პოლიტიკა

რატომ არის მომწყვდეული საქართველო ჩიხში

№30

ავტორი: ნინო ხაჩიძე 22:10 06.09

დავით კუხალაშვილი
დაკოპირებულია

ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაა როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ისე დასავლეთის სამივე ცენტრიდან (ვაშინგტონი, ბრიუსელი, ლონდონი); ასეთივე პირი უჩანს აზერბაიჯანის პრეზიდენტზე ზეწოლას, თუმცა თბილისი და ბაქო განსხვავებულად რეაგირებს ამ მოცემულობაზე: საქართველოს ხელისუფლება შედარებით პასიურის, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლება აქტიურ ნაბიჯებს დგამს (არა მხოლოდ განცხადებების დონეზე). ალიევი აპირებს, რუსეთს უჩივლოს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო და ხენკენდიში გამართულ მედიაფორუმზე უკრაინას გამარჯვება უსურვა, იმავდროულად კი, დასავლეთს მოუწოდა, რომ არ უნდა უკარნახონ აზერბაიჯანს ცხოვრების წესი. არანაკლებ დაძაბულია ვითარება სომხეთში: სომხეთის პრეზიდენტიც ლამის ურთიერთგამომრიცხავ ნაბიჯებს დგამს. რა პერსპექტივა იკვეთება სამხრეთ კავკასიისთვის გეოპოლიტიკური დაპირისპირების სიმძიმის ერთ-ერთი ცენტრის ჩვენს რეგიონში გადმოტანით? – ამ თემას უსაფრთხოების ექსპერტთან, დავით კუხალაშვილთან, ერთად განვიხილავთ.

– შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ თბილისისა და ბაქოს მოქმედებები კოორდინირებულია?

– ყველა ის მოვლენა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ვითარდება, კიდეც წააგავს ერთმანეთს და გარკვეულწილად შეიძლება, განსხვავდებოდეს, მაგრამ ერთი და მთავარი აშკარაა: სამხრეთ კავკასია და, განსაკუთრებით, თბილისი წარმოადგენს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების გადაკვეთის მნიშვნელოვან წერტილს. მიზანია, რომ ყველა ვეშაპმა სახელმწიფომ საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები. ყველა დანარჩენი მოვლენა, რომლებიც ვითარდება – სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ტერორისტული აქტები მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ და ასე შემდეგ არის ის პატარ-პატარა ამოცანები, რომლებიც ემსახურება საერთო მიზანს: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საკუთარი ვექტორის გავლენის ქვეშ მოქცევას. თუმცა, მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ღია სივრცეში დოკუმენტირებული სამეზობლო პოლიტიკა და, ამდენად, ამ მიმართულებით თემის გაშლას მოვერიდებოდი.

– შეიძლება, ითქვას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ცდილობენ, არ შეუშალონ ხელი ერთმანეთს?

– ცდილობენ, რომ, საკუთარი ინტერესების გატარებასთან ერთად, გაატარონ ერთმანეთის ინტერესები. ერთმანეთისადმი გამოხატონ გარკვეული მხარდაჭერა. საქართველო, თავისი უნიკალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ცდილობს, სამეზობლოში ჰქონდეს დაბალანსებული პოლიტიკა და მათ შორის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის აქტიური ფაზის დროსაც და პასიურ ფაზაშიც ცდილობს, შეასრულოს შუამავლისა და კეთილი მეზობლის როლი. ეს კეთდება საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის. მაგრამ, ვფიქრობ, ეს პროცესები გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე მოქმედებების პარალელური რეჟიმი, რაც, ფაქტობრივად, გადაზრდილია მსოფლიო ომის ფაზაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს არავინ აღიარებს მსოფლიო ომად, თუ დავაკვირდებით უცხო ქვეყნების სახელმწიფოთა ინტერესებსა და მათ პირდაპირსა და ირიბ მოქმედებებს, მსოფლიო ომის ნიშნები იკვეთება და ეს არის ხელსაყრელი პირობა იმისთვის, რომ ინსპირირებული იქნას ახალი მსოფლიო ომი. შემთხვევითი არ იყო ისრაელის ქმედებები ირანისადმი, რომელსაც ჰყავდა დირიჟორი. ერთი სიტყვით, საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ ერთ ძირითად და მნიშვნელოვან კონტექსტამდე, რომ დომინირებისთვის მებრძოლ სახელმწიფოთა შორის გამოკვეთილია ტრიადა: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი. არსებობს ღია ტიპის ინფორმაცია, მაგრამ არსებობს დახურული ტიპის ინფორმაციაც, რომელიც ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ამ სამ სუბიექტს შორის გარკვეული შეთანხმებული ქმედებები აუცილებლად ხორციელდება. ეს არის სადაზვერვო კოორდინაცია, იმ მიზნით, რომ არ დაზიანდეს მათი საერთო ინტერესები და სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მიმართულება, მათ შორის, საქართველოსა და სამხრეთ-კავკასიისთვის, რომ ამ სადაზვერვო კოორდინაციით არ დაზიანდეს ჩვენი ინტერესები. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სადაზვერვო სამსახურებს უნდა ჰქონდეთ მონაცემები, თუ რა ტიპის საიდუმლო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ სამ სახელმწიფოს შორის; სადაზვერვო ანალიტიკური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს ღია წყაროებში არსებულ მონაცემებზე, რომელთა შორის, მაღალი ალბათობით, ძალიან ბევრი დეზინფორმაციული ნაკადია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაანალიზდეს, რომ საბოლოო სურათი დავინახოთ.

– რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს ის ნაბიჯები, რომლებსაც აზერბაიჯანი დგამს? ალიევს სხვა გზა არ აქვს, თუ ის, უბრალოდ, მზად არის რუსეთთან კონფრონტაციისთვის, რა ფორმისაც უნდა იყოს ეს კონფრონტაცია?

– აზერბაიჯანის ასეთი აქტიურობა განპირობებულია იმით, რომ მას ჰყავს მყარი სტრატეგიული პარტნიორი, თურქეთის სახით და არ უნდა გამოვრიცხოთ ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანი შედის ბრიტანეთის სადაზვერვო ინტერესებში. ამდენად, ეს ორი ფაქტორი გასათვალისწინებელია. რაც შეეხება საქართველოს: ის, ფაქტობრივად, ჩიხშია მიმწყვდეული და გვინდა თუ არა, მაინც მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ახალი სტრატეგიული პარტნიორის არა მარტო არჩევის, არამედ მის შესახებ უკვე დაუფარავად განცხადების შესახებ. დააკვირდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს: ევროკავშირმა დამატებითი კიდევ ერთი მოთხოვნა წამოუყენა საქართველოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება, რაც ნიშნავს, რომ დაპირისპირების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ დაპირისპირების მასშტაბის ზრდა ორ მნიშვნელოვან შედეგზეა გათვლილი: უპირველესად, უნდათ, რომ გამოიწვიონ ქვეყნის შიგნით შიში, პანიკა და ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება და, მეორე მხრივ, შექმნან უარყოფითი განწყობები საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ უნდა შევეგუოთ ობიექტურ რეალობას, რომ, რაც ჩვენ გვინდა, არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებში და საერთაშორისო უსაფრთხოებაში. მთავარი და გადამწყვეტია, თუ რა არის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი სახელმწიფოსთვის და ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, რომელიც კანონიერად არის არჩეული დღეს საქართველოში, მხოლოდ მას აქვს არა მარტო იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს ეს ინფორმაციული ნაკადები, გრიფით „სრულიად საიდუმლოდ“, არამედ მას აქვს ის რწმუნება, რომ მიიღოს უსაფრთხო გადაწყვეტილებები საერთაშორისო ურთიერთობებში. ესე იგი, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ქვეყანა, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს არჩევა, აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო და ქვეყნის ინტერესებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

– ფაშინიანიც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს: ჯერ ევროპასთან დაახლოებას ცდილობს, შემდეგ ამბობს, რომ შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანება. ელაპარაკა პეზეშკიანს და დაპატიჟა ერევანში. მსგავსი რამ საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეკეთებინა, მგონი, უკრაინისთვის გადასაცემი რაკეტები თბილისზე იქნებოდა დამიზნებული. ერევანი და აზერბაიჯანი ერთი ცენტრისადმი არიან ანგარიშვალდებულნი თუ სხვადასხვა ცენტრისადმი?

– მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობებს არ აკეთებს. პირიქით, ვფიქრობ, რომ, განსაკუთრებით, 2022 წლიდან ის სწორ ნაბიჯებს დგამს. წინააღმდეგ შემთხვევაში უსაფრთხოების ღერძი იქნებოდა დარღვეული, რაც ნიშნავს, ვნახავდით ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. რით მიიღწევა ეს ყველაფერი? სწორედ სადაზვერვო კოორდინაციით. საქართველოს რომ არ ჰქონდეს მაღალი ტექნოლოგიური განვითარებისა და მაღალი სადაზვერვო უნარების მქონე სახელმწიფოებთან სადაზვერო კოორდინაცია, იმ პრობლემებს ვერ დაძლევდა, რომლის წინაშეც დგას. არსებობს აქტივობის ორი მიმართულება: აშკარა და დახურული. მე მაინც ვფიქრობ, რომ დახურული აქტივობების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ძალიან გონივრულად. ამის გამორიცხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ შედეგს ვხედავთ და ჩვენი ძირითადი შედეგია, რომ შენარჩუნებულ იქნას კონსტიტუციური წყობილება და არ მოხდეს მისი ძალადობრივი დამხობა. რაც შეეხება თურქეთის პოზიციას: მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეული პროტექტორატი ჰყავს და სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო აქვს განვითარებულ სახელმწიფოებთან, ის მიმართავს ოპერატიული თამაშის ელემენტებს. ეს სადაზვერვო საქმიანობის ტერმინია და აი, ამ ოპერატიული თამაშის ელემენტებს ვხვდებით როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხრიდან. ამდენად, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, დაპირისპირებად ჩაითვალოს რომელიმე სახელმწიფოსადმი, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს საზოგადოების დასანახავად მოქმედებაა და არ მჯერა, რომ აზერბაიჯანი ან სომხეთი, ან საქართველო მზად იყო იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს, ვთქვათ, რუსეთს. თუმცა სხვა ქვეყნების აქტიურ სადაზვერვო საქმიანობაზე ვისაუბრეთ, გვერდზე არ უნდა გადავდოთ რუსეთის ფედერაცია, რომელიც, ასევე, წარმატებით მანიპულირებს და მოქმედებს თავისი სადაზვერვო აქტივობებით სამხრეთ კავკასიაში.

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის პიკი და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკული ფაზა ამ ურთიერთობებში. ალბათობის მაღალი ხარისხით, როგორც კი უკრაინის პრობლემა მოგვარდება, ვფიქრობ, რომ დაიწყება აქტიური გადანაწილების პროცესის დასკვნითი ფაზა. ამ შემთხვევაში მთავარია, საქართველომ და სამხრეთ კავკასიამ მიაღწიოს იმ პერიოდამდე და, შესაბამისად, თავისი გონივრული პოლიტიკით არ გააღიზიანოს ვეშაპი სახელმწიფოები იმ დონეზე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი საფრთხის ქვეშ დადგეს. ყურადღებას მივაქცევ, თუ რა ტიპის პროპაგანდა ვრცელდება მთლიანად სამხრეთ კავკასიაში: რუსეთის ფედერაცია თითქოს აპირებს ახალი, საბჭოთა კავშირის ტიპის იმპერიის შექმნას. ყველა ის მასალა, რაც გამიანალიზებია, მათ შორის, საბჭოთა პერიოდში სპეცსამსახურებში უკვე განსაიდუმლოებული მასალები, მიანიშნებს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების წიაღში მოხდა სპეციალური ოპერაცია, რის შედეგადაც დაჩქარებულად დაიშალა საბჭოთა კავშირი. გორბაჩოვი, შევარდნაძე თუ სხვები იყვნენ ელემენტები, რომლებსაც ეს პროცესები უნდა განეხორციელებინათ. თანამედროვე ეტაპზე რუსეთის ფედერაციისთვის საბჭოთა კავშირის ტიპის იმპერიის შექმნა წამგებიანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადადგამს. არა მარტო რუსეთის ფედერაცია, ყველა სახელმწიფო, რომლებიც ჩანან რეგიონში, დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებულმა ხელისუფლებებმა არ დააზიანონ მათი ინტერესები. მათი ძირითადი ამოცანა იქნება, რომ თითოეულმა გაატაროს მხოლოდ თავისი სადაზვერვო ინტერესი, ჩვენ კი უნდა შევეცადოთ, რომ მათი ეს ინტერესები დავაბალანსოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა