პოლიტიკა

რატომ არჩია, თავის დროზე, სომხეთმა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ყარაბაღის ავტონომია

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 25.01, 2023 წელი

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

სომხეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაელაპარაკოს თურქეთს სახმელეთო საზღვრის გახსნასა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, იმის პარალელურად, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლა (ჯერჯერობით მხოლოდ ტვირთის) ორ ქვეყანას შორის უკვე აღდგა. ამის პარალელურად, ვიცით, როგორი უმჭიდროესი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანს თურქეთთან, ხოლო საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობაა, რაც ბადებს მოსაზრებას, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ჰეგემონია ბრუნდება. მით უფრო, რომ ჯერჯერობით კონკურენტი არ უჩანს: რუსეთი თავისი პრობლემითაა დაკავებული, ირანი კი, თუმცა იმუქრება, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში არც ფიზიკურადაა წარმოდგენილი და არც დასაყრდენი აქვს. სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახლებურ ვითარებაზე, ანუ რეგიონში თურქეთის გავლენის გაძლიერებაზე აკაკი ასათიანთან ერთად ვიმსჯელებთ.

- ერევნის მიერ თურქეთთან პარტნიორობის სურვილი საკუთრივ სომხური სურვილია თუ მაინც შეთანხმებული? მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ფაშინიანი პუტინისთვის ძალიანაც ხელსაყრელი პოლიტიკური ფიგურაა.

- არ მგონია, ფაშინიანი პუტინისთვის ხელსაყრელი იყოს, თუმცა სომხეთი ძალიან ფრთხილად, მაგრამ თვალსაჩინოდ მიცოცავს დასავლეთისკენ, ეს გზა კი თურქეთზე გადის. ეს ყოველთვის იყო ფაშინიანის პოზიცია, ამის გამო არ მოსწონს ის პუტინს და ამის გამო გაწირა სომხეთი აზერბაიჯანთან ომში, თან - თურქეთსაც გაუწია ანგარიში. ფაშინიანი ტერ პეტროსიანის ბანაკიდანაა, მე კარგად ვიცნობდი ტერ პეტროსიანს, ზვიადიც იცნობდა და ვმეგობრობდით მასთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დეკლარირებულად არ აცხადებდნენ დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ყარაბაღი აირჩიეს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ. ეგონათ, რომ ამაზე გავიდოდა მათი სახელმწიფოებრიობის გზა.

სამწუხაროდ, რუსეთმა იმდენი მოახერხა, რომ ყარაბაღის ბოლო ორი ომის მერე, ასი წლის შემდეგ პირველად შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში თურქეთი. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ არა მარტო „დრონებით“ ამარაგებდა აზერბაიჯანს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ყარაბაღის ომში, არამედ თურქი ოფიცრები პირდაპირ ხელმძღვანელობდნენ სამხედრო ოპერაციებს. ჩვენთან, რატომღაც, ზოგმა აზერბაიჯანის გამარჯვება რუსეთის წარმატებად მიიჩნია, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანელები თავისსა და თურქეთის დროშებს აფრიალებდნენ, ხოლო სომხეთში არნახული უკმაყოფილება იყო რუსეთით. პირველად მოხდა, რომ პუტინი ჩავიდა ერევანში და მისი საწინააღმდეგო დემონსტრაციები გაიმართა. ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა.

- მესმის, რომ თეორიული მსჯელობისას, გარეგნული გამოხატულებით, ეს წარმოუდგენელია და თითქოს წინ გადადგმული ნაბიჯია სომხეთისთვის, მაგრამ ამის საპირწონე არის ლაჩინის დერეფნის დაკავება აზერბაიჯანის მიერ, იმას გარდა, რომ, ფაქტობრივად, დაიბრუნა თავისი ავტონომიის ტერიტორია?

- სომხეთმა დაკარგა იმედი, რომ რუსეთის მეშვეობით მოაგვარებს ამ პრობლემას და თურქეთის მეშვეობით იმედოვნებს, მოაგვაროს ლაჩინის დერეფნისა და ყარაბაღის ავტონომიის საკითხები. დამოუკიდებლად არავინ აღიარებს ყარაბაღს, მაგრამ არც აზერბაიჯანია მაინცდამაინც იმის წინააღმდეგი, რომ რაღაც სტატუსი ჰქონდეს და ისიც თემაა, რომ ლაჩინის დერეფანი შენარჩუნდეს სომხეთის დამაკავშირებელ დერეფნად ყარაბაღთან. ამდენად, სომხეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან ურთიერთობის მოწესრიგების შემდეგ, თურქეთის მეშვეობით, აზერბაიჯანს დაარწმუნებს ყარაბაღის სტატუსისა და ლაჩინის დერეფნის მისთვის რამდენადმე მაინც მისაღებ ფორმულირებაში. თუმცა ასე უცბად ეს პრობლემა არ მოგვარდება. ეს საუკუნოვანი, ჩაკირული პრობლემაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თურქეთთან ურთიერთობის დამყარება ფაშინიანის მხრიდან სწორია. ჩვენც, ვფიქრობ, რაღაც სამშვიდობო ნაბიჯები უნდა გადავდგათ, იმიტომ რომ, აგერაა ბალტიის სამი ქვეყნის მაგალითი, თუმცა იქ ცოტა განსხვავებული ვითარებაა, მათ ერთი ზვიგენი უღრენს მხოლოდ...

- ჩვენ - სამი.

- დიახ, მაგრამ თურქეთი ძალიან კორექტული იყო ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე.

- ოღონდ ეს არ ცვლის მის ინტერესებს.

- მისი ინტერესებია ჩვეულებრივი, რომელიც აქვს უფრო დიდ სახელმწიფოს, ვიდრე ვართ ჩვენ. მე მინახავს „რუხი მგლებისა“ და პანთურქისტების, ანუ უკიდურესი ნაციონალისტების და არა ისლამისტების მიერ შედგენილი რუკები. ჩინეთიდან, იუღურების ავტონომიური მხარიდან, მოყოლებული დღევანდელ თურქეთამდე აღნიშნულია დიდი თურქისტანი და ამ რუკაზე არავინ ხატია ჩვენი - გურჯისტანის - გარდა.

- და რა საზღვრებშია იმ რუკებზე გურჯისტანი?

- რაც დღეს გვაქვს და კონტურებითაა შემოხაზული, ანუ სადავოა ახალციხე.

- აჭარას არ გვედავებიან?

- აჭარას არა, მხოლოდ ახალციხეა შემოხაზული, ისიც უფრო მუსლიმი მესხების გამო. მე მგონია, რომ სომხეთი უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც არის. იმიტომ რომ, რუსეთზე მთელი იმედების აგება ვერ ამართლებს. ჩვენ თვალწინ ყოველდღიურად სუსტდება რუსეთი - „დრონებს“ ეხვეწება ირანს, რომელსაც ზემოდან უყურებდა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში. სომხებიც ხედავენ ამ ყველაფერს და მათთვის კიდევ უფრო მტკივნეულია, რომ თითიც არ გაანძრია არავინ, არადა სომხეთი „ოდეკაბეს“ წევრია.

- იმის ყურებაც კი შეუძლებელი იყო, როგორც რუსეთმა სომხეთი დაამცირა.

- ეს გააკეთა ფაშინიანის გამო... ერთმა კაცმა უთხრა მეორე კაცს, ჭკვიან რუსს, განსხვავება რუსებსა და ამერიკელებს შორის ისაა, რომ, ამერიკელები, როდესაც არ მოსწონთ ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკა, ცდილობენ, ხელმძღვანელი დასაჯონ, ხოლო რუსები ხალხს სჯიანო. ამის კლასიკური მაგალითი იყო ყარაბაღის ბოლო ომი. რუსებს აქვს ანდაზა - წმიდა ადგილი ცარიელი არ რჩებაო, სხვა საკითხია, იყო თუ არა წმიდა ის ადგილი, მაგრამ სომხეთის საუკუნოვანი იმედები რუსეთისადმი ჩვენ თვალწინ ცამტვერდება და მათთვის ეს პირდაპირაა ხელშესახები. ახლა ლაჩინის დერეფანს ეხვეწებიან, მანამდე დაჩოქილები ეხვეწებოდნენ, ომში მოგვეხმარეო და არანაირი შედეგი. თუ სომხეთს დაესხმება თავს აზერბაიჯანი, მაშინ რამეს ვიზამთო და არც მაშინ იზამდნენ არაფერს. მაქსიმუმი, რასაც მიაღწიეს, თვითონ ყარაბაღში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი განათავსეს და, ალბათ, მათაც მალე გადაისვრიან უკრაინაში. ეს არის პრიმიტიული ქცევა. როგორც ტექნოლოგიებით ჩამორჩა რუსეთი, ისევე ჩამორჩნენ აზროვნების ტექნოლოგიითაც. დღეს სხვა პოლიტიკაა. ისინი დარჩნენ, ვიტყოდი, სტალინის პოლიტიკაში-მეთქი, მაგრამ სტალინი ძალიან რაციონალური იყო საგარეო პოლიტიკაში, ამათ კი რაღაც პრიმიტიული წარმოდგენები აქვთ მსოფლიოზე, თავიანთ თავზე, იმავე უკრაინაზე და ამის გამო გაეხვნენ შარში. სამ დღეში დასამთავრებელი ომი ლამის ერთი წელია, გრძელდება და ვეღარასდროს მოიგებენ. ყველაზე სასაცილო ის არის, რომც მოიგონ, რას გააკეთებენ?! ან რას იზამდნენ, ერთ კვირაშიც რომ დაეპყროთ?!

- საერთოდ, სომხეთი, როგორც სახელმწიფო, როდესაც ჰქონდათ, ყოველთვის მოკავშირედ ირჩევდა მას, ვინც უპირისპირდებოდა კავკასიის დანარჩენ სახელმწიფოებს და კარგია, თუ სომხებიც მიხვდებიან, რომ საერთო მოკავშირეები უნდა გვყავდეს.

- ნაციებს, ისევე, როგორც ადამიანებს ახასიათებთ აკვიატებული იდეები და თანდაყოლილი შეცდომები. ჩვენც გვაქვს შეცდომები, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენ, ჩვეულებისამებრ, გვქონდა ბევრი არჩევანი, თუმცა ყოველთვის დასავლეთს ვირჩევდით, სხვათა შორის, რომსა და პართიას შორისაც კი. სომხებს ეს არჩევანი არ ჰქონდათ. რაკი ბიზანტია დიოფიზიტური იყო, ბუნებრივია, ჩვენც, ისინი მონოფიზიტები გახდნენ და ირანი, ბიზანტიის ჯინაზე, ყველანაირად უწყობდა ხელს სომხეთს. ეს რაღაცნაირად დასჩემდათ და უცნაურობებიც ახასიათებთ. ერთი სამედიცინო დეგენერატია, გვარად მიგრანიანი, ბოლო ხანსაც აუგად გვიხსენიებდა, მოსკოვში მომიწია კონფერენციაზე დასწრება და იქ თქვა, ჩვენ ქართველები გვიყვარს, დინასტიაც კი ვაჩუქეთო. მე ვუპასუხე, რუსებიც იყვნენ, მაშინ ისიც უთხარი ამ ხალხს, რომ იმ დინასტიის ერთმა შტომ მეთერთმეტე საუკუნეში სომხეთის სამი სამეფო უბრალოდ გაყიდა, ბიზანტიას მიაბარა და გაქრა, ხოლო მეორე შტომ კავკასიური იმპერია შექმნა და, ასე რომ, დასკვნა შეიძლება, ერთი იყოს მხოლოდ, ხალხი ერთგან ვარგოდა, მეორეგან - არა, თორემ ერთი და იმავე მოდგმის ადამიანებმა როგორ მოახერხეს ურთიერთსაპირისპირო ქმედებები?! რაღაცნაირად გადააყოლებდნენ ხოლმე თავიანთ სახელმწიფოებრიობას ილუზიებს. მაგალითად, დიდი სომხეთის ილუზიას გადააყოლეს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; ახლაც გაიძახოდნენ, ყარაბაღი ჩვენიაო და რუსების დახმარებით, დაამარცხეს კიდეც აზერბაიჯანი, მაგრამ ხომ უნდა გაეცნობიერებინათ, რომ ეს რუსეთის დახმარებით მოხდა?! რუსეთის ასეთ დასუსტებას არავინ ელოდა, მაგრამ მე მგონია, ფხიზლდებიან და რომ მოხერხდებოდეს...

- ჩვენი, სამივეს ინტერესების გაერთიანება იქნებოდა ფასდაუდებელი სამხრეთ კავკასიისთვის და ჩვენთვის, სამივესთვის.

- რასაკვირველია. იგივე, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა, ხომ შეიძლება, გააშუქონ ოპოზიციურმა ტელევიზიებმა. რომ ეს კარგი საქმე იყო?! ვგულისხმობ სომხებისა და აზერბაიჯანელების მორიგებას დანაღმული ველების რუკების გადაცემასა და ტყვეების გაცვლაზე. ეს უპრეცედენტო ამბავი იყო, თან - ჩვენ გავაკეთეთ, რომელიმე დიდმა სახელმწიფომ კი არა?! ძალიან დიდი ამბავი იყო. ასევე, ახლა ენერგოკაბელმაც უნდა გაიაროს შავი ზღვის ფსკერზე და ყველა პროექტში განზე დარჩნენ სომხები, ის რუსეთი კი აღარაფერი აღარაა. სამხედრო ძალა არ აქვს. ბომბების სროლას თუ დაიწყებს, ისეთს ესვრიან, რომ მათგან ნაცარტუტს არ დატოვებენ და ერთი თვეა, შეამჩნევდით, აღარავის უხსენებია ბირთვული იარაღი. მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ ის გვაქვს მისახედი, რომ დიდი ამბები ხდება და ამ დროს დაკავებული ვართ აბსოლუტურად მარაზმატული პრობლემებით და ტელევიზიებით სრული სამედიცინო დეგენერატობა გადმოიცემა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი