რატომ არიან ქართველები მიდრეკილი სხვის ომებში ჩაბმით თავის გამოჩენით
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 23.03, 2022 წელი

ჩვეულებისამებრ, გვახასიათებს ტანზე შემოხევა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და ძალიანაც მოხერხებულად იყენებენ დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურები ჩვენი ხასიათის ამ თვისებას – ფინთი გოიმებივით ავარდნას ნებისმიერ რამეზე (მომიტევეთ ჟარგონი). ნებისმიერ ქვეყანაში მომხდარი უბედურებისას თავს მოვალედ მივიჩნევთ, არა მხოლოდ აზრი გამოვთქვათ, არამედ ჩვენი ჩართულობაც შევთავაზოთ. უკრაინის ომი, უდავოდ, დიდი ტრაგედიაა, თუმცა უსაგნო მსჯელობაა, რომ მაინცდამაინც მთავრობამ უნდა მისცეს კურთხევა უკრაინის დახმარების მსურველთ და უზრუნველყოს მათი ადგილზე ჩასვლა. ჩვენი საზოგადოების ნაწილს რცხვენია, რომ სახელმწიფო დონეზე არაა ჩართული საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში (არადა გმირობა ინდივიდუალურია და არა ჯგუფური). როგორ იხსნება ფსიქოლოგიის ენაზე თავის გაგიჟება სხვათა პრობლემებისადმი, მაშინ, როდესაც ხშირად გულგრილობა მჟღავნდება საკუთარი სახელმწიფოს პრობლემებისადმი? – ამ თემაზე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– სხვების ნაცვლად, სხვის ომებში ასეთი ჟინით ჩართვის სურვილი რატომ გვაქვს, ისტორიული დამღაა თუ სამხრეთული ცხელთავიანობაა მიზეზი?
– მიჩვევა ახასიათებს იმას, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა ან თვითონ პიროვნებაში მოიკიდებს ფეხს, მაგრამ სხვის ომებში ბრძოლა ისეთი შორეული წარსულია, რომ გაგიკვირდება ადამიანს, თანამედროვე, ახალგაზრდა ქართველებს რატომ ახასიათებთ ეს თვისება. ვერ იტყვი, რომ მათი მშობლების სხვის ომში ბრძოლა ნახეს ან ძალიან მისდევენ ისტორიას. ამიტომ მე ეს მგონია ემოცია, ეგზალტაცია და გვიჭირს ამ სიამოვნებაზე უარის თქმა.
– სიამოვნების სხვა წყარო არ გვაქვს? ადრენალინს ამ გზით გამოვიმუშავებთ?
– არ ვიცი, რას გამოვიმუშავებთ, მაგრამ ხშირად ამბობენ, რომ ქართველს სცენაზე ყოფნის განცდა აქვს და მისთვის მნიშვნელოვანია, მარტოც რომ იყოს, იმაზეც იფიქროს, როგორი თვალით უყურებენ. შეიძლება, რაღაც მსგავსი ხდება, ვინაიდან სხვის ომში ისეც მიგვიღია მონაწილეობა, დამკვეთი რომ გვეუბნებოდა, აღარ იომო, გამობრუნდიო და ქართველები მაინც იბრძოდნენ.
– ისინი, ყოველ შემთხვევაში, თავად იბრძოდნენ, დღეს უმეტესობას უნდა, რომ სხვამ იბრძოლოს, მაგრამ იბრძოლოს.
– ბევრი რამ ედება ერთმანეთს; ერთი ფენაა ემოციურობა, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ ბუტერბროდივითაა – ის ერთია, მაგრამ რამდენიმე ფენისგან შედგება. ერთი ფენა ემოციურობაა, მეორე – შეგულიანება და ასე შემდეგ. უკრაინელებს უნდათ ქართველების ჩართვა რუსეთთან დაპირისპირებაში. არახამიამ გამოაცხადა, ქართველობის შემრცხვაო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში ბევრი ეთანხმება, რადგან ძალიან ბევრს რცხვენია, რომ არახამია ქართველია, მთელი რიგი მიზეზების გამო. ზელენსკიმაც იმას გარდა, რომ მოთხოვნები წამოგვიყენა, ელჩიც გაიწვია.
– პროფესიული დეფორმაცია ისეთი რამაა, რასაც ადამიანი თავს ვერ აღწევს. ზელენსკი მსახიობია და პოლიტიკოსიც უნდა ფლობდეს ამ ხელოვნებას, თუმცა აი, ელჩის გაწვევა სცენარისტის იაღლიში მგონია, ვინაიდან სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმა უარესი განცხადებები გააკეთეს, მაგრამ ელჩი მხოლოდ საქართველოდან გაიწვია კიევმა.
– მგონი, დიდად არც იმტვრევენ თავს იმ სცენარზე. ბევრი განცხადებიდან ჩანს, რომ ადამიანს აქვს მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს არსებული ხელისუფლების მიმართ და მკაფიო დადებითი დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.
– ზელენსკის არ ვემართლები, მე ჩემი თანამოქალაქეების მიკვირს, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ხელისუფლება მომწონს, უპირველესად, ხომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები უნდა გაღელვებდეს? საპირწონე ის არ უნდა იყოს, სახელმწიფო რას იზარალებს და მოიგებს?
– დაახლოებით, ანალოგიური რამ გააკეთა მარგველაშვილმა, როდესაც უცხოურმა გამოცემამ ინტერვიუ ჩამოართვა, შიდა დაპირისპირებაზე ნუ დავწვრილმანდებით, ქართველსა და უკრაინელ ხალხს ერთნაირი გასაჭირი აქვს და ერთნაირად გაუმარჯოსო. არ დაიწყო ოპოზიცია-პოზიციის ტერმინებით ლაპარაკი.
– თუმცა მისი გამოსვლა აქციაში შეუფერებელი იყო ყოფილი პრეზიდენტისთვის.
– დიახ, საერთოდ, რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს ჩვენში და საპროტესტო აქციაზე გამოსული მარგველაშვილი და რესპონდენტი მარგველაშვილი სხვადასხვა პიროვნებები იყო ერთ სხეულში. სხვათა შორის, იგივე ვერ შეძლო ელენე ხოშტარიამ, ისევ დაიწყო მოყოლა, რომ ხელისუფლება არ ვარგა და მალე ისინი მოვლენ ხელისუფლებაში. არ გამიკვირდა და არც თქვენ გიკვირთ, ალბათ, რომ პარტიულ ინტერესს შეიძლება ქვეყანა გადააყოლოს ზოგიერთმა და უკრაინელს რატომ უნდა მოვთხოვოთ, რომ არ გადაგვაყოლოს თავის პარტიულ ინტერესს საქართველოში?!
– ამიტომაც ვიკითხე, რა გვჭირს ჩვენ და არა ის, რა სჭირთ უკრაინელებს.
– ახლა ამოტივტივდა აშკარად, თორემ ათასწლეულების განმავლობაში, მართალია, პარტიებს არა, მაგრამ თავადებს ხშირად უმოქმედიათ თავიანთი და არა ქვეყნის ინტერესებით.
– როდესაც თამარი გიორგი რუსს გაეყარა, მას თამარის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ქართველი თავადების ნაწილმა, ამიტომაც ისტორიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ გიორგი რუსად წოდებულს დააბრალეს მამათმავლობა, მათი გაყრის საბაბი რომ ჰქონოდა ეკლესიას, ვინაიდან მამათმავალს ქართველი თავადები ბრძოლაში გვერდით არ დაუდგებოდნენო.
– მეც მომისმენია ასეთი ვერსია. მცირე ქვეყანა ვართ და, თუმცა მცირე ქვეყანაში ადამიანებს ერთად დგომის უფრო დიდი სურვილი უნდა ჰქონდეთ, პარადოქსია, მაგრამ პირიქითაა. როდესაც სახელმწიფო უფრო სუსტია, ვიდრე მის გარშემო მყოფი სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, ყველა თავისკენ ექაჩება. სულ ამ რეჟიმში ვცხოვრობდით და გასაკვირიც არაა, რომ სხვადასხვა ინტერესებს ატარებდნენ ქართველები და ამ ინტერესის გასატარებლად თავადი იყო თუ სხვა, ხალხის მხარდაჭერა სჭირდებოდათ და აი, მერე უკვე ყველა ცდილობდა, ემოცია გაეღვივებინა ხალხში და ამ ემოციით ემართათ ისინი.
– დღეს იმავეს ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, რომ ხალხის ასეთი ემოციური ფონის გამო პოლიტიკოსებმა ბევრი შეცდომა დაუშვან. ოპოზიციაც საკმაოდ ემოციურად მოქმედებს.
– რა თქმა უნდა, ამას იყენებენ უცხო სპეცსამსახურები და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ოპოზიცია უფრო ემოციურად მოქმედებს, არადა წაგებული მხარე უფრო უნდა ითვლიდეს თავის სვლებს. მაგრამ, ვხედავთ, რომ რაციონალობა სახელისუფლო პარტიას უფრო აქვს, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს.
– სოციალურ ქსელს რომ გადახედო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრს რცხვენია ხელისუფლების პასიურობის, მაგრამ რეალურად მაინც ვერ იქმნება მასობრივი „სირცხვილი“. ქვეცნობიერი უფრო ბრძენია, იმიტომ რომ ახსოვს ბევრი სისხლი უახლოესი წარსულიდან. ანუ მეხსიერება გვშველის?
– რა თქმა უნდა. ეს ის მეხსიერებაა, რაც ხელს უშლის ძალიან ძლიერ საპროტესტო პროცესებს, დესტაბილიზაციას, ვინაიდან ნახა, რომ რამდენჯერაც აყვა დესტაბილიზაციას, გასული საუკუნის 90-ანებიდან მოყოლებული, იმდენჯერ უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბუნებრივია, ადამიანს ახსენდება ეს მდგომარეობა, როდესაც მისგან დესტაბილიზაციას ითხოვენ. ამიტომ, მათ შორის, მოთხოვნა, რომ საქართველო დაუპირისპირდეს რუსეთს, ნიშნავს, რომ შეგნებულად დგამ ნაბიჯს დესტაბილიზაციისკენ. უკრაინას სხვა გზა არ აქვს: ამოიჩემა რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „წესრიგის დამყარება“, მაგრამ შენ მიმართ ხომ ჯერჯერობით არ აქვს ასეთი დამოკიდებულება?! მაინცდამაინც, უნდა გამოიწვიო?! თან, არ დაგვავიწყდეს, რომ ანალოგიურ მდგომარეობაშია მოლდოვაც და მაშინ, წესით, მოლდოვაც უნდა დაუპირისპირდეს რუსეთს. ომში ჩართვის მომხრეთა მხრიდან არის მოსაზრება, რომ უკრაინა უნდა დავიცვათ პუტინისგან, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, მოახერხებ პუტინისგან უკრაინის დაცვას თუ მორიგი მსხვერპლი იქნები?!
– ზელენსკიც რომ მოითხოვს ქართველების ჩართულობას, მიკვირს: ეჭვი აქვს, მიჯაჭვულმა ამირანმა აიწყვიტა კავკასიონიდან და იბარტყა? რა გარდამტეხი წვლილი უნდა შეიტანონ ჩვენგან ჩასულებმა ომის მიმდინარეობაში?
– ერთია მოხალისეები და მეორე, რომ არც იმაზე იტყოდა უარს, რომ საქარათველომაც გახსნას ფრონტი.
– გეოსტრატეგიულად ძალიანაც მოგებიანი იქნება დასავლეთისთვისაც პუტინთან სანქციებით დაპირისპირებაში, თან, სისხლიც ჩვენი დაიღვრება.
– დიახ, ამიტომაც არ ესიამოვნათ, რომ მთავრობამ უარი თქვა. მთავრობას რომ გაეშვა მოხალისეები, გამოვიდოდა, რომ მთავრობა ჩართულია და ნეიტრალური არ არის. პუტინი ირეაგირებდა, ანუ ფრონტი გაიშლებოდა საქართველოსკენაც.
– შემდეგ ამას რა მოჰყვებოდა ჩრდილო კავკასიაში, მათ შორის, თურქეთისა და ირანის ინტერესებითაც, კიდევ სხვა თემაა. თან. რატომღაც, ყველას ავიწყდება, რომ ისლამური სახალიფოს ბოევიკები არსებობენ, შემოსავალი სჭირდებათ და სისხლიც ენატრებაც.
– დიახ, თან, მთელი პრობლემა ისაა და უკრაინის პრობლემაცაა ეს, რომ პუტინის მდგომარეობა განსხვავდება ბინ ლადენის მდგომარეობისგან, რომელმაც უზარმაზარი ცოდვა ჩაიდინა ტერორისტული აქტების სერიით, რაც 11 სექტემბრის ტერაქტით დააგვირგვინა. ის იმალებოდა და ვერ პოულობდნენ. ბუშმა ისიც კი გამოაცხადა, ავღანეთში ომს იმიტომ ვიწყებ, ბინ ლადენი ვიპოვოო. თავისთავად, ოდიოზური განაცხადი იყო, ქვეყანას ეომები ერთი ადამიანის საპოვნელად, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება, იმალებოდეს, მაგრამ ბოლოს მაინც იპოვეს სატელეფონო სიგნალით და სპეცოპერაციით გაანადგურეს ობამას დროს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მოქმედებას ახლავს ტერორისტული პრინციპები და მას ახასიათებს ტერორისტული აზროვნება, პიროვნულად ვერაფერს დაუშავებენ. ბინ ლადენთან თეორიული შანსი იყო, რომ მიაგნებდნენ და გაუსწორდებოდნენ. აქ ესეც გამორიცხულია: ბუნკერებშია. თავისი გარემოცვის ეშინია. უამრავჯერ იყო ჰიტლერზე თავდასხმის მცდელობა, მაგრამ, სანამ მთელი გერმანია არ დაიკავეს და მის ბუნკერამდე არ მივიდა კოალიციის ჯარები, ჰიტლერი ვერ გაანადგურეს. პუტინს ვერაფერს დააკლებენ, თუკი მთელი რუსეთი არ აუმხედრეს და არ მიადგნენ იმ ბუნკერს, სადაც პუტინია. ხომ ვხვდებით, დაახლოებით, რა ტიპისა და მასშტაბის ამოცანაა?!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან