პოლიტიკა

რატომ არ უნდა გაეკაროს საქართველო იმ სიგიჟეს, რაც გეოპოლიტიკურ სცენაზე ხდება

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

ირანში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გამოიკვეთა „ნატოს“ ქვეყნებს, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის განხეთქილება, თუმცა, მაგალითად, სამხედრო კამპანიებისას ერაყში, სირიასა და ავღანეთში დასავლეთი ერთ ბანაკად გამოდიოდა. ამჯერად საქმე სხვაგვარადაა: სიტყვიერად თითქოს უჭერენ მხარს აშშ-ს, მაგრამ ქვეყნების ნაწილი საჰაერო დერეფანს არ აძლევს აშშ-ს, ნაწილი – სამხედრო ბაზების გამოყენების ნებას არ რთავს, არათუ სამხედრო ძალით არ აპირებენ დახმარებას. და მაშინ, როდესაც აშკარაა აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ ჯიუტად მივდივართ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისკენ, თუმცა გაუგებარია, სახელდობრ, რომელი ბანაკისკენ. ამ თემაზე აკაკი ასათიანი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

– არსებულ ფონზე, ჩვენს კონსტიტუციაში ჩანაწერით, ცოტა ბითურულ მდგომარეობაში ხომ არ აღმოვჩნდით?

– ბითურობა იყო კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის შეტანა, იმიტომ რომ კონსტიტუციები არ გულისხმობენ რაღაც ორგანიზაციაში შესვლას, გაეროში შესვლასაც კი, არათუ სხვა ორგანიზაციებში, რაც გინდა მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს. საერთოდაც, „ნატო“ რთული ორგანიზაციაა, თუნდაც, იმიტომ რომ გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღწევა და, ვთქვათ, ლუქსემბურგს შეუძლია, დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, არადა ლუქსემბურგის შესაძლებლობები ვიცით, თუმცა მშვენიერი პატარა ქვეყანაა, არაჩვეულებრივი ხალხით. როგორ შეიძლება, ის საერთაშორისო პოლიტიკის ფაქტორი იყოს?! მაგრამ არის, ოღონდ ამას არასდროს იყენებს, თუმცა კაცმა არ იცის, როდის რას გამოიყენებს. ახლა დიდი ქვეყნებიც კი უკვე აღარ არიან დიდები. წარმოიდგინეთ, მოვიდა დრო, როდესაც ქვეყნები, რომლებიც მართავდნენ მსოფლიოს, დღეს არიან საშუალოები. თვითონ უწოდებენ ასე თავს, თორემ, მე მგონია, საშუალოებიც აღარ არიან. მაგალითად, ისრაელი გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო პოლიტიკის არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიო გეოპოლიტიკაშიც, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მსოფლიო პოლიტიკას. ამიტომ, როგორც ყველა დასუსტებულ ძალას, მათაც რაღაცნაირი ახირებული ამბიციები აქვთ და ამერიკას ედიდგულებიან. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც იქ კონსერვატიული ძალები მოვიდნენ და აქ, ევროკავშირში, კი ჯერჯერობით ისევ ფსევდო უბედური ლიბერალები არიან. შეხედეთ სტარმერს, რას ლაპარაკობს, როგორი გამომეტყველება აქვს – მეც ჩამაგდეთ რამედო; მაკრონი დადის და რაღაცას ომახიანად ბაქიბუქობს, არადა ვინ არიან, რა შეუძლიათ?! დავუშვათ, გადაწყვიტონ მონაწილეობა პროცესში ირანის წინააღმდეგ, რა მონაწილეობა უნდა მიიღონ, როდესაც ერთსაც და მეორესაც თავიანთ ქვეყნებში, მუსლიმი მოსახლეობის გარდა, რეალური დასაყრდენი აღარ აქვთ.

– სწორედ ეს არის უცნაური ირანის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის: დასავლეთის ქვეყნებში აღმოსავლელების დიდი წილია და ისინი ვერ შეეზარდნენ ადგილობრივ საზოგადოებებს. ამ საფრთხეს ვერ იაზრებენ?

– ისინი ვერაფერს იაზრებენ. ვიმეორებ, ეს არის კატასტროფული დეგრადაცია ლიდერშიფის, თუ მაინცდამაინც ინგლისურ ტერმინს ვიხმარ. ევროპაში ბოლო საინტერესო და ნიჭიერი ლიდერი იყო ტონი ბლერი და როდესაც გაბედეს და წამოაყენეს ევროკავშირის პრეზიდენტად, მაშინვე ყველამ ჩაქოლა, რომ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ საშიში კაცია, აქტიური და ნიჭიერი, ევროკავშირის თანამდებობებზე კი უნდა იყვნენ: მაია თუ კაია კალასი და არც თუ გონიერი ქალი ფონ დერ ლაიენი. ყველამ იცის, რომ ისინი არა მარტო სულელები არიან, არამედ კორუფციაშიც სერიოზულად ეჭვმიტანილებიც. ამ კომიკურ შემადგენლობას არ შეხვდა რუბიო. რომ შეხვედროდა, რაზე უნდა ელაპარაკა კაია კალასთან მარკო რუბიოს, რომელიც ახლა მართლაც წყვეტს მსოფლიოს ბედს. ეს კი არაფერი წყვეტს არსად, რომლის მნიშვნელობაც სერიოზულად არ განიხილება თვით ესტონეთშიც კი, არათუ საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში. შეხედეთ სპორტის სახეობებს: ფეხბურთის ნაკრებსა და საკალათბურთო კლუბებში ფრანგი თეთრკანიანი აღარ თამაშობს, ანუ კალათბურთისა და ფეხბურთის თამაში ეზარებათ, მით უმეტეს, რომ ამისთვის ფულს უხდიან, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ესენი რაღაც, გინდა, სამართლიანი, გინდა უსამართლო ომით იომებენ სადმე?! დამთავრდა მათი იმპერიების ეპოქა. იყვნენ განცხრომაში, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დაურღვიათ ეს განცხრომა. ამ პრობლემას იშორებენ უკრაინისთვის ფულის გადარიცხვით, რომ იქნებ უკრაინელებმა თავი შეაკლან რუსებს და გააჩერონ, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას, მათ მიადგეს რუსეთი.

– არ მგონია, რუსეთს უნდოდეს, რომ მიადგეს საფრანგეთს და დაბომბოს ან დაიპყროს გერმანია.

– საფრანგეთს აქვს რაღაც არსენალი ბირთვული ბომბების და ეს რუსეთსაც ძვირად დაუჯდება და შეერთებული შტატებიც იძულებული იქნება, ჩაერთოს, მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა ევროკავშირთან. ერთხელ კუშნერმა თქვა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სააკაშვილის დროს აქ რომ იყო ჩამოსული: წინათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი იყო ყველა, იმიტომ რომ იდეოლოგიური მტერი იყო, ახლა რუსს შეიძლება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმოო. თუმცა ახლა ვხედავთ, რომ პუტინმაც დაკარგა რეალობის გრძნობა, რაც, სხვათა შორის, არ მიხარია, იმიტომ რომ 1 000-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს ამ ქვეყანასთან. ჩვენთან ძალითაც ამკვიდრებდნენ აზრს, მიგიღებთ ოდესმე „ნატოსა“ და ევროკავშირშიო. აქაც ბედნიერად იმეორებდნენ ვითომ მედასავლეთეები, რომლებიც სინამდვილეში იკვებებოდნენ ამ დასავლეთისგან, თორემ, რუსეთს რომ დაეფინანსებინა, ხვალვე იქ იქნებოდნენ. ან დღეს რომ გამოდიან და ამბობენ, სად არის ახლა საქართველოო. სადაც არის, იქ უნდა იყოს და საერთოდ არ უნდა გაეკაროს ამ სიგიჟეს და კარგა ხანს არც გაირკვევა ეს ამბავი.

იმავე ირანის ნაციონალური ფსიქოლოგია შეერთებულ შტატებში ნაკლებად იციან, იმიტომ რომ თვითონ არ არიან ნაცია, არა აქვთ ხანგრძლივი ისტორია. ირანი არ არის ვენესუელა, ასევე, ხანმოკლე ისტორიის ქვეყანა. ხანმოკლე ჰქვია, როდესაც 250 წელია, რაც გათავისუფლდი. ირანი დიდი ტერიტორიაა, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით და რაც გინდა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს რეჟიმს, იმდენი მომხრე კი ჰყავს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. სახმელეთო ოპერაციის გარეშე იქ რამის ძირეულად შეცვლა მარტო დაბომბვებით შეუძლებელია. ეს არსად მომხდარა და ვერც მოხდება, ხოლო ირანში სახმელეთო ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება, მსხვერპლის თვალსაზრისით, იმავე შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ყოველთვის ერიდება მსხვერპლს, განსხვავებით საბჭოეთისა და რუსეთისგან.

– დიახ, ოღონდ არ აინტერესებს მისი ინტერესებისთვის რამდენი დაიღუპება სხვა ქვეყნებში.

– იმ სხვებს თუ არ აინტერესებთ, ეს რატომ უნდა დაინტერესდეს?!

– ფაქტს ვამბობ.

– რუსებს და უკრაინელებს არ აინტერესებთ თავისიანების სიცოცხლე. დაღუპულების სხვადასხვა ციფრს ასახელებენ – 500 000-ს და მეტსაც. ეს ნორმალური ამბავია. რა ჰქვია ასეთ ხალხს? არც ირანს ენანება ადამიანების სიცოცხლე და ახლა ამერიკამ იდარდოს?! მარტივი ამბავია ძალიან რთული და მძიმე შედეგებით, მაგრამ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამარტივებენ ვითარებას. პუტინი ოთხი წელია, გაიჭედა, კაცი სტალინს ედარებოდა და ნახევარ სოფელს რომ აიღებენ, სამ დღეს ზეიმობენ, სტალინი კი ოთხი წლის თავზე ბერლინში შევიდა და თუ რამე დამსახურება აქვს, ერთადერთი ნაციზმის დამარცხებაა, მისი სხვა არაფერი აღარ დარჩა: მისი სახელმწიფო დაიშალა, იდეოლოგია გაქრა.

ამერიკამ, იმ მასშტაბით არა, როგორც რუსეთმა, მაგრამ ვერ მოზომა ირანში შესაძლო წინააღმდეგობის ზომა. ჩაითვალა, რომ პირველივე შეტევისას გაანადგურებდნენ ხელმძღვანელობას, დაბომბავდნენ და ის ხალხი, რატომღაც, დანებდებოდა მათ. არადა, რომ დანებდნენ, სიკვდილს დანებდნენ, თუ რა ქნან?! ამიტომ ეს დაბომბვები ხალხში პატრიოტიზმს, რელიგიურ ფანატიზმს აღვივებს. ამაზე იდგნენ, ამაზე დგანან და ამან იმუშავა. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში ეს გამჯდარია. თავიდან მიშვებული ჰყავთ, ძირითადად, ისრაელი. ევროკავშირი ვერ ქმნის რამე პოლიტიკურ ამინდს, პოლიტიკური ძალა არ აქვს. თუ სამხედრო ძალა არ გიდგას ზურგს უკან, არც პოლიტიკური ძალა გაქვს... მარტო ფული აქვთ და უხდიან კიდეც უკრაინელებს. ჯერ კიდევ ტალეირანმა, მსოფლიო ისტორიის უდიდესმა დიპლომატმა, თქვა (მაშინ არც ტელეფონი იყო, არც ტელეგრაფი და ადგილზე უნდა გადაეწყვიტა პრობლემები): ჩემი დიპლომატია ემყარება ჩემს ზურგს უკან მოლაპლაპე ჩვენი გვარდიის ხიშტებსო. ჩვენ ხიშტები არ გვაქვს და არც ნაპოლეონი ჩანს ჯერჯერობით არემარეზე. შეიძლება, არის ჩვენში, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ან არ გვინდა, რომ შევამჩნიოთ. ჰოდა, ამიტომ ვიმეორებ, რაც წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რა უნდა ქნას საქართველომ? რასაც აკეთებს, ის უნდა ქნას. უნდა მიხედოს თავის თავს და არ მიაქციოს ყურადღება დაჩაჩანაკებული ევროპის რაღაც სისულელეებს. წარმოიდგინეთ, დიდი ბრიტანეთი ასე ასანქცირებს „იმედსა“ და „პოსტივის“. ჩერჩილი ჰიტლერს ებრძოდა...

– სტარმერი ებრძვის შალვა რამიშვილს.

– ის დიდი იმპერია, დიდი ცივილიზაცია, დიდი კულტურა, რაც დიდი ბრიტანეთი იყო, ჩვენ თვალწინ დაყვანილია ერთ რიგით კუნძულამდე და შტატები რომ არ მფარველობდეს, მიუხედავად მათ შორის არსებული ყველა წინააღმდეგობისა, რა იქნებოდა, კიდევ საკითხავია. აი, ასეთი ვითარებაა და ამ ვითარებაში, თურმე, ჩვენ რამდენი იქ ვინმე დააცემინებს, იმ წუთშივე უნდა შევხვდეთ და აქ ვიცუნდრუკოთ, მაგრამ ამას ჩვენ მივაჩვიეთ, წინა ხელისუფლებებმა მიაჩვიეს. ეს ემსგავსება იმ ვითარებას, რაც „მრგვალი მაგიდის“ ხელისუფლების დროს იყო, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ჩვენი ოპოზიცია მოსკოვში დარბოდა, ესენი კი დარბიან ბრიუსელში. მაგრამ სასიკეთო განსხვავება ის არის, რომ უფრო ფრთხილია დღევანდელი ხელისუფალი და მეორე – ბრიუსელი მოსკოვი არ არის, რომ პირდაპირ „ზაკვოს“ ჯარებით ჩაერთოს გადატრიალებაში. ვისაც ეს შეუძლია, ანუ ამერიკას, ის ასეთ რამეს, უბრალოდ, არ იზამს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ნამდვილად არ იზამს. ამდენად, ვითარება ჩვენთვის არანაირად არ არის ტრაგიკული. არის პრობლემური და ვინმემ მითხრას, უპრობლემო ვითარება როდის ყოფილა, არათუ საქართველოსთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის. ან რომელ ადამიანს აქვს უპრობლემო ცხოვრება?! და თუ ვინმეს გაუძლია ამისთვის, ჩვენ ვართ ის ნაცია. დედამიწაზე ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის ხალხს ჰქონდა ისეთი ისტორია, როგორიც ჩვენ გვაქვს?! ფაქტობრივად, უწყვეტი სახელმწიფოებრიობა. ერთადერთხელ იყო, რუსეთის მიერ სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ. მაგალითად, ქართლში, იბერიაში რომ გააუქმეს სპარსელებმა 523 წელს მეფობა, ამასობაში ლაზიკა წამოიწია, დასავლეთ საქართველოს სამეფო და რაღაც მონაკვეთის განმავლობაში იტვირთა მთელი ნაციის პოლიტიკური ლიდერობა. ასე იყო ხოლმე: ხან ქართლი იტვირთავდა, ხან კახეთი, ხან სამეგრელო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი