პოლიტიკა

რატომ არის ურა-პატრიოტიზმი ქვეყნის დანგრევის ყველაზე ეფექტიანი საშუალება

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 09.04

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, იმას გარდა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გვაგულიანებდნენ, დროა, სოხუმი და ცხინვალი დაიბრუნოთო, ევროპელი პოლიტიკოსების არც თუ მცირე ნაწილი გვახსენებდა ხშირ-ხშირად, რომ რუსეთი ოკუპანტია, ანუ ჩვენს გახელებას ცდილობდნენ. მეორე მხრივ, ჩვენს საზოგადოებაშიც იყვნენ ადამიანები და ახლაც არიან, რომლებიც ცინიკურად აცხადებდნენ: „აბა, ომი გინდა“?! თითქოს პასუხი, დიახ, ომი არ მინდა, თან, სხვების გეოპოლიტიკური ინტერესების გამო, არარაციონალური იყოს. რაკი ჩნდება ეჭვი, რომ ადამიანების ნაწილი მაინც ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს ომი და რომ ის განსხვავდება ფილმებში ნანახისა და წიგნებში წაკითხულისგან, სოსო მანჯავიძესთან ერთად შევეცდებით მოდელირებას, რა მდგომარეობა გვექნებოდა დღეს, რომ შეგვესრულებინა ის მოთხოვნები, რის გამოც ლამის მთელი ევროპა ფრიად განაწყენებულია ჩვენზე.

– ოპოზიციის სცენარი რომ განხორციელებულიყო ან იმის, რასაც ამბობს ხელისუფლება, რის გაკეთებასაც აძალებდნენ, რა მდგომარეობა გვექნებოდა დღეს, 2025 წლის მარტ-აპრილში?

– თუ კითხვა სწორად გავიგე, რა მოხდებოდა, მოვლენები რომ იმ სცენარით განვითარებულიყო, რაც უნდოდა ოპოზიციას და მათ დასავლელ პატრონებს.

– დასავლეთს თავი დავანებოთ, ჩვენებურებს რაც უნდოდათ, ის სცენარი განვიხილოთ.

– ძალიან მარტივია ამის მოდელირება. დავანებოთ თავი უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც ითხოვდნენ, რომ საქართველო შესულიყო აფხაზეთსა და ცხინვალში, რომ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია მომხდარიყო. ამით ძალიან ბევრი დივიდენდი ექნებოდა დასავლეთს რუსეთთან დაპირისპირებაში და მათი ინტერესი გასაგებია. ოპოზიცია ამას ასე პირდაპირ ვერ მოითხოვდა, ამიტომ მოითხოვდნენ, რომ მთავრობას გაეგზავნა ჩვენი მოხალისეები თვითმფრინავებით უკრაინაში. ეს ნიშნავდა რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადებას და, ასევე, მოითხოვდნენ, რომ სანქციები ყოფილიყო მკაცრი. ასეთ შემთხვევაში დაიწყებოდა უმართავი ესკალაცია. რუსეთს აქვს სამხედრო ბაზა გიუმრიში.

– ცხინვალშიც აქვს ბაზა და აფხაზეთშიც.

– დიახ. ეს გამოიწვევდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვას. ეკონომიკაში უზარმაზარ პრობლემებს. საქონელბრუნვის შეჩერებას. სხვა რა სცენარი შეიძლება, თუ მებრძოლებს ოფიციალურად აგზავნი, ტურისტებს გამოგიგზავნიან და საქონელბრუნვა გაგრძელდება?! ანუ რუსეთი აამუშავებდა თავის ბერკეტებს საქართველოს წინააღმდეგ და ასეთი ბერკეტი ძალიან ბევრი აქვს. საბოლოო ჯამში, რუსეთი გამოიყენებდა სამხედრო ბერკეტებს. ამბობენ, რომ რუსეთს საამისო რესურსი არ ეყოფოდა. ეს ზედაპირული საუბარია, რუსეთს, უბრალოდ, მეტი რესურსი დაეხარჯებოდა. ხოლო, თუ საქართველოსთან გართულდებოდა ვითარება, ის გართულდებოდა მთელ რეგიონში და რა კონფიგურაცია დალაგდებოდა, ეს არავინ იცის. არ გამოვრიცხავ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გარდაქმნილიყო სხვა რამედ: სხვა ყოფილიყო მობილიზაციის მასშტაბი და რუსეთი გამოაცხადებდა, რომ მას თავს დაესხნენ ორი მხრიდან; არა იმას, რომ საქართველო დაესხა თავს, არამედ, რომ „ნატოსთან“ აქვს ომი ორ ფლანგზე. რეაქცია იქნებოდა ძალიან მწვავე და ამის შესახებ ისაუბრა მარგარიტა სიმონიანმა სოლოვიოვის გადაცემაში, თუ უკრაინაში არ ვიყენებთ ტაქტიკურ ატომურ იარაღს, ხელს არაფერი შეგვიშლის, ის გამოვიყენოთ საქართველოს წინააღმდეგ, თუ ის შეგვიქმნის პრობლემებსო. ხოლო საქართველოდან რუსეთს მართლაც დიდი პრობლემები შეექმნებოდა და რუსეთს მოუწევდა შეტევაზე გადმოსვლაც: არა მარტო საჰაერო დაბომბვები იქნებოდა, არამედ სახმელეთო ოპერაციასაც ჩაატარებდნენ. ეს გეგმები დამუშავებულია რუსეთის გენშტაბში. ჩვენი სამხედრო პოტენციალი, მოგეხსენებათ, არ არის საკმარისი, შეაკავოს რუსეთი, ხოლო ის ილუზია, რომ საქართველოს გამო რომელიმე დიდი ქვეყანა ჩაებმებოდა ომში ატომური საფრთხის ფონზე, გულუბრყვილობა რომ არის, კარგად დავინახეთ უკრაინაში, სადაც „ნატოს“ ჩარევა არ გასცდენია იარაღის მიწოდებას.

– რაც მთავარია, გამოზომილად.

– დიახ, გამოზომილად მიწოდებას. ჩვენ ისიც გავიგეთ, რომ გვითხრეს, თუ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ, გადახვალთ პარტიზანულ ომზეო. საპარტიზანოდ საქართველო ძალიან მოხერხებული ქვეყანაა. მოგეხსენებათ, მთიანია, დიდი ნაწილი სიმწვანეა და, ამდენად, თუ შეიარაღებას მოგვაწოდებდნენ და „მოგვახმარდნენ“ სხვადასხვა ჯურის ისლამისტ მებრძოლებს, მაგალითად, იდლიბიდან და სხვა რეგიონებიდან, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ოღონდ ჩვენ გავნადგურდებოდით, გამოუსწორებელ ზიანს მივიღებდით, შემდგომი დეზინტეგრაციის პერსპექტივით. ეკონომიკის დრამატული ნგრევა კიდევ ცალკე პრობლემაა. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ზომბირებულები არიან, რუსოფობიით დაავადებულნი, მაგრამ გვყავს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებიც, რომლებსაც ესმით, რომ არავინაა შენი პატრონი, თუ შენს თავს თავად არ უპატრონე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცდილობ, თავს უპატრონო, არსებობს უზამრაზარი საფრთხე, რომ ვერ უპატრონო. ამდენად, სიფრთხილეა საჭირო, მით უმეტეს, გამომდინარე იქიდან, რა პარამეტრებიც გაქვს. შესაბამისად, როდესაც დავინახავდით, რომ ესენი გვღუპავენ, დაიწყებოდა სამოქალაქო დაპირისპირებაც. მართალია, ახლა ვუთმენთ თავგასულობასა და ამაზრზენ ქცვას, გაუცნობიერებელ სუიციდურ მოძრაობებს, მაგრამ, როდესაც ფაქტის წინაშე დავდგებოდით, დაიწყებოდა ღრმა განხეთქილება და ფიზიკური დაპირისპირება, რაც ბუნებრივია. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ თავზე ენგრევა ყველაფერი, შიმშილი და უბედურებაა და ის ხდება, რაც დღეს სირიასა და უკრაინაში ხდება, ცხადია, პასუხის მოთხოვნის რეჟიმი დადგება. დაპირისპირებული ჯგუფები ჩამოყალიბდებოდა, საძმოები, ერთმანეთთან მებრძოლი პარტიზანული ჯგუფები, რაც ქაოსთანაა დაკავშირებული.

– მარტო რუსეთი არ იქნებოდა, ვფიქრობ, მოწინააღმდეგე. მეზობლებიც ჩაებმებოდნენ.

– რა თქმა უნდა, გადანაწილდებოდა ინტერესების მიხედვით. გეოპოლიტიკური მოთამაშეები, ბუნებრივია, შეეცდებოდნენ, თავიანთი ინტერესების ზონად დაენაწილებინათ ტერიტორია. მაგალითად, თურქეთი ამოძრავდებოდა აჭარის და არა მარტო აჭარის მიმართულებით, ერდოღანი ხშირად ახსენებს ხოლმე მესხეთ-ჯავახეთს. აღარ მინდა, გავაგრძელო, სხვებს რა ინტერესები აქვს. ანუ გამოიწვევდა ტერიტორიულ ცვლილებებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტური ვითარების გაღვივებით. აი, ეს მოტივაცია ჰქონდა ოპოზიციის სანუკვარი ნატვრების აღსრულებას. ასეთი სანატრელი მომავლისკენ მიგვიძღოდნენ, მათთვის რომ დაეჯერებინა ვინმეს. ძალიან მარტივია ამის გათვლა და ასეთი უგონო ქცევის შედეგებს ვხედავთ უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში და რომელი ერთი ჩამოვთვალო. ჩვენც არ ვართ ამისგან შორს, ახლახან იყო 2008 წელი ან იგივე 1990-იანი წლები. ხომ ვხედავთ, რა დაემართა სომხეთს ფაშინიანის „გმირული“ მოღვაწეობის შედეგად?!

– სახელმწიფოებრიობის რღვევა ხომ აბსოლუტურად რეალური საფრთხეა. ვუშვებ, რომ ადამიანების ნაწილი ვერ ხვდება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ვერ ხვდებიან? მათ ხომ ეს ზუსტად იციან?

– ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გონებრივი შესაძლებლობების შესახებ მე არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა. ბევრი მათგანი ამდენმა ტყუილმა და ფულმა, თუ კომპრომატმა, თავიანთი კურატორების უტყვმა მორჩილებამ გადააგვარა. იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება, არ ესმოდეს, რა შედეგები დადგებოდა. ეს ელემენტარულია. გასაგები უნდა იყოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დაეცემა, ქვეყნის დაცემა ნიშნავს, როდესაც კონტროლი ვერ ხორციელდება და ქვეყნის ელიტები არ არიან ადეკვატური, ისინი არ იმსახურებენ იმასაც კი, რომ მათ ანგარიში გაუწიონ ძლიერმა მოთამაშეებმა და მისცენ ის ნაწილი, რასაც ისინი იმსახურებენ იმის გამო, რომ სუვერენიტეტს ინარჩუნებენ ტერიტორიაზე, რაც ისტორიულად დაიკავეს. შევხედოთ უკრაინას: ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა, თავის დროზე 52-მილიონიანი. გეოპოლიტიკური მიზნები, ხომ, გასაგები იყო: დაიშალა საბჭოთა კავშირი და შემდეგ უნდა დასუსტებულიყო მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი. აქედან გამომდინარე, ამისთვის ყველაზე უფრო მოხერხებული ქვეყანა იყო უკრაინა, რასაც არავინ მალავდა. კორპორაცია „რენდის“ 2019 წლის კვლევა ვთარგმნე და სტატიაც დავწერე, „ფეისბუქზეც“ გამოვაქვეყნე. ამერიკული გეოპოლიტიკის მთავარი თეზისია, რომ უკრაინის გარეშე რუსეთი რეგიონული სახელმწიფოა, უკრაინასთან ერთად – იმპერია. ამიტომ მთავარი ყურადღება ეთმობოდა უკრაინის დამორჩილებასა და მის გადაქცევას არა საკუთარი ინტერესების გამტარებელ ქვეყნად, არამედ ქვეყანა-ინსტრუმენტად. უკრაინა, ამხელა ქვეყანა, გამოიყენეს პროქსი ომის საწარმოებლად. ეს აღიარა მარკო რუბიომ. ხოლო, რადგან რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო, მაინც არ დაიშალა ამ ეტაპზე, უკრაინამ, ყირიმის გარდა, დამატებით, ოთხი რეგიონი დაკარგა, ეკონომიკა, დაღუპულები და ვაჭრობა, ვისი იყოს ატომური ენერგეტიკა, პორტები, მიწისქვეშა რესურსები, კიდევ სხვა თემაა. იმავე სიტუაციაში წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, რაც ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საოცარია, რომ ამას ადამიანები არათუ ვერ ხვდებიან, იბრძვიან, რომ ეს შედეგი დადგეს. მათ აგენტურას, არასამთავრობოებს, პარტიებს, ტელევიზიებს, ეს ნორმად მიაჩნიათ. უცხო ქვეყნების გაერთიანებების ინსტრუმენტად გადაქცევას ასაღებენ პატრიოტიზმად. ზოგადად, ურა-პატრიოტიზმი ყოველთვის იყო ამა თუ იმ ქვეყნის ნგრევის ინსტრუმენტი. ურა-პატრიოტიზმზე უფრო დიდი ვნება იშვიათად თუ რამეს მოაქვს ქვეყნისთვის. მაგალითად, ემოციურ ლოზუნგებზე დაყრდნობით, ირაციონალურ ინსტინქტებზე თამაშით, ქვეყანას, ფაქტობრივად, თვითმკვლელობას ასრულებინებ და ეს ხდება ახლა ჩვენ თვალწინ.

ვერ ვხვდებიან, არ იციან, არ უყურებენ, რა ხდება უკრაინაში? დანგრეული ქალაქები, დაღუპულები, დაჭრილები, გაქცეული მოსახლეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, არ არის გაზი, შუქი. თან, ეს გაცილებით მძიმედ აისახებოდა ჩვენზე, მოსახლეობაც ცოტაა, ტერიტორიაც მცირეა, ზურგი არ გვაქვს.

– უკრაინა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა – ევროპის ბეღელი, საუკეთესო შავმიწანიადაგიანი ზონა აქვს მსოფლიოში, რომელიც ერთ-ერთი ის აქტივია, რის გამოც ვაჭრობაა. სურსათის ექსპორტიორი იყო უკრაინა, ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ. არ გვაქვს სტრატეგიული ზურგი და სიღრმე. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა დატრიალდებოდა აქ. გავიხსენოთ, 2008 წლის აგვისტოში, ომის დაწყებიდან მეორე დღეს მაღაზიაში პურს ვერ დაინახავდი და ძეხვს. ხომ გვახსოვს, რაც იყო?! ამდენად, ამაზე საუბარი ზედმეტადაც კი მეჩვენება. როგორი დახშული უნდა გქონდეს ადამიანს ტვინი, რომ ამას ვერ ხვდებდეს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა