, ერთგვარი მოდელირებაც გახლდათ. რა პოლიტიკური მიზნები აქვს რუსეთს, რა პოლიტიკური მიზნები აქვს ევროკავშირს, რატომ აშინებენ ევროკავშირის მოსახლეობას და როგორ აისახება ჩვენზე ეს გაუგებარმიზნიანი, ჯერჯერობით სიტყვიერი დაპირისპირება? – ამ თემებს ამირან სალუქვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– რატომ შეიძლება, ჰქონდეს რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებზე თავდასხმის პოლიტიკური ამოცანა და აქვს თუ არა ამის განხორციელების პოტენციალი?
– რუსეთს, როგორც ნებისმიერ იმპერიის ტიპის სახელმწიფოს და ის ამას არც მალავს, ყოველთვის აქვს სურვილი, ჰქონდეს გავლენა, მინიმუმ, სამეზობლოზე და, მაქსიმუმ, რამდენსაც გასწვდება, მაგრამ რა გზებით შეეცდება ამ გავლენების მოპოვებას? ისინი ამბობენ, დაამთავრებს უკრაინასთან ომს და მიადგება ევროპასო. ოღონდ 40-მილიონიან უკრაინასთან, რომელსაც 50 სახელმწიფო ეხმარება, ომობს მეოთხე წელია. ამდენად, ჯერ ისაა საკითხავი, რამდენ ხანში დაამთავრებს ომს უკრაინაში. თუ ამ ტემპით გააგრძელებს, საეჭვოა, მალე დაასრულოს. თუმცა, ნელა მიიწევს წინ თუ ჩქარა, უკრაინა ზარალდება და, ამ მხრივ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, თუ უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკავებას სამი წელი მოუნდა და მე მუდმივად ვაკვირდები დინამიკას უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით, წინ მიიწევს ხან 500 მეტრით, ხან – 300 მეტრით, ხან – ერთი კილომეტრით. მძიმეა ეს ყველაფერი უკრაინისთვის, მაგრამ ზოგადად, ტემპი ძალიან ნელია, კიევამდე რომ ჩავიდეს, კიდევ 3-4 წელი დასჭირდება. თუ უკრაინას ეყოფა რესურსი, შეიძლება, გაუძლოს კიდევ და, სულაც, არაა გამორიცხული, დიდხანს გაგრძელდეს ომი და უკრაინის ჯარში ვიხილოთ სხვა ქვეყნებიდან ჩასული უცხოელები და არ არის აუცილებელი, ისინი იყვნენ ევროპელები. შეიძლება, აფრიკელები მოიზიდონ. ომის მსურველი ბევრია მსოფლიოში.
– ფულს თუ გადაუხდი, მსურველიც გამოჩნდება.
– რა თქმა უნდა, ფულს თუ გადაუხდი, თორემ მოხალისეების ოდენობა ყოველთვის მცირეა ხოლმე მეომრების საერთო რაოდენობაში. ანუ ჯერ უკრაინაში არ დაუმთავრებია ომი რუსეთს, არც ის ვიცით, როდის დაამთავრებს ან როგორ მდგომარეობაში იქნება, როდესაც უკრაინაში ომს დაამთავრებს და როდის მოიკრებს ძალებს, რომ შემდეგ ევროპას მიადგეს.
– 500-მილიონიან ევროპას.
– იმ 500 მილიონში რამდენია მეომარი, ეს კიდევ ცალკე თემაა, წინა ომებიდან გამომდინარე. მაგრამ, დავუშვათ, პოლონეთმა გაუწია წინააღმდეგობა, „ნატოც“ ცოცხალია და აშშ-ს, თავისი პრესტიჟიდან გამომდინარე, მოუწევს დახმარების გაწევა, სულაც, რომ არეულ-დარეული იყოს აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები. აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთს „ნატოს“ წევრი ქვეყნები ესაზღვრება. ოღონდ ჩვენ არ ვსაუბრობთ ბირთვულ ომზე. 140-მილიონიანმა ქვეყანამ, რომელმაც უკრაინის ომში ძალიან დიდი ადამიანური დანაკარგები განიცადა, როდის უნდა მოიშუშოს ეს დანაკარგები და მერე როდის უნდა შეუტიოს ევროპას?! თუ ბირთვულ წვიმას მოუწყობს ევროპას, იქ დასაპყრობი აღარაფერი დარჩება, მაგრამ, დიდი ალბათობით, პასუხსაც მიიღებს და არა მხოლოდ ევროპისგან. ერთი სიტყვით, ეს უკვე აბსურდული სცენარია. ხოლო არაბირთვულ დაპირისპირებაში მე, უბრალოდ, სისულელედ მიმაჩნია ეს სცენარი. მოდი, მაინც შევყვეთ ამ აბსურდულ სცენარს. როგორც ამბობენ, რუსეთი ზრდის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ სადამდე გაზრდის? დავუშვათ გაზარდა 2 მილიონამდე და შეუტია ევროპას. ჯერ ერთი, სადამდე აპირებს ორმილიონიანი ჯარით შეტევას და რა ტერიტორიას დაიკავებს?! თუ ბალტიისპირეთი იქნება მთავარი სამიზნე, კიდევ გასაგებია, მაგრამ პოლონეთთან საომრად ეს ჯარი მას, უბრალოდ, არ ეყოფა. მეორე მხრივ, როდესაც ამბობენ, უკრაინას რომ დაამთავრებს, მერე ჩვენ მოგვადგებაო, ესე იგი, ვარაუდობენ, რომ რუსეთი უკრაინას დაიპყრობს?! ხოლო, თუ უკრაინა ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, ესე იგი, ჯარებსაც, გამოდის, სამხრეთ-დასავლეთით კარგი მდგომარეობა არ უნდა ჰქონდეს რუსეთს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რომ მიაწვეს ევროპას დასავლეთისკენ. აბსურდულ სცენარებზე აკადემიური საუბარი ცოტა უხერხულიცაა, მაგრამ, როგორც სამხედრო, ვამბობ, რომ, რესურსების მიხედვით, ეს ვერსია აბსურდულად მეჩვენება. მეორე მხრივ, დავუშვათ, რუსეთი რაღაც დონემდე გავიდა, შემდეგ რას აპირებს?! თავის დროზე, როდესაც ვფიქრობდი, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანად არ შეუტევდა უკრაინას, ვვარაუდობდი, რომ სიგიჟე იყო, ვინაიდან, ვთქვათ, შევიდა და დაიკავა უკრაინის ტერიტორია, მერე რას აპირებს-მეთქი. შესაბამისად, ევროპაში რას აპირებს, ამ ძალიან დიდ ტერიტორიაზე რეჟიმებს შეცვლის?! ეს ასე მარტივია?! რანაირად უნდა აკონტროლოს ამხელა ევროპა?! საბჭოთა კავშირმა ვერ შეინარჩუნა ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად და რუსეთს რის იმედი შეიძლება, ჰქონდეს?!
– ევროპა რატომ აშინებს თავის მოსახლეობას რუსეთის თავდასხმით და პოლიტიკოსები რატომ აკეთებენ იმ განცხადებებს, რომლებსაც აკეთებენ?
– არაპოპულარულია ამაზე საუბარი, მაგრამ, კითხვის პასუხიდან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე, რომ აბსურდია რუსეთის აგრესია ევროპაზე, არ ვგულისხმობ იმ ვარიანტს, თუ პუტინს რაღაც მიზნები აქვს ბალტიისპირეთის დასაკავებლად, რომ იქ ბუფერული ზონა შექმნას. სხვა სამხედრო ამოცანას პირადად მე ვერ ვხედავ და თუ ეს მოხდა, ევროპას მოუწევს რუსეთთან დაპირისპირება. სხვა თემაა, თავად დაუპირისპირდებიან თუ არა და იქნებიან თუ არა ერთიანები ამ დაპირისპირებაში. სხვა გლობალურ ამოცანას ევროპასთან დაკავშირებით მე ვერ ვხედავ. შესაბამისად, რისთვის უნდა სჭირდებოდეს ევროკავშირს ეს განცხადებები?! მხოლოდ და მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის. იმ პრობლემების გადასაფარავად, რა პრობლემებიც დღეს ევროზონასა და ევროპის კონტინენტზე არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალების გავლენების შესანარჩუნებლად, რომლებიც დღეს ევროკავშირში დომინირებენ და რომლებთანაც ჩვენ გვაქვს პრობლემები.
– დამატებით რა პრობლემები შეიძლება, შეგვიქმნას ევროკავშირის ამ შიდა მოხმარებისთვის გამიზნულმა განცხადებებმა?
– ძალიან არასახარბიელო, რბილად რომ ვთქვათ. რამდენადაც მძაფრი იქნება რუსეთისა და ევროპის დაპირისპირება და ჯერ დამშვიდების პირი არ უჩანს, თუმცა შეიძლება, ყველაფერი მოხდეს, მით მეტად დაძაბული გვექნება ჩვენ ევროპასთან ურთიერთობა და მეტად რთული იქნება ამ დაძაბულობის მოხსნა. იმიტომ რომ ამ ძალების მიზნები შეუთავსებელია ჩვენს მიზნებთან, იმ კუთხით, რომ ჩვენ არ გვსურს დაძაბულობის შექმნა ჩვენს ჩრდილოეთ საზღვართან და ესკალაცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. იქ დაძაბულობა ისედაც გვაქვს. ესაა ჩვენი ინტერესი და ამიტომ არ შევყევით დასავლეთს, ევროკავშირსა და „ნატოს“, ამ სცენარში, გარდა იმისა, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგი ექნებოდა ჩვენთვის, არასახარიელო იყო შესაძლო სამხედრო დაძაბულობა ჩვენსა და რუსეთს შორის. იმას, რომ რუსეთს ჯარები ეყოფოდა იმისთვის, რომ, ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმარისი რესურსი გამოეყო ჩვენი მიმართულებით, აჩვენებს უკრაინის ომი. თუნდაც, კურსკში მეორე ფრონტის გახსნა. ათასიდან ათას ხუთას კილომეტრამდეა ფრონტის ხაზი აქტიური: ყველგან დაძაბულობა და სროლებია. განვიხილოთ ევროპის მოლოდინი, რომ რუსეთს, მათი გათვლით, ჰყოფნის იმის რესურსი, რომ მილიარდ-ნახევრიან ევროპას შეუტიოს უკრაინის შემდეგ. რუსეთს, წესით, 10-15 და მეტი წელი უნდა დასჭირდეს, რომ აღიდგინოს ის დანაკარგები, რაც განიცადა და თუ ევროპის შეფასებით, რუსეთს შესწევს უნარი, ნახევარ-მილიარდიან გაერთიანებას დაუპირისპირდეს, მაშინ რატომ უკვირთ, რომ ჩვენ არ გვინდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება?! ეს საინტერესო კითხვაა და უნდა დავუსვათ ევროპელებს.
– რატომ არ უსვამენ ამ კითხვას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპელებს?
– მეც ახლა საუბრისას დამებადა ეს კითხვა. ხომ გვეუბნებოდნენ, მიდით, მიაწექით და ჩვენ დაგეხმარებითო და ჩვენებური ცხელთავიანებიც უჭერდნენ მხარს?! ოღონდ არც მათ ებადებათ ეს კითხვები. სხვათა შორის, მე მათთვის ხშირად მიკითხავს, თუ ომისკენ მოუწოდებ დღეს, 2008 წელს რატომ გავჩერდით?! რუსეთი მაშინ გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე დღეს არის. სამ დღეში გავჩერდით, კიდევ ორი დღე რუსეთს აშოშმინებდა სარკოზი და, საბოლოოდ, ხუთ დღეში დავამთავრეთ ომი. არადა ხალხიც მზად იყო. არავინ ყოფილა უარზე. ერთი ოპოზიციონერი არ გამოსულა და არ უთქვამს, შეწყვიტეთ ცეცხლი და მშვიდობა დავამყაროთო. ყველა გაჩუმდა. ყველამ გააკეთა განცხადება, რომ ყველანი მთავრობის გვერდით ვდგავართ, მიუხედავად ჩვენი ხელისუფლებასთან დაპირისპირებისა. ხალხზე ხომ ლაპარაკიც არაა. მეორე მხრივ, კონცერტებიც იმართებოდა და რესტორნებიც მუშაობდა. არავის ყურები არ ჩამოუყრია და ამას თავისი დადებითიც აქვს და უარყოფითიც. უარყოფითი ის იყო, რომ 100 კილომეტრში ხალხი იხოცება და შენ აქ ქეიფობ. რა თქმა უნდა, შედი რესტორანში, მიირთვი, ფული გადაიხადე, რომ ეკონომიკამ იმუშაოს, მაგრამ დოლ-გარმონი და დისკოთეკები სხვა თემაა.
ამდენად, მებადება კითხვა: 2008-ში რატომ არ მოუწოდეს ხალხს, გაეგრძელებინათ ომი?! რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ სათანადო დასკვნები გამოიტანა, რეფორმები გაატარა და სამხედრო რელსებზე გადავიდა. 2008 წლის შემდეგ შეიჭრა ის სირიაში და დაუპირისპირდა ისლამურ სახელმწიფოს. არაფერს ვამბობ უკრაინაში შეჭრაზე. მეტიც, რუსეთის ის და ეს ჯარი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც. თუ მაშინ მივხვდით, რომ რუსეთთან ასეთი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მიგვიყვანდა თვითგანადგურებამდე, დღესაც ხომ იგივე საფრთხეა და დღეს ხომ რუსეთი გაცილებით აგრესიულია?! სარკოზიმ მოახერხა თბილისსა და მოსკოვს შორის სირბილით ცეცხლის შეწყვეტა, აქ კი ამხელა ამერიკაა ჩართული და ვერ ახერხებს ომის შეჩერებას. მეოთხე თვეა, პრეზიდენტია უკვე ტრამპი. მოკლედ, ჩვენზე წნეხი შენარჩუნდება და გაგრძელდება მოწოდებები, რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ სანქციებს და ასე შემდეგ. არადა დღეს უმანკო სანქციაც რომ დავუწესოთ რუსეთს, ამას მოჰყვება სრული ემბარგო. ჩვენ გაცილებით ნაკლებად დავაზიანებთ რუსეთს, ვიდრე ის ჩვენ. თურქეთს აქვს ეს გამოცდილება. თვითმფრინავი რომ ჩამოუგდო და ურთიერთობა დაიძაბა, სრული ემბარგო გამოუცხადა რუსეთმა და გვახსოვს ერდოღანის რეაქცია, ბოდიში მოუხადა ოფიციალურად, ჩავიდა მოსკოვში და დაღუპული ეკიპაჟის ოჯახები მოინახულა. ორი წელი მოანდომეს, რომ თურქული ნაწარმი დაეშვათ რუსეთის ბაზარზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან