რატომ არის ყრუ პროვინციალიზმი თანამედროვე ქართული პროდასავლურობა და რატომ უნდა ქართველი საზოგადოების ნაწილს, იყოს პერიფერია
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 30.04

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 34 წლის შემდეგ საქართველოში გვყავს საზოგადოების ნაწილი, ყველა თაობის, განსაკუთრებით, გამოირჩევიან ახალგაზრდები, რომლებისთვისაც შინ ევროპაა, ანუ უცხო სივრცე და უპირისპირდებიან და აქილიკებენ რწმენასა და ეკლესიას, გასული საუკუნის 20-ანი წლების ბოლშევიკების ტრადიციისამებრ. როგორ მოხდა, რომ უკან ბრუნდება ისტორიული პრობლემები, რატომ ვმოძრაობთ წრეზე და რატომ აღმოჩნდა ბოლშევიკური მიდრეკილება ასე მძლავრი? – ამ თემაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.
– ყოველთვის მაფიქრებდა, რატომ გაიდგა საქართველოში ასე საფუძვლიანად ფესვი ბოლშევიზმმა და მაინც შემთხვევითობით ვხსნიდი, მაგრამ, რასაც ვუყურებთ ბოლო პერიოდში, ზუსტად იმის გამეორებაა, ანუ შემთხვევითობა ირიცხება. რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე და რწმენა რატომ იქცა დასაცინად?
– ბოლშევიზმმა იმიტომ მოიკიდა ფეხი, რომ ხალხმა არ იცოდა ქართული კულტურა, ერთეულების გარდა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დაიწყო ქართული კულტურის კვლევა. მარი ბროსემ დაწერა ყველაზე კარგი კვლევა და აღტაცებული იყო ჩვენი ისტორიით. უამრავი რამ, რაც მან თქვა, შემდეგ დადასტურდა, რომ, მაგალითად, ქართული ფეოდალიზმი ევროპული ფეოდალიზმის მსგავსია და სხვა. დიდი კაცი იყო და ნაკლებად გვახსოვს. შემდეგ ივანე ჯავახიშვილი გამოჩნდა, მაგრამ მოგვისწრო 1921-მა წელმა. ეს უკულტურობის ვაკუუმის ბრალია და უკულტურობა ჰქვია, როდესაც საკუთარი კულტურა არ იცი, თორემ ინტელიგენტები მაშინაც იყვნენ. მაგალითად, კიტა აბაშიძე; შესანიშნავი ქართველი მოაზროვნე არჩილ ჯორჯაძე. ილია უდიდესი საზოგადო მოღვაწეა და დღესაც აქტუალური, მაგრამ ილია იციან, აი, არჩილ ჯორჯაძე კი არ იციან. ერთხელ პარლამენტში გამოვედი, დაძაბული ვითარება იყო, აი, დემოკრატიას რომ ითხოვდნენ, ის პერიოდი: სხვათა შორის, დღეს რომ გამოდის, იგივე ხალხია, მათი იდეური შთამომავლები არიან და ვთქვი, რომ ჯერ დამოუკიდებლობა და მერე დემოკრატია. მინდოდა, დამეყოლებინა, ჩემი ნათქვამი არ არის. არჩილ ჯორჯაძის არის-მეთქი, მაგრამ უცბად გავიაზრე, რომ ტყუილად ვიტყოდი, არავის ეცოდინებოდა იმ დარბაზში, ვინ იყო არჩილ ჯორჯაძე, ორი კაცის გარდა. ახლაც იგივეა.
– ახლაც უცოდინრობაა მიზეზი?
– ამხანაგებმა შევარდნაძემ და სააკაშვილმა დიდი თავგამოდებით, ოღონდ ერთმა შეფარულად, ეშმაკი კაცი იყო შევარდნაძე და მეორემ აშკარად ყველაფერი გააკეთეს 20 წლის განმავლობაში, რომ ეს შედეგები მოგვემკო: უწიგნურობა და უკულტურობა. ყრუ პროვინციალიზმია, როდესაც ჰგონიათ, რომ უნივერსალურ მსოფლიო-საკაცობრიო ფასეულობებს ეზიარნენ. ყრუ პროვინციალიზმია, როდესაც შენი არ იცი და პერიფერიული მაიმუნი ხარ რაღაც ცივილიზაციის, რომელსაც თავისი პლუსიც აქვს და მინუსიც. მისი პლუსების თანაზიარები ვართ არა მარტო ქრისტიანობის მიღების პერიოდიდან, არამედ პომპეუსის დროიდან, მაგრამ ქრისტიანობამ, მირიანმა ორიენტაციის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა. ვიმეორებ, ეკლესიამ, სარწმუნოებამ გადაწყვიტა ეს ამბავი და ვინც ბევრს ტლიკინებს დასავლურ ფასეულობებზე, წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს ქრისტიანული ფასეულობებია. არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ახლა ქართულად ითარგმნა და ძალიან კარგად. ლომთაძის თარგმანია დიდი ფრანგი ისტორიკოსის ჟაკ ლეგოფის „ევროპის დაბადება“. ჟაკ ლეგოფი ბოლო დიდი ისტორიკოსია. წაიკითხონ, რომ შუა საუკუნეებში დაიბადა ევროპა, დაიბადა ქრისტიანობით და დღევანდელი ევროპა ამის უშუალო მემკვიდრეა. სამწუხაროდ, იქაც ბევრს არ ახსოვს ეს და იქაც ეშმაკი შეუჩნდათ, თან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ გადავა იქაც. გადადის უკვე ეს ტენდენცია, ოღონდ ჩვენ, როგორც პერიფერია, მატარებელს ჩამორჩენილი კაცივით მივსდევთ ყველაფერს. ორიგინალურად აზროვნების უნარი არ გვაქვს, არადა ორიგინალური აზროვნებაა, როდესაც შენ აზროვნებ შენი კულტურის ნიადაგზე. იქ რომ გაიმარჯვებს ეს ყველაფერი, 30 წლის შემდეგ მიხვდებიან აქაური ზრდასრული თუ ზრდადაუსრულებელი იდიოტები. იდიოტი ჰქვია ადამიანს, რომელიც ადეკვატურად ვერ იაზრებს რეალობას და სამედიცინო დატვირთვით ვხმარობ ამ ტერმინს. სამედიცინო ტერმინებით აღსაწერი მდგომარეობაა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ტელევიზორში, გინდა, პოლიტიკოსების, გინდა, ეგრეთ წოდებული, აქტივისტების, რომლებიც ამაში გასამრჯელოსაც იღებენ.
– ყველას ავიწყდება, რომ განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო 60-მილიონიანი გრანტით შევარდნაძის მმართველობისას და რაც ეწერა იმ პროგრამაში, ზუსტად ის განხორციელდა შემდეგ სააკაშვილის დროს და გრძელდება. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ოჯახებში ხომ იზრდებიან ეს ბავშვები?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან გულგატეხილი ვარ. ვამაყობდი, რომ ქართველი ვიყავი, რომ ჩვენი საზოგადოება განათლებული და გონებაგახსნილი იყო. ამ ტალღაზე ვიყავით და ტანკებს არ ვეპუებოდით, ასე ფიქრობდა ზვიადი. უსამართლობა მეგონა, რომ ასეთი ერი დამოუკიდებელი არ არის და რუკაზე არ ხატია. გორბაჩოვს ვუთხარი კიდეც ერთხელ, ძალიან მარტივი რამ მინდა, რომ მსოფლიო რუკაზე ეხატოს ჩემი სამშობლო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ თაობამ, რომელიც, ასე თუ ისე, ამ ღირებულებას ატარებდა, გამოტოვა პოლიტიკური ცხოვრება. ერთი მე ვიყავი და მეტ-ნაკლებად – ვახო რჩეულიშვილი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ამ ფასეულობების მატარებელი არ იყო. რატომღაც, ყველამ ხელი დაიბანა და იპრანჭებოდნენ. შემდეგ მოვიდა სააკაშვილი, დაერია და უცბად აღმოაჩინეს, რომ, თურმე, მიუქარავთ, რომ არ იყვნენ ამ პოლიტიკაში, თორემ ამხანაგი შევარდნაძე ამას ყველაფერს აკეთებდა შეგნებულად. მე ხანდახან ვფიქრობ, რომ სძულდა მას ეს ხალხი.
– მეც მიფიქრია ამის შესახებ: ხალხსაც სძულდა და ისიც უბრუნებდა ამ სიძულვილს.
– და სააკაშვილის ჯინაზე შევარდნაძეს ზოგავენ, რომ ვითომ სააკაშვილმა გააკეთა ყველაფერი. არადა სააკაშვილი შევარდნაძის უშუალო შვილია. ხომ გახსოვთ, რომ თქვა, ეს იქნება მომავალი პრეზიდენტიო?! რაც ბოლომდე ვერ გაბედა შევარდნაძემ, იმიტომ რომ სძულდა ხალხს და სულ ეშინოდა ძალაუფლების დაკარგვის, გაბედა სააკაშვილმა. ისეთ ტალღაზე მოვიდა, ზღვის მოქცევასავით, ხალხმა ჩათვალა, რომ შევარდნაძის საწინააღმდეგოდ მოვიდა, სინამდვილეში გამგრძელებლად მოვიდა. ეს ორივე ერთია და არც შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობა ყოფილა და არც სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა, 20-წლიანი ანტიეროვნულობის მმართველობა იყო ამ ქვეყანაში და რა გიკვირთ ახლა?! რას ვერჩით ბავშვებს?!
– მე არ ვერჩი, მიკვირს, ოჯახებში ხომ ცხოვრობენ ეს ბავშვები? იქაც განათლების სისტემის ბრალია, არაფერი თუ არ იციან?
– გასაკვირი არ არის. ისევ ვაკუუმი შეიქმნა და ეს ვაკუუმი შეავსო ნიუ-იორკის ყრუ გარეუბნების სუბკულტურამ. მოხვდეს ვინმე ამერიკულ ან ევროპულ კულტურულ საზოგადოებაში და ნახონ, რა ელიტა ჰყავს ამერიკასა და ევროპას?! ქუჩის კულტურაც არ არის, მდაბიო კულტურაა და ეს ჰგონიათ ამერიკული და ევროპული მიღწევები. იმიტომ რომ თავიანთი არ იციან, წარმოდგენა არ აქვთ, რომ აქ ის ამბავი, რასაც ევროპაზე ლაპარაკობენ, გაცილებით ადრე ხდებოდა, ვიდრე იქ. ეს იგივეა, წინაპარი მემკვიდრეობად საგანძურს რომ დაგიტოვებს და შენ არ იცი, სად არის, ან თუ ეს იცი, არ იცი, რას ნიშნავს ის საგანძური. მაგალითად, აღმოაჩინე ოქრო, მაგრამ არ იცი, რომ ოქროს დიდი ფასი აქვს, ეს ვართ ახლა ჩვენ და ამას ეშველება მხოლოდ სერიოზული გარდატეხით, რის გამკეთებელი ეს ხელისუფლება არ არის, მაგრამ თანდათანობით, პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირების დონეზე მაინც, ვითომ ცდილობენ, ვნახოთ. მე ამის ყურებას პასიურად არ ვაპირებ. აღარ ვაპირებდი, ჩემი საქმეები მქონდა, მაგრამ ჩართვის დროა. ჩემზე 9 წლით უფროსია ტრამპი და დააქცია ქვეყანა. აბურდა მთელი დედამიწა და სწორად აბურდა, სხვათა შორის.
– უნდა შეყანყალებულიყო ეს მახინჯი სისტემა.
– რა თქმა უნდა, საყოველთაო ჭაობი იყო და აქ ჯერაც აზრზე არ არიან, რა მოხდა და რა მოხდება მალე, განსაკუთრებით, ოპოზიცია. სახეზე ხომ ეტყობათ?! გაშტერებულები არიან. ამ მხრივ, „ოცნებაც“ არ აკლებს ხელს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილი ტენდენციას, რასაც ტრენდს ეძახიან, აშკარად გრძნობს. არ ვიცი – ინტუიციის დონეზე, არ ვიცი – ანალიზის დონეზე. მაგრამ ფაქტია, რომ გრძნობს. ოპოზიცია კი დაბნეული იყურება, ხედავენ, რომ მათ თვალწინ რაღაც ხდება, ოღონდ რა, არ იციან. იგივე ხდებოდა, როდესაც გორბაჩოვი გამოჩნდა და დაიწყო „პერესტროიკა“. გამსახურდია ამას ელოდა მთელი ცხოვრება. შემდეგ კი, ვისაც მზაობა აღმოგვაჩნდა, ჯერ ათეულებმა, მერე ასეულებმა, მერე ათასეულებმა და ბოლოს მილიონებმა, გადაწყვიტეს, მომენტით ესარგებლათ. დავითის მემატიანე წერს, გამოვიდნენ ჯვაროსნები ფრანგნი – ფრანგებს ეძახდნენ ყველას, აიღეს ანტიოქია, იერუსალიმი და დავითმაც მაშინვე შეუწყვიტა სელჯუკებს ხარკის გადახდა. ეს არის მეთერთმეტე საუკუნის დასასრული და მაშინ ადევნებდა თვალს მოვლენებს დავითი და მისი გარემოცვა და მიხვდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. აქ ბაიბურში არ არის ხალხი, რა ხდება დედამიწაზე. ეს დაემართათ კომუნისტებს 1989-1990 წლებში. საერთოდ ვერ გაიგეს ვერაფერი და ახლა ამბობენ, მაინც დაიშლებოდა საბჭოეთი, „კა გე ბემ“ დაშალა, თურმე. ვიტყვი პირდაპირ, კიდევ კარგი, რომ ივანიშვილი არის მმართველი. დიდი მნიშვნელობა აქვს ინტუიციას პოლიტიკაში და ხანდახან გადამწყვეტი. ვიმეორებ, არ ვიცი – ინტუიციით, არ ვიცი – ანალიზით, ის ტენდენციას გრძნობს და მიჰყვება. ხომ ფაქტია, რომ მისი წინასწარ დაწყებული რაღაც მიმართულება მერე ამართლებს ხოლმე?! ჩვენ გვისაუბრია ამ თემებზე. რამდენჯერ დაემთხვა ეს ამბავი?! ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: ეს ვაკუუმი ძალიან ძვირად შეიძლება, დაგვიჯდეს, ფიზიკურად არა. ჩვენი ქვეყანა არსებობს 3 000 წელია, მაგრამ ასეთი პრობლემა უჩინარი მტრის, რაც ახლა გვაქვს, ანუ უწიგნურობა და უმეცრება, 1921 წელს ძვირად დაგვიჯდა. მარტო იმიტომ კი არა, რომ მე-11 არმია შემოჯლიგინდა ამხანაგ სტალინის მითითებითა და ჩვენი, ქართველების მეთაურობით, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება არ იყო. დამოუკიდებლობას იმიტომ ვინარჩუნებთ ახლა, ჯერჯერობით, რომ იმ საზოგადოებამ, ზვიადის მეთაურობით, მოიპოვა და ვეღარ დაითმობა. მაშინ ის სამ წელიწადში დაიკარგა, იმიტომ რომ თვითონ მმართველები იყვნენ უკულტურო ხალხი, აბსოლუტურად მოწყვეტილი ქართულ კულტურას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან