პოლიტიკა

რატომ არის პატრიოტიზმი ადამიანების ზომბირებისა და მათი სხვისი ინტერესების საზარბაზნე ხორცად ქცევის საუკეთესო ინსტრუმენტი

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.04

დინიტრი ნადარეიშვილი
დაკოპირებულია

პატრიოტიზმი ადამიანის, უდავოდ, კეთილშობილური გრძნობაა, თუმცა სამშობლო, თუ ობიექტურად ვიტყვით, აბსტრაქციაა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც შენს სამშობლოში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და იცხოვრებენ, მათ შემოქმედებასა და ნამოქმედართან ერთად. პატრიოტიზმი იმდენად ძლიერი გრძნობაა, რომ მის გამო ადამიანს შეუძლია, უყოყმანოდ მოკვდეს და, შესაბამისად, შეიცავს იმ საფრთხესაც, რომ ეს ძალიან კეთილშობილური განცდა ამ განცდის მქონე ადამიანის წინააღმდეგვე გამოიყენონ და ადამიანს, სწორედ პატრიოტიზმიდან გამომდინარე, გააკეთებინონ ის, რაც მათ უნდათ. პატრიოტიზმი, როგორც ადამიანით მანიპულაციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება – ამ თემაზე გვესაუბრება ფსიქოლოგი დიმიტრი ნადირაშვილი.

– რა არის პატრიოტიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეები? ამ კითხვას ვსვამ, რადგან მნიშვნელოვანია, დავიჭიროთ ის შუალედი, რაც არ გვაქცევს ცვილის ჯარისკაცებად და მარიონეტებად სხვების მიზნების მისაღწევად ჩვენ, პატრიოტულად აღტკინებულებს.

– ძალიან სპეციფიკური თემაა და ბევრი რამაა ფოკუსში ამოსაღები. მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტიზმის პოლარობებსაც შევეხოთ. პატრიოტიზმი არის რაღაც, რაც ნაწილების ჯამით კი არ წარმოჩინდება, არამედ ეს არის რაღაც მთლიანი, რომელშიც შედის უცნაური რამეები: ადამიანები, მეხსიერებაში არსებული წარსული, გმირობები და მარცხები, რომლებიც წარსულში ყოფილა; ბუნება, ლანდშაფტი, ხილი, საკვები, სასმელი... ანუ ძალიან ჰოლისტური, მთლიანობითი ფენომენია, რომელიც შეიცავს ყველაფერს და ეს მთლიანობა უფრო მეტია, ვიდრე ნაწილების ჯამი: ის არ დაიყვანება ნაწილებზე. თან, არამატერიალურიც არის და მატერიალურიც, ფსიქიკურიც არის და ფიზიკურიც, ფანტაზიაც არის და მეხსიერებაც, წარსულიცაა და მომავალიც. ეს არის ის მოდელი, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოება აღზრდა-განათლების დროს. როგორ აღზარდოს პატრიოტი, როგორ შემოიტანოს ადამიანის, პიროვნების თვალსაწიერში ის, რაც პატივსაცემი, ანგარიშგასაწევი, ომის დროს დასაცავი, სიცოცხლის გასაწირი იქნება. პატრიოტიზმი, იმავდროულად, სავსეა ვალდებულებებით. მაგალითად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ქვეყანაში შემოდის, უნდა გაიჟღინთოს ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი მოცემულობებით, რომ ჩაითვალოს მოქალაქედ. აი, ამდენი რამ აქვს დადებითი პატრიოტიზმს.

– და ამდენივე უარყოფითიც, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია, დუალიზმი დამახასიათებელია სამყაროსთვს.

– დიახ, როდესაც ვლაპარაკობთ პატრიოტიზმის ნეგატიურ გამოხატულებებზე, ამის თვალშისაცემი მაგალითია ნაცისტური გერმანია, განსაკუთრებით, ჰიტლერის პერიოდი, როდესაც მილიონობით ადამიანი შეიწირა გერმანულ პატრიოტულ თემაზე წამოწყებულმა მოძრაობამ და ხალხი მასობრივად განადგურდა. დღეს ნაკლებად გვახსოვს, მაგრამ მაინც იხსენიებენ იმპერიების ნაციონალურ-შოვინისტურ გამოვლინებებს, კოლონიურ წარსულს. ცნობილია, რას აკეთებდა კოლონიებში დიდი ბრიტანეთი, მაგალითად, ინდოეთში, ინგლისური პატრიოტიზმის ფონზე; რას აკეთებდნენ ესპანელები სამხრეთ ამერიკაში და შემდეგ როგორ ინანიებდნენ ამას. იგივე ეხება რუსულ იმპერიას და დღევანდელი ვითარებაც ამას ასახავს: რუსეთის პატრიოტული თემაა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს რუსი უკრაინაში თავისი ინტერესებისთვის, რასაც მთელი მსოფლიო უპირისპირდება.

– ჩვენთან როგორ ვლინდებოდა და ვლინდება ეს ტენდენციები?

– დიდი ერები, თუნდაც, სადაც 10-მილიონიანი მოსახლეობით, განსხვავდებიან ყოფნა–არყოფნის საფრთხის წინაშე მდგარი ერებისგან, მაგალითად, ჩვენგან და ჩვენ წარსულშიც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვიყავით დიდ იმპერიებს შორის მოქცეული. უამრავი ერიც გაქრა, ჩვენზე მრავალრიცხოვანიც. ამდენად, პატრიოტიზმი სხვადასხვანაირად ვლინდება მცირერიცხოვან და მრავალრიცხოვან ერებს შორის. ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი, რომლის მოსახლეობაც 9 მილიონამდეა, ქალსაც ავალდებულებს ჯარში სამსახურს, ქვეყნის დაცვას და, ამას გარდა, მოქალაქეს უამრავი ვალდებულება ეკისრება. ასევე, ვხედავთ, რომ ტრამპმა, ფაქტობრივად, პატრიოტიზმით გაიმარჯვა. წინა პლანზე წამოსწია ამერიკის ეკონომიკა, ამერიკაში საშუალო ამერიკელის ცხოვრების დონე და უფლებები, რა დაერქმეოდა მექსიკის ყურეს და გრენლანდიის მოთხოვნაც პატრიოტიზმის თემას უკავშირდება. მცირერიცხოვანი და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი ხალხისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატრიოტიზმი, რადგან, თუ არა პატრიოტიზმი მწერლობაში, ფოლკლორში, სიმღერაში, ცეკვაში, სამზარეულოში, პატარა ერი გაქრება და მაშინვე შეიძლება, შეერიოს მის გვერდზე მყოფ იმპერიას. პატარა ერი გაქრება, თუ არ დაცავს თავის ფიზიკურ და ფსიქიკურ არსებობას.

– პატარა ერებს პატრიოტულ გრძნობებზე ჩაჭიდებას გაქრობის შიში აიძულებს?

– ეგზისტენციური, ყოფნა-არყოფნის საშიშროების გამო – შეიძლება, გაქრე, აღიგავო პირისაგან მიწისა. ეს თუ იგრძნო მცირერიცხოვანმა ერმა, განსაკუთრებით, საომარსა თუ კონფლიქტურ სიტუაციაში, მაშინვე თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს.

– მაგრამ ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩვენი საზოგადოების ნაწილს მოუჩლუნგდა.

– ჩვენ, ამ მხრივ, მართლაც გასაცნობიერებელი გაქვს ჩვენი სუსტი მხარეები, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია უნდა იყოს ჩვენი მასწავლებელი აწმყოშიც და მომავალშიც. ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც გვაქვს. გავიხსენოთ ჩვენი უახლესი ისტორია, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი. როგორი მნიშვნელოვანი იყო მაშინ ხალხის გამოღვიძება, რაც დადებითი მოვლენა იყო; როგორ წამოვიდა წინა პლანზე ის, რაც ილიასა და აკაკის დროს იყო; როგორი მნიშვნელოვანი გახდა პატრიოტიზმი და ძალიან დაფასებული, მაგრამ ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ამის შემდეგ მოხდა მიტინგების, შიმშილობის პროფანაცია. უკვე ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა ცრუმიტინგები, ცრუმოშიმშილეები. ადამიანები, რომლებიც უსაქმურად იყვნენ, თავს აცხადებდნენ მოშიმშილეებად და პატრიოტებად. ანუ ადვილად შეიძლება, ჩანაცვლდეს და პროფანაციად იქცეს ის, რაც ღირებული იყო. ვიცით კიდეც, რით დაგვირგვინდა ეს სამოქალაქო ომის დროს. როგორ გადაიზარდა პატრიოტიზმი ურთიერთგანადგურებაში. როგორ ადვილად აღარ ვინდობდით ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ნეგატიური გამოხატულება იყო სამოქალაქო ომიც და ყალბი პატრიოტიზმიც.

რასაკვირველია, ტრადიციებს აქვს დადებითი მხარე, რაც შემდეგ ინახება მეხსიერებაში და პოეზიად იქცევა თუ ფოლკლორად, მაგრამ ზოგჯერ ტრადიცია, მაგალითად, სუფრის კულტურა იქცევა ხოლმე ყალბი პატრიოტიზმის ასპარეზად, როდესაც ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ მძაფრი პატრიოტული განცდები და არ ახასიათებთ პატრიოტული ქცევები, კომპენსაციის სახით ამას გამოხატავენ სადღეგრძელოებში, რომლებისაც არავის სჯერა. პატრიოტიზმს ასეთი გამოვლინებებიც აქვს ჩვენში. რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი ძალიან მნიშვნელოვანია წარსულის, ისტორიის, კულტურის ცოდნის თვალსაზრისით, რომ მომავალ თაობაშიც აღიზარდოს ის ღირებულებები, რაც წარსულში, მართლაც, მნიშვნელოვანი იყო და ამასთანავე, მსოფლიო საგანძურია.

– რა არის პატრიოტიზმის საპირისპირო მხარე? შენის სიძულვილი და მიუღებლობა?

– ხშირად ამბობენ, კოსმოპოლიტიზმიო, მაგრამ პირადად მე კოსმოპოლიტიზმს საპირისპირო მხარეს არ მივაკუთვნებდი, ვინაიდან შეიძლება, იყო პატრიოტიც და კოსმოპოლიტიც. ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება. ასე რომ, ეს ორივე მნიშვნელოვანი წახნაგია მეს იდენტიფიკაციის, სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნულობის. ერი არ უნდა იყოს მარტო თავისთვის, მსოფლიოს გამდიდრებაზეც უნდა ფიქრობდეს. ამდენად, პატრიოტიზმის მეორე პოლარობა არის ნიჰილიზმი. სრული გულგრილობა, რაც კარგადაა დახატული „კაცია-ადამიანში“. ეს ნიჰილიზმი ძალიან ტიპურია საქართველოსთვის, მაგრამ ნიჰილიზმი, როგორც მოვლენა, რომელიც ღირებულებებს ებრძვის, რომელიც ღირებულებების მიმართ გულგრილია და არაფერს ღირებულს არ ტოვებს, ახასიათებს სხვა ერებსაც.

– ჩვენ რატომ გვახასიათებს რყევები? ხან აღვტკინდებით, ხან თავზე ნაცარს ვიყრით?

– სიძნელეები, რაც ჩვენთან გვხდება ხოლმე პატრიოტიზმთან დაკავშირებით, ვლინდება კრიტიკულ სიტუაციებში, რომლებიც ხშირად გვიდგას და წარსულშიც ყოფილა. ამდენად, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა არის ნამდვილი პატრიოტიზმი. ამ დროს დამაბნეველია ის, რაც ხშირად დატრიალებულა. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის დროს, როდესაც შვილებისა და მამების ბრძოლა იყო, ასე იდგა საკითხი, არ ავითქვიფოთ იმპერიაში და ილიამ, აკაკიმ, იაკობმა, ვაჟა-ფშაველამ, თერგდალეულებმა, მანამდე ბარათაშვილმა აჩვენეს, თუ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ნიჰილიზმი არ დაეუფლოს იმპერიაში გათქვეფილ ქართველს. ეს ძალიან მძაფრად გამოვლინდა, როდესაც რუსეთის იმპერია დაიშალა და მაშინ დამაბნეველი იყო ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო: თავისი თავის დამნახავი თუ გაუცხოებული და გარეთ, ევროპაში რა ტენდენციებიც არის, იმის ამტაცებელი. იმხანად ეს გაუცხოება ასე იყო ნაჩვენები: მსოფლიო პროლეტარიატს ვემსახუროთ თუ იდეალებს, რომლებიც მოდის წარსულიდან. ანუ ვის მივცეთ ხმა და საქართველოს უმრავლესობამ ხმა მისცა ევროპულ სივრცეში მარქსისტულ იდეებზე დაარსებულ მენშევიკურ მთავრობას. ესე იგი, ყველაზე კრიტიკულ ჟამს, როდესაც გასარკვევი იყო, რა გზას აირჩევდა საქართველო, საქართველომ აირჩია იმ ევროპული იდეალების ერთგულება, რაც იმ დროს იყო. ხოლო იმ დროს გავრცელებული იყო მარქსიზმი. ჟორდანია მკაფიოდ და ხმამაღლა ამბობდა: ჩვენ ვერ ვუღალატებთ მსოფლიო პროლეტარიატს, რაც მაშინ იყო ევროპული მეინსტრიმი. ამის ფონზე ეროვნულობა, ეკლესია დრომორჭმულად ჩანდა განმანათლებლობაზე პრეტენზიის მქონე ათეიზმთან, ანუ ეკლესია დაგმობილი იყო ეროვნულობასთან ერთად და მხარდაჭერილი იყო მსოფლიო პოლიტიკაში გამეფებული მარქსისტული ხედვა. მაშინ ორი რამ იყო მოდებული ევროპაში: მარქსიზმი და ფაშიზმი და ეს ორი მიმდინარეობა ერთმანეთს ებრძოდა. ჩვენთვის დამახასიათებელია კუდაბზიკობა, რაც, სხვათა შორის, ზოგჯერ ძალიან კარგია. მაგალითად, კარგია, როდესაც ქართველი კითხულობს ევროპაში პოპულარულ და მოდურ ლიტერატურას, ფილოსოფიას, აინტერესებს, როგორი კაბა აცვია ფრანგ მოდელს, რომელი სუნამოა მოდური და ასე შემდეგ. ასე რომ, ყველაფერს, რაც ამერიკასა და ევროპაში ხდება, ძალიან ადვილად იღებს ქართველი და გამოთქმაცაა, ყუმი ხომ არ ხარ?! მაგრამ პოლიტიკაშიც რომ დაინერგოს იქაური მეინსტრიმი, ეს შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა