პოლიტიკა

რატომ არის საქართველო ტიპოლოგიურად განსხვავებული ქვეყანა და რაც მისაღებია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მიუღებელია საქართველოსთვის

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.09

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

ერთია სურვილი და მეორე – ამ სურვილის განხორციელება, 30 წელზე მეტი ხნის წინათ ქართველი საზოგადოების სურვილი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ქაღალდზე შეიქმნა, თუმცა კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეიქმნა თუ არა სინამდვილეში მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფო (არათუ მცირე, დიდი ზომის სახელმწიფოს აბსოლუტური დამოუკიდებლობაც კი საეჭვოა). მამუკა გიორგაძესთან ვისაუბრებთ თემაზე – ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რომელმა მოახერხა და ვერ მოახერხა, გამხდარიყო დამოუკიდებელი.

– რომელიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ გამოიყენა საბჭოეთის დაშლით მოცემული სიკეთე, რომ ჰქონოდა საკუთარი სახელმწიფო?

– საბჭოთა კავშირის დაშლამ თითოეულ ქვეყანას შეუქმნა პერსპექტივა და იმისდა მიხედვით იქნა გამოყენებული ეს პერსპექტივა, რამდენადაც იმ ქვეყნების საზოგადოებები მზად იყვნენ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისთვის. მერე იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რომლებიც თავიდან არ ჩანდა. მაგალითად, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მისი დაშლისთვის ბრძოლის პარალელურად, ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება-მშენებლობისთვის უნდა შეგვეწყო ხელი. ამას მოუწოდებდა, სხვათა შორის, მაშინ ჩვენი პარტია. მაგრამ ჩვენ არ ავირჩიეთ ეს გზა. როდესაც 1917 წელს რუსეთის იმპერია დაიშალა, სოციალ-დემოკრატია დროებითი მთავრობის ადგილობრივი ორგანოს შექმნის გზით წავიდა. მან უარი განაცხადა ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩანასახის ფორმირებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატების, კოტე აფხაზისა და სხვათა და სხვათა ძალისხმევით შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც გახდა ქართული პარლამენტის მესაძირკვლე და რომელმაც გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. სოციალ-დემოკრატებმა მალევე გააცნობიერეს, რომ დროებითი მთავრობის ადგილობრივი სტრუქტურების შექმნის გზით სიარული დამღუპველი იყო ქვეყნისთვის და, შესაბამისად, არასრულმა სამმა წელიწადმა მოგვიტანა ის ბრწყინვალე მიღწევები, რაც დამოუკიდებელ ქვეყანაში გვქონდა. იგივე დაგვემართა 90-ან წლებშიც. იმის ნაცვლად, რომ არა საბჭოთა და ბოლშევიკური, არამედ ქართული სტრუქტურების მშენებლობა დაგვეწყო, ჩვენ საბჭოთა სტრუქტურების გამყარებას შევუწყვეთ ხელი და უზენაესი საბჭო, ანუ იგივე სტრუქტურა დავტოვეთ. თვითმმართველობა, სასამართლო იმავე დონეზე დავტოვეთ, ქვეყანა კლანების საბრძოლო არეალად გადავაქციეთ და ვხედავთ კიდეც ამ 30 წლის შედეგს. რა პირველი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებელმა საქართველომ? თვითმმართველობის გზაზე წავიდა, თვითმმართველობაა დასავლურ სამყაროში ქვეყნების სტაბილური განვითარების გარანტი. მთელი მსოფლიო სასამართლოს დამოუკიდებლობის გზით წავიდა, ჩვენ კი რა გავაკეთეთ?! ძველი უმაღლესი საბჭო გადავაკეთეთ უზენაეს საბჭოდ, მერე – სახელმწიფო საბჭოდ, მერე – ვითომ პარლამენტად და დღესაც იგივე ვითარებაა.

– ლამის კანონმდებლობაც იგივე გვაქვს.

– ჩვენ უარი თქვით 1921 წლის კონსტიტუციის ამოქმედებაზე, მე არ ვამბობ, რომ ის კონსტიტუცია ცვლილებებს არ საჭიროებს, მაგრამ ფაქტია, ისევ საბჭოურ გზას დავადექით. ვინმე ამიხსნის, რატომ გვყავს გუბერნატორები? რატომ გვაქვს არასაკონსტიტუციურო ორგანო – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია? რა ფუნქცია აქვს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს?! ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, საბჭოთა სტრუქტურებისა და სისტემის გამყარებას შევუწყვეთ ხელი და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ნაცვლად ბელადობის სისტემა გამოვიყენეთ და იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი სისტემა არსებობს: მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენნაირადაა საქმე, მაგრამ იქ, სადაც სისტემური ცვლილებები განხორციელდა, სადაც არასაბჭოთა სტრუქტურები წამოიწია წინა პლანზე, სადაც სასამართლო, კონკურენტული გარემო განვითარდა, ვხედავთ კიდეც, რა ძლიერია განვითარების ტემპი.

– რომელ ქვეყნებს გულისხმობთ, ბალტიის?

– დიახ და კიდევ უფრო შორს წავიდა აღმოსავლეთ ევროპა და ამის ნათელი დადასტურებაა პოლონეთის ბოლოდროინდელი მიღწევები, მაგრამ პოლონეთს საბჭოთა კავშირის დაცემის დროს უკეთესი სასტარტო პირობები ჰქონდა, ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. საერთო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია ელიტის მდგომარეობაზე. ჩვენთან, ხომ, ელიტა არ არსებობს?! ჩვენთან ნომენკლატურაა. ჩვენ სისტემის ცვლილების გზით კი არ წავედით, არამედ ელიტის ცვლილების გზით და იგივე ხალხი დარჩა ნომენკლატურაში, თითო-ოროლას გამოკლებით; სისტემა კი არ შევქმენით, არამედ საბჭოთა სისტემაში შევცვალეთ ნომენკლატურა. აი, ესაა მთავარი პრობლემა, რის გამოც ერთ წრეზე ვტრიალებთ, არ ვაძლევთ ინსტიტუციური განვითარების საშუალებას არა მარტო სახელმწიფო დაწესებულებებს, ეკლესიასაც კი. შევხედოთ ვითარებას: საქართველო, რომელიც სავსეა პიროვნებებით და იყო პერიოდი, ლამის მთელ მსოფლიოში პიროვნებების ექსპორტს აკეთებდა, მმართველობის რგოლში დღეს პიროვნებების გარეშეა დარჩენილი.

– არა მხოლოდ მმართველობის, ფაქტობრივად, ყველა სფეროა დაცლილი ავტორიტეტული პიროვნებებისგან.

– დიახ, შევხედოთ, თუნდაც, პრივილეგირებულ პარტიებში მიმდინარე პროცესებს, ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ფსკერი. როგორ შეიძლება, ამან შედეგი მოიტანოს?! არადა ყველა დარგში გვყავს მაღალი დონის სპეციალისტები. უბრალოდ, ორგანიზებას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ეს უკვე კოლექტიური პროცესია და ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეულ ამ დარგს ნამდვილი ელიტა მართავდეს. პოლიტიკას რეალური ადამიანები უნდა მართავდნენ. ჩვენთან კი არიან ბელადი და მისი ამალა; ჩვენთან პოლიტიკა ქვეყნის ყველაზე დიდი ბიზნესია და მას იმიტომაც ეტანებიან, რომ იქ ფული იშოვება და პოლიტიკა არ შეიცავს თავდადების, თვითშეწირვის ელემენტს. გაიხსენეთ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა – პოლიტიკა ყოველთვის პასუხისმგებლობა იყო. გავიხსენოთ ჩვენი ყველაზე ძლიერი მეფეები და ხელმძღვანელები: პასუხისმგებლობით დატვირთულები, ქვეყნის ბედზე მოფიქრალნი, დღეს კი პოლიტიკა ბიზნესია. ამიტომაც ვერ ვისარგებლეთ დამოუკიდებლობის ნაყოფით და მეტიც – ბევრისთვის თვითონ ეს დამოუკიდებლობა, როგორც ღირებულება, გახდა საეჭვო. არადა გვაქვს შესაძლებლობა, არა მარტო ვიამაყოთ, მატერიალურადაც დავკმაყოფილდეთ ჩვენი დამოუკიდებლობით. ამის რესურსი ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ებრაელებმა ხრიოკში ააშენეს თავიანთი სახელმწიფო და რა იყო მათი მთავარი რესურსი? ადამიანი! ებრაელი კაცი, რომელიც რწმენით, ნიჭით, თავდადებით აშენებდა თავის სახელმწიფოს. ჩვენც გვყავს ასეთი ადამიანები – ქართველი ერი ნიჭიერია, ძლიერია, მას შეუძლია ამის გაკეთება და გავიმეორებ – ორ-ნახევარწლიანი დამოუკიდებლობა ამის ნათელი დადასტურებაა. უბრალოდ, ვართ სხვისი გავლენის ქვეშ, კვლავ ვართ რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ, პოლიტიკური პარტიების უკან მოქმედებს შესაბამისი ქვეყნის – რუსეთი მყავს მხედველობაში – სპეცსამსახურები, არის ბელადი, არის ამალა, მიდის ბრძოლა კეთილდღეობისთვის და ეს ყველაფერი შეფუთულია ვითომ სახელმწიფო აღმშენებლობით, ოღონდ, რაც უნდა შეფუთო და გამოფუთო, ამით არაფერი იცვლება.

– მართალია, არა მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე ვლაპარაკობთ, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, რადგან სიღარიბე მუხრუჭია, მაგრამ იმავე შუა აზიის სახელმწიფოებს აქვთ კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები, ჩვენ ესეც რატომ ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ბალტიელებმა შეძლეს, ცხოვრების დონით დამსგავსებოდნენ დასავლეთს? აზერბაიჯანიც მდიდარია, ყაზახეთს ძალიან კარგი ეკონომიკური შედეგი აქვს.

– ვერავინ ვერაფერი შეძლო. მხოლოდ მცირერიცხოვანმა ელიტამ მოახერხა საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ჩაჯდა რუსული იმპერიის იმ სქემაში, რომელიც მათთვის იყო განსაზღვრული. განსხვავებაა, უბრალოდ, იმ პოტენციალში, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკურ ასპექტში; განსხვავებაა იმ პოტენციალში, რომელსაც მტერიც და მოყვარეც გრძნობს საქართველოსთან მიმართებაში. ამის ნათელი მაგალითია 1920 წელი, როდესაც, ერთი მხრივ, ბრიტანეთი სთხოვდა საქართველოს, ჩარეულიყო აზერბაიჯანის საქმეებში და არ მიეცა ბოლშევიკებისთვის ბაქოს გაწითლების საშუალება და მაშინ ცივილიზებული სამყარო გვერდით დაუდგებოდა საქართველოს, რომელიც არა მარტო დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩებოდა, არამედ სერიოზულ მოქმედ პირად რეგიონში და, მეორე მხრივ, იმავეს სთხოვდა საქართველოს რუსეთიც: არ ჩაერიოთ, თუ გინდათ, რომ თქვენ კარგად იყოთო. ამით იმის თქმა მინდა, რომ, რადგან ორი ამხელა ქვეყანა ერთსა და იმავეს გვეუბნებოდა – თქვენ შეგიძლიათ, ჩაერიოთ პოლიტიკურ პროცესშიო, ესე იგი, მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ამის რესურსი გვქონდა, უბრალოდ, ჩვენ ვერ დავაჯერეთ საკუთარი თავი. არადა კვინიტაძეს 40 000-ინი არმია ეყენა უკვე განჯაში. საქართველო ტიპოლოგიურად განსხვავდება თქვენ მიერ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეზე უკეთესია, უბრალოდ, ჩვენ განსხვავებულები ვართ. მაგალითად, საქართველოში არასდროს ყოფილა ბატონყმობა იმ სისასტიკით, როგორც თქვენ მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში იყო.

– მათ შორის, რუსეთშიც.

– დიახ, რუსეთშიც. ტიპოლოგიურად ჩვენ არ შეგვიძლია დესპოტია, თუმცა რუსეთში იყო დესპოტია, რომელიც უგულებელყოფდა ადამიანის უფლებებს. სხვანაირი სახელმწიფო ვიყავით, სხვანაირი ტრადიცია გვქონდა და რაც სხვისთვის მისაღებია, ჩვენთვის არ არის მისაღები, ერის წარსულისა თუ მისი შინაგანი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. თუნდაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა (სხვათა შორის, ამ პროექტს შეეწირა ბერია) გერმანიას შესთავაზა, რომ არ გაყოფდნენ, თუკი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა, ისევე, როგორც ავსტრიამ მიიღო ნეიტრალიტეტი. ცხოვრების დონე ავსტრიაში გერმანიაზე არანაკლებია, მაგრამ ადენაუერმა, უდიდესმა მოაზროვნემ, უარი თქვა ამ წინადადებაზე, იმიტომ რომ ნეიტრალური გერმანია ვერ იქნება ის გერმანია, რაც თითოეული გერმანელის თავსა და გულშიაო. ნეიტრალური გერმანია ვერ იქნებოდა ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. გერმანია იქნებოდა ან დომინანტი კონტინენტური და მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, ან მას ნეიტრალიტეტის გამო დაშლის საფრთხე ემუქრებოდა და დღესაც არის ეს ტენდენციები გერმანიაში. ანუ ის, რაც ავსტრიისთვის პოლიტიკურად მისაღები იყო, ის გერმანიისთვის არ აღმოჩნდა მისაღები, თუმცა, ვიმეორებ, კეთილდღეობა ორივე ქვეყანაშია. იმის თქმა მინდა, რომ, რაც მისაღებია სხვა ქვეყნისთვის, ის მისაღები არ არის საქართველოსთვის – კავკასიის ცენტრალური სახელმწიფოა საქართველო. ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე უკეთესები ვართ, უბრალოდ, ღვთისგან შეიქმნა ისეთი მოცემულობა, რომ შეგვიძლია, შევაკავშიროთ კავკასიელი ერები და, ძირითადად, ესაა ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებების მიზეზი. არ არის სხვა ერი კავკასიაში, რომელსაც შეუძლია კავკასიელების შეკავშირება; არ არის სხვა ერი, რომელსაც შეუძლია რეგიონული სტრუქტურის შექმნა და რეგიონული ამოცანის შესრულება. ჩვენ ან ვიქნებით ძლიერი რეგიონული სახელმწიფო, ან იმ მდგომარეობაში დავრჩებით, როგორშიც დღეს ვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...