პოლიტიკა

რატომ არის რეალური ლეკიანობის გამეორება ჩრდილო კავკასიიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაში

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

სოსო მანჯავიძე
დაკოპირებულია

ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ბევრია რუსეთის დაშლის მომხრე, ვფიქრობ, უმეტესობას მაინც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, რა საფრთხეს შეიძლება, შეიცავდეს, მათ შორის, ჩვენი რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებად დაშლა, განსაკუთრებით, ჩვენთვის ყურადსაღები ჩრდილო კავკასიის მიმართულებით. სოსო მანჯავიძესთან ერთად შევეცდებით ამ სცენარისა და შესაძლო შედეგების მოდელირებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

– როგორი შეიძლება, იყოს მოსალოდნელი სცენარები?

– რუსეთის დაშლის სცენარი თავისთავად არის ხანგრძლივი ქაოსის სცენარი. ეს ნიშნავს ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეიარაღებულია, მათ შორის, ატომური იარაღით, უკონტროლო ზონების შექმნას. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი არ არის იზოლირებული სისტემა, მას კავშირი აქვს მთელ ევრაზიასთან. შესაბამისად, ევრაზიაში არსებული ძალები, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, თურქეთი და სხვებიც სრულიად არ არიან დაინტერესებული იმით, რომ ამ სივრცეში ასეთი უკონტროლო ზონები აღმოცენდეს. წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში შეიძლება, მოიყვანო აბსოლუტურად მორჩილი ლიბერალი და მისი მეშვეობით ხავერდოვნად დაშალო ეს ქვეყანა, აბსოლუტური ილუზია და ფანტაზიაა. ვიმსჯელოთ სცენარზე, რის მიხედვითაც, დავუშვათ, რუსეთში დაიწყო არეულობა. ამის გამოწვევა შეიძლება და შედეგად აუცილებლად მივიღებთ უკიდურესი ნაციონალიზმის სპეციფიკურ გამოვლინებებს და ეს ნაციონალიზმი აღჭურვილი იქნება, მათ შორის, სტრატეგიული ატომური იარაღით, რომელსაც ის დაუყოვნებლივ გამოიყენებს, განსხვავებით პუტინისგან. ხომ ვხედავთ, როგორ აწარმოებს ომს?! ლამის ოთხი წელია, ომია, რასაც მე ომი-ვაჭრობა დავარქვი, რომელიც პოლიტიკურად იმართება. არმია ომობს არა სამხედრო მიზანშეწონილობით, როგორც მეორე მსოფლიო ომში იყო, არამედ იმ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რომელსაც განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ამის გამო თვითონ რუსეთშია უდიდესი გაუგებრობა და დაძაბულობა.

მეორე საკითხი ისაა, რომ სამყარო ვერ ითმენს ვაკუუმს, მით უმეტეს, პოლიტიკა და გეოპოლიტიკა. ამდენად, რუსეთში არეულობის დაწყების შედეგად ამ რეგიონში დაიწყება დრეიფი იმ მდგომარეობისკენ, როგორიც, დაახლოებით, იყო ამასიის ზავის პერიოდში. ანუ რეგიონში წარმოდგენილი ძალები: ირანი, თურქეთი, ლოკალური მოთამაშეები დაიწყებენ გადაფორმატებას და თავიანთი ისტორიული ოცნებებისა და მიზნების განხორციელებას.

– თან, ყველა ჩვენს უშუალო და ცოტა სამხრეთით მეზობელსაც აქვს პრეტენზიები.

– ამავე დროს კონტროლიდან გასული ჩრდილო კავკასიიდან, რომელიც დაუყოვნებლივ გადაიქცევა თურქეთის გავლენის ზონად (იქ რელიგიური გავლენები აქვს ძალიან სერიოზული), დაიწყება ზუსტად ისეთი ექსპანსია, როგორიც იყო ლეკიანობისას. ეს იქნება მათი ბუნებრივი რეაქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ესენი დოტაციური რეგიონებია. მათ არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე; მათი ეკონომიკა არ არის თვითკმარი; ჰყავთ ჭარბი ახალგაზრდა მოსახლეობა, რომელიც გაწვრთნილია. ხომ ვხედავთ, რომ ჩეჩნეთში კადიროვის შენაერთი ცალკე ჯარია.

- რომელიც უშუალოდ კადიროვს ემორჩილება და ახლა უკვე მისი უფროსი შვილი გამოჩნდა ავანსცენაზე.

– ჯერ ერთი, თვითონ ჩრდილო კავკასიაში დაიწყება გარჩევები და მეორე ისაა, რომ აუცილებლად გადმოინაცვლებს სამხრეთ კავკასიისკენ, აზერბაიჯანისკენაც და საქართველოსკენაც. ამ კონტექსტში თურქეთს გაახსენდება, რომ 300 წლის წინ სწორედ რუსეთის ჯარებმა, ქართულ შენაერთებთან ერთად, მათი წარმოდგენით, მათ წაართვა, აჭარა და ახისკა, ანუ სამცხე და შეეცდება დაბრუნებას. თურქეთი სხვა მიმართულებითაც განაგრძობს ექსპანსიას, დიდი თურანი რეალური პროექტი გახდება. თავის მხრივ, ირანსაც გაახსენდება, რომ მას ემორჩილებოდა მთელი აღმოსავლეთ საქართველო, მთელი აზერბაიჯანის ტერიტორია. ხომ გვახსოვს, რამდენ ხანს იყო ქართლისა და კახეთის სამეფოები ირანის ვასალიტეტის ქვეშ და ერთმანეთს ცნობდნენ, როგორც დამოუკიდებელ სამეფოებს, ერეკლეს დროს შეიქმნა ქართლ-კახეთის სამეფო. ისევე, როგორც იმერეთის სამეფოს ცნობდნენ დამოუკიდებელ ერთეულად. შემდეგ იმერეთის სამეფოც დაიშალა სამთავროებად. იმას ვამბობ, რომ ირანსაც გაუჩნდება თავისი ინტერესები. ფანტომური ტკივილები დღესაც აქვთ და შეეცდებიან ამის რეალიზაციას. ჩვენ ახლა პროცესი განვიხილეთ ამ სამი სახელმწიფოს – რუსეთ-ირან-თურქეთის – კონტექსტში, მაგრამ გლობალურ სურათს თუ დავხედავთ, ცხადია, რომ არის ჩინური, ევროპული და ამერიკული ინტერესები. რუსეთის კონტროლი ევროპის მიერ არ მიმაჩნია შესაძლებლად. არც ამერიკელებს ეყოფათ ძალები იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად ჩამოიქცა რუსეთი და იქ ქაოსი და სისხლისღვრა იქნა, იმიტომ რომ რუსეთში ანტიამერიკული განწყობა ძალიან ძლიერია. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ძალის მეორე ცენტრი – ჩინეთი, რომელიც ამას არ დაუშვებს. ახლა დავხატეთ ლოკალური სურათი, მაგრამ ეს გლობალური მასშტაბითაც გამოიწვევს დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას და, დიდი ალბათობით, გადავა თერმობირთვულ კატასტროფაში. ვინ იქნება ამის ტრიგერი, გასაგებია: ვთქვით, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოვლენ გაცილებით აგრესიული ძალები, რომელთა ხელშიც გადავა გიგანტური პოტენციალი, მათ შორის, თერმობირთვული, რის გამოყენებასაც ისინი არ დააყოვნებენ. ვიმეორებ, ვერ წარმომიდგენია, ვინ გააკონტროლებს რუსეთს დესტაბილიზაციის შემთხვევაში. ანუ რუსეთის დაშლის შედეგად გლობალურადაც დაიწყება დესტაბილიზაცია: მსოფლიოს გადაფორმატება, რაც, დიდი ალბათობით, გლობალურ ომში გადაიზრდება, ხოლო ჩვენს რეგიონში ეს იქნება ომი ყველა ყველას წინააღმდეგ. ვინმემ ისე არ გაიგოს, რუსეთს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონიაო. ძალთა ბალანსი, რომელიც არსებობდა პოტსდამის ზავის შემდეგ, 1991 წლიდან ერთპოლუსიან სამყაროზე გადავიდა. ახლა ერთპოლუსიანი სამყარო აღარ არსებობს და, ამდენად, ვართ ცვალებად რეჟიმში, როდესაც არც ომია და არც ზავია და სამყარო ცდილობს, ჩამოყალიბდეს მრავალპოლუსიანად. ანუ სხვადასხვა ძალის ცენტრების ბალანსის საფუძველზე შეიძლება, მეტ-ნაკლებად ასეთი ზავი მივიღოთ ან ვერ მივიღოთ და განუწყვეტელი ომების ფაზაში გადავიდეთ. ცოტა გამიგრძელდა კითხვაზე პასუხი, მაგრამ ამ ბალანსიდან ერთ-ერთი პოლუსის, რომელსაც რუსეთი ნამდვილად წარმოადგენს, დესტაბილიზაცია გამოიწვევს გლობალურ დესტაბილიზაციას. ხოლო საქართველოსთვის ეს იქნება, პირდაპირ ვთქვათ, ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთიდან; რა თქმა უნდა, ირანიდანაც, გააჩნია, სომხეთის საკითხი როგორ გადაწყდება და, ასევე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩრდილო კავკასია. რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, იქ დაიწყება დესტაბილიზაციის პროცესები, რომლებიც აუცილებლად გადმოინაცვლებს სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, ჩვენს ტერიტორიაზე. ასეთია სცენარი, გვინდა თუ არა. ვცდილობ, ძალიან მოკლედ დავხატო ობიექტური სურათი, თორემ ძალიან ბევრნაირად შეიძლება, მოვლენები განვითარდეს.

– მშვიდობიანად ფედერაციის სუბიექტები ვერ ჩამოსცილდებიან რუსეთს? თათარსტანი, ბაშკირსტანი, ჩრდილო კავკასია და დარჩა რუსეთის ფედერაცია თავისი ბირთვული იარაღით. მეტ-ნაკლებად მშვიდად თუ დაიშალა, როგორც საბჭოთა კავშირი, ამას ჩვენთვის როგორი შედეგი ექნება ჩრდილო კავკასიიდან?

– შედეგი იქნება ისეთი, როგორიც იყო მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში. რაც შეეხება რბილად გაშვებას: ჯერ ერთი, რუსეთი ისეა აგებული, რომ არც ერთ ავტონომიურ წარმონაქმნს არ აქვს საზღვარი, ყველა რუსეთის შიგნითაა, გარდა ჩრდილო კავკასიისა. იქ კიდევ არის კალინინგრადის ექსკლავი, თუმცა ეს სულ სხვა ვითარებაა: იქ რუსული მოსახლეობაა, მაგრამ მხოლოდ ვიწრო დერეფანი აკავშირებს კალინინგრადს, რომელიც, სხვათა შორის, ლიტვაზე გადის, ამიტომ ძალიან მოწყვლადია. რბილად გაშვებაც წარმოუდგენელია. მაგალითად, თათარსტანი როგორ უნდა გაუშვას, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონია, სადაც უამრავი ქარხანაა და ეს რუსეთისთვის სასიკვდილო დარტყმა იქნება. ისევე, როგორც ბაშკირსტანის გაშვება, თუმცა იქ უფრო ნაკლები წარმოებაა. წარმოუდგენელია, ეს რუსეთმა გააკეთოს, სხვა თემაა, თუ იმდენად დასუსტდა, რომ იმ ძალებმა, რომლებსაც რუსეთის დაშლა უნდათ, იმოქმედონ ისე ენერგიულად, რომ გამოიწვიონ სეპარატისტული მოძრაობა. რუსეთის დასუსტებაში ვგულისხმობ, თუ მოხდა სახელმწიფო ორგანოების პარალიზება, იგულისხმება სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურები. მაგრამ ასეთივე პროცესების განვითარებაა შესაძლებელი თურქეთში; ევროკავშირშიც, შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ. ყველა სუპერსისტემა შეკერილია და ყველას აქვს ნარღვევები, რითიც ის შეიკერა. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ეს „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის დაპირისპირებაა, რაც ასახავს შეერთებული შტატების წინააღმდეგობრივ ბუნებას. ის ერთდროულად არის კონტინენტური და საზღვაო იმპერიაც, რაც აისახება კიდეც განწყობებში. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ წინააღმდეგობა სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის არავის გაუუქმებია. ჩვენ ვხედავთ ღირებულებით დაპირისპირებას სხვადასხვა შტატში. ახლა უკვე სამოქალაქო ომისკენ მიდის საქმე. ვხედავთ, როგორ ხოცავენ საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს რადიკალური მემარცხენეები.

– ამას ტრამპმა სამხედროებთან ერთ-ერთ ბაზაზე შეხვედრისას შიდა შეჭრა უწოდა და თქვა, რომ ამას ისევე უნდა გაუმკლავდნენ, როგორც შემოჭრას გარედან.

– კი ბატონო. ვიმეორებ, ყველა სუპერსისტემას და სუპერსისტემისგან შედგება დღეს ყველა რთულად შედგენილი სისტემა, აქვს ნარღვევები. მაგალითად, ევროკავშირის შიგნით ქვეყნებს აქვს პრობლემები როგორც სეპარატიზმის, ისე სხვა ტიპის. აქედან გამომდინარე, მარტო რუსეთს კი არა აქვს ეს საფრთხე, არამედ ყველა დიდ სისტემას: ინდოეთსაც, ჩინეთსაც. მართალია, ჩინეთი გარეგნულად ჰომოგენურად გამოიყურება, მაგრამ ეს მანამ, სანამ არ არის დიდი პრობლემები. ჩინეთი ასევე ძლიერად გამოიყურებოდა ბოლო დინასტიის პერიოდში, მაგრამ შედეგად მივიღეთ ასწლიანი დამცირების პერიოდი, როდესაც ინგლისისა და საფრანგეთის ჯარებმა პეკინი აიღეს, თუ არ ვცდები, 1962 წელი იყო. ამდენად, ეს მხოლოდ რუსეთის პრობლემა არ არის და, რაც მთავარია, ეს პროცესები გადაჯაჭვულია.

ჩვენ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა უნდა გვინდოდეს ჩვენ: ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ჩვენი რეგიონის დესტაბილიზაცია, იმიტომ რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ამ ძალთა ბალანსის დარღვევის შემთხვევაში გაიზრდება. ამასთან, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ეგზისტენციურ საკითხებზეც: ჩვენ ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებელი ქრისტიანები და, თუ გარშემო მიმოვიხედავთ, დავინახავთ სხვა სურათს. ასევე, უნდა ვფიქრობდეთ ჩვენს დემოგრაფიულსა და ეკონომიკურ პოტენციალზე. და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონული და გლობალური დესტაბილიზაცია მოხდა, ჩვენს მხარეს არანაირი ძალა არ დგას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა