პოლიტიკა

რატომ არის მოსახერხებელი ადამიანების მართვა ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც ვერ დასწამებ დიქტატორობას

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.11

ბესიკ ბოგველი
დაკოპირებულია

2026 წლიდან ჩინეთი მართვის ახალ სისტემას ნერგავს, რომელზეც წლებია, მუშაობდა და რომელიც მოსახლეობის ტოტალურ კონტროლს ითვალისწინებს, თუმცა საქმეც ისაა, რომ ელექტრონულად, რაც ძალიან მოსახერხებელია, რომ ქვეყნის მმართველებს უსიამოვნო იარლიყები არ მიაკერონ. რას ითვალისწინებს მართვის ახალი სისტემა? – ამ საკითხს ფსიქოლოგი ბესიკ ბოგველი განგვიმარტავს.

– ეს არის ტოტალური მართვის სისტემა და ჩინეთს ეს დასჭირდა იმიტომ, რომ სახელმწიფოში საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსახლეობაა და სჭირდებათ მართვის ისეთი ფორმა, რომელიც, ერთი შეხედვით, დემოკრატიული იქნება, ანუ არ იქნება დიქტატორული გავლენის ქვეშ. ესე იგი, გავაკონტროლებ, მაგრამ პასუხისმგებლობა დაეკისრება არა დიქტატორს, მაგალითად, როგორიც არის ლიდერი, არამედ, ვთქვათ, ხელოვნურ ინტელექტს ან რაღაც კომპიუტერულ პროგრამას, პრინციპით: ჩემი რა ბრალია, მან განგისაზღვრა. ესე იგი, რაზეა საუბარი?! რომ პროგრამა აკონტროლებს პიროვნების განვითარებას, ფინანსურ რესურსს, მის მორალურ კომპონენტს, მის ქცევას: თუ სვამს, თუ ჩხუბობს, აქვს თუ არა მეზობლებთან კონფლიქტი. ყველა ეს მონაცემი შედის სისტემაში და ეს კომპიუტერული სისტემა ადამიანს უწერს შესაბამის ქულებს, რომელიც განსაზღვრავს, მაგალითად, მისი შვილის ბედს. ისწავლის თუ არა უფასოდ უმაღლეს სასწავლებელში, იქნება თუ არა წარმატებული სამსახურში, იმიტომ რომ მშობლებისა და ახლობლების გავლენები ისახება პიროვნების განვითარებაზე. სამსახურში რომ მიხვალ, „ქსივაში“ გამოჩნდება, რომ მამაშენს აქვს ამდენი და ამდენი ქულა. ამდენად, ადამიანი რაღაცების ჩადენასა და თქმას მოერიდება. ამასთან, ქულები იმოქმედებს სოციალურსა და კულტურულ პაკეტებზეც: თუ ცუდი ქულა ექნა, თეატრში ვერ შევა, უცხოეთში ვერ გაფრინდება, ვერ დაესწრება კონცერტებს, ვერ შევა სუპერმარკეტებსა და რესტორნებში.

– საერთოდ ვერ იყიდის საკვებს?

– თუ დაბალი ქულები ექნება ადამიანს, იარსებებს ისეთი მაღაზიები, რომლებიც არ გამოირჩევა დიდი კომფორტით. თუ უფრო ცუდად მოიქცევა შეიძლება, შეუზღუდონ ავტობუსით, მატარებლით, თვითმფრინავით მგზავრობა. ანუ გამოდის, რომ პიროვნების ბედს განსაზღვრავს არა ვიღაც ლიდერი და პარტიული ნომენკლატურა, არამედ ელექტრონული სისტემა, რომელიც აკონტროლებს ყველასა და ყველაფერს.

– რეალურად როგორ უნდა მოხდეს ეს? სად იქნება ეს ინფორმაცია ჩაწერილი, რაში?

– ბავშვისთვის ქულების დაწერას დაიწყებენ სკოლაში შესვლისთანავე. ადრე, თუ გახსოვთ, ყოფაქცევაშიც იწერებოდა ნიშანი. ეს მონაცემები დაგროვდება პიროვნების საიდენტიფიკაციო ნომერზე. ისევე, როგორც თქვენი ან ჩემი სახელი რომ ჩავწეროთ „ფეისბუქის“ საძიებო ველში, ყველა ჩვენს აქტიობებს ამოყრის. ამდენად, ერთ საიდენტიფიკაციო ნომერზე იქნება მიბმული ყველანაირი ინფორმაცია პიროვნების შესახებ და ეს ცნობები ექნება უშიშროებას ან სახელმწიფო სამსახურს, რომლებიც განაგებენ ამ ინფორმაციას. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ეს სისტემა მოხვდეს პოლიტიკური გავლენების ქვეშ. ჩვენ დანამდვილებით არ გვეცოდინება, რომ ხელისუფლებაში არ მოვა პიროვნება, რომელიც ამ ინფორმაციას თავისი ინტერესებისთვის არ გამოიყენებს. მას შეეძლება, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით წაშალოს ინფორმაცია შენ შესახებ და ავტობუსშიც კი ვეღარ ახვიდე. ანუ ვიღაცას შეიძლება, ჩაუვარდეს ხელთ შენ შესახებ ინფორმაცია და უბრალოდ, წაგშალოს. შესაბამისად, სარჩელსაც კი ვერ შეიტან სასამართლოში, იმიტომ რომ არავინ ხარ. ეს იმდენად უცნაური სისტემაა, რომ ვერც აღმოაჩენ, რომ ვიღაც გაკონტროლებს. ანუ თავისუფლად გრძნობ თავს. გამოდის, რომ ეს სისტემა, ფაქტობრივად, ღმერთია. რა არის ღმერთი?! ღმერთის გვეშინია, გვაქვს მისი იმედი, ღმერთზე ვართ დამოკიდებული, შენი პირადი კეთილდღეობა და სამყაროს ბედნიერება უკავშირდება ენერგიებს. ამ სისტემის შემთხვევაში უკვე განმსაზღვრელი იქნება არა ღმერთი, არამედ ქულები, რომლებსაც ეს პროგრამა წერს. ამ ქულებზე იქნება დამოკიდებული შენდამი კეთილგანწყობა და შენი ბედნიერება. ხოლო, თუ ვინმეს ჩაუვარდა ხელში შენი მონაცემები, ის უკვე ღმერთზე მეტი გამოდის. იმიტომ რომ ღმერთი გაძლევს უამრავ შანსს, სისტემა კი მეორე შანსსაც არ იძლევა.

– ცხადია, ღმერთს ისინი ვერ გაუტოლდებიან, მაგრამ ადამიანებს უდიდეს უსიამოვნებებს შეამთხვევენ. ჩვენს დელეგაციას რა უნდოდა ამ სისტემის განხილვაზე?

– ორი წლის წინ ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც ჩასულები იყვნენ წარმომადგენლები საქართველოდანაც და მთელი მსოფლიოდან. კონფერენცია ეხებოდა მართვის სისტემებს. მართვის სხვადასხვა სისტემა განიხილეს და ერთ-ერთი იყო ეს სისტემა... გასაგებია, რომ ამ სისტემას აუცილებლად დაუკავშირდება ბანკები. აქვე გაგახსენებთ, რომ, როგორც ამბობენ, ჩინელებმა იყიდეს „ლიბერთი ბანკი“. არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ უკვე იწყება ფულადი ერთეულის ამოღება მიმოქცევიდან. ვიცით, რომ ტრამპი ლაპარაკობს ამაზე, პუტინიც, ჩვენთანაც საუბრობენ, რომ ელექტრონული ფული უნდა დაინერგოს. საერთოდ, ამერიკისთვის სახიფათოა ქაღალდის ფულის არსებობა – უკვე იმდენია დაბეჭდილი. და ვიცით, რომ ორგანიზაცია, რომელიც დოლარს ბეჭდავს, არ არის სახელმწიფოს გავლენის ქვეშ. კერძო პირების გავლენის ქვეშაა. ამდენად, ერთადერთი გზა, რომ ფული გაკონტროლდეს არის ის, რომ გადაიქცეს სხვა სისტემად და ეს იქნება ელექტრონული ფული. იმასაც გაგახსენებთ, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას.

– ევროპელები და ამერიკელები ვერ ხედავენ, რომ მართვის ეს სისტემა დიქტატორულია და ადამიანის უფლებებს არღვევს?

– გამოითქვა მოსაზრებები, მაგრამ, ისევე, როგორც ბევრ სხვა თემაზე, ამ თემაზეც აღარ საუბრობენ. მაგალითად, „ელ გე ბე ტე“ თემაზე ბევრმა მეცნიერმა გამოთქვა აზრი, ბევრი დაიჭირეს, ზოგი სამუშაოდან გაუშვეს. აქაც იგივე ხდება. თუ ვიღაცის გეგმაა, რომ ეს სისტემები შემოიტანოს, იქ შენ უკვე აღარ გალაპარაკებენ. ტელევიზიით ვერ გამოხვალ, პრესაში არ დაიბეჭდება შენი აზრი. ევროპაშიც იგივე ტენდენცია იკვეთება: უბრალოდ, ევროპა სხვა თემებით მიდის მართვის მსგავსი სისტემისკენ. ხელოვნული ინტელექტი დასვეს მინისტრებად, მთლიანად მთავრობაც დააკომპლექტეს ხელოვნური ინტელექტით. მიდის პროცესები, რომ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა. ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას თუ დასვამ, გამოვა, რომ დიქტატორია, თუ ყველას აკონტროლებს, ხოლო, როდესაც იტყვი, მე რა შუაში ვარ, პროგრამამ თქვა და გააკეთაო, უკვე სხვა სურათია. ხომ გაგვიგონია ყველას ჩიპების პროგრამა?! სკანდინავიის ქვეყნებში აქტიურად ინერგება. გიმონტაჟებენ კანქვეშ ჩიპს, რომელშიც თავმოყრილია შენი პიროვნული ინფორმაცია, ბანკის ანგარიში, ბარათები... მოკლედ, ყველაფერი არის იქ და, ლოგიკურად, თითქოს კომფორტულია. მაგრამ, მოდი, დავაკვირდეთ, რა პროცესები შეიძლება, განვითარდეს. დღეს შესაძლოა, არაფერი ხდება, ოღონდ ვიღაცაზეა დამოკიდებული, რა მოუვა შენს მონაცემებს. ესე იგი, ეს შეიძლება, გახდეს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი; იქცეს თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად და ამაზე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას. ფსიქოლოგიურად განვიხილოთ ეს საკითხი: ჩვენი მე, ჩვენი არსი ეყრდნობა ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მათთან ურთიერთობებს, სახელმწიფოს, მსოფლიოს, რელიგიას, ღმერთს. ეს ყველაფერი ქმნის ჩემს პიროვნულ კომფორტს. თუ კარგადა ვარ განწყობილი ამათ მიმართ, კარგად მძინავს და თავს კარგად ვგრძნობ. ამ დროს კი არსებობს ჩიპი, რომელსაც ღმერთის ფუნქცია მიენიჭა: ეს ჩიპი თუ გამიფუჭდა, მერე რა მოხდება?! ვერსად შევალ, ხომ?! ვერანაირ მომსახურებას ვერ მივიღებ, ვერანაირ მოთხოვნილებას ვერ დავიკმაყოფილებ. იმ დღეს ბანკში ფულს ვერ ავიღებ, იმ დღეს მეტროში ვერ შევალ; განცხადებას ვერ დავწერ სასამართლოში. ანუ ჩემი ტვინი უკვე კონცენტრირებულია ხელზე. ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ საკმარისია, გაჩნდეს ეჭვი, რომ ვიღაცამ შეიძლება, ამას დააჭიროს და წამშალოს. ანუ შესაძლოა, გაჩნდეს შიში, რის გამოც მთელი ჩემი ყურადღება და ენერგია წავა იმ ხელისკენ, რომელშიც ჩამონტაჟებულია ჩიპი. ამდენად, შეიძლება, ვიხილოთ ხელოვნური დამწვრობები. ხომ ვიცით, რომ ჰიპნოზის დროს არსებობს ხელოვნური დამწვრობები. ადებენ ადამიანს ცივ საგანს და ჰიპნოზის ქვეშ ეუბნებიან, რომ დაადეს ცხელი საგანი და ადამიანი განიცდის დამწვრობის ეფექტს, ოღონდ კანის ეპიდერმისი არ ზიანდება. შიგნით ხდება სისხლის მიდინება და იქმნება დამწვრობის მსგავსი ეფექტი, რომელიც ვიზუალურად დამწვრობას ჰგავს. ცნობილია, რომ ის ადგილი, სადაც ფსიქიკა ახდენს კონცენტრირებას, ჩირქდება, ზიანდება. შესაბამისად, ჩიპზე კონცენტრირება აუცილებლად გამოიწვევს თერმორეგულაციის მოშლას, შეიძლება, ხელი დალპეს კიდეც ან მსგავსი პროცესები განვითარდეს.

– დაშინებული საზოგადოება გაცილებით იოლი სამართავია.

– დიახ, სუფთა კლასიკური სამეცნიერო შეფასებით, შეიძლება, ადამიანს ხელი დაულპეს. სხვა მაგალითსაც მოვიტან. დეკლარაციის შევსების შესახებ კანონი სამი წელი იყო და არავის ეშინოდა, მაგრამ, როგორც კი ღარიბაშვილი დაიჭირეს იმიტომ, რომ, თურმე, დეკლარაცია არ ჰქონდა შევსებული, ხალხს გაუჩნდა შიში. ამიტომ დაიწყეს დეკლარაციების შევსება, თანხების გადახდა. ნახე, ერთმა ფაქტმა გამოიწვია ყველაფერი. ამიტომ ვამბობ, საკმარისია, გაჩნდეს ერთი პოლიტიკური ფაქტი, რომ ის შენი ჩიპი შეიძლება, გაფუჭდეს ან შენი საიდენტიფიკაციო ნომერი ვიღაცამ წაშალოს, რომ ადამიანებს დაეწყებათ შფოთი. და თუ დიქტატორულ სისტემაში, რაც უნდა უძლიერესი და სისხლისმსმელი დიქტატორი იყოს, მაინც არსებობს შანსი, რომ ის დიქტატორი მოკლა, სისტემის შემთხვევაში ეს შანსი არ არსებობს: სისტემას ვერ შეცვლი. ის არ არის პიროვნება, რომლის მოკვლა ან ჩამოგდებაა შესაძლებელი.

– შეუძლებელია, ამ პროცესის შეჩერება?

– არ ვიცი, ამ დაქოქილ სისტემას ვინ გააჩერებს, მაგრამ მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებამ გაითვალისწინონ მოსალოდნელი საფრთხეები, რომ ეს პროცესი რაღაც დონეზე შევაჩეროთ, ისევე, როგორც „ელ გე ბე ტეს“ შემთხვევაში მოხდა. ჩვენ ხომ შევაჩერეთ რაღაც დონეზე „ელ გე ბე ტე“ თემა?! შეიცვალა ამერიკაში ხელისუფლება და რაღაც გვეშველა: არავინ იფიქროს, რომ აქაც იგივე არ მოხდებოდა და ის მარშები არ ჩატარდებოდა, რაც ჩატარდა საბერძნეთში, გერმანიაში, ისრაელში. ისევ მართვის სისტემას დავუბრუნდები: წარმოიდგინეთ, ვიღაც შემოვიდა და თქვა, 20 000 დოლარს მივცემ მას, ვინც ჩაიდგამს ჩიპს, როგორ ფიქრობთ, რამდენი დათანხმდება?! ოფიციალურად, 75 000 ნარკოდამოკიდებულია, რეალურად – 200 000-ზე მეტი, 400 000-მდე თამაშობს და 600 000 სოციალურად დაუცველია. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება, იფიქრონ, ჩავიდგამ, ფულს ავიღებ და მერე ამოვიღებ, მაგრამ ვეღარ ამოიღებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა