პოლიტიკა

რატომ არის საქართველოში საბანკო სექტორი ხელისუფლებაზე ძლიერი

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.10

ლია ელიავა
დაკოპირებულია

ვიცით, რომ საბანკო სექტორი ფრიად პრივილეგირებული სფეროა ჩვენს ქვეყანაში და იმდენადაც, რომ თვით კოვიდის პერიოდშიც კი ბანკების მოგება განუხრელად იზრდებოდა დაუჯერებელი ტემპით. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ორად ორი ბანკია გამორჩეული, რომლებსაც ბაზრის აბსოლუტური უმეტესობა უპყრიათ. ბანკები ყველანაირ საფინანსო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას და მათი მეშვეობით არაერთი ლეგალური თუ არალეგალური მაქინაციის ჩატარებაა შესაძლებელი. ამას გარდა, ჩვენებური ბანკების საკონტროლო პაკეტებს, ძირითადად, უცხოელები ფლობენ (რაც, ვფიქრობ, დამატებითი საფრთხეა). ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად ვისაუბრებთ, სახელმწიფოზე ზემოქმედების რა პოტენციალი აქვთ საქართველოში კერძო ბანკებს, ანუ შეუძლია თუ არა საბანკო სექტორს, ააყირავოს სახელმწიფო გარე დახმარებით ან დაუხმარებლად?

– რა ძალაუფლება აქვს კერძო ბანკებს, ზოგადადაც და საქართველოში?

– საქართველოში საბანკო სექტორი, ფინანსური შესაძლებლობებით, უფრო ძლიერია, ვიდრე სახელმწიფო სექტორი. ის ბევრად უფრო მეტ ფინანსურ სახსრებს იზიდავს და განკარგავს. საბანკო სექტორს, პირდაპირ რომც არ გაილაშქროს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ და არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ხელისუფლების, აქვს ერთი მნიშვნელოვანი თვისება: თუ საბანკო სექტორმა გაფიცვა მოაწყო, შეწყვიტა მუშაობა, ქვეყანა აღარ იარსებებს. გაჩერდება ფულის გადარიცხვები, ანუ მაღაზიები დაცარიელდება, ხალხს ფული ჯიბეში აღარ ექნება, ხელფასები არ იქნება. ეროვნული ბანკი, ამ თვალსაზრისით, შეიარაღებულია ერთი ინსტრუმენტით, რომელიც არასდროს გამოუყენებია. ეროვნული ბანკის უფლებაა, შექმნას კომერციული ბანკი, რომელიც იფუნქციონირებს ზუსტად ისევე, როგორც დღეს ფუნქციონირებენ სხვა კომერციული ბანკები. ეს დაზღვევაა იმ კატასტროფული შემთხვევისთვის, რომელიც მე აღვწერე და ვიმედოვნებ, ეს არასდროს მოხდება არც ერთ ქვეყანაში. იმასაც გეტყვით, რომ თქვენი კითხვა სხვა ქვეყნებშიც დასმულა და მათ გაატარეს წინასწარი ზომები, რომ კომერციულ ბანკებს არ გაუჩნდეთ ცდუნება, ხელში აიღონ ძალაუფლება ქვეყანაში. მით უფრო, ისეთში, როგორიც საქართველოა. ამისთვის ქვეყნები ქმნიან სახელმწიფო ბანკებს და ამ სახელმწიფო ბანკების მფლობელები არიან ან თვითონ ცენტრალური ბანკები, ან მთავრობები. ეს პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება.

– ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში არის ასეთი სახელმწიფო ბანკები?

– რა თქმა უნდა და არა მარტო, აზიის ქვეყნებშიც არის. ეს არის დამცავი მექანიზმი, რომ სხვა კომერციულ ბანკებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ხელში აიღონ ძალაუფლება.

– ჩვენი ეროვნული ბანკი რატომ არ იყენებს ამ უფლებას? თან, ჩვენთან მოქმედი ბანკების საკონტროლო პაკეტის მფლობელები არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ესე იგი, ის დათქმაც არ მუშაობს, რომ ქართველები არაფერს ავნებდნენ საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან.

– საბანკო სექტორის, დაახლოებით, 80 პროცენტი უჭირავს ორ მსხვილ კომერციულ ბანკს, ვინ არიან ამ კომერციული ბანკების საბოლოო ბენეფიციარები, ანუ საბოლოო სარგებლის მიმღებები, ძალიან რთული დასადგენია, ზოგს დახურული აქვს ეს ინფორმაცია და ეროვნულმა ბანკმა თუ იცის, ესეც საკითხავია. ზოგს უწერია ფირმები, რომლებიც ოფშორებშია გახსნილი და სად მიდის ფული, კაცმა არ იცის.

– მიღებული პრაქტიკაა, არ ვიცოდეთ ბანკების მფლობელთა ვინაობა?

– არა, რას ამბობთ?! დეტალურად იციან, ვინ არიან კომერციული ბანკების მფლობელები, მაგრამ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად განუვითარებელ ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფო ინსტიტუტები შედარებით სუსტია, ადვილია და შესაძლებელია ბანკების ძირითადი მფლობელების გადამალვა, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. მთავარია, რომ კომერციულ ბანკს არ გაუჩნდეს სურვილი, გამოიყენოს თავისი უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეცვალოს.

– და რა არის ამ სურვილის გამანეიტრალებელი?

– ამისთვის არსებობს ეროვნული ბანკი, რომელიც მკაცრად ზედამხედველობს კომერციული ბანკების ფინანსური სახსრების მოძრაობას. ანუ მცირე გადახრა და გაუმართლებელი გადარიცხვა ეროვნული ბანკის ყურადღების ქვეშ ექცევა, ყოველ შემთხვევაში, უნდა მოექცეს. შემთხვევა იმისა, რომელიმე კომერციულ ბანკს აშკარად გამოეცხადებინოს, რომ ძალაუფლებას იღებს თავის ხელში, არ არსებობს ბოლო 200 წელია, მაგრამ არის სხვა გზები და მეთოდები. მაგალითად, ფინანსების ხარჯვის პოლიტიკა: რას დააფინანსებს ესა თუ ის ბანკი და რა შედეგს ელოდება აი, ამ დაფინანსების შემდგომ, მართლაც პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ აქაც უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი და კომერციულ ბანკთან დააზუსტოს, რისთვის ხარჯავს ფულს. მაგრამ ძალიან ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ თანხა გადის უცხოეთში და იქიდან ბრუნდება, როგორც კერძო პირის სახსრები. ეს ფულის გათეთრების ჩვეულებრივი პროცედურაა. შესაბამისად, პროცესი ძალიან რთულია და წინ რომ აღუდგე, ეს საკმაოდ შრომატევადიცაა და მოითხოვს პოლიტიკურ ნებას. კომერციული ბანკებისთვის მეტწილად სულერთია, ვინ არის ხელისუფლებაში, საქართველოს ვგულისხმობ, იმიტომ რომ, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში, არ უღირს ბანკს ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ ხელისუფლება გამოცვალონ. ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ სტაბილურად მუშაობენ და მათ საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამდენად, იდეა, რომ კომერციულ ბანკს შეუძლია ან მოისურვებს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დანგრევასა და ძალაუფლების ხელში აღებას, საკმაოდ მყიფეა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ მაინც მყიფე იდეაა, იმიტომ რომ, როგორც ვთქვი, არცერთი ხელისუფლება არ აწყენინებს და დააზარალებს კომერციულ ბანკებს, ვინაიდან ისინი დამოკიდებული არიან მათზე. ეს ეხება ნებისმიერ ხელისუფლებას, ვინც არ უნდა მოვიდეს.

– ანუ ეს პოლიტიკური დაპირისპირება ბანკირისა ხელისუფლებასთან მაინც ფიქციაა?

– მესმის თქვენი შეკითხვის კონტექსტი, იქ არის წყენისა და შურისძიების მომენტი. სხვათა შორის, ასეთი ნაწყენები, ჩვეულებრივ, მდიდარი ადამიანები არიან ხოლმე და მათ აქვთ დიდი ფინანსური შესაძლებლობები თავისი წყენის რეალიზებისთვის. ეს კერძო შემთხვევაა, რომელსაც ვერ განვაზოგადებთ. არსებითი მნიშვნელობა არც იმას აქვს, სამართლიანად თუ უსამართლოდაა ნაწყენი, ფაქტია, დარჩა შურისძიების გრძნობა.

– ამ შურისძიებას შეუძლია თუ არა, შეარყიოს ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოება, თორემ იძიონ ერთმანეთზე შური, ეს მათი საქმეა.

– გააჩნია, რას უწოდებთ ქვეყნის უსაფრთხოების შერყევას: ხელისუფლების შეცვლას?

– არასტაბილური გარემოს შექმნა, პრობლემების შექმნა საბანკო ქსელში...

– არა... ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანი მოდის ხელისუფლებაში, მას სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და დადებითი იმიჯის შექმნა. თუ გახსოვთ, ივანიშვილმა იმიჯი შეიქმნა იმით, რომ გადაიხადა მოსახლეობის საკრედიტო დავალიანება. პირიქით, ბანკირები ცდილობენ, რომ მოიზიდონ მოსახლეობის სიმპათიები თავიანთ მხარეს და აქ ჯიბრში ჩადგომა ან ლარის კურსის მერყეობა გამორიცხულია. საერთოდ, ყოველთვის ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ხელისუფლებაში დიდი ფული მოდიოდეს, იმიტომ რომ ამ დიდ ფულს ქვეყნისთვის ყოველთვის დიდი პრობლემები მოაქვს.

– ამერიკაში სულ დიდი ფულის პატრონები მოდიან ხელისუფლებაში.

– ამერიკას ნუ ვედარებით. საქართველო სულ სხვა მენტალობის ქვეყანაა. ჩვენთან მდიდარი ადამიანი არის სტიგმატიზებული ადამიანი, რომელსაც არ შეარგებენ სიმდიდრეს.

– დიახ, ჩვენთან ღელავენ, ყველა ჩემსავით უქონელი რატომ არ არისო. არადა შეცვალე ხედვა: მეც ვიყო მასავით მდიდარი. ეს უკეთესია.

– ეს ლუმპენიზებული მენტალიტეტია. ღარიბი ქვეყნის მენტალიტეტია: საიდან გაქვს ფული, აბა, გვითხარი, მაინც არ შეგერგება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ზის ჩვენს საზოგადოებაში. ყველა ფენაშია ასეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ სხვის სიმდიდრეს. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ საქართველოში მდიდრდებიან არა კანონიერი, არამედ კანონის გვერდის ავლით. საქართველოში ძალიან ბევრი მილიარდერია, რომლებსაც ფული გატანილი აქვთ ქვეყნიდან.

– აქ ვინმე იშოვის მილიარდებს?!

– საბანკო სექტორში იშოვის...

– მე ვიცი, თქვენ რა სქემებზე ლაპარაკობთ, მაგრამ ეს ამ ქვეყნისთვის მოპარული ფული არ არის. ამ ქვეყნით ნაშოვნი კი, მაგრამ არა აქ მოპარული.

– იმხელა თანხა ტრიალებს, წარმოდგენა არ გაქვთ. საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ „ცეხავიკები“, რომლებიც ძალიან დიდ ფულს აკეთებდნენ, ეგრეთ წოდებულ, ლევი საქონელზე, მაგრამ დადიოდნენ გაუბედურებული „ჟიგულებით“ და ეცვათ ღარიბულად, რომ თვალში საცემი არ ყოფილიყო. ეს მენტალიტეტი შემორჩა საქართველოში და ამას არაფერი ეშველება, სანამ ხალხი არ დაიწყებს გამდიდრებას თავისი შრომითი უნარების მიხედვით. სანამ არ გამოჩნდებიან ოფიციალური მილიონერები, რომლებმაც ფული პატიოსანი გზით იშოვეს და ამას მთელი საზოგადოება არ აღიარებს, მანამდე ჩვენი მოსახლეობის ფსიქოლოგია არ შეიცვლება. შურის გრძნობა – რა, შენ ფული გაქვს, მდიდრი ხარ, დარჩება. ამიტომ შეერთებული შტატების მაგალითი ჩვენს სიტუაციას ვერ მოერგება. მეორეც - მდიდარი არ ნიშნავს ჭკვიანს. უბრალოდ, ისინი მოხვდნენ რაღაც ტალღაზე და აქვთ ნიჭი, აკეთონ ფული და მეტწილად არ აქვთ უნარი, მართონ სახელმწიფო. სახელმწიფოსა და ბიზნესის მართვას განსხვავებული ხედვები სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა