პოლიტიკა

რატომ არის უკრაინა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გარკვევის პროცესის პროქსი-მონაწილე

№38

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 27.09

კენედი
დაკოპირებულია

ჩვენს სატელევიზიო და სოციალურ სივრცეში მიღებულია ცალმხრივი მოსაზრებები: ვიღაცას ცალსახად უყვარს ამერიკა და სძულს რუსეთი, ვიღაცას მოსწონს რუსეთი (ან ეშინია მისი) და სძულს (ან არ მოსონს) ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, პროპაგანდისტული გავლენის ქვეშ ვართ (ფაქტობრივად, 2000-იანი წლების დასაწყისიდან), როდესაც მხოლოდ ორ ფერში აღვიქვამთ სამყაროსაც, იქ მიმდინარე პრიცესებსაც და გეოპოლიტიკასაც, რაც, ბუნებრივია, მოვლენების არსში გარკვევას გვიფერხებს. გთავაზობთ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის რობერტ კენედის (უმცროსი) ინტერვიუებიდან ამონარიდებს რუსეთ-უკრაინის ომზე, ბაიდენის ადმინისტრაციის მოქმედებებზე და პუტინის მოტივაციაზე. ვფიქრობ, ალტერნატიული მოსაზრების გაცნობა დაგვეხმარება, საღად შევაფასოთ ინტერესების მიმდინარე სისხლიანი ჭიდილი.

რობერტ კენედი (უმ-ცროსი): „უკრაინა მოხვდა ორი ზესახელმწიფოს ომის ხაფანგში, რომლებიც სიტუაციას მართავენ, გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და თავიანთ მოსაზრებებს მსხვერპლად წირავენ ასი ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს.

გავიხსენებ: როდესაც რუსეთმა ბირთვული რაკეტები განათავსა კუბაში, ბიძაჩემი (ჯონ კენედი) იძულებული გახდა, შეჭრილიყო. რუსებმა კი იმიტომ განათავსეს ბირთვული რაკეტები კუბაში, რომ ჩვენ განვათავსეთ ბირთვული შეიარაღება თურქეთსა და იტალიაში. ბიძაჩემი და მამაჩემი საიდუმლოდ გაურიგდნენ საბჭოთა კავშირის ელჩ დობრინინს. უთხრეს, გვესმის, რომ თქვენ ბრაზობთ, ვერ ეგუებით, თურქეთში რომ „იუპიტერები“ (ბირთვული რაკეტები) განვათავსეთ და ამიტომ განათავსეთ თქვენი რაკეტები კუბაში, თუ თქვენ გაიტანთ თქვენს რაკეტებს, ჩვენც ჩვენს რაკეტებს გამოვიტანთ თურქეთიდან. ახლაც იგივე მეორდება: ჩვენ შევიტანეთ ბირთვული ტექნოლოგიები რუსეთის სიახლოვეს და ახლა გვინდა, რომ შევიდეთ კიდეც იქ, თუმცა რუსეთი და პუტინი ამას უწოდებდა „წითელ ხაზებს“. ანუ არ უნდა შეხვიდეთ უკრაინაშიო და ამას პუტინამდეც ამბობდნენ. რუსეთში სამჯერ შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიიდან. ბოლო შეჭრისას ჰიტლერმა 20-დან 40 მილიონამდე რუსი დახოცა. გავიხსენებ ბიძაჩემის 1963 წლის ივლისის ყველაზე ცნობილ გამოსვლას. მან ამერიკელ ხალხს უთხრა: გვასწავლიან, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვეს რუსებმა. მსხვერპლი, რომელიც მათ გაიღეს ჰიტლერის გასანადგურებლად წარმოუდგენელია ამერიკელებისთვის – მესამედი ქვეყანა მიწასთან იყო გასწორებული, ქალაქები, ველები და ტყეები გადამწვარი. წარმოგიდგენიათ, ასეთი რამ ამერიკაში რომ მომხდარიყო?!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა არის წითელი ხაზი. რუსებისთვის ეს უსაფრთხოების საკითხია. რუსეთის ხელისუფლების შეცვლა ჩვენი საქმე არ არის და ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთში უნდა შეცვალოს ხელისუფლება, არის უპასუხისმგებლო. თავად პუტინმა თქვა, ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშეო და როდესაც მან ეს თქვა, უპირველესად გულისხმობდა საკუთარ თავს.

ნეოკონსერვატორების მიზანი ყოველთვის იყო რუსეთთან ომი. გადავხედოთ ისტორიას: 2014 წელს უკრაინაში მასობრივი არეულობები დაიწყო, რასაც მაიდანი დაერქვა და ჩვენ არ გვითხრეს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომლითაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ინიღბება, 5 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო ამ არეულობების დასაფინანსებლად. შედეგად ჩამოაგდეს დემოკრატიულად არჩეული უკრაინის პრეზდენტი. არადა უკრაინის ის მთავრობა იყო მთავრობა, რომელმაც უარი თქვა რომელიმე მხარისთვის მხარდაჭერაზე. ამიტომ ჩვენ ისინი თავიდან უნდა მოგვეცილებინა, უკრაინის იმ მთავრობის ჩამოგდებამდე ერთი თვით ადრე ვიქტორია ნულანდი, ნეოკონსერვატორების იდეების მომხრე, რომელსაც დღეს მაღალი თანამდებობა უჭირავს, საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდა უკრაინაში აშშ-ის ელჩთან – ეს ჩანაწერი არსებობს და ნებისმიერს შეუძლია, მოისმინოს, როგორ არჩევს ის კანდიდატებს, აშშ-ისადმი ლოიალურად განწყობილებს, უკრაინის ახალ მინისტრთა კაბინეტისთვის. ეს დემოკრატიაა?! დიახ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დემოკრატიას არ ემსახურება, ისევე, როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. 1947-1997 წლებში აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ჩამოაგდო 83 მთავრობა, ეს არის დედამიწაზე არსებული მთავრობების ერთი მესამედი და ჩამოგდებული მთავრობების უმეტესობა დემოკრატიულად იყო არჩეული.

ჩვენ შევქმენით უკრაინის პროდასავლური მთავრობა. ყველა ამბობს, რომ რუსებმა პირველებმა მიიტაცეს ყირიმი. მე არ ვაპირებ რუსების გამართლებას. მან დაიწყო კონფლიქტი უკრაინაში და ეს უკანონოა. ჩემი შვილი იქ საომრად წავიდა. ხარკოვის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. პუტინი მოიქცა უპასუხისმგებლოდ და უაზროდ. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი როლი მომხდარში.

თუ თქვენ ხართ პუტინის ადგილას და მისი გადასახედიდან უყურებთ უკრაინასა და მის პროამერიკულ მთავრობას, რას იფიქრებთ უპირველესად? ისინი შეეცდებიან, დაეუფლონ სევასტოპოლს, ეს არის სამხედრო პორტი შავ ზღვაზე, რომელიც იყო რუსული პორტი და სადაც განთავსებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები, არის წყალქვეშა გემების ბაზა. პუტინი ფიქრობს, უკრაინის ახალი მთავრობა აპირებს, მოიწვიოს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, რომ დაიკავოს რუსეთის სამხედრო ობიექტები. ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ და დავიბრუნოთ! და ის მიდის ყირიმში, იღებს ყირიმს ერთი გასროლის გარეშე. ყირიმის მოსახლეობის უმეტესობა რუსია და ისინი მიესალმნენ რუსეთის შეჭრას. მე არ ვამართლებ პუტინს, მე ვამბობ, რომ უნდა გავიგოთ მისი მოქმედების მოტივები. ბიძაჩემი ყოველთვის ამბობდა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი მოწინააღმდეგის პოზიციის გაგება.

როგორც კი ჩვენ დავაყენეთ ახალი ხელისუფლება უკრაინაში, პირველი კანონი, რაც მიიღეს, იყო ის, რომ რუსული ენა გამოაცხადეს უკანონოდ დონბასსა და ლუგანსკში, სადაც მოსახლეობის 90 პროცენტი რუსია. ახლა რთულია იმის გარკვევა, რომელმა მხარემ დაიწყო ძალადობა. მაგრამ ეთნიკურ რუს მოსახლეობას უკრაინაში დღეს ექცევიან, როგორც კეთროვნებს, დასცინიან, არ აძლევენ უფლებას, ილაპარაკონ თავიანთ ენაზე და მაშინ დონბასსა და ლუგანსკში ტარდება რეფერენდუმი და 90 პროცენტი ხმას აძლევს რუსეთთან მიერთებას. რუსეთი ამბობს არას, პუტინიც ამბობს, თქვენ მე არ მჭირდებით, მაგრამ, მოდი, მოვაწეროთ ხელი შეთანხმებას, რომელიც დაგიცავთ და უკრაინა, რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი ხელს აწერენ შეთანხმებას, რომელსაც ეწოდება მინსკის შეთანხმება, რომელშიც ლაპარაკია, რომ დონბასი და ლუგანსკი უნდა დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ნახევრად ავტონომიურები. რომ მათ ჰქონდეთ რუსულად ლაპარაკის უფლება და იქ მცხოვრები რუსები იყვნენ დაცულები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ძალადობისგან. რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია ამას დათანხმდნენ. 2019 წელს ზელენსკი მოდის ხელისუფლებაში. ის მსახიობია, კომიკოსია და ამას არ ვამბობ შეურაცხმყოფელად. იმიტომ რომ ჩემი ცოლი მსახიობი და კომიკოსია. მე ამას ვამბობ, რადგან ზელენსკი არის ბიჭი პოლიტიკური მომზადების გარეშე, რომელიც იმარჯვებს არჩევნებში 90 პროცენტით. რატომ მოიგო არჩევნები? იმიტომ რომ ჰპირდებოდა მშვიდობას. ის პირობას დებდა, რომ ხელს მოაწერდა მინსკის შეთანხმებებს. ზელენსკი მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ გადაიფიქრა რუსეთთან მშვიდობა. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა. მაგრამ რაციონალური ეჭვია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უთხრა მას, რომ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას. ვიქტორია ნულანდი, ენტონი ბლინკენი და ევრიელ ჰეინსი ნაციონალური დაზვერვის დირექტორი, ამბობენ, თქვენ ვერ შეძლებთ, დაამყაროთ მშვიდობა რუსეთთან. უკრაინის ნაციონალისტებმა ზელენსკის უთხრეს, თუ ამას მოაწერ ხელს, ჩვენ შენ მოგკლავთ.

რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ჩვენ ვამბობთ: ნახეთ, პუტინი ცდილობს, დაიპყროს ევროპა, მაგრამ რუსებმა პირველ ეტაპზე მხოლოდ 40 000 ჯარისკაცი გაგზავნეს. ვვარაუდობ, რომ კიევში სამ-ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ამდენად, რუსეთს არ უნდოდა უკრაინის დაპყრობა, იმიტომ რომ არ გაუგზავნია საკმარისი რაოდენობის სამხედრო ძალა. პუტინს უნდოდა, ისინი დაესვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. და ზელენსკი ჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ პუტინმა და ზელენსკიმ 2022 წლის მარტში მოილაპარაკეს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მინსკის შეთანხმებებზე დაყრდნობით, ზელენსკი აწერს ხელს შეთანხმებას. იმავეს აკეთებს პუტინი და რუსეთი იწყებს თავისი საჯარისო ფორმირებების გამოყვანას. მაგრამ რა ხდება?! პრეზიდენტი ბაიდენი 2022 წლის აპრილში კიევში აგზავნის ბორის ჯონსონს, რომ მან ჩაშალოს ეს შეთანხმება და აიძულოს ზელენსკი, უარი თქვას მის შესრულებაზე. შემდეგ ომში ვერთვებით ჩვენ და დღეს უკვე დაღუპულია 350 000 უკრაინელი და 50 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე. 2022 წლის აპრი;ლში ლოიდ ოსტინს, ის მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივანი იყო, ჰკითხეს, რატომ ვომობთ უკრაინაში?! მან უპასუხა, იმისთვის, რომ გამოვფიტოთ რუსეთის არმია, რომ მას აღარ შეეძლოს ბრძოლა დედამიწის სხვა არცერთ წერტილში. მაგრამ სულ სხვა რამეს ეუბნებოდნენ საზოგადოებას: როდესაც ბაიდენს ეკითხებოდნენ, რა არის ჩვენი მიზანი უკრაინაში, ის ამბობდა, რუსეთში ხელისუფლების შეცვლა. ასე რომ, უკრაინა საერთოდ არაფერ შუაშია, ის ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირებაში პროქსი-მონაწილეა (მარიონეტი).

მოცემული მომენტისთვის ამ ომში ჩვენ უკვე დავხარჯეთ 113 მილიარდი აშშ დოლარი. შედარებისთვის: გარემოს დაცვის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 12 მილიარდია. დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრის ბიუჯეტიც 12 მილიარდი დოლარია. როდესაც მიჩ მაკკონელს ჰკითხეს, რატომ ვაკეთებთ ამას, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ტალონების გაცემა 30 მილიონ ამერიკელს შეუწყვიტეს. მან უპასუხა: ეს ფული არ დარჩება უკრაინაში, ის დაუბრუნდება სამხედრო მწარმოებლებს აშშ-ში. საინტერესოა, რომ ამ სამხედრო მწარმოებლებს ხშირად ნახავთ „სი ენ ენის“ ეთერში. ისინი არიან პენტაგონის ყოფილი ოფიცრები, გენერლები, პოლკოვნიკები. დიახ, ისინი გენერლები არიან, მაგრამ მუშაობენ სამხედრო მწარმოებლებზე, რომლებიც ომის დროს დიდ ფულს აკეთებენ. ამას მიამატეთ ფულის დაბეჭდვით გამოწვეული ინფლაცია და ტრილიონი დოლარი, რაც ლოქდაუნისას დავხარჯეთ და კიდევ 8 ტრილიონი დოლარი, რაც დავხარჯეთ ბოლო წლებში ყველა ომში. ჩვენ წავაგეთ ყველა ფრონტზე. შეხედეთ, რას მივაღწიეთ?! რუსეთი თანამშრომლობს ჩინეთთან, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის ყველაზე უარესი შედეგია. ჩვენ ახლა პუტინი კუთხეში მივიმწყვდიეთ და მას ათასით მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე ჩვენ და მისი ბირთვული იარაღი ჩვენსას სჯობს“.

მოამზადა ნინო ხაჩიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №50

11–18 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი