პოლიტიკა

რატომ არის „ლგბტ“ პროპაგანდის შედეგად ჰომოსექსუალთა რაოდენობის ხელოვნურად ზრდა მასების დამორჩილებისა და მართვის მეთოდი

№33

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.08

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ ჰომოსექსუალიზმის თავს მოხვევა გამოგონილია და მსგავსიც არაფერი იგულისხმება, როდესაც, მაგალითად, ევროკავშირი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა შორის ელ გე ბე ტე პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს. მეტიც, მცდელობაა, გააბიაბრუონ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შედეგი და ირონიით მსჯელობენ, რომ ქართველ მამაკაცებს გათხოვების ეშინიათ. არადა, ფსიქოლოგიამ კარგა ხანია, იცის, რომ ადამიანის შვილისგან, რასაც გინდა, იმას გამოზრდი და შეიძლება, ცხოველიც კი გამოიყვანო, რომელსაც არც ლაპარაკი ეცოდინება და არც ორ ფეხზე სიარული (ვერც ისწავლის, თუ უკვე გაზრდილია). შესაბამისად, იგივე ვრცელდება სქესთა შორის დამოკიდებულებაზეც, თუ ნორმად ჩაითვლება მამაკაცისა და მამაკაცის და ქალისა და ქალის სექსუალური ურთიერთობა, ეს ნორმად იქცევა და ადამიანის ნაშიერს სხვა აზრი არც გაუჩნდება. ამდენად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დამკვიდრება და პროპაგანდა ავტომატურად გამოიწვევს ჰომოსექსუალიზმის გავრცელებას, იმიტომ რომ ამ ფაქტორზე სწორედ გარემო ახდენს გავლენას. ამ თემაზე ვისაუბრებთ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად.

– როდესაც აქტიური ზეწოლაა, რომ ნორმად დამკვიდრდეს ჰომოურთიერთობები, ის დამკვიდრდება ნორმად. არ ესმით ამდენი, თუნდაც, ჩვენი საზოგადოების წევრებს, რომლებიც განზრახ ამსუბუქებენ ამ საკითხს?

– არის საკითხების მთელი წყება, რომლებიც იგულისხმება ამ კითხვის უკან. გამორიცხულია, ვინმემ ეს არ იცოდეს. მით უმეტეს, ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც კომპიუტერი გიდევს წინ. ესე იგი, თუ არ იცი, ინტერესი არის. ამასთან, ასე არა მხოლოდ ქართველებს ეუბნებიან. ეს ზოგადი ტენდენციაა და წამოსულია ლიბერალებიდან. ლიბერალები კი ჩვენებური ბოლშევიკების იდეოლოგიური ნათესავები არიან. გახსოვთ, რომ ბოლშევიკები მისდევდნენ ტენდენციას: „დავახჩობ დედას, მოვგუდავ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას“. ანუ ყველა ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც არ უნდა, რომ ჰყავდეს კონკურენტი, ცდილობს, მხოლოდ მისი აღიარება დატოვოს ადამიანთა ცნობიერებაში. მხოლოდ მას გაჰყვნენ ადამიანები და ამიტომ მოუწოდებენ მათ, რომ სხვა ყველა გატაცებაზე უარი თქვან. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც დგება საკითხი, რაზე უნდა ათქმევინო ადამიანს უარი საიმისოდ, რომ საშენო გახადო. მაგალითად, კრიმინალები იარაღს აძლევენ ახალგაზრდას და ჩაადენინებენ დანაშაულს, რომ მათი წრის ერთგული გახდეს. რაღაც მსგავსია სქესთა შორის განსხვავების აღრევის მოწოდებაშიც. ანუ ყველაფრის უარყოფის ტენდენციის მიზანია, რომ, ვინც ყველაფერს უარყოფს, შემდეგ ის მათ გვერდით დადგება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ ექნება, აღარავინ ეყოლება. იმ კრიმინალური ხერხისა არ იყოს, თუ მოაკვლევინებენ კაცს, ის სადღა წავა, ისევ ამათ გვერდით უნდა იყოს და თუ ასეთი სულიერი მკვლელობა მოახერხა ამ ლიბერალურმა იდეოლოგიამ, მაშინ ეს ადამიანი ამ ლიბერალური იდეის მიმდევარი უნდა გახდეს. მას არეული აქვს სქესი, ეროვნება, რელიგიურობა და ასე შემდეგ. აი, ასეთ არაფრისმქონე, გამოშიგნულ ადამიანს ჰქვია მანქრუთი, როგორც აიტმატოვი წერს. სწორედ ამ ტიპის მანქურთები გამოჰყავთ, რომლებიც უკვე აღარ აზროვნებენ.

– მანქურთმა არ იცის, ვინ არის, მას არ ახსოვს, თავისი არც დედა, არც მამა, ანუ ფესვები.

– ოღონდ აქ თავის ქალაზე ტყავის გადაკვრის გარეშე აღწევენ ამ მიზანს: რაც უფრო მეტ რამეს დაავიწყებ ადამიანს მისთვის ბუნებრივს, მით მეტია შანსი, რომ იგი მანქურთი იყოს.

– მაგრამ რაში სჭირდებათ ეს მანქურთები?

– რასაც უნდა, იმას უზამენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკულმა ლიბერალიზმმა მოიტანა ევროპული ლიბერალიზმი და რასაც დღეს ევროპაში ვაკვირდებით, სწორედ იმ ლიბერალიზმის შედეგია. ბოლშევიკებთან გავავლეთ პარალელი: მანქურთები რევოლუციებს მოახდენენ და ვიცით, რომ ბოლშევიკებსაც უყვართ რევოლუციები. თავიანთ ხალხს დასვამენ ხელისუფლებებში. ასე არ მოხდა სააკაშვილის დროს საქართველოში?! და შემდეგ უკვე იოლად მართავენ მათ.

– დღემდე გასაოცარია ჩემთვის ქვეყანაში გაქანებული ომის დროს უკრაინაში დაუშვეს ერთნაირსქესიანთა კავშირი, რამდენჯერმე ჩატარდა „პრაიდი“. იმის შესამოწმებლად, რამდენად იოლად იმართებოდა ის საზოგადოება, რომ სასაკლაოზე გაეშვათ?

– იმ პროცესის ერთი მხარეა, რომ იქ დიდი ფული კეთდება ადამიანების დახოცვის ხარჯზე და ამ ფულის მიღებაა ინტერესი. გაუშვებენ სასაკლაოზე, აიღებენ ფულს, მერე კი, ვინ მოკვდება, აღარ აქვს მნიშვნელობა. ფული ხომ მათ რჩებათ?! ადამიანი ისეთი ცხოველია, რომ მისგან არაფერი არ არის გასაკვირი. იკვრება იდეოლოგიური წრე, მაგალითად, როგორ უნდა ილაპარაკო: არ უნდა თქვა ზანგი, უნდა თქვა აფროამერიკელი ან როგორ უნდა მოიქცე. აქ ბევრი ტიპის მოტივია: პოლიტიკური ბრძოლის მოტივი, ფიზიკური ბრძოლის მოტივი, დამორჩილების მოტივი... ადამიანების დამორჩილება ზედმეტი არასოდესაა.

– მკითხველს მკაფიოდ ავუხსნათ, რომ გარემო ახდენს გავლენას, მათ შორის, ჰომოსექსუალური კავშირების მატებაზე, როდესაც მიდის პროპაგანდა და წახალისება.

– ჯერ კიდევ ფროიდი ამბობდა, რომ რაღაც ასაკამდე ადამიანში სქესი არ არის გამოკვეთილი და თუ პირობები შეიქმნა, ფიზიკურად შეიძლება, ბიჭი იყოს და ქალის ნიშნები გაუჩნდეს ან პირიქით. უფრო მარტივ მაგალითს მოვიტან: ადამიანს უჩნდება მიდრეკილება ნარკოტიკისადმი, ისეთი ნივთიერებისადმი, რომელიც არ იცის, რაა. მაგრამ თუ სიამოვნება მიანიჭა ამ ნივთიერებამ, შემდეგ მასზე მიჯაჭული ხდება. ანალოგიურად, თუ მისივე სქესის ადამიანთან ყოფნით სიამოვნება მიიღო, რა თქმა უნდა, შეეცვლება სექსუალური ორიენტაცია. და გააჩნია, როდის ხდება ეს. რაც უფრო ადრე მოხდება ასეთი სიამოვნების ჩამოყალიბება საკუთარი სქესის ადამიანის მიმართ, მეტი შანსია, რომ ჩამოყალიბდება, როგორც ჰომოსექსუალი.

– უცნაური სქემაც იკვეთება: ერთნაირსქესიანებს, ფაქტია, შვილი ვერ ეყოლებათ ისე, რომ ორივე იღებდეს მონაწილეობას. ესე იგი, ჰყავთ ბავშვები, რომელთანაც მათ გენეტიკური კავშირი არ აქვთ.

– არც გენეტიკური კავშირი აქვთ და არც ბავშვის დარდი აქვთ. იმიტომ რომ შემდეგ ამ ბავშვების ტრაგედიაა, როდესაც უყურებენ სხვა ბავშვებს, რომლებსაც ჰყავთ განსხვავებული სქესის მშობლები და არ ესმით, მათი მშობლები რატომ არიან ერთნაირი სქესის. ბავშვი ძალიან ცოდვაა, როდესაც რაღაც არ ესმის და მსოფლმხედველობრივი კრიზისი უდგება.

– შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ეს პროპაგანდა მომავალი თაობების ფსიქიკის შერყევაზეც არის ორიენტირებული?

– რა თქმა უნდა, არავინ იცის, აქვთ თუ არა ეს მიზანი, მაგრამ, ფაქტია, რომ ამას მოჰყვება თაობების დაზიანება.

– შეიძლება, ადამიანი იყოს ჰომოსექსუალი, მაგრამ არ ეწეოდეს ამის პროპაგანდას. რადგან ჰომოსექსუალიზმი კი არ არის პრობლემა, არამედ ამის ხელოვნურად და ძალისმიერად დამკვიდრება.

– მით უმეტეს, როდესაც ადამიანთა კულტურაში ჰომოსექსუალობის ფაქტი საკმარისზე მეტია. ჩვენს კულტურაშიც იყო ასეთი რამ, მაგრამ არ იყო პროპაგანდა. რატომ? იმიტომ რომ ამ სექსუალურ თემას არ ახასიათებდა კულტურული აგრესია. „პრაიდის“ შემთხვევაში კი მას აქვს ეს აგრესიული ფუნქცია, რომ უნდა დაინგრეს ის კულტურა, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. ეს არის „პრაიდის“ ფუნქცია. პრობლემაა ამ ნაბიჯების გადაქცევა იდეოლოგიად, პროპაგანდად, სხვების კულტურის შემავიწროვებელ მოვლენად. ეს იგივეა, ჩვენ, ქართველებმა, მსოფლიოს რომ ვუკიჟინოთ, გინდა თუ არა, ღვინო ისე დალიეთ, როგორც ჩვენ ვსვამთო. ეს უკვე აგრესია იქნება. ამ აგრესიის გამოვლინებაა ჰომოსექსუალიზმის კულტივირებაც. თავისი კულტურითა და თავისი თავით უკმაყოფილო ადამიანები იწყებენ იმის კულტივირებას, რომ, რასაც მე ვაკეთებ, ისაა სწორი. აი, დავაკვირდეთ: გარდამავალ ასაკში ბავშვს აწუხებს თავისი არასრულფასოვნება და ამიტომ ჯიუტია. მაშინ სთხოვს მშობლებს, ყველას, რომ მოიქცნენ ისე, როგორც მას უნდა. მაგრამ, როგორც კი ჩაუვლის ეს ასაკი, თავისი თავის კმაყოფილი იქნება, განსხვავებულისადმი ღიმილიანი დამოკიდებულება გამოუმუშავდება და აღარ მოითხოვს, გინდა თუ არა, ისეთი იყავი, როგორიც მე ვარ. არასრულფასოვნების შედეგია ასეთი მოტივის გაჩენა და ლიბერალების უმეტესობა არასრულფასოვანი ხალხი იყო.

– ვთქვათ, მთელ დასავლეთში ეს იდეოლოგია გაუვიდათ, აღმოსავლეთი ხომ დარჩება ისეთი, როგორიცაა? ესე იგი, დასავლეთი დასუსტდება ამგვარი იდეოლოგიით.

– მეეჭვება, ამ ეტაპზე ჰქონდეთ სურვილი, რომ ლიბერალიზმი აღმოსავლეთს მიუახლოვდეს, ალბათ, იციან, რომ, თუ აღმოსავლეთს მაგ ნიშნით ხელს შეახებ, ისე შემოგიბრუნებს, რომ შეიძლება, დიდხანს დაგამახსოვრდეს.

– და ეს დაცვედანებული ევროპა ამ ველურად გამამაცებული აღმოსავლეთის წინააღმდეგ რას გააწყობს? ცივილიზაციურად წამგებიანი მდგომარეობა იქმნება.

– ფიქრობთ, ცივილიზაციურად გათვლილი აქვთ შედეგი?! უკრაინა ჩართეს კონფლიქტში და უკრაინული სისხლის კალოთი უნდათ, რომ მოიმკან რაღაც შედეგი. იციან, რა მოხდება 10 წლის შემდეგ?! იმის ნაცვლად, რომ ევროპული ღირებულებები გავრცელებულიყო, ევროპისგან, ფაქტობრივად, საფრთხობელა გააკეთეს. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოშიც გახდა უკვე ბევრისთვის სწორედ ამ აგრესიულობისა და არაჰუმანურობის გამო ევროპა მიუღებელი, მაშინ, როდესაც საქართველოში ევროპულობა პიკში იყო ასული.

– ამისგან თავის დაცვა როგორ არის შესაძლებელი?

– ფიზიკური ბარიერებით, ანუ კანონით. „პრაიდი“ აკრძალულია, პროპაგანდა აკრძალულია. სხვათა შორის, ქალი რომ ქალობდეს და კაცი კაცობდეს, ეს პრობლემა არ დადგებოდა. ქალებმაც არ იციან, რა არის მათში ღირებული და კაცებმაც, ჩვენში დარჩეს და, ყოველთვის არ იციან, რა არის მათში ღირებული. ხშირად ფიზიკურ ძალას გულისხმობენ და ამ დროს კი ეს გადაწყვეტილების მიღების უნარია და სწორედ ეს უნარია გასაძლიერებელი. ამ უნარს ემყარება სქესის იდენტობა, ისევე, როგორც ქალის იდენტობა ემყარება მანიპულაციის უნარს. ის ბუნებისგან არის დაჯილდოებული ამ უნარით და შეუძლია, კაცები ბურთებივით ათამაშოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა