რატომ არის საქართველო უკრაინაზე იდეალური ადგილი რუსეთისთვის პრობლემების შესაქმნელად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 07.01
თუმცა უკრაინაში საკმაოდ სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, დაწყებისთანავე ამ ომს ლაიტმოტივად გასდევს „ელ გე ბე ტე“ თემატიკა: „პრაიდების“ ჩატარებით დაწყებული და უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ერთნაირსქესიანთა კავშირის დაკანონებით დამთავრებული. სულ ბოლოს, არც თუ დიდი ხნის წინ, ხელის თხოვნის კადრებიც გავრცელდა, როდესაც უკრაინელმა ჯარისკაცმა (ფორმაში) ხელი სთხოვა ერთ-ერთი ჯგუფის სოლისტ მამაკაცს. ბუნებრივია, ჩვენი გასარჩევი არ არის, ვინ ვის აირჩევს გულის სწორად, მაგრამ, ვფიქრობ, უცნაურია, როდესაც მეომარ ქვეყანას, რომელიც სავსეა საძმო სასაფლაოებით, მსგავსი ვნებებისთვის სცალია. ამ თემაზე აზრი ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს ვკითხეთ.
– რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ეს კომპონენტი მეომარი ქვეყნისთვის? ვაჭარბებ, თუ მიზანმიმართულად კეთდება ამაზე აქცენტი და რა მიზანი შეიძლება, ჰქონდეს ამას?
– ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული თემაა და გასაგებია, რომ უკრაინა ამ ტრაგედიის წინაშე დააყენა სწორედ გლობალურმა ინტერესებმა და ამ უზარმაზარი ერის იდეოლოგიურმა დამუშავებამ, რომელიც, საუბედუროდ, წამოეგო ამ ყველაფერს და საკუთარ მომავალს, ფაქტობრივად, საფრთხის წინაშე აყენებს. მართლმადიდებლური უკრაინა მაშინ განადგურდა, როდესაც 2019 წელს ხრეშჩატიკზე, ანუ კიევის რუსთაველის პროსპექტზე, უზარმაზარი „ელ გე ბე ტე“ პრაიდი გაიმართა, რომელშიც სამხედროებს მიაღებინეს მონაწილეობა. კარგად მახსოვს მაშინ საღი უკრაინელების პოზიცია, რომ ჩვენ დავმარცხდით და თქვენ როგორმე იქნებ აირიდოთ ეს უბედურებაო. დღეს, როდესაც უკრაინა, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშეა და მას ვერანაირი ევროკავშირის დახმარება – ვერც 90 და ვერც 190 მილიარდი – ვერ იხსნის უბედურებისგან, მაინც ისე ჩანს, რომ ხალხის ამ იდეოლოგიურმა დამუშავებამ თავისი შედეგი გამოიღო. მე გამომიგზავნეს უკრაინელების რამდენიმე პოსტი და კომენტარები, რომლებიც ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდს ეხება და ისინი აღფრთოვანებული არიან ზელენსკით, რომ რა კარგი პრეზიდენტი ჰყავთ და როგორი ცუდია ხალხი; რომ უკრაინელები არ დაღლილან ომში; რომ ისინი მზად არიან, იბრძოლონ და არავითარ დათმობებზე არ წავლენ... მოკლედ, ყველაფერი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინის რესურსი მთლიანად იქნას გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ და რაკი უკრაინის რესურსმა არ გაჭრა, პროცესში ჩაებან ევროკავშირი და „ნატო“.
ადრე თქვენს გადაცემებში მე ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ სასწაული იქნება, თუ რუსეთ-უკრაინის ომი არ გადაიზრდება ევროკავშირთან და „ნატოსთან“ ომში და დღეს თქვენ ხედავთ, რა დონის საომარი რიტორიკაა ევროპაში, როგორ ემზადებიან ომისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირის, „ნატოსა“ და შეერთებული შტატების გზები გაიყო. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ ამერიკელები უშუალოდ არ მიიღებენ მონაწილეობას რუსეთთან დაპირისპირებაში. მე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ „ნატო“ და ევროკავშირი იქნება უკრაინის შემდეგ ბოლო რესურსი, რომელიც დასრულდება ამ ორი სრულიად უვარგისი სტრუქტურის კრახით. აქეთკენ მიდის საქმე იმიტომ, რომ დაძაბულობა არ მოიხსნება, ომი არ შეჩერდება და ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთთან დაპირისპირებაში ევროკავშირისა და ბრიტანეთის რესურსი არ ამოიწურება.
– ახლახან მაკრონმა თქვა, რომ აპირებს შეხვდეს პუტინს. შესაბამისად, მისი და მერცის, ასევე, სტარმერის პოზიციები გაიყო. გერმანია-საფრანგეთის ტანდემის გახლეჩვა როგორ იმოქმედებს ევროკავშირის პოზიციაზე?
– ევროკავშირში მეხის გავარდნასავით იყო მაკრონის ეს განცხადება, მაგრამ ერთი კვირის წინ მაკრონს ჰქონდა ძალიან ხისტი გამოხდომა რუსეთის წინააღმდეგ. მან თქვა, რომ იმედი აქვს, საფრანგეთი მიიღებს უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების უფლებას. მაგრამ დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ გამორიცხულია, „ნატოსა“ და ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის სამხედრო ოფიციალური გზით შევიდეს უკრაინაში. ხოლო არაოფიციალურად ისინი დიდი ხანია, იქ არიან და იბრძვიან: ოფიცრები, სპეციალისტები და სხვები და საკმაოდ უმოწყალოდაც იჟლიტებიან. ის დარტყმები, რომლებიც ხორციელდება ფრონტიდან დაშორებულ ადგილებში, „ნატოს“ ოფიცრების თავშეყრის ადგილებია, რასაც ძალიანაც არ ახმაურებენ, თუმცა ევროპაში მაინც გაჟონა ამ ამბავმა. ასე რომ, ჩვენ, ფაქტობრივად, გადავდივართ ევროპა-„ნატოსა“ და რუსეთის დაპირისპირების ბოლო სტადიაში, რომელიც ყველაზე მძაფრი, ყველაზე მწვავე იქნება. სიტუაციის გამწვავება კი უშუალოდ აისახება საქართველოზე და ეს ჩანს ბრიტანელების განსაკუთრებული აქტიურობით; მათი დაზვერვა აქტიურად მუშაობს საქართველოში უკვე კარგა ხანია, მაგრამ ახლა უკვე ძალიან აქტიურად. რატომ?! იმიტომ, რომ საქართველო არის იდეალური ადგილი რუსეთისთვის კოლოსალური სირთულეების შესაქმნელად; გაცილებით იდეალური, ვიდრე უკრაინა იყო. გასაგებია, რატომაც.
– სამხრეთ კავკასია, ჩრდილო კავკასია.
– დიახ, განსაკუთრებით, დაღესტნიდან შეიძლება ყველაფრის აფეთქება, თუმცა, ესეც უიმედო იმედებია, მაგრამ ჩვენ ვისრისებით, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია პოლიტიკურად მკაფიო არ არის. ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა კი ყოველთვის ცუდად ფასდება მსოფლიოში და. ამდენად, საქართველოს პოლიტიკა ცუდად არის შეფასებული. შენ არ შეიძლება, იყო იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არ არის შენი დაპირისპირება: ეს არის დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება, საქართველო კი არ არის სერბეთი, რომელიც შუაგულ ევროპაშია და მძიმე მდგომარეობაში ჰყავთ ჩაყენებული. სერბები საკმაოდ ჭკვიანი ხალხია, იციან, რომ ფაქტობრივად, განწირულები არიან. ამიტომ ვუჩიჩმა მცირე ხნის წინ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. მან თქვა, რომ სერბეთს აქვს საკუთარი ინტერესები და ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაებმება ამ დაპირისპირებაში.
– ამბობთ, რომ რუსეთ-ევროკავშირისა და „ნატოს“ ომი გარდაუვალია. მე ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დაიპყროს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა რუსეთმა და როგორ უნდა მართოს შემდეგ...
– რუსეთს არაფერში სჭირდება ეს ომი და არც უკრაინა სჭირდებოდა.
– და როგორ წარმოგიდგენიათ ევროკავშირ-„ნატოსა“ და რუსეთის ომი რეალურად?
– ევროპისა და მთავარი ქვეყნების პირველი მთავარი მამოძრავებელია რევანში. თავს ნუ მოვიტყუებთ, ევროპა არასდროს აპატიებს რუსეთს დამარცხებას გლობალურ ომში. თან, ეს, ხომ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დასავლეთი დაიძრა რუსეთის გასანადგურებლად?! ვერ ნახავთ ერთ ისტორიულ შემთხვევასაც კი, როდესაც რუსეთი თავს დაესხა ევროპას, პირიქით ხდებოდა. რუსებმა კარგად იციან, რომ ევროპა მათთვის სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. რუსები უკრაინაში ერთადერთ რამეს ითხოვდნენ: გაიყვანეთ „ნატოს“ ჯარები და უკრაინა იყოს ნეიტრალური. ერთ კვადრატულ მეტრ მიწაზეც კი არ ყოფილა საუბარი. ახლა კი, ღმერთმა უწყის, რით დასრულდება უკრაინის ომი. ჩემი სტუდენტობის დროს ავტორიტეტულმა სააგენტომ, როგორიცაა „როიტერი“, ახლახან გაავრცელა აბსოლუტურად ყალბი რამ, რომ რუსეთს უნდა სრული კონტროლის დამყარება უკრაინაზე და შემდეგ ევროპის ქვეყნებზე. ამ დროს კი გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი და პირდაპირ განაცხადა, რომ არ არსებობს დაზვერვის ასეთი მონაცემები, რომ რუსეთს უნდა უკრაინის დაპყრობა ან მისი სრულად და ევროპული ქვეყნების გაკონტროლება. გასაგებია, ხომ, რასაც ნიშნავს ეს?! გლობალისტების ხელშია მთლიანად ევროკავშირი და ამიტომ გლობალისტური დღის წესრიგის გამტარებელია. კონსერვატიული ამერიკა ჩამოსცილდა ამ საქმეს, თუმცა, თუ ევროპა და „ნატო“ დაეტაკებიან რუსეთს, ეს ამერიკელებისთვის, სულაც, არ არის ცუდი. ოღონდ თვითონ არაფრით არ უნდა თამაშში მონაწილეობა და სწორადაც იქცევიან. მაგრამ დიდად ხელსაც არ უშლიან: ხელის შეშლა რომ უნდოდეთ, უკრაინელებს არ მიაწვდიდნენ იარაღს და ბევრ სხვა რამესაც გააკეთებდნენ, რითიც უპერსპექტივო გახდებოდა ომის გაგრძელება, მაგრამ ამაზე უკვე ევროპა არ თანხმდება. ალბათ, ევროპელები უფრო დასცილდებიან შეერთებულ შტატებს ამ საკითხში და თქვენ ნახეთ, რომ ბრიუსელში სამიტზე ევროპა გააშავეს. ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსული ფულის გადამისამართება უკრაინისთვის, მაგრამ 90 მილიარდი მაინც მოძებნა, ოღონდ თავის წიაღში.
– სტარმერმაც უარი თქვა გაყინული რუსული აქტივებისთვის ხელის ხლებაზე.
– იმიტომ, რომ ევროკავშირი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა. ეს იქნებოდა დასავლური საფინანსო სისტემის სრული კრახი, თუ კანონიერად მიბარებულ ფულს კანონდარღვევით გამოიყენებდნენ. ხოლო, თუკი კანონს არღვევ სახელმწიფოს მიმართ, გამოდის, რომ შენ მიერ დეკლარირებული დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ თავზე გემხობა. თანაც, ეს გამოიწვევდა ევროპიდან თითქმის ყველა იმ ქვეყნის გასვლას, რომელთა აქტივებიც რაღაც ფორმით არის იქ. ასე რომ, მერცი ბელგიაში დამარცხდა, შემდეგ გერმანიაში ჩავიდა და იქ საკუთარმა ხალხმა გადაუარა, მაგრამ ის მაინც რჩება რევანშიზმით შეპყრობილ ერთ-ერთ პიროვნებად. გავიხსენოთ, ვინ არის მერცი: „ბლეკ როკის“ გერმანული წარმომადგენლობის დირექტორი იყო. „ბლეკ როკი“ კი არის სუპერკორპორაცია, რომელიც ტრილიონობით დოლარს აკონტროლებს და, ამდენად, გლობალიზმის ერთ-ერთი საყრდენია. აქ ისეა აჭრილი ყველაფერი, რომ დამოუკიდებლად ვერც ტრამპი მოვიდოდა მეორე ვადით პრეზიდენტად. მოხდა დიდი შეთანხმება სწორედ იმ გლობალისტებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაა და თქვენ ხედავთ ამერიკაში მიმდინარე პროცესებს, სადაც ყველაფერი, ასე თუ ისე, მარტივად მიდის, თუმცა ამერიკელებს სხვა გზა არა აქვთ.
ყველაფერი შედის დასკვნით ფაზაში და ეს არ იქნება ხანმოკლე ფაზა: ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ, ყოველ შემთხვევაში, 2026 წლის განმავლობაში ომი გაგრძელდება. გასაგებია, რასაც ფიქრობს მაკრონი: მან ხელიდან გაუშვა შანსი, ევროპაში ლიდერი სახელმწიფო ყოფილიყო გონივრული პოლიტიკის ხარჯზე. ახლა მას შიდა პრობლემები აქვს. ესე იგი, პრობლემებია ქვეყნის შიგნით, პრობლემებია ქვეყნის გარეთ, დისტანცირება შეერთებულ შტატებთან და დაპირისპირება რუსეთთან რას აძლევს საფრანგეთს?! არაფერს.
– იმიტომ გადაწყვიტა პუტინთან საუბარი?
– მან „გაისროლა“, რომ უნდა დაელაპარაკოს პუტინს. ანბანურ აზრამდე მივიდნენ, რომ ევროკავშირისთვის ყველაზე კარგია საერთო უსაფრთხოების კონცეფცია და თანამშრომლობა რუსეთთან და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობა. დიახ, ეს ანბანური რამაა თუმცა ეს ანბანური რამ გლობლისტური პოლიტიკური მიზნების გამო დაყენებულია საფრთხის წინაშე. მოკლედ, რთულ დროში ვართ და ჩვენი ქვეყანაც, ამ ძალიან სუსტი ხელისუფლების ფონზე, უსაშველოდ სუსტად გამოიყურება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





