პოლიტიკა

რატომ არის საქართველოსთვის გამოსავალი მიუმხრობლობა და არა ნეიტრალიტეტი

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.03

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

მსოფლიოში მოვლენები ელვის უსწრაფესად იცვლება. ყოფილი მტრები მოლაპარაკების მაგიდასთან აპირებენ (აშშ–რფ–ჩინეთი) მისხდომას, ყოფილი მოყვრები (აშშ–ევროკავშირი) ერთმანეთს უპირისპირდებიან, ყველანი, ერთად კი, ტრამპი–პუტინის შეხვედრის მოლოდინშია, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ლიდერები და დიდი ბრიტანეთი წყენას ვერ მალავენ, თუ რატომ არ მიიწვია ისინი არავინ მოლაპარაკების მაგიდასთან. დიდ გარიგებამდე თუ დიდ შერიგებამდე შორი გზაა გასავლელი, თუმცა, რაკი ჩვენ ამ გარიგება–შერიგებისკენ სავალი გზების ერთ–ერთი განშტოება ვართ, ბუნებრივია, ის ჩვენზეც იმოქმედებს (თუმცა, როგორც ჩანს, უჩვენოდ), – ამ თემას დემურ გიორხელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– რა შესაძლებლობები ეხსნება საქართველოს მოახლოებულ ახლებურ კონფიგურაციაში და რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი ჩვენთვის?

– აპრიორი იმის თქმა, რომ ცვლილებები მსოფლიოში ჩვენ, მენტალურად და მოძრაობითაც, გზასაცდენილებს, რამე კარგ შედეგს მოგვიტანს, ილუზიაა. ეს უზარმაზარი ძვრებია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა პრობლემებია მსოფლიოში, რა დაპირისპირება იყო მთავარ მოთამაშეებს შორის; რა იყო ის პრობლემა, რამაც გამოიწვია ეს უდიდესი კრიზისი. ამის გარეშე საუბარი რამე სარგებლის მიღებაზე შეუძლებელი იქნება. მე წლებია, ყოველთვის ვსაუბრობდი იმაზე, რომ მთავარია, გვესმოდეს, რა ხდება. ვინ მოგვწონს, ვინ გვიყვარს, ამას პოლიტიკაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რა ხდება, რატომ ხდება და რატომ არ იქნა თავიდან აცილებული. ახლა ყველაფერი ლაგდება. მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები და ისინი არიან სამნი, როგორც ადრე ვწერდი, რაც დღეს უკვე აშკარად გამოჩნდა, ალბათ, უახლოეს ხანში დიდ შეთანხმებას მიაღწევენ. რატომ? ერთმანეთი უყვართ?! ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ! რა თქმა უნდა, არა. ამერიკის წინაშე უდიდესი პრობლემები დგას და ეს წლების განმავლობაში ისახებოდა. ლამის დაანგრიეს შეერთებული შტატები ამ ნეოტროცკისტული იდეოლოგიითა და საგარეო პოლიტიკით, მაგრამ ძლიერმა ელიტებმა შეძლეს სიტუაციის შემობრუნება, მაგრამ შიდა წინააღმდეგობა არ დასრულებულა. ის ხალხი არსად წასულა და ისინი იბრძოლებენ, როგორც შეუძლიათ, რომ არ განხორციელდეს ის, რასაც ტრამპი ისახავს მიზნად. ამერიკის ძლიერება არ შედიოდა გლობალისტების გეგმებში, რადგან ამერიკა მათ მხოლოდ ინსტრუმენტად სჭირდებოდათ მსოფლიო ბატონობისთვის, ამიტომ, ფაქტობრივად, სახელწიფოს უთხრიდნენ ძირს.

რუსეთი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო: ბანდიტიზმი, ოლიგარქები, არანორმალური კორუფცია, მაგრამ დასავლეთმა ვერ გაითვალისწინა რუსული მენტალიტეტი. მას ყოფნა-არყოფნის საფრთხე შეუქმნა, რამაც გამოიწვია მობილიზაცია. რა თქმა უნდა, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ინსტიტუციურად თანამედროვე განვითარების რელსებზე გადაიყვანს, მაგრამ რაც არის, ეს არის და ჯერჯერობით უზარმაზარი მეხუთე კოლონაც ვერ მოუცილებიათ ხელისუფლებიდან, თუმცა, ალბათ, ამის დროც დადგება, თუ ჯერ ომებს გადარჩა რუსეთი.

– ევროპასთან ომს გულისხმობთ?

– დიახ, ევროპასთან და არა „ნატოსთან“, იმიტომ რომ „ნატო“ ამერიკის გარეშე არ წარმოადგენს ძალას და ვერც მიიღებს ომის უფლებას, მაგრამ ევროპის ქვეყნები არიან მზად?! მიუნხენის კონფერენციაზე რამდენიმე დღის წინ ევროკავშირს, იმ ევროპულ საზიზღარ წყობას, ფაქტობრივად, განაჩენი გამოუტანეს. ვენსმა პირდაპირ უთხრა, რასაც წლებია, ვწერდი – მათ დასავლურ კულტურაზე, საკუთარ ცივილიზაციაზე თქვეს უარი და გადავიდნენ იმ საზიზღრობაზე, რასაც ნეოლიბერალური ლექსიკით შენიღბული ნეოტროცკიზმი ჰქვია. ეს უზარმაზარი ცივილიზაცია ამ დამპალმა იდეოლოგიამ უზარმაზარი დაცემის წინაშე მიიყვანა. რამდენიმე დღეში გერმანიაში უნდა მოხდეს პირველი უდიდესი გარდატეხა, არჩევნების გზით და შემდეგ უკვე გაჩნდება პერსპექტივა, თუ რა მიმართულებით ივლის დასავლეთ ევროპის ქვეყნები. მაგრამ, პატრიოტულად განწყობილი გერმანელები რომც მოვიდნენ ხელისუფლებაში, კოლოსალური ზიანი აქვს მიყენებული გერმანულ ეკონომიკას, გერმანულ სახელმწიფოს მიგრანტების არანორმალური როდენობით. ყოვლდღე იხურება წარმოებები, იმიტომ რომ არანორმალური ფასებია ენერგომატარებლებზე და არაკონკურენტული ხდება მათი საქონელი. ასეთ ვითარებაში ბოლო გაბრძოლებები იქნება და ბოლო გასაბრძოლებელი აქვს მხოლოდ იმ უსაზიზღრეს ელიტებს, რომლებმაც ევროპის სამართავად მარიონეტები, ნეოლიბერალებისა და გლობალისტების მსახურები მოიყვანა და, ფაქტობრივად, დაცემის წინაშე დააყენა ევროპა. უახლოეს ხანში უდიდესი ძვრები გველის და ამ სიტუაციაში ჩვენ გვაინტერესებს, თუ რას გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება.

– მანამდე გკითხავთ, როდესაც მასკმა თქვა, რომ აშშ განიხილავს „ნატოდან“ გასვლას, ეს შეიძლება, აღვიქვათ ისევე, როგორც თავის დროზე „ნატოს“ ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მაფის არმინიჭება რუსეთმა ჩვენზე თავდასასხმელ პირობად აღიქვა? რუსეთს დაუთმეს საჯიჯგნად ევროპა?

– გამორიცხულია იმის თქმა, რომ ვინმემ ვინმე მისცა რაიმედ. უბრალოდ, ამერიკელებს არ სჭირდებათ „ნატო“. დასავლეთ ევროპას არ სჭირდება დაცვა, იმიტომ რომ გლობალური შეთანხმება მთავარ მოთამაშეებს შორის აუცილებლად გამოიწვევს ინტერესთა ბალანსს და შეერთებული შტატებისთვის დასავლეთ ევროპა და ნაწილობრივ, აღმოსავლეთ ეროპა იქნება სერიოზული გავლენის სფერო. ეს არის გასაღების და თუ გნებავთ, ექსპლუატაციის, კარგი გაგებით, ბაზარი. ამერიკულ პროდუქციას სჭირდება რეალიზაცია, მათ ენერგომატარებლებს სჭირდება რეალიზაცია და დღეს ისინი, იაფი რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის ნაცვლად, მეორე კონტინენტიდან ეზიდებიან ნავთობსა და გაზს. სხვა გზა არ არის, მაგრამ ეს სრული კრახის გზაა. ასე რომ, ბალანსი მიიღწევა და არავინ არავის არაფერს მისცემს. გავლენის სფეროები იქნება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სამი ძირითადი ქვეყანა შეთანხმდება გავლენის სფეროებზე, ინტერესთა დაბალანსების გზით. არ იგულისხმება, რომ ვიღაც იქნება ამერიკის კოლონია, ვიღაც – ჩინეთის და ვიღაც – რუსეთის. შენ თუ გინდა, დარჩე დამოუკიდებელ ერთეულად, როგორც სახელმწიფო, კარგად უნდა იცოდე გეოპოლიტიკური ვითარება, რომ არ შეიძლება, ამ სამი მთავარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იომო ანდა ითამაშო თამაში ნულოვანი ჯამით, ანუ იყო ერთ–ერთის მხარეს დანარჩენების წინააღმდეგ. ეს გამანადგურებელია ქართული სახელმწიფოსთვის. 700 წლია, ამ უტვინო პოლიტიკურ თამაშს თამაშობს საქართველო. ამას თავი უნდა დავანებოთ და საკუთარი ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტაზე უნდა ვისაუბროთ. იმის გამო, რომ სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო ვართ, არაფერი გვეკუთვნის. თუ არ გვექნა ფუნქცია ამ გლობალურ სამყაროში, თუ პროფესიულ დონეზე არ გვეცოდინა პოლიტიკა და პოლიტიკაში არ მოვიდნენ პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დამამცირებელ მდგომარეობაში, როგორც ვიყავით და როგორც ვართ დღეს.

– ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სადერეფნო ფუნქცია, რაც გარედან მოგვენიჭა, ეს არსაკმარისია და მხოლოდ გეოგრაფიაა. რა ფუნქცია შეიძლება, გვქონდეს?

– ჩვენ არ უნდა დავსვათ საკითხი ისე, რომ ჩვენი ფუნქცია არის დერეფანი. დერეფანი ერთი პატარა სეგმენტია. თუ ქვეყანა მხოლოდ დერეფანია, მას მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ, თუ მხოლოდ დერეფანი ხარ, მაშინ აქ უნდა იყოს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც ამ დერეფანს მოემსახურება. ჩვენ გვჭირდება მიუმხრობლობის პოლიტიკა, მიუმხრობლობის და არა ნეიტრალობის. შენი ნეიტრალობა სამმა მთავარმა მოთამაშემ უნდა აღიაროს. ხოლო მიუმხრობლობა აქტიური თანაშრომლობაა ყველასთან, იმის დადასტურებით, რომ ისინი ვერ გამოგვიყენებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. რუსეთი, ამერიკა და ჩინეთი დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ საქართველოში იქნება პოლიტიკურად საღად მოაზროვნე ჯგუფი, რომელიც მათ წინააღმდეგ არ იმოძრავებს მეორე კონკურენტის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არასდროს იქნებიან, ვინაიდან უდიდეს ნაწილში კონკურენტები არიან, მხოლოდ ერთი-ორი საკითხია, რომლებიც წინააღმდეგობას ქმნიდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც მალე დალაგდება, ყველაფერი შეიცვლება მაშინ, თუ 9 მაისს ტრამპი და სი ძინპინი ჩავლენ მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავზე, ეს იქნება უდიდესი მასშტაბის მოვლენა, წმინდა გეოპოლიტიკური დანიშნულების და მიუთითებს იმაზე, რომ წარსული დასრულებულია. ახალი სისტემა ჩამოყალიბდა და ეს ახალი სისტემა მალე მიიღებს კონტურებს.

რუსეთს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასია მათთვის უხიფათო იყოს, არ სჭირდება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მას სჭირდება, საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, საიდანაც მას საფრთხე არ ემუქრება. ეს არის მთელი კავასიური პოლიტიკის ანი და ჰოე. ამდენად, თუ გონს მოვალთ, ყველაფერი კარგად დალაგდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ძალიან სუსტ პოლიტიკოსებს ხელისუფლებაში. ფაქტობრივად, ხელისუფლებაში პოლიტიკოსი არც ერთი არ არის, ამას ემატება არაფორმალური მმართველობა, როდესაც ჩვენ არ ვიცით არაფორმალური მმართველის არც მრჩევლები, არც ვის ეთათბირება და, საერთოდაც, საღი, გახსნილი საჯარო პოლიტიკა მოკვდა საქართველოში და ეს უზარმაზარი საფრთხეების შემცველია.

– მიუმხრობლობის პოლიტიკა, რაც თქვენ თქვით, გულისხმობს, რომ, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო დიდი მოთამაშეებისთვის. მოქმედი ოპოზიციის ლიდერებით ეს შესაძლებელია?

– ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა მთლიანად არის „ქართული ოცნების“ კისერზე. 12 წელი, იმერულად ვიტყვი, როგორც ჭუჭულებს ისე უბერავენ სულს. ყველა ბიზნესი დაუტოვეს, არ მოაკლეს ფული, ჩამოაცილეს კონკურენტები – შუა უნდა გაიკრიფოსო. შესაბამისად, ეს ოპოზიცია, როგორც კი საარსებო სახსრები ჩამოსცილდება და დასვლეთიდან უკვე ჩამოსცილდა, დამთავრდება. ეს პროვოკაციები მათი ბოლო გაბრძოლებებია და როგორც კი საქართველოში გააქტიურდება ალტერნატიული ძალები, მაშინ დალაგდება სიტუაცია. ამდენად, დღევანდელ ოპოზიციაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, უბრალოდ, ხელისუფლებებმა ამდენი ლოლიავის შემდეგ მოიყვანეს აქამდე საქმე, მაგრამ ახლა უფრო ხისტად გაანეიტრალებენ მათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა