რატომ არის აუცილებელი გლობალისტური მიდგომის გასავრცელებლად ოჯახის მოშლა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00

ჩვენს კონსტიტუციაში, ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს მიზანია ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და, სინამდვილეშიც, ქართული კულტურა ევროპული კულტურის ნაწილია (ან პირიქით). მეორე მხრივ, ევროკავშირი ევროპული ცივილიზაციის საძირკველზე დაშენდა, თუმცა მიგრაციულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო დემოგრაფიული სურათის შეცვლას, იმის პარალელურად, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შობადობა იკლებს და, ძირითადად, აბორიგენი მოსახლეობის კლების ხარჯზე. ხოლო, რაკი ევროპული ღირებულებები ევროპელების მენტალობას ეფუძნება, თუ დემოგრაფიული სურათი შეიცვლება, გადაწყვეტილების მიმღებებიც მენტალურად არაევროპელები იქნებიან, რაც შეიცავს საფრთხეს, რომ ევროპისგან ევროპული მხოლოდ სახელწოდება შეიძლება, დარჩეს. ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი – ლელა მენაბდიშვილი განგვიმარტავს ამ პრობლემას.
– აღმოჩნდა, რომ ევროპის სახელმწიფოებში ტერაქტები მოაწყვეს მეორე და მესამე თაობის ემიგრანტებმა, ანუ თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ისინი ვერ გახდნენ ევროპული საზოგადოებების ორგანული ნაწილი. როდის დაიწყო ევროპაში დემოგრაფიული კრიზისი და რა პერსპექტივა ელის შობადობის ამ უტემპობით ევროპულ ცივილიზაციას?
– გასული საუკუნის 60-იან წლებში მოხდა, ეგრეთ წოდებული, კულტურული რევოლუცია და ამან დასაბამი მისცა საზოგადოების ღირებულებების ძალიან დიდ ცვლილებას. საზოგადოება, ფაქტობრივად, ახალ რელსებზე გადავიდა როგორც ღირებულებების, ისე ქცევის თვალსაზრისით. იმ პერიოდიდან მეორე დემოგრაფიული გადასვლა დაიწყო, რაც ნიშნავს ხანგრძლივად შობადობის შემცირებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას, როდესაც მოსახლეობის რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ არც მრავლდება. შობადობა შემცირდა, მიგრაციის დონე გაიზარდა. ეს იყო ჰიპერგლობალიზაციის დასაწყისი, გლობალიზაცია კი ხელს უწყობს მიგრაციას, მოსახლეობის არევას, ტრადიციული კულტურული ღირებულებების რღვევას და საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებას. ამ პერიოდში მოხდა ლიბერალური ღირებულებების წინა პლანზე წამოწევა. ოჯახის ინსტიტუტი, როგორც ასეთი, დაინგრა. მეცნიერებმა და არა მარტო მეცნიერებმა, ოჯახით დაინტერესებულმა საზოგადოების წევრებმაც დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ოჯახი გაქრა და ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ოჯახმა დაკარგა თავისი ფუნქცია და აღარ არსებობს ისეთი ფორმით, როგორითაც არსებობდა. ამ თემაზე ახლაცაა კამათი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ოჯახური ღირებულებების ნგრევას ხელი შეუწყო იმან, რაც ხდება ევროპაში, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში და თანდათანობით ვრცელდება აზიის ქვეყნებშიც, რომლებიც უფრო მეტად კონსერვატულები იყვნენ.
– რას გულისხმობთ – ერთნაირსქესიანთა ქორწინებას?
– ეს ეხება ყველაფერს: გვიან ქორწინებას, ქორწინების გარეშე შობადობას. ჩვენ ოჯახზე ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების საწყისი და ის უზრუნველყოფს ფიზიკურსა და კულტურულ უწყვეტობას. მაგრამ ესეც შეიცვალა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 6 ქვეყანაში უფრო მეტი ბავშვი იბადება ქორწინების გარეშე, თანაცხოვრებისას, ვიდრე ქორწინებაში. 2023 წლის მაჩვენებლებით, ბულგარეთში ბავშვების 59.7 პროცენტი დაიბადა ქორწინების გარეშე, პორტუგალიაში – 59.5 პროცენტი, საფრანგეთში – 58.5 პროცენტი. შვედეთში – 57.4 პროცენტი, სლოვენიაში – 56.5 და ესტონეთში – 53.8 პროცენტი. მთლიანად ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 41.1 პროცენტია. ფაქტობრივად, ბავშვების თითქმის ნახევარი ქორწინების გარეშე იბადება.
– რას ცვლის ეს ფაქტი?
– ქორწინება უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. სოციოლოგები ვარაუდობენ, რომ თანაცხოვრება შეიძლება, მივიჩნიოთ, როგორც ქორწინების პრელუდია. ეს შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ მათგან ნახევარი შეიძლება, დაქორწინდეს, ნახევარმა კი ისევ თანაცხოვრებით განაგრძოს ურთიერთობა ან მეოთხედმა აღარც გააგრძელოს. 2023 წელს ევროკავშირში ორჯერ ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე 6 ათეული წლის წინ. ზოგადად, შობადობის შემცირება მსოფლიოსთვისაა დამახასიათებელი. ყველგან დაიწყო ამ მაჩვენებელმა კლება. ყოველ ათას კაცზე შემცირებულია 4 331-ით და ეს საკმაოდ ბევრია. ამას ემატება მიგრაცია. მიგრაციის პროცესში ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მიგრანტები ასიმილირდებიან თუ ვერა. აქ გასათვალისწინებელია, რომელი ქვეყნის მოსახლე რომელ ქვეყანაში მიდის, ასევე, მათი აღმსარებლობა, ტრადიციები, კულტურა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, მსოფლიოში და, განსაკუთრებით, ევროკავშირში გაიზარდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების რაოდენობაც.
– და მათაც ჰყავთ ბავშვები, რაც კიდევ ცალკე პრობლემაა.
– დიახ, ეს კიდევ სხვა პრობლემაა. ორიოდ სიტყვა მინდა, ვთქვა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ. იყო ასეთი ამერიკელი მეცნიერი, ფსიქოლოგი, მაიკლ სოკარიდესი, მან შექმნა ფუნდამენტური ნაშრომი „როგორ გაპედერასტდა ამერიკა“.
– ასე ჰქვია პირდაპირ?!
– დიახ. აი, ასე ჰქვია. ის ათეული წლების განმავლობაში აკვირდებოდა ერთნაირსქესიან წყვილებს, შეისწავლა მათი ყველა ასპექტი და დაასკვნა, რომ ადამიანთა მხოლოდ 2-3 პროცენტი იბადება მამათმავლებად ან დედათმავლებად.
– ჩვენ ასე ვისწავლეთ, რომ კაცობრიობის არსებობიდან ადამიანების, დაახლოებით, 4 პროცენტამდე იყვნენ და არიან დაბადებით არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები.
– დანარჩენი სოციალიზაციის შედეგია. მეორე მხრივ, მსოფლიოს 38 ქვეყანაში უკვე კანონითაა დამტკიცებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ამაში მონაწილეობს დედამიწის მოსახლეობის 20 პროცენტი. ეს არ არის პატარა რიცხვი. 2015 წლის 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო სავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მის წევრს ქვეყნებს, მოვიყვან ციტატას: ეფიქრათ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ან ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირის პოლიტიკურ, სოციალურსა და ადამიანისა და სამოქალაქო უფლებათა საკითხებად აღიარების შესახებ. ეს, ფაქტობრივად, მოწოდებაა. მოსახლეობას, რომელიც ჩავიდა ევროკავშირში და იქ დაფუძნდა, თავის ქვეყანაში უჭირდა, კარგად მცხოვრები მიგრაციაში დიდი ხნით ხომ არ მიდის?! ის ვერ შეეგუა ახლებური ცხოვრების წესს. შენ ახალ გარემოში დაიბადე და რაღაც ისწავლე, მაგრამ მშობლებმაც გადმოგცეს შენი ტრადიციები და ვერ შეითვისე ახალი. რატომ იქცნენ ტერორისტებად? ეს არის პროტესტი იმისადმი, რასაც იქ ხედავენ და არ მოსწონთ.
– ევროპაზე აქცენტს ვაკეთებ, ვინაიდან ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ამ დროს ევროპა შეიძლება, შინაარსობრივად შეიცვალოს იმდენადაც კი, რომ გაუგებარი წარმონაქმნი აღმოჩნდეს.
– ნამდვილად.
– შობადობა ეცემაო და მიგრანტებს შორისაც?
– ეცემა ადგილობრივი მოსახლეობის შობადობა. საფრანგეთში ფრანგი საძებნელი გახდა, უმეტესწილად ალჟირიდან ჩასული მოსახლეობაა. ჩვენ აღარ ვყოფთ ეთნიკურად, ჩვენთან უკვე მსოფლიო მოქალაქეები იზრდებიან. ასეთი ტენდენციაა. ეროვნება აღარ უნდა იყოს წამყვანი. საპატრიარქოსთან არსებობს ქრისტიანულ-დემოკრატიული კვლევითი ცენტრი და მოეწყო კონფერენცია „მსოფლიო მარადიული ღირებულებები მარადცვალებად სამყაროში“. მოხსენებით გამოსვლისას, რომ საქართველოშიც დგება ეროვნებულობის წაშლისა და მიგრაციის პრობლემა, გერმანიიდან ჩამოსულმა მომხსენებელმა მითხრა, რატომ ნერვიულობთ, ქალბატონო, ჩვენს ქვეყანაში ეს კარგა ხნის წინ მოხდაო. ხელისუფლებები იცვლება და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ მოდის ხელისუფლებაში; ვინ უფრო მეტად აფასებს ეროვნულობას, თავისი ქვეყნის ისტორიას, მომავალს... ამით წყდება ყველაფერი. თავისუფლება ნიშნავს, რომ გააკეთო სწორი არჩევანი. შენ გაქვს არჩევანის თავისუფლება და არა ის, რომ, რაც გინდა, ის აკეთო. გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მოიტანა იმან, რომ თავისუფლება გავიგეთ ძალიან ცუდად.
– ევროკავშირში არ აღირიცხება არააბორიგენი მოსახლეობა?
– შეიძლება, შიდა აღრიცხვა ჰქონდეთ, მაგრამ ხელმისაწვდომი სტატისტიკა არ არის. ბავშვების ოდენობა შემცირდა, მაგრამ ეროვნებას აღარ აქცევენ ყურადღებას, ის აღირიცხება, როგორც მოქალაქე.
– ევროკავშირი ვერ ხვდება, რით შეიძლება, დასრულდეს ასეთი პოლიტიკა, რომ ევროპამ შეიძლება, შეიცვალოს არსი?
– მე არ ვიცი, რას ემსახურება ეს პოლიტიკა, რადგან შეუძლებელია, ვინმე ვერ ხვდებოდეს, რით შეიძლება, ეს დასრულდეს. აუცილებლად იქნება მეცნიერული მსჯელობა, გაანალიზდება ვითარება, მაგრამ ეს რაღაც დიდი გარიგებაა, მე ვფიქრობ, უფრო გლობალური საკითხია. ხომ ხედავთ, ამერიკამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ მიგრაციის პოლიტიკა გადასახედია.
– გვაქვს საშუალება, შევაკავოთ მიგრანტების ნაკადები მოსახლეობის გადინების ფონზე?
– ჩვენთანაც ცუდი სიტუაციაა შობადობის მხრივ. თითო ოჯახში ორ ბავშვზე მეტი უნდა იბადებოდეს, ჩვენთან კი მესამე ბავშვი ძალიან ნაკლებადაა. რაღაც ეტაპზე პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვების მონათვლის პრაქტიკამ გაამართლა, მაგრამ ახლა ის პრობლემაა, რომ პირველი და მეორე ბავშვის შობადობაც შემცირდა და მესამე როგორღა დაიბადება?! ამაზე სერიოზულადაა საფიქრალი. გვეუბნებიან, რომ მიგრანტები შემოდიან და ისევ გადიან, ანუ დიდხანს არ რჩებიან. ახალი აღწერის მონაცემები ჯერ არ არის მზად, იქ უფრო ნათელ სურათს დავინახავდით. 2014 წლის აღწერის მიხედვით კი, ჩვენთან 214 სოფელი იყო დაცლილი. ესე იგი, საქართველოს 214 სოფელში პირველ კლასში არავინ წავიდა. რამდენჯერმე ჩავატარეთ გამოკვლევები, გაგვეგო, რა უშლის ხელს შობადობის გაზრდას. პირადად მე თვისებრივი კვლევა ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე ჰყავდათ 2-2 ბავშვი და გააჩენდნენ მესამესაც, თუ გადაიხედება საოჯახო პოლიტიკა. ქალს ხელშეწყობა სჭირდება, რომ, თან იმუშაოს და, თან, ბავშვიც გაზარდოს. ძირითადად, ბაგებს ითხოვენ. ძალიან მძიმე სიტუაციაა კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების მხრივ. შვილს აჩენ და სამსახურს კარგავ. სამსახურის დაკარგვა კი არ უნდათ. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლებზეც ფიქრია საჭირო. ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ ლაპარაკობს და ესეც კარგია, მაგრამ იმედია, რომ უფრო სიღრმისეულ ღონისძიებებსაც გაატარებენ, რომ კიდეც გამრავლდეს მოსახლეობა და ერთი მესამედი თბილისში კი არ ცხოვრობდეს, არამედ რაიონებში გავიდეს და მთელ საქართველოში დასახლდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან