პოლიტიკა

რატომ არის წამგებიანი სტერეოტიპული აზროვნება და როგორ მოხერხებულად იყენებენ პოლიტიკოსები „ღირსებას“ ადამიანების „ასაგდებად“

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 02.10

დიმიტრი ნადირაშვილი
დაკოპირებულია

სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკვე ამდენი ხანია, ვაკვირდებით დამაჯერებელ გამარჯვებებს, რომლებიც კანონზომიერებას ემსგავსება და ვერ იხსნება შემთხვევითობით. ცნობილია, რომ მსგავსი რამ ჰაერზე არ ხდება. ამასთან, სპორტული წარმატებების ტალღა მიგვანიშნებს, რომ წარმატება მოდის შიგნიდან და არ არის დამოკიდებული გარემოზე, რადგან ჩემპიონი ქართველები ზუსტად იმავე პირობებში გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ, როგორც დანარჩენები, ანუ არც თუ იავარდით ფენილი გზა გაიარეს. რამ შვა ენერგია, რომელმაც ამდენი გამარჯვება მოიტანა? – ამ თემას ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ერთია, რამ შვა გამარჯვების ენერგია და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ ენერგიამ უამრავ გულგატეხილ ადამიანს ბედნიერება აჩუქა და დადებით სიხშირეზე გადააწყო.

– ნამდვილად. ტენდენცია, რომელიც აღნიშნეთ, რომ არის წარმატების განცდა, მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს განცდა დაკავშირებულია არა ერთ ადამიანთან, არამედ ჩვენთან, ანუ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასთან. აქ ერთი პარადოქსია, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში სრულიად სხვა აქცენტები კეთდება და გამოჩნდა, რომ ნამდვილი ცხოვრება განსხვავდება პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების შეფასებებისგან, რომლებიც ნაკარნახებია მერკანტილური, პირადი პოზიციებით, ვისთვის რაა ხელსაყრელი. ამდენად, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა არის ნამდვილი რეალობა და როგორ შეიძლება, რომ ის სათვალე, რომელსაც მათი ნების საპირისპიროდ თვალზე უკეთებენ ადამიანებს, მოვიშოროთ და საზოგადოებამ თავად დაინახოს სოციალური პროცესები. მეორე მხრივ, ყველაფერი შეფარდებითია, მათ შორის, ეს წარმატებაც, მაგრამ, როგორც ფროიდი ამბობს, ჩვენ უნდა შევედაროთ არა სხვას, არამედ ჩვენს თავს გუშინ და ასეთი საზომი აჩვენებს, წინ მივდივართ თუ უკან. მართლაც, არის უამრავი რამ, რაზეც პოლიტიკურ ცხოვრებაში აქცენტი არ კეთდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაინახოს. არის წარმატებები, რომლებიც ჩანს: ოლიმპიადა, ფეხბურთი, რაგბი, მაგრამ გამოვყოფდი სიმწვანეს: ასეთი მწვანე, მოვლილი და ეკოლოგიური ჩვენი გარემო კარგა ხანია, არ ყოფილა. როდესაც აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მოდიხარ, მწვანეა ყველაფერი. შეუძლებელია, ეს თვალში არ გეცეს და არ შეგიქმნას პოზიტიური განწყობა. არაფერი რომ არ ვთქვათ ამ გზებზე, რომლებიც საქართველოს მთლიანად კვეთს. ანუ ბევრი რამაა, რაც უნდა აღვიქვათ, რადგან, მართლაც, არის რადიკალური ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში.

– ალბათ, შეუძლებელია, სხვა სფეროებში იყოს უკუსვლა, ეს ერთიანი პროცესი უნდა იყოს.

– რა თქმა უნდა, ასე არ ჩანს მეცნიერება და ხელოვნება, მაგრამ, მე, მაგალითად, ახლახან ბერლინიდან ჩამოვედი და ვნახე იქაური გაჭირვება, რომელიც აქედან არ ჩანს. აღმოსავლეთ გერმანიაში, პენსიონერებს რომ დაველაპარაკე, საშინელი გაჭირვებაა და, როგორც ჩვენთან იხსენებს ზოგიერთი საბჭოთა კავშირს, ისე იქაც ენატრებათ „გე დე ერი“. უამრავი საარჩევნო ცენტრი ვნახე ბერლინში, რომლებიც მემარცხენე პარტიებს უწევენ პროპაგანდას და „გე დე ერს“ ახსენებენ. იქ ფასები ძალიან მაღალია: ბინის, გადასახადები... ამბობენ, ახლახან პენსიები გაგვიზარდეს და 1 000 ევრო გვაქვს, გაგვითანაბრეს დასავლეთ გერმანიასთან, მაგრამ მაინც არ გვყოფნისო. ასე რომ, გაჭირვება ყველგანაა. ილუზიაა, რომ ყველგან კარგია. ასეთი მიდგომა გვქონდა საბჭოთა კავშირში, რომ აქაა ჯოჯოხეთი და კაპიტალისტური ქვეყნები აყვავებულია. ყველგან თავისი პრობლემები აქვთ და ხშირად ძალიან მძიმე. ამდენად, ჩვენ უნდა გადავერთოთ ეგზისტენციურ აზროვნებაზე და არ ვიაზროვნოთ სტერეოტიპებით, რომ რაღაც კარგია, რაღაც ცუდია და ვიღაცების ლოზუნგებს ბრმად არ უნდა მივყვეთ. რაც შეეხება მიზეზებს, რა იწვევს წარმატებისა და წინსვლის ასეთ უცნაურსა და მნიშვნელოვან განცდებს?

პირველი, რაც თვალში მხვდება, სტაბილური ცხოვრებისეული სიტუაციაა, რომელშიც ჩვენ მოვხვდით, გამოვედით საომარი და ყოფნა-არყოფნის მდგომარეობიდან. ზოგადად, სტაბილურობის დროს სხვადასხვა საზოგადოება და ერი სხვადასხვანაირად იქცევა. პიროვნულსა და საზოგადოებრივ ზრდაზე ორიენტირებული საზოგადოებები სტაბილურ პერიოდში იწყებენ სპეციფიკურ განვითარებას და ქართული საზოგადოებისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. კომუნისტური საზოგადოება ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ იქაც კი სპორტი, კულტურა, მეცნიერება ძალიან ვითარდებოდა და სწორედ სტაბილურობის გამო. ახლა მსგავს სტაბილურ სიტუაციაში მოვხვდით და მაშინვე დაიძრა სოციალური კვირტები მზისკენ, განვითარებისკენ, რაც მეტაფორულად აისახა იმ სიხარულში, რომელიც ერმა განიცადა ამ ხანმოკლე დროში. ამდენად, ესეც გასააზრებელია, თუ როგორი მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენთვის და იმავდროულად, როგორი მაცდურია ამ სტაბილურობის დაკარგვა. ჩვენთანაც იყო სრულიად მიუღებელი ტენდენციები, რომ „ნატოს“ მიერ დაცული ქვეყნებივით ვეთამაშოთ ომს, სტაბილურობის დაკარგვას. ჩვენ, რომლებიც სრულებით დაუცველები ვართ, მოვიქცეთ ისე, როგორც „ნატოს“ წევრ ქვეყნებს ახასიათებს. და არგუმენტად ითქმება, აბა, სად არის მაშინ ღირსება?! არადა ამ პოლიტიკური თამაშის მექნიზმი იგივეა, როდესაც ნერვული ადამიანი განზრახ გამოჰყავთ წყობიდან.

– ღორსების არაადეკვატური ჩაჩრა ძალიან კომიკურია ხოლმე, ყველა ომში რომ დამარცხდი, ეგ ძალიან ღირსეული საქციელია, ნეტავ?!

– დიახ, ისეთი ნევროტული გარემო იქმნება, როდესაც შეიძლება, მოვხვდეთ იმგვარ ვითარებაში, საიდანაც ვერასდროს გამოვალთ და თამაშია ღირსებით, რომ, აბა, თუ არ გააღიზიანებ და შეაგინებ მტერს, ესე იგი, უღირსი ხარ.

– უცნაურია ეს შეგონებები: აგერაა მტერი, ნახევარ საათში ჩახვალ, შემოიხვიოს ტანზე ასაფეთქებელი და დაესხას თავს. უშლის ვინმე?

– დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ადეკვატურად აღიქვას საზოგადოებამ და არ წამოეგოს ანკესს, რომელსაც წამოვეგეთ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ პერიოდებში. რამდენჯერ წავიტეხეთ ცხვირი ერთსა და იმავე ადგილას, როდესაც არ ვაფასებდით მშვიდობასა და სტაბილურობას და იოლად ვეშვებოდით ისეთ უფსკრულში, რომელშიც მომწიფებული ევროპული საზოგადოება არავითარ შემთხვევაში არ გადაეშვება. იცით, რომ იგივე პრობლემა აქვს შოტლანდიას და ლაპარაკია, თუ რატომ არ გამოეყოფა შოტლანდია ბრიტანეთს. ისინი ითვლიან, ექნებათ თუ არა სტაბილური ქვეყანა დამოუკიდებლად. ისინი მსჯელობენ, იაზრებენ და არ აფასებენ ამ მსჯელობას, ეს უღირსობაა თუ ღირსება. ისინი ზომავენ, აცნობიერებენ, სტერეოტიპებით არ მოქმედებენ. ასე რომ, სტაბილურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ჩვენი სიხარული და წინსვლა გამოიწვია. მეორეა ერთობის განცდა: სრულიად აშკარა გახდა, რომ ასეთ დროს პოლიტიკური განსხვავებები მიუღებელია და ყველას უხარია ეროვნული გამარჯვება. ჩვენ ვნახეთ, როგორი მნიშვნელოვანია ამ ერთიანობის განწყობები, რაც მთლიანად დაკარგული გვქონდა და ძალიან წასაქეზებელი და გასაანალიზებელია ერთობა, რაც გვიწერია გერბზეც და ჰიმნშიც. ფაქტობრივად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ცხოვრებაში უნდა გავატაროთ.

მესამე მიზეზია, სად და როგორ გამოიხატება ეს სტაბილურობისა და ერთიანობის განწყობები. ის მთლიანად კვებავს ერთიან ქართულ ორგანიზმს, მაგრამ განსაკუთრებით, იმ ფესვებს, რომლებიც მძლავრია, რისი ტრადიციაც ჩვენთან არის. ფეხბურთი, ჭიდაობა, მეცნიერების მიმართულებები, რომლებიც ფესვგადგმულია, უფრო მალე და ადვილად იზრდებიან. რა თქმა უნდა, ჩნდება ახალიც, მაგრამ რაც არსებობს, ფესვების სახით, უპირველესად, ისინი იძლევა ნაყოფს. რაშიც ძლიერები ვართ, ის ძარღვი ძლიერდება და ეს იმპულსები ჩანს – უფრო და უფრო იხვეწება, მაგალითად, ეროვნული სამზარეულო. ახალგაზრდებსაც შემოაქვთ სიახლეები იმ ტექნოლოგიებიდან, რომლებიც თანამედროვე სამყაროში იქმნება, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციული, ფესვები გრძნობს წარმატების კლიმატს.

მეოთხე მიზეზია, როდესაც ადამიანები გრძნობენ მხარდაჭერას. როგორც ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ხაზს ვუსვამ, რომ ერთი და იგივე ადამიანი სრულიად სხვადასხვანაირად გამოიყურება, როდესაც მხარს უჭერენ და არ უჭერენ. სრულიად განსხვავებულ თვისებებს ავლენს. როდესაც მხარდაჭერილია, მკვეთრად გამოხატავს თავის მრწამსს, თავის ფასეულობებს, თავის აზროვნებას, თავის განწყობებს, ხასიათს, ხოლო, როდესაც მხარდაჭერილი არ არის, დაკარგულია, იზოლირებულია, საყრდენგამოცლილია, ვერ პოულობს ვერაფერს, საკუთარ თავსაც და აი, ეს მხარდაჭერა ძალიან მძაფრად იგრძნო ყველამ, ვინც კი წარმატებას მიაღწია ნებისმიერ სფეროში. მე გამახსენდა, ასევე, კამათობდნენ ალბანეთთან თამაშის დროს როგორ მოვიქცეთ, როგორ უნდა დავხვდეთ, რადგან მათ ჩვენი ქვეყნის ჰიმნზე დაუსტვინეს, ხელი არ ჩამოართვეს ჩვენს ფეხბურთელს.

– დიახ, მეც მივაქციე მაგას ყურადღება: უცებ გაგვახსენდა, რომ ძალიან კარგი ტიპები ვართ და შურისძიება და მართლა უღირსად მოქცევა არ გვინდა. პირიქით, რომ სიამოვნება კეთილშობილებაა.

– კამათისას დომინანტი პოზიცია იყო, რომ არ უნდა მოვიქცეთ ალბანელებივით, თუმცა, იყო უმცირესობაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენც უნდა დავუსტვინოთ და დავთრგუნოთ. ანუ მსჯელობა გაიმართა, ვინ ვართ, როგორ გამოვხატოთ ღირსება და როგორი მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გააზრება, იდენტიფიკაცია, ვიყოთ ჩვენ, არ დავკარგოთ ჩვენი თავი, პატივი ვცეთ ჩვენს თავსა და სხვებს. ეს გამარჯვებულისთვისაა დამახასიათებელი, დამარცხებულს ეს თვისებები არ აქვს. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ჰყავთ სოციუმი, რომელიც მათ დაეხმარება და ხელს არ ჰკრავს. ეს მხარდამჭერი განწყობები წინა პლანზე წამოვიდა და, შესაბამისად, გამარჯვებულები ლაპარაკობენ არა მილიონებზე, არამედ იმაზე, როგორ უყვარს ისინი საზოგადოებას. ესე იგი, მხარდაჭერა მნიშვნელოვანი გახდა სოციალურად. ანუ ესეც დასანახია, რომ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, იმიტომ რომ სხვანაირია ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ საყრდენს გრძნობს.

– ასე უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად.

– ეს ფსიქოლოგიური გარემო, ერთი, მხრივ, ზოგჯერ იმპულსურად იქმნება, მაგრამ ზოგჯერ შეასაძლებელია, ჩვენ თვითონ ვიყოთ რეჟისორები ისეთი გარემოსი, რომელიც გვკვებავს. ამ დროს ჩვენ გვიპყრია ჩვენი გზის საჭე; მივდივართ გაცნობიერებულად და ჩვენი რეჟისურით, განსხვავებით იმისა, როდესაც ეს დაკარგული გვაქვს. როდესაც ძლიერდება ცნობიერება, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის წარმართვა სტერეოტიპული, გაუაზრებელი აზროვნების მიღმა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არსებობდა – ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს გაცნობიერებული პასუხები არსებულ რეალობაზე. ეს ტენდენციები შეინიშნება ყველა სფეროში და ძალიან გასახარია. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და ასე ადვილად არ გამოგვეცალოს სტაბილურობა, ერთიანობის განცდა, ჩვენი ტრადიციული ფესვები, რომლებზეც ვდგავართ და საერთო მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება, ერთმანეთს აღმოვუჩინოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა