რატომ არიან დარწმუნებულები აფხაზები, რომ თავად იქნებიან პარაზიტები და მთელი სამყაროს მოვალეობაა მათი სურვილების შესრულება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 04.12, 2024 წელი
სანამ ჩვენ იმას ვარკვევთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები და რუსეთისკენ მივდივართ თუ ევროკავშირისკენ, ამ ჩვენს სეპარატისტულ აფხაზეთში ისევ დაიძაბა ვითარება, ამჯერად იმის გამო, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული, მთავრობა დაჰყაბულდა რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას, ეგრეთ წოდებულ, აპარტოტელების თემაზე (რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა შეძლონ უძრავი ქონების შესყიდვა აფხაზეთის ტერიტორიაზე). საბოლოოდ, ასლან ბჟანიამ კანონი უკან გაიწვია, თუმცა, ჩემი აზრით, აქ ყველაზე საინტერესო სხვა დეტალია: აფხაზები ფრიად უცნაური ეთნოსია, უმაღლესი სასწავლებელი ქართველებმა გაუხსნეს, აქ იცავდნენ დისერტაციებს და სამეცნიერო მარაქაშიც გაერივნენ, ტელევიზიაც ჰქონდათ და თანამდებობებზეც მუშაობდნენ, მაგრამ მოგვიანებით, რუსების მეშვეობით, ქართველები გამოაძევეს და შემდეგ „გამარჯვება“ ისე შეიფერეს, რომ კრემლის მცდელობები საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ. ამის პარალელურად, მოსკოვიდან ფულსაც იღებენ, მფარველობასაც, მაგრამ დე-ფაქტო აფხაზეთში ყველაფერი აფხაზების საკუთრება უნდა იყოს. რატომ მიიჩნევენ, რომ მთელ სამყაროს მათი ვალი აქვს? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– არაადეკვატურობა ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ აფხაზებს მეტად მოჭარბებულად. რა ხასიათია ეს, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გაგიკეთოს და შენ – არაფერი, მეტიც, მადლობელი უნდა იყო, რომ უფლებას აძლევ, შენი საქმე გააკეთონ. რატომ გასდით?
– ამ თემაზე ადრე ჩავწერეთ იტერვიუ, როდესაც პროგნოზი გავაკეთეთ და ვთქვით, რომ მოსკოვი მოითხოვდა გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტებსა და საკავშირო მნიშვნელობის ობიექტებს. ანუ საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკის ობიექტების პრივატიზება უკვე გააკეთეს, დარჩა საკავშირო მნიშვნელობის ობიექტები. რაც შეეხება აფხაზებს: მადლობა ღმერთს, ბოლოს და ბოლოს, ხალხმა ისწავლა, რომ აფხაზი და აფსუა სხვადასხვაა. ამ თემაზე 1990-იანებში ლაპარაკი არ შეიძლებოდა, ან დაგცინებდნენ, ან ნაციონალისტს დაგიძახებდნენ.
– ახლა თვითონ ამბობენ, აფსუები ვართო.
– ახლა აფხაზეთშიც ამბობენ ამას და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც დაიწყო ხალხმა ამაზე ლაპარაკი და იმაზეც, რომ აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობა ქართველები იყვნენ. გამოქვეყნდა რუსეთის იმპერიის სტატისტიკური მონაცემები. რუსეთის იმპერია აწარმოებდა მოსახლეობის აღწერას და არც ერთ აღწერაში აფსუები 5 პროცენტზე მეტნი არ არიან.
– მათ არაადეკვატურობას მოწმობს ისიც, რომ საუბარში ხშირად მომიტანია რუსეთის იმპერიისდროინდელი სტატისტიკური მონაცემები და მპასუხობდნენ, ეს ტყუილია, ბებიაჩემი ან ბაბუაჩემი მიყვებოდა, რომ ქართველები ადრე აქ არ ცხოვრობდნენო. ანუ მათთვის ბებია-ბაბუის მოყოლილია უტყუარი წყარო.
– მარტო მათი წყარო არ არის, ოსებსაც ხშირად აქვთ მსგავსი აზრები. რომ აი, რომელიღაც ხეობაში მოხუცი ცხოვრობდა, მან უთხრა თავის შვილს, იმ შვილმა – თავის შვილს და ესაა წყარო. იმის თქმა მინდა, რომ ეს სტატისტიკური მასალები პოსტსაბჭოურ სივრცეში გამოქვეყნდა როგორც რუსულად, ისე ინგლისურად, რაც კარგია ურთიერთობაში სამართლიანობის მისაღწევად. ურთიერთობა არ დალაგდება, თუ სიმართლე არ ითქვა. ორი რამ შემიძლია, გითხრათ, რაც აფხაზებთან პირადი ურთიერთობის გამოცდილებით დავასკვენი, სტუდენტობის პერიოდიდან დაწყებული დღემდე: აფხაზეთის მოსახლეობას აბსოლუტურად გულწრფელად სჯერა, რომ მათ ქართველებთან ომის შემდეგ მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რომ სრულფასოვანი დამოუკიდებელი ქვეყანა აქვთ, ხოლო 2008 წელს კი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება და ახლა დამოუკიდებელი სახელმწიფო აქვთ და რადგან დამოუკიდებელი სახელმწიფო აქვთ და დამოუკიდებლობა ომით მოიპოვეს, იცით, ხომ, რომ სამამულო ომს უწოდებენ აფხაზეთის ომს?!
– რა თქმა უნდა, ვიცი.
– ყველა ვალდებულია, დაეხმაროს და ხელი გაუმართოს.
– გვარიანად გაუფრენიათ.
– ისეთ ამბავს გეტყვით, რაც საქართველოში ბევრმა არ იცის: მოჰაჯირობის დროს ბევრი აფხაზი გადაასახლეს თურქეთში. მას შემდეგ, რაც „დამოუკიდებლობა“ გამოაცხადეს, მათი დელეგაცია თურქეთში ჩავიდა და კარგ აფხაზებს შეხვდნენ, ისინი მართლაც კარგი ხალხია და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ გურჯებთან და ლაზებთან. აფხაზეთიდან ჩასულმა დელეგაციამ ისინი დაარწმუნა, რომ აფხაზეთი ახლა დამოუკიდებელი ქვეყანაა და მათ აუცილებლად უნდა ჩადონ ინვესტიციები აფხაზეთში. სხვათა შორის, თურქეთში წარმატებული აფხაზები ცხოვრობენ. ისინი ჩავიდნენ აფხაზეთში და უნდოდათ ინვესტიციების განხორციელება, მაგრამ აფხაზებმა უთხრეს, ფული ჩადეთ, ოღონდ მიწასა და შენობებს არ მოგყიდითო. ურთიერთობის გარკვევის პროცესში კი ჩვეულებრივი ამბავი დაიწყეს: თურქეთში მცხოვრები აფხაზი ბიზნესმენების გატაცებები, ფულის გამოძალვა და თურქეთიდან ჩასული აფხაზები აფხაზეთიდან წავიდნენ. ერთი სიტყვით, 1990-იანი წლები რაც იყოს საქართველოში, ხომ გახსოვთ?! აი, ესაა ახლა აფხაზეთში, ოღონდ დაუსრულებელი.
– რუსეთს არ აქვს ბერკეტი, თუ რატომ აგლახავებს აფხაზებს?
– რუსეთს ბერკეტიც აქვს და ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევითაც შეუძლია, იქ ყველაფერი დაამთავროს, მაგრამ რუსეთს ჯერ უკრაინასთან აქვს ომი დასამთავრებელი. ომის შემდგომი პერიოდი დგება მთელ მსოფლიოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რუსეთისა და უკრაინისთვის. დამატებით, რუსეთს საქართველოსთან აქვს ურთიერთობა გასარკვევი, ამიტომაც კოჭლობს და ფეხს ითრევს. მე მაინც ვფიქრობ, რომ აგვიანებს, მე მაინც ვფიქრობ, რომ აშავებს. ახლა აფხაზეთში, ეგრეთ წოდებული, არძინბას კლანი ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ქართველებისა და საქართველოს მიმართ, თუმცა არც რუსეთს არ დააკლებენ. მანდაც მსგავსი ამბები ხდება: ერთი ხელისუფლება მოვა, გასუქდება, წავა: მერე მეორე მოვა, გასუქდება, წავა. ახლა ესენი მოვლენ გასასუქებლად, მაგრამ ამ შემადგენლობის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ არძინბას კლანში აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური ქართველია, რომლებსაც ქართველების წინააღმდეგ აქვთ ნაომარი.
– ეს ქარულგვარიანები, რომლებიც აფხაზებად ჩაეწერნენ, ჩემი გამოცდილებითაც, ყველაზე აგრესიულები არიან ჩვენ მიმართ.
– ნამდვილად ასეა. ოსებიც ასე არ არიან?! 1922 წელს, ვინც ოსურად გადაიკეთეს გვარები, მარგიანები მარგიევებად რომ ჩაწერეს, ხაბულიანები – ხაბელოვებად, ბიბილურები – ბიბილოვებად, ჩოჩიები – ჩოჩიევებად, ფილაურები – ფილიევებად და კაკოშვილები – კოკოევებად, ეგენი არიან თუ არიან ანტიქართველები. ბოსნია-ჰერცოგოვინაშიც ხომ იგივე მოხდა?!
– ყველგან, სადაც ერთ სახელმწიფოში ეთნიკური კონფლიქტები იყო, ასე მოხდა.
– გვარგადაკეთებული და რელიგიაშეცვლილი ხალხი სასტიკად უპირისპირდება შემდეგ თავის ძირძველ ეთნოსსა და რელიგიას.
– სულ მაინტერესებს, რის იმედი აქვთ აფხაზებს, თუ რუსეთმა არ მისცა ფული, თუ რუსეთი გაიწია განზე? ბავშვური ქცევაა: გამდის და ვტირიო.
– ტირიან და გასდით და ძალიან კარგად იციან, რასაც აკეთებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთს ახლა ოჩამჩირის ბაზა სჭირდება და ამით ვაჭრობენ.
– გაინაღდებს რუსეთი ოჩამჩირის ბაზას და ძმრად ამოადენს შემდეგ ამ ჭიჭყინს.
– სანამ ძმრად ამოადენს, ეს ხელისუფლება კი გასუქდება და მერე სხვა ხელისუფლებამ არკვიოს ურთიერთობა.
– ასეთი პროგნოზია, რომ შემდეგი ომი აფხაზეთში იქნება აფხაზებსა და სომხებს შორის. შეიძლება, სომხური ფაქტორი გამოიყენოს რუსეთმა აფხაზეთში თუ ვეღარ გამოიყენებს სომხეთთან ურთიერთობის დაძაბვის გამო?
– ახლა ისეთი ვითარებაა, რომ თვითონ აფხაზები დაუპირისპირდნენ, ეგრეთ წოდებულ, ღვაწლმოსილ სომხებს.
– ჩვენ წინააღმდეგ რომ ომობდნენ აქტიურად?
– რა თქმა უნდა. უკმაყოფილების პირველი ეტაპი ის იყო, რომ სომხებმა აფხაზეთში ბიზნესები ჩაიგდეს ხელში, შემდეგ კი – ნელ-ნელა ძალაუფლება. აფხაზეთის მოსახლეობას სოჭამდე მიაქვს თავისი პროდუქცია, იქ ხვდებიან ვაჭარი და „ეფესბეშნიკი“ სომხები და დანარჩენი რუსეთის ტერიტორიაზე მათ გააქვთ ეს პროდუქცია. ამითაც უკმაყოფილოები არიან. ტურისტები შეუმცირდათ – უკმაყოფილოები არიან. როდესაც ადამიანი უკმაყოფილოა, სხვებს აბრალებს ყველაფერს. ისინიც ჩვენსავით საკუთარ თავში არ ეძებენ დამნაშავეს. თუმცა, რამდენიმე წლის წინათ სტადიონზე მოუვიდათ სერიოზული ჩხუბი. აფხაზური გუნდი ეთამაშებოდა სომხეთის გუნდს, ადგილობრივი სომხები სომხეთის გუნდს გულშემატკივრობდნენ და პოლიციამ ძლივს გააშველა სომხები და აფხაზები. ამდენად, მათი დაპირისპირების ვერსიას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ, ჩვენი ვარაუდით, რუსეთი რაღაც დონეზე ანგარიშს უწევს აფხაზეთის ტერიტორიის საჭიროებას ოჩამჩირის პორტისა და რამდენიმე სამხედრო ბაზის გამო. ეს ამბავი დამთავრდება, როდესაც გაირკვევა ყირიმის სტატუსი.
– ფიქრობთ, რომ შეიძლება, ყირიმი დააბრუნებინონ რუსეთს?
– არა, პირიქით.
– მეც მაქეთკენ მიმყავს კითხვა: თუ ყირიმი ექნა რუსეთს, რაღად უნდა ოჩამჩირე?
– როდესაც 2022 წლის თებერვლის პოზიციებზე დაბრუნების შესახებ იყო ლაპარაკი, მაშინვე ითქვა, რომ ყირიმის სტატუსი 7 წლით გაეყინათ. საერთაშორისო საზოგადოებამაც ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი შავი ზღვის აუზში თავისი სამხედრო-საზღვაო ბაზისა და ფლოტის არსებობას არავის დაუთმობს. შეიძლება, ისიც კი მოხდეს, რომ ყირიმი შუაზე გაყონ. ეგ უკვე მოლაპარაკების საგანია, მაგრამ ჩვენ ჩვენსაზე ვიდარდოთ, ისინი თვითონ გაერკვევიან. ამ ეტაპზე რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა აფხაზეთის აკვატორია შავი ზღვის ფლოტის დამალვისთვის, შენახვისა თუ დაფარვისთვის. წყალქვეშა ნავებსაც ვგულისხმობ. ამას გარდა, იქვე, ძალიან ახლოს, აქვს სარაკეტო ბაზაც, 1993 წლის შემდეგ აშენებული. ახლა დრო აფხაზებზე მუშაობს. რუსეთ-უკრაინის ომი რომც დაამთავროს ტრამპმა, რაშიც ეჭვი მეპარება, ჯერ მარტო ამას უნდა დრო, შემდეგ მოლაპარაკებას, ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ჯგუფი, რომელიც აფხაზეთის ხელისუფლებაში აპირებს მოსვლას, ხუთწლიან ვადაში პარპაშს მოასწრებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან