პოლიტიკა

რატომ არის აუცილებელი რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება მანამ, სანამ მისი გამარჯვება გაფორმდება

№52

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 07.01

ამბები
დაკოპირებულია

სავარაუდოდ, უკრაინის კონფლიქტი ფინალისკენ მიდის, უფრო ზუსტად, დასასრულის დასაწყისისკენ და ერთი რამ უკვე გამოიკვეთა: რუსეთი მოლაპარაკების მხარეა და, როგორც ჩანს, ანგარიშგასაწევიც. უკრაინაში ვითარების გარკვევის შემდეგ რუსეთი აუცილებლად მოიცლის სამხრეთ კავკასიისთვის და, ბუნებრივია, იბადება კითხვა: თუ დასავლეთი რუსეთს წონიან ფიგურად აღიარებს, როგორი იქნება მისი პოზიცია სამხრეთ კავკასიისა და, მათ შორის, საქართველოსადმი? – ამ საკითხზე თავის მოსაზრებას სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე გაგვიზიარებს.

– ჩვენსა და რუსეთს შორის ტერიტორიული პრობლემაა. როგორ რუსეთს მივიღებთ მეორე მხარეს უკრაინის ომის აი, ამ ფინალურ დასკვნით ფაზაში, თუ პუტინი მიჩნეული იქნება მომლაპარაკებელ მხარედ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში?

– ფაქტია, რომ ამ ბოლო პერიოდში რუსეთის პოზიცია კავკასიაში შესუსტდა. გვახსოვს, როგორ გამწვავდა ვითარება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუმცა დაძაბულობა თითქოს შენელდა. რუსეთს სომხეთთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. სომხებმა დააბრალეს, რომ რუსეთი აზერბაიჯანს ყარაბაღთან დაკავშირებით გაურიგდა და არც დაეხმარა. თუმცა სომხეთი არ გამოსულა არც „დსთ-დან“ და არც „ო დე კა ბედან“, ფაშინიანი დასავლეთისკენ გადაიხარა. მან დადო სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან და ზანგეზურის დერეფანმა, რომელსაც ტრამპის დერეფანი დაარქვეს, სრულიად ახალი მომენტები გამოაჩინა, რაც იმავე ტრანზიტულ ბალანსს საქართველოს სასარგებლოდ არ ცვლის: რაც აქამდე მთლიანად საქართველოს მიმართულებით მიდიოდა, ნაწილი შეიძლება, იქით წავიდეს. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ვეღარ ახდენს გავლენას ზანგეზურის თემაზე. იქ არის თურქეთისა და ირანის ფაქტორებიც: თურქეთს ეს დერეფანი აინტერესებს, ირანი ამაზე ნერვიულობს. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანსა და სომხეთზე რუსეთს გავლენა შეუსუსტდა. ავიღოთ საქართველო: ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული და რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორია, თუმცა კონფლიქტი არ გავაჩაღეთ და მართლაც კარგია, რომ ომის გამომწვევი საბაბის როლი არ ვითამაშეთ, რითიც ზელენსკიმ დაღუპა უკრაინა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ საქართველო თამაშებში არ იქნა ჩათრეული. ასევე, რუსეთთან, ასე თუ ისე, დარეგულირებული გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. ამ ფონზე კი კეთდება განცხადებები, რომ რუსეთთან ურთიერთობას არ აღვადგენთ და იმავე სოხუმისა და ცხინვალისადმი გადადგმული არანაირი ნაბიჯი არ ჩანს. მას შემდეგ, რაც ჟენევის ფორმატი გაუქმდა, არ არსებობს არანაირი მოედანი, არანაირი პლატფორმა, სადაც შეიძლება, ვსაუბრობდეთ ჩვენს პრობლემებზე. მეტიც, ჯერ ბოჭორიშვილმა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება, სანამ ტერიტორიული საკითხები არ გადაწყდება. ამას რუსეთის მხრიდან ძალიან მკაცრი განცხადებები მოჰყვა. ლავროვმა თქვა, რომ ამ ორ საკითხს შორის კავშირი არ არის. თუ საქართველოს უნდა, რომ აღადგინოს დეპლომატიური ურთიერთობა, ბურთი მათ მოედანზეა. ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ მივესალმებით საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს ხურდა ანტირუსული პროპაგანდისა და საქმიანობის პროცესში. ეს ერთგვარი მინიშნება იყო. მაგრამ ჩვენთან არც ერთი ანალიტიკოსი, არც ერთი ექსპერტი არ საუბრობს, იმაზე, თუ როგორი იქნება რუსეთი უკრაინის ომის შემდეგ.

– როგორ უნდა ველაპარაკოთ რუსეთს, თუ ის უკრაინის კონფლიქტში გამარჯვებული გამოვა?

– მე ამის შესახებ დავიწყე ლაპარაკი და ვერავინ გააგრძელა, იმიტომ რომ სპეციალისტები უფრო კონიუნქტურაში არიან მოქცეული და არ აღწერენ რეალურ სურათს. მეორე მხრივ, არასერიოზულია იმაზე აყოლა, თუ რატომ ჩავიდა კობახიძე აშხაბადში და იმ დარბაზში რატომ შევიდა, სადაც პუტინი იყო. ეს არის იმ მედია-ჯგუფების პროპაგანდა, რომლებიც უცხოეთიდან ანტირუსული პროპაგანდის ჩარჩოში ფინანსდებიან. და მე არ მესმის, ამას რატომაა აყოლილი ხელისუფლება და ეს ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია. პირიქით, სანამ რუსეთის გამარჯვება გაფორმდება, მანამდე უნდა დავიწყოთ მათთან საუბარი, იმიტომ რომ გამარჯვებულ რუსეთთან საუბარი შეიძლება, არათუ არ გამოგვივიდეს, არ არის გამორიცხული, უკვე ულტიმატუმების დაყენების პერიოდი დაიწყოს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამდენად, დრო არ უნდა დავკარგოთ და ეს პროცესი დავიწყოთ.

– სხვანაირად მოლაპარაკება როგორ გამოვა?!

– უნდა ვიცოდეთ, რა პრობლემებს ხედავენ, რა პლუსებსა და მინუსებს და იქიდან გამომდინარე, უნდა შევადგინოთ გეგმა. მთავარია, ჭკვიანურად დაგეგმილი პროცესის დაწყება. ჩვენ კი პროცესიც არ დაგვიწყია, არადა, ეს საკითხი უამრავ კომპონენტს შეიცავს. რატომ არის ახლა კარგი დრო?! მტერია თუ ოკუპანტი, რუსეთი ჩვენი მეზობელია, მასთან საზღვარი გვაქვს და ამიტომ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ინტეგრაციული პროცესების დაწყებით კონფლიქტების მოგვარების საწინდარი შევქმნათ. მოლაპარაკებების დროს აუცილებლად უნდა გვქონდეს კოზირები. გაგახსენებთ, ტრამპმა რომ უთხრა ზელენსკის, არანაირი კოზირი არ გიჭირავსო. შევხედოთ იმავე ლოგიკით: რა კოზირები გვაქვს რუსეთთან სალაპარაკოდ. არის რამდენიმე, თუმცა, თუ ახლა ეს კოზირები არსებობს, შემდეგ, უკვე გამარჯვებულ რუსეთთან, შეიძლება, აღარ იმუშაოს. იმიტომ რომ გამარჯვებულებთან საუბარი საკმაოდ რთული იქნება.

მიდგომა ასეთია: კოზირების გარდა, რუსეთმა რომ ანგარიში გაგიწიოს, უნდა შექმნა საპირწონე მსხვილი მოთამაშეების სახით. ვინ შეიძლება, იყოს ასეთი საპირწონე?! დასავლეთი ვერ იქნება; ევროპა არაფერს გვაძლევს, პირიქით, გვებრძვის. კაია კალასისა და კუბილიუსის ხელში რომ იქნება ევროკავშირი, ნახავთ, რაც მოხდება. თურქეთს დალაგებული აქვს რუსეთთან ურთიერთობა და თურქეთი შეიძლება, რეგიონულ ფაქტორებში გამოვიყენოთ, როგორც თავად გვიყენებს, მაგრამ საპირწონედ არ გამოდგება. მეზობლებთან როგორი სიტუაციაა, ვიცით. მაგრამ აქ არიან ჩინეთი და არაბული ქვეყნები. რუსეთისთვის ჩინეთი, ჯერ ერთი, ეგზისტენციური პარტნიორია, იმიტომ რომ ჩინეთის გარეშე ამ ომში მას ძალიან გაუჭირდებოდა და რუსული ენერგომატარებლების რეალიზაციის კუთხით, ჩინეთი რუსეთის უმთავრესი პარტნიორია. ამდენად, ჩინეთს რუსეთი ვერ დაუპირისპირდება ისე, როგორც ამერიკელებსა და ევროპელებს. არაბულ ქვეყნებზე კი დამოკიდებულია ნავთობის ფასი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია.

– ჩინეთთან ხომ პარტნიორობს საქართველოს ხელისუფლება?

– ჩინეთი არ არის შემოსული საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებას მიაღწია საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთმა აღიარა. აი, მაგალითად, ყაზახეთში ჩინეთი არის საპირწონე. იმიტომ რომ იქ სერიოზულადაა შესული და ყაზახეთს ძალიან კარგად უჭირავს ბალანსი ჩინეთსა და რუსეთს შორის, რითიც თავს იძლიერებს. მართალია, ჩვენ გვაქვს დეკლარირებული, მაგრამ ანაკლიის პორტში ჩინელები ჯერ შემოსულები არ არიან, თუმცა ტენდერში გაიმარჯვეს. ანუ საპირწონეები არ შეგვიქმნია.

– ამას გარდა, როდესაც ასეთი გართულებული ურთიერთობა აქვს რუსეთს აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ეს უნდა გაანალიზდეს და გამოვიყენოთ რუსეთთან ლაპარაკისას: საქართველო სჭირდება, როგორც მოკავშირე.

– ამისკენ მივდივარ. ანუ საპირწონის თემა კოზირად ხელში არ გვჭირავს. ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში, მაგრამ ჩინეთი ჯერ არ ჩანს. აქ ორი მომენტია, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელები ითხოვენ სახელმწიფო გარანტიას და ჩემთვის უცნობია, რატომ არ აძლევენ ამ გარანტიას და, ასევე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება, რუსეთმა უთხრა, თავი შეეკავებინა აქტიურობისგან. თუმცა საპირწონე ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ნახეთ, რა კოზირები გვიჭირავს, რითიც შეიძლება, ახლავე დაველაპარაკოთ რუსეთს: რუსეთისადმი ახლა კავკასიაში მეგობრულად განწყობილი დიდად არავინაა, ხოლო საქართველოსთან მას აკავშირებს ისტორიული, რელიგიური, ტრადიციული თემები, რომლებიც შეიძლება, გამოვიყენოთ. არის ერთი ნიუანსიც: რუსეთს რომ სდომებოდა ხიდების საბოლოოდ გადაწვა, ხელს შეუწყობდნენ იმ ინიციატივას, რომელიც მოდიოდა იმავე ჩრდილო ოსეთისგან, რომ „სამხრეთ ოსეთთან“ ერთად ერთ რეგიონად შესულიყო რუსეთში.

– მაშინ დაკარგავდა ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტს.

– იმავეს ვამბობ. რუსეთმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. რომ სდომებოდა, მარტივად გააკეთებდა. მაგრამ არ გააკეთა. ხომ უნდა დავფიქრდეთ, რომ რაღაცას ელოდება ჩვენგან?! ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომც გადაწყვიტოს რაღაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, მას უდგება ცხინვალისა და სოხუმის პრობლემა. შესაბამისად, რუსეთმა აქედან რაღაც სარგებელი უნდა მიიღოს. დღეს საქართველო, კონსტიტუციით, „ნატოსკენაა“ მიმართული, რამაც ახლა აზრი დაკარგა, მაგრამ ეს უაზრო ჩანაწერი არსებობს და ის ხელს უშლის პროცესს. შენ თუ გინდა, რომ რუსეთთან დალაგდე, „ნატოში“ როგორ მიდიხარ?! ყოველ შემთხვევაში, ის მაინც უნდა გაცხადდეს, რომ ამ ჩანაწერს ამოვიღებთ. მეორე თემაა, რომ უნდა დავიწყოთ ინტეგრაციული პროცესები. ეკონომიკა, ფინანსური ურთიერთობები ქმნის პლაცდარმს საიმისოდ, რომ შემდგომ პოლიტიკური საკითხები მოგვარდეს. სხვა ფორმულა არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური და დიპლომატიური მეცნიერების კლასიკა, სხვათა შორის, პოლიტეკონომიისაც. სოხუმისა და ცხინვალის ელიტები, მოსახლეობა უნდა მიეჩვიონ საქართველოსთან ინტეგრაციულ პროცესში ჩართულობას.

– როგორ? სამედიცინო პროგრამა მუშაობს, მაგრამ ეს მაინც არაფერს ცვლის.

– გზები, რკინიგზა, ყველაფერი უნდა გაიხსნას. აქამდე რატომ არ დაგვიწყია მუშაობა, რომ გაიხსნას?! გადაჭედილია ლარსი და რატომ არ შეიძლება, როკის გვირაბი გამოვიყენოთ?! ან რატომ არ უნდა გაიხსნას გზა სოხუმისკენ, საგზაო და სარკინიგზო?! ზოგი ტვინშეზღუდული და უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკოსი თუ არასამთავრობოს წარმომადგენელი ამბობს, რომ იმ გზებით რუსეთი შემოვა ტანკებით. არადა დღეს ვინღა ომობს ტანკებით?! რომ უნდოდეს, რაკეტას გესვრის. უნდა დაინახონ სოხუმსა და ცხინვალში, რომ ისინი უკვე ინტეგრაციულ პროცესში არიან ჩართულნი, სადაც მათაც ექნებათ თავიანთი ფინანსური და ეკონომიკური ინტერესიც. ჟურნალის ფორმატში ვერ ჩავტევთ ყველა საკითხს, მაგრამ, სანამ უკრაინის ომი დამთავრებულა, ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ. შუამავლების გარეშე უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან. ვიმეორებ: ჯერ კიდევ არის დრო. თუ ვერ მივასწრებთ, შემდეგ ეს სხვანაირად მოხდება. ისინი ულტიმატუმის ენით დაგველაპარაკებიან და პირდაპირ დავალებებს მოგვცემენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი