რატომ არის ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი ყველაზე შეშინებული ადამიანი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, ჩვენს საზოგადოებას, თუმცა გულში მჯიღებს აქტიურად ვიცემთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ნაკლებად აინტერესებს ან ილიას მკვლელობა, ან ზვიად გამსახურდიასი, ან აფხაზეთის ომის დაწყებისა და მასში დამარცხების მოზეზები, ისევე, როგორც 2008 წლის ომის შედეგები და წინაპირობები (არადა ამის ცოდნა ბევრი პრობლემის გაცნობიერებასა და გადაჭრაში დაგვეხმარებოდა). გაცილებით მეტი ცხოველი ინტერესია იმისადმი, თუ ვინ ვის შეაგინა, რა უხამსობა უწოდა და როგორ წვდა თმაში. თუ, მაგალითად, ახალგაზრდა თაობის ცნობიერებაში არსებულ პრობლემებს ბოლონიის სისტემას დავუკავშირებთ, გაუგებარია განათლების იმ სისტემის მიერ აღზრდილების ქცევა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა მსოფლიოში. ამის მიზეზებზე სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– არც ახალგაზრდა და არაახალგაზრდა თაობის არც თუ მცირე ნაწილს არ აინტერესებს სერიოზული, საფიქრალი თემები. რატომ?
– ახსნა შეიძლება, იყოს შემდეგი: თანამედროვე მსოფლიოა შესული ასეთ ფაზაში, რომელსაც სხვადასხვანაირად უწოდებენ, როგორც ტერმინაციის ფაზას, უკანასკნელი ესკალაციის ფაზას და ასე შემდეგ. ასევე, იმდენად პარალელურად მიმდინარეობს სახიფათო პროცესები, რომ დიდი შანსია, ქაოსი, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, აბსოლუტური და შეუქცევადი გახადოს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს არალეგალური მასობრივი ემიგრაცია. და ეს მარტო ევროპას აღარ შეეხება, კავკასიის რეგიონზეც აისახება. გაუარესებულია გლობალური დათბობის მაჩვენებელიც და ესეც მისცემს მიგრაციის დამატებით ბიძგს იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც წყლის დეფიციტია. ამასთან, ამ უკონტროლო მიგრაციამ, რომელიც ვერ აჩერებს ევროპა, შეიძლება, შექმნას დაძაბულობა ამ ქვეყნების შიგნით. თუ იქ დაიწყო ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აისახება, მათ შორის, ჩვენს რეგიონში. აღარაფერს ვამბობ მიმდინარე კონფლიქტზე, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ხდება სახიფათო, უკვე აღარც მალავენ, რომ ეს „ნატოსა“ და რუსეთის კონფლიქტია.
– მასშტაბი აშკარად იზრდება.
– „ნატო“ აცხადებს, რომ, თუ რუსულმა თვითმფრინავმა ისევ დაარღვია ჩვენი საჰაერო სივრცე, ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავს; რუსები პასუხობენ, თუ ჩამოაგდებენ, მიიღებენ მესამე მსოფლიო ომს. თავის მხრივ, კელოგი აცხადებს, რომ „ტომაჰავკებს“ გადასცემენ უკრაინას, რომელსაც შეეძლება ნებისმიერი სამიზნის განადგურება რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ იმდენი აპოკალიფსური პროცესი მიმდინარეობს, რომ ადამიანებს წარსული აღარ აინტერესებთ. როდესაც შენ არ იცი, რა მოხდება ხვალ; არ იცი, როგორ აისახება ეკონომიკური ტრანსფორმაცია, რასაც ტრამპი აკეთებს, როდესაც უარს ამბობს გლობალურ ბაზარზე, შენი ცხოვრების დონეზე; ეშინიათ მიგრანტების; ეშინიათ, რომ დაუცველები არიან; ეშინიათ პოტენციური კონფლიქტების, სხვა არაფერი გაინტერესებს. ისტორიაზე რეფლექსიას ახდენ მაშინ, როდესაც ამის შესაბამის კონდიციაში ხარ. ხოლო, როდესაც გენგრევა სახლი, ოჯახური ლეგენდების კვლევით ხომ არ დაკავდები?!
– სამყაროში ჩვენი ადგილი ხომ უნდა ვიპოვოთ, თუ ჩვენ იმთავითვე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ცხოვრება იქნება ისეთი, როგორც სხვები გადაწყვეტენ? ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა და არა ზომბი ან მარიონეტი?
– საქმეც ასეა: თქვით, რომ მცირდება ინტერესი გარკვეული თემების მიმართ, მაგრამ იზრდება, მაგალითად, გეოპოლიტიკის მიმართ. იმიტომ რომ ხალხს ეს აინტერესებს. უკრაინის ომის შემდეგ რამდენიმე არხზე დაიწყო გეოპოლიტიკური გადაცემები და სტაბილურად უყურებს მათ მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანი. ანუ იქ, სადაც ეგზისტენციური საფრთხეებია, ისტორიული ან ისეთი საკითხების კვლევა, როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაცია, აქტუალობას კარგავს, ვინაიდან შენ იმის დაკარგვისაც გეშინია, რაც გაქვს. ამდენად, ფსიქოლოგიურად ეს აბსოლუტურად ლოგიკურად იხსნება.
– მაშინ რატომ აინტერესებს მაყურებელსა და მკითხველს, ვინ ვის შეაგინა? ამით ერთობა და ყურადღება გადააქვს ნამდვილი პრობლემებიდან?
– ეს უკვე სხვა თემაა. გაზრდილია აგრესია და ესეც გლობალური პროცესია. სხვათა შორის, თითქმის დამტკიცებულია, რომ ამ პროცესს ხელს უწყობს სოციალური ქსელები. რამდენიმე კვლევა არსებობს, რომლებიც ადასტურებენ, თუ როგორ წაახალისებს სოციალური ქსელი აი, ამ ურთიერთდაპირისპირებას და როგორ ქმნის კონფლიქტებს საზოგადოებაში. ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, საქართველოში და ასე შემდეგ და ამიტომაც სხვადასხვა ქვეყანაში, მართალია, სხვადასხვა იდეოლოგიური არგუმენტაციით ფუთავს, მაგრამ აწესებენ გარკვეულ ცენზურას. ადამიანებს რეალურ ვადებს უსჯიან ამა თუ იმ შინაარსის პოსტის გამოქვეყნებისთვის როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე მოლდოვაში, აღმოსავლეთ ევროპაში; რუსეთში – თავისთავად. ჩვენთან, ამ მხრივ, ყველაზე ველური ველია, იმიტომ რომ არანაირი შეზღუდვები არ არის.
– მაგრამ „ფეისბუქი“ აწესებს პოლიტიკურ შეზღუდვებს.
– მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა სუვერენულად არანაირ შეზღუდვას არ აწესებს. ჯერ ერთი, იმიტომაც ვერ აწესებს, რომ მისი ლეგიტიმაცია არ ვრცელდება ამ სოციალურ ქსელებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიცაა, რომ სოციალურ ქსელებში შეზღუდვების შემოღებამ შეიძლება, დამატებითი სტიმული მისცეს პროტესტს, გააცოცხლოს ის. მაგრამ მთავრობა აუცილებლად უნდა მივიდეს რეგულაციების დაწესებამდე. ამას გარკვეული დრო სჭირდება და არჩევნების შემდეგ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ სუვერენული სოციალური ქსელის შექმნაზე. 2010 თუ 2012 წელს ლატვიაში ვიყავი და მათ უკვე ჰქონდათ თავიანთი სოციალური ქსელი. საკმაოდ პოპულარული და ლატვიელები, ძირითადად, ამ სოციალურ ქსელს იყენებდნენ. ჩვენც მოგვიწევს შეზღუდვების შემოღება, დარწმუნებული ვარ, ვინაიდან ყველა იღებს ამ შეზღუდვებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები „ტიკტოკს“ ვერ ინელებს. ბაიდენის ადმინისტრაციის დროიდან მიდის საუბარი, რომ შეიზღუდოს „ტიკტოკის“ მოქმედება ან ის გადავიდეს ამერიკელი მფლობელების ხელში. ესე იგი, არ მოხდეს ინფორმაციის გატანა და პირიქით, არასასურველი ინფორმაციის გავრცელება. ასევე, ვხედავთ, რომ ევროპაც ამკაცრებს რეგულაციებს. საფრანგეთმა, რატომღაც, სანქციები დაუწესა დუროვს, „ტელეგრამის“ შემქმნელსა და მფლობელს, საპატიმროშიც ჰყავდათ და ის ვერ ხვდება მიზეზს. თუმცა ამას წინათ თქვა, რომ ერთი წლის წინ საფრანგეთის სპეცსამსახური მისგან მოითხოვდა დახმარებას რუმენეთსა და მოლდოვეთში შესაბამისი ექაუნთების დაბლოკვაში. და თითქოს ეს მოთხოვნა თუ თხოვნა პირდაპირ იყო დაკავშირებული მის დევნასთან. ანუ ჩვენ ვხედავთ, როგორი მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის ინსტრუმენტი, მათ შორის, ამ ტიპის აგრესიის, აპათიის, ფრუსტრაციის დასანერგად. ეს ძალიან სახიფათო ინსტრუმენტია და ჩვენ ვხედავთ, ის აგრესია, რომელიც ღვივდება საზოგადოებაში, გადადის სოციალურ ქსელში. მეც კი, გარკვეულ პერიოდში ვფიქრობდი, რომ ამას შეიძლება, პოზიტიური ეფექტი ჰქონოდა, თუკი სოციალურ ქსელში აორთქლდებოდა ეს აგრესია. მაგრამ ვაკვირდები, რომ პირიქით ხდება. სოციალური ქსელი იმდენად ზრდის აგრესიას, რომ ადამიანებს უკვე უჭირთ პირადი ურთიერთობა. სოციალური ქსელი გაძლევს საშუალებას, დისტანციურად მიაყენოო შეურაცხყოფა ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, შენს ახლობელს და ბევრი მაგალითია, რომ ნამდვილი მეგობრებიც კი შორდებიან ერთმანეთს ამის გამო.
– ეს სოციალური ქსელები იმთავითვე ამისთვის იყო ჩაფიქრებული, ანუ ხალხის გამოსაშტერებლად, განსაადამიანებლად, სოციალური ურთიერთობების მოსაშლელად?
– ცნობილია, როგორ იქმნებოდა სოციალური ქსელები, იგივე „ფეისბუქი“. პირველი მიზეზი ის არის, რომ ევოლუციის ლოგიკას მოაქვს ასეთი ინსტრუმენტები. ახლა გლობალური სამყაროა და შენ უნდა გქონდეს გლობალური ინსტრუმენტები, მაგალითად, ინტერნეტი და, ამდენად, სოცქსელის შექმნის საკითხი, ადრე თუ უკვიან, დადგებოდა, უბრალოდ, დიალექტიკურად იქნებოდა ამის მოთხოვნა. ხალხს უნდა ერთმანეთთან ურთიერთობა, უნდა სწრაფად დაკავშირება. თუმცა ცხადია, რომ ყველა დიდი სოციალური ქსელის უკან დგას ან გავლენიანი სახელმწიფო, ან გავლენიანი სახელმწიფოს სპეცსამსახური, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ქსელის განვითარებას და იყენებენ ამ სოცქსელებს საკუთარი ინტერესებისთვის, საზოგადოების მანიპულაციისა და დეზინფორმაციისთვის, გარკვეული განწყობების დანერგვისთვის. ამ ქსელების ერთ-ერთი ამოცანაა კონტროლი. გავავლოთ მარტივი ანალოგია: დავუშვათ, გაუქმდა ყველა ქართული ტელევიზია; შეიძლება, შინაგანად ამას ძალიან ბევრი გულშემატკივრობდეს, მაგრამ ეს სივრცე ამის შემდეგ აიღო სხვა ქვეყნის მაუწყებლობამ. ის ხომ სათავისოდ გამოიყენებს?! ვინც ევრონიუსს უყურებს, იცის, რომ ის ავრცელებს ბრიუსელის ოფიციალურ დღის წესრიგს, მის პოლიტიკასა და შეფასებებს. იქ ვერც მოლდოვეთის შესახებ გაიგებ, როგორ ჩატარდა სინამდვილეში არჩევნები: სანდუს პარტია უკვე მეორედ იგებს არჩევნებს დიასპორის ხარჯზე. როდესაც შენ არ გაქვს შენი ინსტრუმენტი, მას ანაცვლებ სხვა ქვეყნის ინსტრუნებტით, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
– ჯერჯერობით შესაძლებელია, რომ ელექტრონული პლატფორმები გამოიყენო, მათ შორის, „იუთუბი“, „ტელეგრამი“, „იქსი“ და სხვა, მაგრამ ერთ დღეს ხომ შეიძლება, აგიკრძალონ, მფლობელების ინტერესებიდან გამომდინარე?
– რა თქმა უნდა, თავისუფლადაა შესაძლებელი. მაგალითად, თუკი რუსეთის ფედერაციამ აკრძალა „ფეისბუქი“, გამოცხადდა, როგორც სხვა ქვეყნის დივერსიულ-ექსტრემისტული ორგანიზაცია და ასე შემდეგ, „იუთუბმა“ პირიქით გააკეთა: რუსეთში მცხოვრებ ბლოგერებს მონეტიზაციის უფლება ჩამოართვა და, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე კარგავ მონეტიზაციის უფლებას, არადა 145-მილიონიანი მოსახლეობაა და უამრავი ბლოგერია, რომლებიც ამით ცხოვრობდნენ, ესე იგი, „იუთუბი“ გამოყენებულია, როგორც ზეგავლენის ეკონომიკური ბერკეტი. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თორემ „იუთუბისთვის“ ფინანსურად რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი ასეთი გადაწყვეტილება?! მაგალითად, გარკვეული დროის განმავლობაში „ნეტფლიქსი“ იყო გამორთული რუსეთში და რუსებს არ შეეძლოთ ფილმების ნახვა. ეს ზეწოლის ინსტრუმენტებია: თუ შენ პუტინს ემხრობი, მაშინ ამ დასავლური სიკეთეებით ვერ ისარგებლებ. ეს იგივეა, რასაც ჩვენ გვიკეთებენ ვიზალიბერალიზაციით. თუ გინდათ, გახდეთ ევროპის ნაწილი, მაშინ გააგდეთ ეს ხელისუფლება.
– მე ამაში ვხედავ ლოგიკას: თუ ჩემთან გინდა, მოიქეცი, როგორც მე მინდა, უბრალოდ, ეს ტირანიას ჰგავს და მაშინ უნდა ითქვას, რომ დემოკრატია არაფერ შუაშია და ვარ ტირანი.
– ამას დასავლეთი არასდროს ამბობდა და არც იტყვის, თუმცა ყოველთვის ასე იქცეოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან