რატომ არის დაინტერესებული საქართველოთი რომის აწ უკვე მეოთხე პაპი და რატომ მიიღო ამერიკელმა პაპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.12, 2025 წელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპს – ლეო მეთოთხმეტეს შეხვდა. ცხადია, პრემიერმა მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და საქართველშიც დაპატიჟა. იმ იმედით, რომ ეს ვიზიტები ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას. როგორ უნდა გავიგოთ ეს ორმხრივი განცხადებები: როგორც ზრდილობიანი ჟესტი თუ როგორც ამაზე მეტი? – ამ თემაზე ზაალ კასრელიშვილი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.
– ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო კობახიძის ვიზიტი ვატიკანში. მით უფრო, ვიცით, რომ ვატიკანი კონტინენტური ევროპის ერთგვარი ცენტრია.
– გმადლობთ, რომ ყოველთვის მაძლევთ საშუალებას, თქვენი ჟურნალის მეშვეობით ჩვენი მოსაზრებები და სიმართლე ვუთხრათ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ ვატიკანის არსებობის ისტორიაში პირველად გახდა რომის პაპი ეთნიკურად ამერიკელი. ჩვენ ამის შესახებ ადრეც გვისაუბრია. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად გაცხადდა არსებული პოლიტიკური გუნდის მიერ, რომ არ დაუშვებენ მსოფლიოში ქრისტიანების შევიწროებას. ესე იგი, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ევროპაში მარადიული ქრისტიანული ღირებულებები, მართლაც, შევიწროებულია. ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია ძალიან ბევრი წელია, წარმატებას ვეღარ აღწევს, გავლენას ვერ ახდენს და კონკურენციას ვერ უწევს იმ ძალებს, რომლებიც ევროპაში ზღვარგადასულ თავისუფლებას უჭერენ მხარს. ამდენად, მართლმადიდებელი ქვეყნის კარგი ურთიერთობა პაპთან კარგი ჩანაფიქრია. ჩვენ თავის დროზე ვითხოვდით კიდეც არსებული ხელისუფლებისგან, რომ უნდა ვიმეგობროთ ევროპაში ქრისტიან-დემოკრატიულ ფრაქციასთან და ეს თავიდან აგვაცილებდა, ეგრეთ წოდებული, ევროპელი სახალხოების ტროცკისტულ შემოტევებს. დღეს, ვინც როგორ უნდა განმარტოს, ყველა სხვა დანარჩენი რელიგიისათვის ქრისტიანი მაინც ქრისტიანია, ეს ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის განსხვავდებიან კათოლიკეები და მართლმადიდებლები. თუმცა კათოლიკეები და მართლმადიდებლები მაინც ერთი ფუძიდან წამოსული ორი ძმაა, ოღონდ მართლმადიდებლებმა არაერთხელ დაუმტკიცეს კათოლიკეებს, რომ უფრო სწორ გზაზე მავალი ქრისტიანები არიან და იმიტომაც ჰქვიათ მართლმადიდებლები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომის პაპები ჩამოსულიყვნენ საქართველოში, გაცნობოდნენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ღვაწლს და ზიარებოდნენ მის მადლს. რამდენი პაპიც ჩამოვიდა, ყველამ ქება-დიდება აღავლინა ქართული მართლმადიდებლობისადმი და განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს, რომ მორწმუნე ქრისტიანები ვართ.
– საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა და ჩვენი მრევლი მცირერიცხოვანია, მაინც რატომ ექცევა გამორჩეული ყურადღება?
– რაოდენობას მიწიერებისთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რწმენისთვის, ზეციური სამყაროსთვის მადლს აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, ერთმა ადამიანმა ისე ილოცო ერთ ეკლესიაში, რომ უფრო მეტი მადლი გადმოვიდეს. მეორე მხრივ, გინდა – ილოცე და გინდა – ნუ ილოცებ, თუ ღმერთისკენ ზურგით დგახარ, არაფერი გამოდის. ასე რომ, ცოტანი ვართ, პატარები ვართ, მაგრამ ძალიან დიდი მადლი აქვს ქართულ წირვა-ლოცვას, მიძღვნილს უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ.
– სხვათა შორის, უკვე გაჩნდა პროტესტი, რომ მწვალებელი დაპატიჟეს საქართველოში, რაც პირადად ჩემთვის, ცოტა პათოლოგიური დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ პატრიარქი ძალიან ხშირად იღებს სხვადასხვა კონფესიის უმაღლეს სასულიერო იერარქებს.
– მართლმადიდებლისთვის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გულის კარს არ გაუღებს, ის მიიღებს თუ არა, ეგ სხვა საკითხია; მეორე – მწვალებელია, მაწვალებელია თუ ნაწვალებია, ნურავის დაავიწყდება, რომ მათ ძალიან კარგად იციან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქვეყანა რომ არის საქართველო და ისინი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამის წილხვედრ ქვეყანაში მოდიან და, აბა, დაუკეტე კარი, თუ ნამუსი გაქვს. რომელი მამაო არ შეუშვებს ტაძარში ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ შევიდეს და მამაოს კითხვები დაუსვას და მამაოსგან ან ეკლესიისგან მადლი მიიღოს?! აქ ხომ ლაპარაკი არ არის ეკლესიების გაერთიანებაზე?! წინა ორმა პაპმაც ხომ თავად მოითხოვა და დაესწრნენ წირვას სვეტიცხოველში. ერთობლივი წირვა კი არ აღევლინა, არამედ ისინი ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების წირვას დაესწრნენ ეკლესიაში და აღფრთოვანებულებიც წავიდნენ, როგორც მე მახსოვს, ღაპაღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები პაპსაც და კარდინალებსაც. ვატიკანი უნდა გახდეს ხიდი ქართველ მართლმადიდებლებსა და დანარჩენ ქრისტიანებს შორის. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიც შემოუერთდებიან საქართველოს ამ კარგ წამოწყებას და ეს რომ თავის დროზე მომხდარიყო, აია სოფიას ვერავინ წაიღებდა.
– რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მიუხედავად სიდიდისა, არ აქვს სულიერო გავლენა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არც უკრაინულს. მათთან რომის პაპის მხრიდან თანამშრომლობის რაღაც ფორმები ჯერჯერობით არ ჩანს.
– მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მისია იქნება სწორედ ეს. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები აქეთკენ. თავის დროზე გავაკეთეთ პროგნოზი და როგორც ყოველთვის, გამართლდა. ვამბობდით, რომ ყველაზე მეტად ამ ომში დაზარალდება ორი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ქვეყანა და ასეც მოხდა: ეს არიან რუსეთი და უკრაინა. თავის დროზე საქართველო, რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნები ერთ მხარეს რომ დამდგარიყვნენ, ვიმეორებ და 100-ჯერ გავიმეორებ, აია სოფიას მართლმადიდებლურ ცენტრს ვერ გადააკეთებდნენ მეჩეთად. ამდენად, მადლობა ღმერთს, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ცეცხლი შეწყდება, რადგან ყველასთვის ეს არის მთავარი. ამ ომმა დააზარალა ყველა, განსაკუთრებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნები, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტა უკვე წარმატებად შეიძლება, ჩაითვალოს. მთავარია, შეწყდეს სროლა, დანარჩენი დიპლომატიის ენაზე დალაგდება და ამ საქმეში აუცილებლად ჩაერთვებიან მართლმადიდებლური მრწამსი და მართლმადიდებელი ეკლესიები.
– მაგრამ დიდი ავტორიტეტი არ აქვს რუსეთის პატრიარქს და არც უკრაინისას.
– რუსეთის პატრიარქს დიდი ავტორიტეტი არ აქვს, მაგრამ მართლმადიდებლობა ერთი პატრიარქით, ან ერთი მღვდელმსახურით, ან ერთი ეკლესიით არ განისაზღვრება. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში პირადად მე, მინიმუმ, ორი თუ სამი ეპისკოპოსი ვიცი, რომლებიც საქართველოს არა მარტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად აღიარებენ, არამედ ნამდვილი მართლმადიდებლობის გულად და ცენტრად. აი, ასეთმა ადამიანებმა, მართლა მორწმუნეებმა, შეწირულებმა და უფლის გულის რჩეულებმა უნდა აიღონ თავის თავზე, რადგან მადლი მათზე გადმოდის. როდესაც მადლი არ აქვს სასულიერო პირს, შედეგს ვერ მიიღებს.
– ძალიან უცნაური ამბავი ხდება უკრაინაში. ისევ წინა პლანზეა „ელ გე ბე ტე“ თემა, სულ ბოლოს ჯარისკაცმა საჯაროდ ხელი სთხოვა მომღერალ მამაკაცს. ეს საკითხი რატომ არის დღემდე აქტუალური ქვეყანაში, რომელიც ომობს და სისხლისგან იცლება? რა დროს კაცების სიყვარულია?
– უარესს გეტყვით: ძალიან მალე ევროკავშირის 27-ივე ქვეყანას დაავალდებულებენ ერთნაირქესიანთა ქორწინების აღიარებას. ამჟამად ზოგმა ნებით აღიარა, ზოგმა თავი შეიკავა და ერთადერთი პოლონეთი ამბობს უარს ამაზე. ეს ფსევდოლიბერალების ბოლო გაბრძოლებაა. ესენი არიან ნეოლიბერალები, რომლებიც უკვე ყველა ზღვარს გადავიდნენ და მათი თავისუფლება და გარყვნილება ერთმანეთში აირია. ეს არის ბოლო გაბრძოლება. თუ ევროპულმა სასამართლომ და ევროპულმა ინსტანციებმა ევროკავშირის 27 ქვეყანა დაავალდებულეს, აღიარონ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ამით უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევენ ამ ქვეყნებში და უფრო მეტ ბზარს გაუჩენენ ისედაც დასუსტებულსა და ბზარგაჩენილ ევროპულ ქვეყნებს. მოგეხსენებათ, ევროპა ერთიანი ჯარის შესაქმნელად ემზადება და სამრეწველო ინდუსტრია ძალიან მაღალი ტემპებით ვითარდება და ამ დროს ეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ზედმეტი თავისუფლება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე გარყვნილებაში გადაიზარდა, დააზიანებს ევროპის კონსერვატიულად მოაზროვნე მოსახლეობას. ასეთი ძალიან ბევრია ევროპაში. უბრალოდ, არ ჩანან, უბრალოდ, მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება ისე, როგორც მოახერხეს არაკონსერვატორებმა. მგონი, ნიკოლაი ტოლსტოი ამბობდა, რომ კარგი ადამიანები ცოტანი არ არიან, მაგრამ ისინი ცუდად არიან ორგანიზებული. აი, ეს სჭირს ახლა ჩვენს ევროპას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დაზავების შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება თვითონ ევროპაშიც, იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ომიდან გამარჯვებული მხოლოდ შეერთებული შტატები გამოვა.
– აშშ იმთავითვე წაუგებელს თამაშობდა.
- დიახ და ტყუილად ნუ იხტუნავებენ ნურც პრორუსულები და ნურც პროდასავლურები. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა და ყველაზე მეტი სარგებელი ნახა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. დაზარალებულთა შორის ევროპელებსაც ვგულისხმობ. ასე რომ, იმედი მაქვს, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი მოჰყვა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის აბსოლუტურად სწორ მიდგომას ამ პრობლემისადმი. ძალიან მარტივად დასვა საკითხი: თუ ევროპელები რუსებთან ვაჭრობენ ჩვეულებრივად და რუსეთი მათგან ამით მილიარდობით სარგებელს ნახულობს და თუ ჩვენი დახმარებით უკრაინის ზოგიერთი ჩინოვნიკი ჩვენს თანხებს იპარავს, მაშინ დაამთავრეთ ომი. ჩვენ არც ერთს აღარ დაგეხმარებით. პირობები იქნება ისეთი, რომ უკრაინისა და ხაზს ვუსვამ – რუსეთის ბუნებრივი რესურსების ოპერატორიც ამერიკის შეერთებული შტატები გახდება; და შემდეგ რუსულ ენერგომატარებლებს ევროპელებს ამერიკის შეერთებული შტატები მიჰყიდის და ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე აქამდე ყიდულობდნენ რუსეთისგან. ასე რომ, ახლა ევროპელებს, უკრაინელებს, რუსებს და კავკასიელებს სხვა გზა არ გვაქვს: უნდა დავსხდეთ და მოვიფიქროთ ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთისათვის ანგარიშისგამწევი ხელშეკრულებებისა და პარტნიორობის ნორმები.
ესე იგი, უკრაინა-რუსეთის ომის დამთავრების შემდეგ, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ინტერესები უკვე განსაზღვრული აქვს. ეს პროცესები დაწყებული აქვს კავკასიაში, კონკრეტულად – ზანგეზურში. მაგრამ ამ ომის დამთავრების შემდეგ მისი ინტერესი უკვე კონკრეტული და კატეგორიული იქნება კავკასიაში. ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად დაუპირისპირდება კავკასიაში თურქეთის ინტერესსაც, ირანის ინტერესსაც და რუსეთის ინტერესსაც. ანუ ამერიკელები ახლა მოიცლიან სამხრეთ კავკასიისთვის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შორის კავშირურთიერთობებისა და დერეფნებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





