პოლიტიკა

რატომ არის მიუღებელი შეერთებული შტატებისთვის ირანის სახელმწიფოს არსებობა

№9

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:00

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

აშშ ხან აპირებს ირანზე თავდასხმას, ხან გადაიფიქრებს, თუმცა ახლახან კვლავ იფეთქა ირანში უკმაყოფილებამ, ამჯერად სტუდენტებისამ. რა მანევრებს ატარებს ამერიკის შეერთებული შტატები? როგორ შეიძლება, გადაწყდეს აშშ-ირანის დაპირისპირების პრობლემა და არის თუ არა მცირეოდენი შანსიც კი, რომ მხარეები მორიგდნენ ირანში ხელისუფლების შეცვლის გარეშე? რის იმედად ლამობს ისრაელი ირანთან ომის წამოწყებას? – ამ თემებზე დემურ გიორხელძე გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, დღეს ირანი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური სახელმწიფოა. ის არა მხოლოდ უმდიდრესია ენერგორესურსებით და არა მხოლოდ ორმუზის ყურეს აკონტროლებს, საიდანაც ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის 30 პროცენტი გადის, არამედ მისი მთავარი მნიშვნელობაა მდებარეობა. მიუხედავად იმისა, რომ 1978 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამერიკის საელჩოზე მოხდა თავდასხმა და იქ აიათოლების რეჟიმი დამყარდა, უზარმაზარი სანქციები აქვს დაწესებული, ქვეყანამ, თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოძებნა ძალა, რომ უდიდესი ნაბიჯი გადაედგა სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებით და ნამდვილად გარღვევა მოეხდინა კომპლექსურად იმ მიმართულებებით, რასაც მეცნიერება და ტექნიკა ჰქვია. ამას ემატება ირანის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩინეთთან და რუსეთთან. ფაქტობრივად, „ბრიქსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქვეყანაა; ხელმისაწვდომ ფასად ნავთობით ჩინეთის ყველაზე დიდი მომმარაგებელია, რის გარეშეც ჩინეთს უზარმაზარი პრობლემები ექნება და აგრეთვე, რუსეთისთვის წარმოადგენს იმ ღერძის შემცველ ქვეყანას, რომელიც ჩრდილოეთი-სამხრეთის სტრატეგიულ მაგისტრალს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამერიკელებს სწორედ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გამო სურთ ზეწოლა ირანზე და როგორც ამერიკელებს სჩვევიათ, მათ უნდათ გარიგება, სწორედ ამ სიტყვას იყენებს ხოლმე ტრამპი. მაგრამ გარიგება არ არის კანონთან ახლომყოფი, კანონთან ახლოსაა შეთანხმება ან ხელშეკრულება, გარიგება კრიმინალური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, გამომდინარე ისრაელის ინტერესებიდან, და იმის გამო, რომ ამერიკელების მთავარი სამიზნე მაინც ჩინეთი და რუსეთი არიან, ზეწოლა ხდება ირანზე.

რამდენიმე დღის წინ დავწერე, ამერიკელები არ აპირებენ ომის დაწყებას და ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ამერიკის ძალიან მაღალი დონის სამხედრო აფრთხილებს ამერიკის ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგით შეიძლება, დასრულდეს. ჯერ ერთი, ირანი, სულაც, არ წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომლის პასუხიც არ იქნება ძლიერი. პასუხი იქნება ძალიან ძლიერი, ფაქტობრივად, მომენტალური შეერთებული შტატების ყველა ბაზისადმი, რაც ახლო აღმოსავლეთშია განლაგებული, ავიამზიდების ჩათვლით, რადგან ჰიპერბგერითი რაკეტებისგან თავდაცვის საშუალება მათ არ გააჩნიათ. ამერიკელების პრესტიჟისთვის უზარმაზარი დარტყმა იქნება, მათი ავიამზიდი რომ ფსკერისკენ წავიდეს, არადა გარანტირებულად ასე იქნება, თუკი უბედურება მოხდა. ცხადია, ომის შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დაზარალდება ირანიც და ძნელი წარმოსადგენია, რა მოხდება, მაგრამ პასუხიც იქნება არანაკლები. გავიხსენოთ დღევანდელ ირანთან შედარებით შეუდარებლად სუსტი სადამ ჰუსეინის ერაყი.

– სანამ ბრიტანელი არ დაინიშნა შტაბის უფროსად, ვერც ვერაფერი გააწყვესო.

– ამერიკელები ერაყში გარკვეული მიზნით შევიდნენ და ათი თვის განმავლობაში ვერც ჰუსეინი დაიჭირეს, თუმცა ამერიკელების მიერ შეიარაღებული, არმია გაანადგურეს. ირანი სხვა ქვეყანაა და ამას ვერ ცვლის ის ფაქტი, რომ საქართველოში იდეოლოგიით განადგურებულ ხალხს წარმოდგენა არ აქვს ირანზე, არც მისი ისტორია იცის. მათ ჰგონიათ, რომ, თუ ჩვენ აღვწერთ რეალურ მდგომარეობას, ეს აიათოლების სიყვარულის გამოვლინებაა. ამდენად, კარგი იქნება, თუ ჩვენი ხალხი ამერიკულ პრესას წაიკითხავდა. ირანზე თავდასხმა ამერიკელებისთვის უდიდესი პრესტიჟული დარტყმა იქნება და ამერიკელები ვერ მოიგებენ ამ ომს. რამდენიმე დღის წინ ორმუზის ყურეში ირანს, რუსეთის ფლოტთან ერთად, სამხედრო წრთვნები ჰქონდა, ესე იგი, იქ უკვე არის რუსეთის სამხედრო ნაწილები და, ასევე, რუსული ჰიპერბგერითი რაკეტებიც. თუმცა ირანს აშკარაა, საკუთარიც აქვს, ასე რომ, ირანს არავინ დატოვებს შეერთებულ შტატებთან პორისპირ. იმედია, იქამდე არ მივა საქმე, მაგრამ ამ ვითარებას კარიბის ზღვის კრიზისზე უფრო დიდ კრიზისს ვუწოდებდი, რადგან უზარმაზარი ფსონებია დადებული. თუ წამოეგებიან ამერიკელები და ებრაული ლობი შეძლებს ამერიკის ჩათრევას, ეს იქნება ისრაელისა და, განსაკუთრებით, მისი პრემიერ-მინისტრის ყველაზე დიდი გამარჯვება. მაგრამ რეგიონში ომი არავის უნდა, არ შეიძლება, იყოს ნორმალური ქვეყანა, რომელსაც ომი სურს, ყველას უნდა პრობლემების გადაჭრა. მაგრამ ამას სწორედ ისრაელი უშლის ხელს. ბუნებრივია, ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა ვინმეს სიმართლე კი არ გვაინტერესებს, არამედ ის, რომ ეს უბედურება არ მოხდეს, ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს.

– ჩვენთვის ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის მკვეთრი აქტივობების ფონზე.

– დიახ, ეს იქნება კოლოსალური საფრთხე, რადგან მთელი ისლამური სამყარო გამოვიდა ირანის დასაცავად. წარმოიდგინეთ, შიიტური ქვეყნის დასაცავად გამოვიდნენ სუნიტური ქვეყნები. მათ კი იცით, როგორ „უყვართ“ ერთმანეთი და ამერიკელებს უთხრეს, რომ არც საუდის არაბეთი, არც კატარი, არც თურქეთი და ასე შემდეგ არ მისცემს შეერთებულ შტატებს უფლებას, მათი ტერიტორია გამოიყენონ ირანის წინააღმდეგ. მაშინ საყრდენი სად არის?! თუ შენ სერიოზული შეიარაღება არ განალაგე სადღაც, არაფერი გამოვა. მხოლოდ ისრაელი რჩება ასეთ ტერიტორიად. ბოლო 12-დღიანმა ომმა კი აჩვენა, რომ ბალისტიკური რაკეტები, უბრალოდ, პირისაგან მიწისა აღგვიდა მთლიანად ისრაელს და მხოლოდ ამიტომ შეწყდა ომი. ისრაელს თავდაცვის შანსი არ გააჩნია და, თუ ამერიკული ძალები ისრაელში განლაგდება, მით უმეტეს, დარტყმის ქვეშ მოექცევა ის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ირანის წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ რომ არანაირი შანსი არ აქვს აზერბაიჯანს, თავი დაიცვას ბალისტიკური რაკეტებისგან. ის აწყობილი, დალაგებული და მართლაც განვითარების გზაზე მყოფი ქვეყანაა. საოცარი დემოგრაფიული აფეთქებაა აზერბაიჯანში და ეს ყველაფერი მიწასთან გასწორდება. ირანელები არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან. რჩება საქართველო და მისი ძალიან მერყევი ხელისუფლება. მერყეობა რა არის? ის, რომ მათ პოზიცია არ გააჩნიათ. უნდათ, ყველა სკამზე ისხდნენ ერთდროულად. არადა პოლიტიკაში ეს ყველაზე ცუდი საქციელია. ამას ჩვენი წარსული ისტორიაც გვეუბნება და ლავირებას უწოდებდნენ, მაგრამ ლავირება სიგლახის ნიშანია. აქ მთავარია, მკაფიო ავტორიტეტული პოზიცია გქონდეს, რომ ქართული სახელმწიფო ამაში არ მონაწილეობს და არც ერთის მხარეს არ იქნება, არც ერთ ქვეყანას მისგან საფრთხე არ დაემუქრება. შეგიძლიათ, მითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე რამე მსგავსი განუცხადებია?!

– ვთქვათ, განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ აქედან არავის დაემუქრება საფრთხე, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სწორედ ამან გამოიწვიოს მხარეთა უკმაყოფილება? იქნებ მათ პირიქით, უნდათ, რომ აქედან მათ მოწინააღმდეგეს დაემუქროს საფრთხე?

– პირდაპირ ვთქვათ: ცხადია დასავლეთის ინტერესია იგივე აღმოსავლეთ-დასავლეთის საგზაო მაგისტრალი და საქართველოში ამ ინფრასტრუქტურის ფარული სტრატეგია სწორედ ეს იყო, საჭიროების შემთხვევაში, ირანთან დაპირისპირების ბაზა გამხდარიყო. ყველაფერი ერთდროულად ხომ არ იქნება ცაში?! თან, საწვავით შევსება სჭირდებათ, სხვა რამეებითაც; ჰოსპიტლებიც უნდა იყოს მზად ამისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ, რაკი არც ერთი ქვეყანა არ მისცემს საყრდენს ამერიკელებს, მიუხედავად იმისა, მათი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ვინაიდან კარგად იციან, რა დიდ საფრთხეს შეიცავს ეს ყოველივე, პროცესი უნდა მიდიოდეს მოლაპარაკებისა და იმ ინტერესების დაცვისკენ, რომლებიც არ შეიძლება, არ ჰქონდეს ყველა ქვეყანას, და, მათ შორის, ირანს. მოდი, იმ ბოროტების ღერძზე ვისაუბროთ, როგორც დასავლეთში უწოდებენ: ირანის მიერაა შექმნილი „ჰესბოლა“, ჰუსიტები... რაში სჭირდება?! ამით ირანი, უბრალოდ, საკუთარ თავს იცავს. ამას ვამბობ, როგორც ფაქტს და ეს არ ნიშნავს, რომ სიმპათიები მაქვს აიათოლებისადმი. ირანის ბრძოლის ერთადერთი მიზანია, ოფიციალურად აღიარონ, როგორც დიდი რეგიონული სახელმწიფო და მოეხსნას სანქციები. როგორც კი ირანს სანქციები მოეხსნება, არანაირი ბოროტების ღერძი აღარ დასჭირდება, იმიტომ რომ ის, უბრალოდ, ცდილობს, შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აიათოლები იქნებიან თუ არა. იმიტომ რომ ირანი ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციაა კაცობრიობის ისტორიაში, უმდიდრესი და მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, 80 მილიონზე მეტი მცხოვრებით. განათლების დონითა და მეცნიერებით ერთ-ერთი ძალიან მაღალგანვითარებული ქვეყანაა. მაგრამ, რაკი ის საკვანძო ქვეყანაა, გეოპოლიტიკური დაპირისპირების თვალსაზრისით, დასავლეთის ინტერესი არ არის ასეთი ქვეყნის არსებობა. თუმცა მისი მოშლა ასე მარტივი არ არის, რადგან ირანი რუსეთის დიდი ინტერესია. ისევე, როგორც ჩინეთის. ყველა ხელმისაწვდომ ამერიკულ წყაროს დავეყრდენი, როდესაც დავწერე, რომ ასე მარტივად არ იქნება საქმე, ამერიკელებს არ ეყოფათ ძალა. ამერიკა სხვაგან ბაზირებული სახელმწიფოა. მათი ბაზები ახლო აღმოსავლეთში არ არის საკმარისი ომის საწარმოებლად. მით, უმეტეს, როდესაც რუსები ირანის გვერდით დგანან, ხოლო ჩინელები მაშინ ჩაებმებიან, როდესაც ამის საჭიროებას დაინახავენ. ამდენად, შემთხვევითი არ არის ინფორმაცია, რომელიც ტრამპს დაზვერვამ მიაწოდა, რომ ირანს ჰიპერბგერითი რაკეტები აქვს და არ არის რთულად გასააზრებელი, ამერიკის თავდასხმის შემთხვევაში, გაისვრის თუ არა ირანი ამ ჰიპერბგერით რაკეტას. მისი ჩაჭრა და განეიტრალება შეუძლებელია.

– და რადგან გარედან თავდასხმა რთულია, შიდა არეულობებზეა აქცენტი?

– შიდა არეულობა ყოველთვის საჭიროა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანო. დასავლური მართვის მეთოდები ძალიან კარგად არის ცნობილი: გადატრიალება, მარიონეტის დასმა და შემდეგ უკვე ამ მარიონეტებით მართვა იმ ქვეყნისა, რომელიც მათ ინტერესებს გაატარებს. სულ ეს არის. ძალიან ძლავრი მცდელობა იყო ამ ბოლო დროს ირანის შიგნიდან არევისა. ამიტომ წინასწარ ხელოვნურად გააუფასურეს მათი ეროვნული ვალუტა: ეს ებრაელებმა გააკეთეს მსოფლიო ბირჟებზე და ერთდროულად აამოქმედეს ცენტრალური სადაზვერო სამმართველოსა და „მოსადის“ ყველა აგენტი, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ. მაგრამ მათი განადგურების ხარჯზე ვერ გამოვიდა შიდა გადატრიალება, იმიტომ რომ ირანელი ხალხი დადგა ხელისუფლების გვერდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი