პოლიტიკა

რატომ არის საქართველო სახმელეთო მეზობლებთან შედარებით ყველაზე მცირერიცხოვანი, დაბერებული და მეჩხრად დასახლებული ქვეყანა

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 07.05

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ გვაუწყა, რომ ამზადებს გადაწყვეტილებას, რომელსაც ატომური ბომბის გასროლის ეფექტი ექნება, საქმე ეხება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას 60-ზე მეტი ქვეყნისთვის და მათ შორის მოიაზრება საქართველოც. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიგრაციულ მაჩვენებელს, რომ საკმაოდ ბევრი შრომისუნარიანი და ფერტილური ასაკის მოსახლეობა გადის ქვეყნიდან, ცხადია, უკეთესი ცხოვრების მოწყობის იმედით, თუმცა სხვების მიერ აშენებულ ქვეყნებში, ანუ გარემოში, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთგვარი გამოსავალიც კი იყოს მიგრაციის შესაჩერებლად, ვინაიდან საქართველოში მომრავლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბუნებრივად ანაცვლებენ საქართველოს მოქალაქეებს. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ შედეგებს, რაც მოუტანა ქვეყანას ვიზალიბერალიზაციამ როგორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში და რას მოუტანს მისი გაუქმება.

– თუ იციან, რომ ატომური ბომბის გასროლის ეფექტი ექნება ამ გადაწყვეტილებას, მართლაც, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა, ადამიანის უფლებების დაცვის მეტრობაზე პრეტენზიის მქონემ, ატომური ბომბი „ესროლოს“ 60-ზე მეტ ქვეყანას?

– პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გავიგებთ, ალბათ, ფიგურალური დატვირთვა აქვს...

– რა თქმა უნდა, მაგრამ უცნაური ასოციაცია კი გასჩენიათ თავიანთი მოქმედებისადმი.

– საქართველო ცხოვრობდა და ვითარდებოდა ვიზალიბერალიზაციამდეც, თუმცა მისი გაუქმება პოზიტიური ნაბიჯი ნამდვილად არ არის. კაცობრიობა ვითარდება ერთმანეთთან ვაჭრობის, ინფორმაციის გაცვლით და გლობალიზაციის პროცესში ერთმანეთისგან პოზიტიური მხარეების გადმოღებით. ეკონომიკური და პოლიტიკური კარჩაკეტილობა, საბოლოოდ, ნეგატიური მოვლენაა. სასწორის პინაზე რომ იდოს, რა სჯობია: ვიზალიბერალიზაცია თუ მის გარეშე ცხოვრება, რა თქმა უნდა, ორივე ხელით უნდა დავუჭიროთ მხარი ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ ყველაფერი შეფარდებითია და არც ეს უნდა ავიყვანოთ აბსოლუტიზმის რანგში. თანაც, თანამედროვე ეპოქა შეიძლება, დახასიათდეს, როგორც მიგრაციის ხანა. მსოფლიოს 200-ვე სახელმწიფოდან თითქმის ყველაა ჩართული მიგრაციულ პროცესში და გლობალური მასშტაბით, მიგრანტთა რაოდენობა თითქმის 300 მილიონია. ეს იმდენივეა, რამდენიც, მაგალითად, ინდონეზიის მოსახლეობა.

– 200 მილიონი ადამიანია გადასული მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ქვეყანაში.

– მთავარი მიზეზი მაინც ეკონომიკური ფაქტორია, ქვეყნიდან გასულთა სამი მეოთხედის, თუ მეტის არა, მოტივი უკავშირდება ეკონომიკურ ფაქტორებს და შემდეგ სამშობლოში ფულად გადმორიცხვებს. მიგრანტები წელიწადში, დაახლოებით, 900 მილიარდ დოლარამდე თანხას აგზავნიან თავიანთ სამშობლოებში. ეს იმდენივეა, რამდენსაც აწარმოებს, მაგალითად, შვეიცარია, ხოლო მხოლოდ ინდოეთში შრომითი მიგრანტების მიერ საკუთარ სამშობლოში გადაგზავნილი თანხა, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენიც არის საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტი მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით, 90 მილიარდ დოლარამდეა. ეს მაჩვენებლები პოლიტიკური და ადმინისტრაციული საზღვრების გადაკვეთის გაიოლების ხარჯზეა მიღწეული, თუმცა ახლა უკუპროცესები დაიწყო და გლობალიზაციის ნაცვლად ვამჩნევთ მცდელობას, რომ მოხდეს მსოფლიო ეკონომიკის ფრაგმენტაცია გარკვეული პოლიტიკური ნიშნის სიმპათიებისა და პრიორიტეტების მიხედვით. აქვე ვიტყვი, რომ მიგრაციის ძირითადი მოტივი მარტო ფულის გადაგზავნა და სამშობლოში დარჩენილი ოჯახების კეთლდღეობაზე ზრუნვა არ არის, ეს არის მსოფლიოს გაცნობა, გაცნობიერება, წარმოების უკეთესად ორგანიზაციის, მარკეტინგის, რეკლამის გაცნობა და გადმოტანა საკუთარ სამშობლოში. ამდენად, მიგრაციას აქვს ორი ასპექტი: როგორც წმინდა ეკონომიკური, ანუ ფულადი ფორმა, ისე ინფორმაციული. ფაქტობრივად, ხდება სწავლებისა და ცივილური ურთიერთობების გადმოღება, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს ცალმხრივი მოძრაობის სახე. ბოლო წლებში საქართველოდან ბევრი გადიოდა არა მარტო ლეგალური გზით, ანუ სამუშაოს დასაწყებად, არამედ სამუდამოდ და ეს მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციას ქმნის.

– თუ მდგომარეობა უმჯობესდება, რატომაა მიგრაცია მაინც მაღალი?

– არ გვაქვს უფლება, არ ვენდოთ ჩვენს ოფიციალურ სტატისტიკას. ის კი გვიჩვენებს ზრდის ძალიან მაღალ ტემპებს, ასევე, მცირდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობაც, მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება და მაინც არის უარყოფითი დემოგრაფიული სალდო. ანუ გადის უფრო მეტი, ვიდრე შემოდის და ეს, უპირველესად, საქართველოს მოქალაქეებს ეხება. ვადევნებ თვალყურს პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებებს და ამ ფაქტს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში არსებობს, ეგრეთ წოდებული, ტოკვილის ეფექტი ან ტოკვილის პარადოქსი. ეს ცნობილი დეტოკვილია, რომელმაც ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებზე საკმაოდ სერიოზული შრომები დაწერა და მეცხრამეტე საუკუნეში, ერთ ხანს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც კი იყო. დაკვირვების საფუძველზე მან გამოიტანა დასკვნა, რომ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებამ და ზრდამ შეიძლება, უფრო მზარდი ფრუსტრაცია გამოიწვიოს.

– იმედგაცრუება.

– დიახ. ესე იგი, სურვილებისა და შესაძლებლობების შეუთავსებლობა. ქართულად რომ ვთქვათ, მადა ჭამაში მოდისო. ჩვენ მეტი გვინდა და როდესაც ეკონომიკური პირობები არ გვაძლევს ჩვენი გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას, ვეძებთ უკეთეს გზებს, სად შეიძლება, ისინი დავიკმაყოფილოთ. თანამედროვე პირობებში, როდესაც კომუნიკაციის შესაძლებლობები იზრდება, საინფორმაციო ტექნოლოგიები ვითარდება, პიროვნება საკუთარ შესაძლებლობებსა და პირობებს უტოლებს უფრო მაღალი შესაძლებლობების ქვეყნების მოქალაქეების პირობებს. მაგალითად, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ შეადარებს თავის პირობებს ბანგლადეშის რიგითი მოქალაქის მდგომარეობას. ის შეეცდება მალიბუსა და მონაკოს ცხოვრების საშუალო დონეს შეედაროს. ასეთი შედარებისას კი ექმნება საკუთარი მდგომარეობით არა მარტო დაუკმაყოფილებლობის, დეპრივაციისა და ფრუსტრაციის განცდა, არამედ უსამართლობის გამოსწორების დაუძლეველი სურვილიც და ამას ახორციელებს ემიგრაციის ხარჯზე. დღეს საშუალო ხელფასის საფუძველზე თბილისიდან გერმანიაში გადაადგილების შესაძლებლობა 30-ჯერ გაიზარდა, ვიდრე ეს იყო გასული საუკუნის ბოლოს. ანუ მაშინ ამისთვის ერთი წლის ხელფასიც კი არ იყო საკმარისი, ამჟამად კი ერთი თვის ხელფასითაც თავისუფლადაა შესაძლებელი. ანუ ჩვენი მოგზაურობის პოტენციალი 30-ჯერაა გაზრდილი, ესეც აიოლებს მოსახლეობის გადაადგილებას. თითქოს პარადოქსია, გეზრდება შემოსავალი, მაგრამ ამ შემოსავლის ნაწილს მოსახლეობის ნაწილი იყენებს არა საქართველოში საკუთარი კეთილდღეობის გასაძლიერებლად, არამედ ცდილობს, გავიდეს ქვეყნიდან უფრო განვითარებულ ქვეყნებში. ამას წამხედურობის ხასიათიც აქვს. ზოგი ამას უკავშირებს პოლიტიკურ ფაქტორებს, ზოგი ეკონომიკური ფაქტორებით ხელმძღვანელობს, თუმცა ყველაფერია ცოტ-ცოტა.

– ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან მიგრაცია გაიზარდა?

– რა თქმა უნდა, გაიზარდა. ბევრი, ვადების დარღვევით, არალეგალურად რჩება უცხოეთში. თანაც, გასულთა შორის, 75-80 პროცენტი შრომისუნარიანი მოსახლეობაა, ოჯახის მცირეწლოვან ბავშვებს თუ არ ჩავთვლით. არადა საქართველოს მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი ისედაც ცოტაა. გასულთა საშუალო ასაკიც გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი. მათ შორის, დაახლოებით, 7-8-წლიანი სხვაობაა. იმის თქმა მინდა, რომ ის კონტინგენტი, რომელმაც საქართველოში უნდა შექმნას პოტენციალი, გამოირჩევა უფრო მეტი ცოდნით, გამოცდილებით, ჯანმრთელობითა და რეპროდუქციული უნარით, ქვეყნიდან გადის და შემდეგ უკვე ვდგებით მწვავე დემოგრაფიული გამოწვევებისა და საფრთხის წინაშე. შედეგიც აშკარაა: მეზობლებთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად დაბერებულია და მოსახლეობის სიმჭიდროვეც ყველაზე დაბალი აქვს საქართველოს. ამას არა მარტო სტატისტიკური და დემოგრაფიული მნიშვნელობა აქვს, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკურიც.

– აივსება ეს ტერიტორია უცხო ხალხით და ფორმალურად დარჩება სახელწოდება.

– დიახ, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, ნათქვამია. ამიტომ გჭირდება სახელმწიფოს მხრიდან უფრო აგრესიული დემოგრაფიული პოლიტიკა, მეტი პროპაგანდა-აგიტაცია და პატრიოტიზმის თემაზე უფრო მეტი გადაცემები, რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ ჩვენი სამხრეთელი ისტორიული „მეგობრის“ გაუთავებელი სერიალები.

– მე არ ვიცი, ტელევიზიები ვერ ხვდებიან, რომ ამ სერიალებით ატარებენ უცხო ქვეყნების ინტერესებს და მათ ეხმარებიან აგიტაციაში? ან სახელმწიფოს რატომ არ აქვს რეგულაციები?

– რამდენიმე წლის წინ თურქეთში გადაიღეს ბლოგბასტერი კონსტანტინოპოლის დაპყრობის შესახებ, ფილმი ეძღვნებოდა 1453 წლის აპრილ-მაისის მოვლენებს და პრემიერა ერთდროულად შედგა 1 200 კინოთეატრში. როდის დაიწყო სეანსი?! 14 საათსა და 53 წუთზე! ესე იგი, დიდი სახელმწიფოა, მრავლდება, მოსახლეობის მედიანური ასაკი, ჩვენთან შედარებით, დაახლოებით, 9 წლით ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც აწარმოებენ იდეოლოგიურ მუშაობას და თაობებს ზრდიან პატრიოტული შემართებითა და სიამაყის გრძნობით, ხოლო ჩვენ ამ მიმართულებით ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამიტომ ამ მიმართულებითაც აუცილებელია მუშაობა.

– დარისხდა განგაშის ზარები, რომ პაციენტები ვეღარ იმკურნალებენ ევროკავშირის ქვეყნების კლინიკებში. ასეა?

– ჩვენი შესაძლებლობები ახლა უფრო გაზრდილია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მკურნალობისთვის გაცილებით გაზრდილია... მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი სამედიცინო პერსონალის დონე იყოს ისეთი, რომ დააკმაყოფილოს ნებისმიერი გამოწვევა და აღარ იქნება საჭირო, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, უცხოეთში მკურნალობის ჩატარება. ამასთან, ამის გამო მრავალი მილიონი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ისევე, როგორც ვალუტის გადინებას ხელს უწყობს დისბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა