რატომ არის ბუნებრივი, ისტორიული თვისება ქართველების აგრესიულობა, როგორც საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვის ინსტინქტის გამოვლენა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 16.08, 2023 წელი

არაერთხელ დამიწერია პირადად მეც, რომ ჩვენს საზოგადოებაში მოჭარბებულია აგრესია და ეს ნათელია სრულიად არასპეციალისტისთვისაც და შეუიარაღებელი თვალისთვისაც. მეორე მხრივ, შესაძლოა, სულაც, არ იყოს ცუდი, რომ ეს აგრესია გარეთ იფრქვევა და ადამიანში არ ილექება, იმიტომ რომ საკმაოდ სავალალო შედეგი შეიძლება, გამოიღოს, უპირველესად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საიდან დაიბადა ამდენი აგრესია და სად უნდა დავმალოთ თუ როგორ უნდა გავაქროთ ის? – ამ თემაზე თავის მოსაზრებას ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაგვიზიარებს.
– ხანდახან მგონია, იქნებ უკეთესიცაა, ადამიანები აგრესიას გარეთ რომ ავლენენ, იმ იმედით, რომ ერთხელაც დაიცლებიან, იმიტომ რომ ამდენი ბოღმის გულში შენახვით ადამიანი შეიძლება, ერთ დღესაც, უბრალოდ, გასკდეს. ზოგადად, ადამიანი აგრესიული არსებაა, მაგრამ ერთგვარი გამოსავალიც ხომ არ არის ერთმანეთის ლანძღვა?
– ალბათ, რაღაც პროცენტით არის გამოსავალი, სხვა შემთხვევაში ადამიანი არ მიმართავდა ამდენ ლანძღვა-გინებას. მეორე მხრივ, მიიჩნევა, რომ აგრესიულობას იწვევს ფრუსტრაცია, მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს. მეეჭვება, რომ აგრესიულობა იყოს მიმდინარე მომენტის შედეგი და ისიც მეეჭვება, რომ მაინცდამაინც საქართველო იყოს გამორჩეული აგრესიულობით. მაგალითად, ცნობილი მოვლენაა „ფეისბუკის“ მომხმარებელთა აგრესიულობა, ამიტომაა, რომ იცვლიან „ფესიბუკს“ და სხვა სოციალურ ქსელებზე გადაადგილდებიან. ამდენად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ გარდა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება-დაუკმაყოფილებლობისა, სხვა მიზეზებიცაა. ერთმანეთს რომ ეუბნებიან, ბაზრის ქალივით იქცევიო, ეს ნიშნავს, რომ ბაზრის ქალები ერთმანეთს ძალიან ზრდილობიანად არ ელაპარაკებიან.
– მგონი, „ფეისბუკის“ კაცებივით იქცევიო, ასეთი უნდა იყოს თანამედროვე დამუნათება.
– დიახ. „ფეისბუკში“ შეიძლება, ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა იპოვოს მეორე ადამიანი, მაგრამ დაუსჯელობის ფაქტორიც მნიშვნელოვანია.
– მგონია, „ფეისბუკზე“ არაადეკვატური ქცევის მიზეზი ისიცაა, რომ არ ჩანხარ, ხანდახან შენც ვერ ხვდები, რომ შენ ხარ და თითქოს გეხსნება პასუხისმგებლობა. მე ხშირად მქონია შემთხვევა, რომ პირადი შეხვედრისას ძალიან ზრდილი ადამიანი ძალიან უზრდელად წერს სოციალურ ქსელებში. ოპონენტს რომ ვერ ხედავს, თითქოს ამზეურებს ადამიანი თავის შინაგან ბუნებას.
– გეთანხმებით, რომ დანახვა-არდანახვის ფაქტორი ასრულებს როლს, ალბათ, მნიშვნელოვან როლსაც და ჩვენთანაც წამოწეულია ეს ამბავი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენთან კიდევ სხვა მიზეზები აქვს აგრესიულობას, იმ მხრივ, რომ ჩვენ ძველი, მეომარი ერი ვართ. მეომარი ერები კი, საერთოდ, ისტორიულად აგრესიულები არიან, სხვანაირი ვერ იქნები. ამიტომ ჩვენ, თუ შეიძლება, ითქვას, არქეტიპშიც კი გვაქვს აგრესიულობა.
– მანქანასაც ძალიან ექსტრემალურად ატარებენ, გაუგებარია, რატომ რისკავს სიცოცხლეს 30 წამის გამო და ისეთი უაზრო რამისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ჩემთვის გასწრება.
– იმიტომ რომ გეჯიბრება. ჩვენ ხომ სულ ვიღაცას ვეჯიბრებით?! ხან ჩვენ ვეჯიბრებით, ხან კი სხვის შეჯიბრებაში ვერთვებით. თუმცა, თუ მეტოქემ დაგვჯაბნა, დათვი რომ მოგერევა, ბაბა დაუძახეო.
– ჭკვიანურია, თავი რატომ უნდა შეაკლა, თუ მოგერია?
– დიახ, ხასიათში გვაქვს მრავალნაირი თვისება. შესაბამისად, ეს თავის არ შეკვლა, ეტყობა, მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ საუკუნეების განმავლობაში ვიტანდით მტრებს. თან, დიდი და ძლიერი მტრები გვყავდა. არაბები ხუთ საუკუნეს იყვნენ...
– დღემდე თბილისი წმინდა ქალაქია არაბების და, თურმე, უნდა დაიბრუნონ, თბილისში მათი 12 გამოჩენილი სასულიერო პირი ყოფილა დაკრძალული.
– დიახ, დიდხანს იყვნენ არაბები, სპარსელები, ოსმალოები, რუსეთსაც ორი საუკუნე ვყავდით დაპყრობილი. მაგრამ, როგორც კი შევატყობდით, რომ შეგვიძლია დამპყრობლის ამოყირავება, ამოვაყირავებდით ხოლმე. ანუ დიდხანს ვითმენდით და არც ვითქვიფებოდით, რაღაც ფენები, პიროვნებები ითქვიფებოდნენ, მაგრამ მთლიანობაში ქვეყანა არ ითქვიფებოდა და როგორც კი დაინახავდნენ, რომ უკვე შეუძლიათ სურათის შეტრიალება, მაშინვე აუჯანყდებოდნენ. ასეთი მაგალითიც ბევრი გვაქვს. თან, თითქოს მცირე მიზეზიც კი იყო საკმარისი კონფლიქტისთვის.
– ეპიფანცევს აქვს ერთი წერილი ქართველების შესახებ და წერს, რომ მიმიკრია გვახასიათებს; გარეგნულად ემსგავსებოდნენ დამპყრობლებს და მათაც, რომ ეგონათ, საბოლოოდ, დავიმსგავსეთო, მონახავდნენ სხვას, ძველ ბატონს გადააგდებდნენ და შემდეგ ახალს დაემსგავსებოდნენო გარეგნულად. მეორე მხრივ, ერთ-ერთი ევროპელი ისტორიკოსიც წერს, რომ ირლანდიელებსა და ქართველებს აქვთ თვისება, რომ გგონია, საბოლოოდ დაიმორჩილე, აი, სწორედ მაშინ აგიჯანყდებიან, არასდროს იცი, რას მოიმოქმედებენო.
– არ ვიცოდი, ირლანდიელებიც თუ ასეთები იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, მეფეებს გვინიშნავდნენ შაჰები, ჩვენგანაც მეფე მიდიოდა, დემეტრე იყო თუ ლუარსაბი, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად და ამას აკეთებდნენ ძალიან მშვიდად და მორჩილად. ასეა თუ ისე, არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენი ხალხის აგრესიულობა, ოღონდ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ აგრესიულობას ნაკლებად ახლავს სიბრმავე. ეს არ არის ბრმა, ფანატიკური აგრესიულობა; ეს არ არის თავი შევაკლათ; იბრძვის, სანამ გაუვა ბრძოლა; არის აგრესიული, სანამ გაუვა აგრესიულობა; ეჯიბრება, სანამ გაუვა ჯიბრი. მაგრამ, თუ აღმოაჩინა, რომ დიდი უპირატესობა აქვს მეორე მხარეს, აღარ არის აგრესიული. ერთი საინტერესო ფრაგმენტია: ქართველების უმრავლესობა სტალინზე, მინიმუმ, მოწიწებით ლაპარაკობს, თუ აღფრთოვანებით არა, მაგრამ შევარდნაძე კი ლამის საფლავიდან ამოიღონ, კომუნისტების მონაა, აფხაზეთში გვიღალატაო, არადა სტალინმა აფხაზეთი საერთოდაც შექმნა.
– ანუ იმდენი არ დაუშავებია შევარდნაძეს, რამდენიც სტალინმა დაუშავა, მაგრამ სტალინი მართავდა მსოფლიოს და ეპატია.
– დიახ, ამას ვამბობ. თუკი ძალიან მაღლა არის ადამიანი, მის მიმართ აგრესია აღარ აქვს ქართველს და თუ დაწეულია, მით უფრო, თუ მოდაშია აგრესიულობა, თვითონაც მიჰყვება ამ აგრესიას. დღესაც იგივე ხდება.
– ეს არ არის ცუდი თვისება, იქნებ დამსახურებას უფასებენ ყველას.
– დამსახურებას თუ ეს კონფორმიზმია?! შეიძლება, აგრესიაც ხშირად კონფორმიზმის შედეგი იყოს. რადგან კონფორმიზმი შემოვიდა ჩვენი საუბრის თემად, ბულინგიც ხომ კონფორმულობის ერთ-ერთი ფორმაა?! ვისაც ზოგიერთები ჩაგრავენ, დანარჩენებიც ჩაგრავენ და ჩვენც გვიყვარს ეს ბულინგი.
– ადამიანს, ზოგადად, უყვარს სხვების დაჩაგვრა.
– დიახ და ვიმეორებ, ჩვენ მით უფრო, რადგან სულ საომარ რეჟიმში ვცხოვრობდით. ფიზიკური ძალის პრინციპი სულ მოქმედებდა, თითქმის საბჭოთა პერიოდამდე.
– ან გვერეოდნენ, ან ვერეოდით.
– სხვა ვარიანტები არ იყო.
– ეროვნულ ცნობიერებაში ტრავმები გვქონია.
– მაგალითად, ყველა ბიჭი ბავშვობაში აგრესიულია. ეს ტრავმაა თუ სტილია?! ბიჭს ეუბნებიან, არ იტირო, გოგო ხომ არ ხარ?! ტკივილი უნდა აიტანო, სხვას აჯობო – ეს დევს ვაჟების აღზრდის ფორმულებში. გამორიცხულია, რომ გოგონას უთხრან: უნდა აჯობო, უნდა ეჩხუბო, უნდა დაუმტკიცო, რომ სხვა არასწორია, ბიჭი ამას ამტკიცებს ჩხუბით.
– ახლა კი აპროტესტებენ, მაგრამ მეც ასე ვეუბნები ჩემს შვილიშვილს, რომ ტკივილზე არ უნდა იტიროს და აიტანოს, თუმცა, იმავდროულად, ვეფერები. ახლახან წავიკითხე, რომ არაბები ძალიან მკაცრად ზრდიან ვაჟიშვილებს, ებრაელები, ებრაელი დედის ფენომენი ცნობილია, სულს უბერავენ, ათამამებენ, საბოლოოდ კი, არაბი მეომარი არ გამოირჩევა სიმამაცით, ებრაელი ჯარისკაცები კი ძალიან მამაცები და ამტანები არიან. ანუ მოფერება არ აფუჭებს, პირიქით და, მართლაც, საქართველოს ყველა ბოლო ომში ხელის გულზე გაზრდილი ბიჭები წავიდნენ და დაიხოცნენ.
– დიახ, ეგრეთ წოდებული, „სვეცკი“ ბიჭები. ბუნებრივია, კარგად გაზრდილი ბიჭი ჯობია. სიკვდილისთვის ცოდვაა, მაგრამ ისიც კი უკეთესად შეუძლიათ. პრინციპში, აგრესიულობა ცუდი არ არის, თავს იცავ, ანუ თავის დაცვის იმპულსს იძლევა, უპირველესად, ახლობლის, განსაკუთრებით, ოჯახის წევრებისა და სამშობლოს დაცვის იმპულსსაც, წესით, აგრესია უნდა იძლეოდეს.
– გამოვლენა გვცვლის აგრესიულობისგან თუ პირიქით?
– შემცირებული აგრესია გინახავთ?! სიტყვით ყველაზე აგრესიულები იყვნენ, ეგრეთ წოდებული, ქუჩის ბიჭები, რომლებიც საქმითაც აგრესიულები იყვნენ. ეტყობა, თეორია, რომ, რაც სიტყვაში გადავა, იმის იმპულსი ჩაქრება, შეიძლება, ბოლომდე მართალი არ არის. მაგალითად, აღმოაჩინეს, რომ აგრესიული ფილმების ნახვის ფონზე ბავშვებს უმცირდებოდათ აგრესია და თქვეს, კომპენსაციის ფუნქციას ასრულებსო, მაგრამ, თუკი იმ ბავშვს იარაღი ჰქონდა სახლში ან აგრესიულ გარემოში ხვდებოდა, მაშინ პირიქით, ემატებოდა აგრესიულობა. ამდენად, აქ მარტივი ფორმულის გამოყვანა ძნელია. რთული ფორმულა კი უამრავ ვარიანტს მოიცავს.
– ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ თუ ამ აგრესიულ ენერგიას სახელმწიფო იდეოლოგიურად სწორად წარმართავს, შეიძლება, გამოიყენოს და ეს წაადგეს სახელმწიფოს?
– არ ვიცი, სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაა თუ თვითონ საზოგადოებამ შეიძლება, მართოს აგრესიულობა. სულ სომხეთის მაგალითი მახსენდება ხოლმე: სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იქ ტოლერანტობა გამოვლენილია, მაგრამ იმავდროულად, სომხეთი თითქმის მონოეთნიკურია. რატომ? იმიტომ რომ მოსახლეობის დონეზე წყდება ეს პრობლემა. სხვა ეთნოსების წარმომადგენლებს არ აძლევენ მუშაობის, ბიზნესის წარმოების, ცხოვრების საშუალებას და ისინიც მიდიან სომხეთიდან. ანუ ამ პრობლემას თავად იმ ქვეყნის მცხოვრებლები აგვარებენ სახელმწიფოს გარეშე. ანალოგიურად, ბრძოლისუნარიანობაც, ახლობლის დაცვა შეიძლება, ის ამოცანებია, რომლებსაც საზოგადოებრივი მენტალიტეტი უნდა აგვარებდეს სახელმწიფოს გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს მიმართაც ვართ აგრესიულები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან