პოლიტიკა

რატომ არ შეიძლება ეკლესიების აშენება ცარიელ ადგილებში და რით ჯობია ძველი ტაძრების აღდგენა ახლების აგებას

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 19.04, 2023 წელი

ერეკლე შონია
დაკოპირებულია

მართალია, დღეს ეკლესიებს თითქმის ყველგან აშენებენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძველი ეკლესია–მონასტრები არა მხოლოდ თავისი სიძველითაა მიმზიდველი, არამედ ისინი ორგანულად ერწყმის გარემოსაც და ენერგეტიკული შეგრძნებებიც გაცილებით ღრმაა. რაც ბუნებრივია, ვინაიდან ისინი შემთხვევით ადგილას არ შენდებოდა. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, ეკლესია–მონასტრების გარშემოც შეზღუდულია საქმიანობის სფეროები და ეს არ იხსნება მხოლოდ რელიგიური დოგმატებით. სწორედ ამ საკითხს განგვიმარტავს მეცნიერთა კონგრესის სპიკერი ერეკლე შონია, რომელიც არც ანჩისხატის გვერდით „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძარს მიიჩნევს შემთხვევითობად.

– ცნობილია, რომ ეკლესია-მონასტრები განსაკუთრებულ ადგილებში იგებოდა. რა ცოდნას ეფუძნებოდა მათთვის ადგილის შერჩევა და თუ ხსნის მეცნიერება მსგავს მიდგომას?

– ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გაიხლიჩა ადამიანის გონება მატერიალიზმად და იდეალიზმად და მოდად იქცა მოსაზრება, რომ მეცნიერება არ მოიცავს სულიერებას, მეტიც, სულიერება, რელიგია, საერთოდაც, დაცინვის საგნად იქცა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მცდელობაა, რომ მეცნიერება და რწმენა დავუახლოოთ ერთმანეთს და ბევრი მეცნიერი მუშაობდა და მუშაობს ამ თემაზე. მათ შორის, მამაჩემი თალეს შონია, პროფესიით, ფიზიკოსი, პარანორმალური მოვლენების სპეციალისტი. მამა იყენებდა ძველ, ტრადიციულ ცოდნას, არა მხოლოდ ქართულს, არამედ, ზოგადად, კაცობრიობის მიერ დაგროვებულს და ცდილობდა, ამ მეთოდებით შეესწავლა ჩვენი გარემო, დაედგინა, სად არის ჩვენ გარშემო დადებითი და უარყოფითი ზონები, სად არის საცხოვრებელი და ეკლესიის ასაშენებელი ზონები, ასევე, რა ცოდნით იყო ნაშენები ქართული ეკლესია-მონასტრები. მამა იყენებდა ბიოლოკაციურ მეთოდს და 1990 წლისთვის უკვე დაგროვდა გარკვეული ცოდნა, შეიქმნა ალბომი, რომელიც წარადგინეს საქართველოს საპატრიარქოში და გადაეცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

– ალბომში ვხედავ ნახაზებსაც. რა არის ეს?

– წინასიტყვაობაში განმარტებულია, რომ ქართული ეკლესია-მონასტრები იგებოდა ღვთიური სიტყვით, ფილოსოფიით, დიდი ცოდნითა და ღრმა მეცნიერებით. პირდაპირ ციტატას წავიკითხავ: „მათი მშენებლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ნათლად მეტყველებს, რომ ამ საქმეში არასოდეს გარეულან შემთხვევითი პიროვნებები, მხოლოდ განსაკუთრებული ღვთიური მადლით განათლებულთ ხელეწიფებოდათ უწმიდესი ჩანაფიქრის აღსრულება. ამიტომაც არც ერთი ქართული ეკლესია არ აგებულა შემთხვევით ადგილას. აღმშენებელი დიდი გარეჯისა და ხანძთისა ძიების შემდეგ არჩევდა განსაკუთრებული ველების ზემოქმედების წმიდა ადგილს, სადაც ამ ველების ზეგავლენითა და წმიდანთა ლოცვა-კურთხევით მოძღვარსაც და მრევლსაც უადვილდებოდათ სულიერი ამაღლება. სადაც სასწაულები ხდებოდა და დღესაც ხდება. ამა თუ იმ ეკლესიისთვის მოძღვრის შერჩევაც თავისებური ფილოსოფიაა. თავისებური მეცნიერება იყო, რამეთუ ყველა ეკლესიაში ყველა მოძღვარს არ ძალუძს თავისი მისიის აღსრულება. ვფიქრობთ, შესასწავლია ქართული ეკლესია-მონასტრების ადგილმდებარეობა, თითოეულ მათგანზე განსაკუთრებული ველების ზემოქმედების თვალსაზრისით. ამ გზით შესაძლებელი ხდება ეკლესიის ნებითა და ლოცვა–კურთხევით, ხალხი ჩასწვდეს ამ საქმეში ჩაქსოვილ ღრმა აზრსა და ფილოსოფიას, რაც თანამედროვე პირობებში ესოდენ მნიშვნელოვანია, წინამდებარე ალბომი მოკრძალებული ცდაა დიდ წინაპართა სულიერი სიწმიდისა და სიბრძნის მეცნიერული თვალთახედვით განმარტებისა.“ დიახ, ალბომში მოცემულია ნახაზები. ეკლესიები დგას ძალოვანი ველების გადაკვეთის ადგილებში, რომლებიც ნაგებობის ფიზიკურ მდგომარეობაზეც კი მოქმედებს. ფაქტობრივად, ყველა ეკლესია-მონასტერი ჯვრული ველების გადაკვეთის ადგილებშია აგებული. ჩვენმა ხუროთმოძღვრებმა ზუსტად იცოდნენ, სად უნდა აეშენებინათ ტაძარი.

– შესაბამისად, ძალოვანი ველების გადაკვეთაზეა აგებული თბილისში მდებარე ეკლესია-მონასტრებიც, რომლებიც დღეს გარშემორტყმულია გასართობი ობიექტებით.

– სიონი უძლიერესი ძალოვანი ველების გადაკვეთაშია აშენებული. ანჩისხატის ტაძრის ადგილასაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადის ძლიერი ძალოვანი ველი და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შედარებით წვრილი გადამკვეთი ძალოვანი ველი. სწორედ მათ ჯვრულ გადაკვეთაზეა აგებული ანჩისხატის ტაძარი. კავკასია, საქართველო არის ძლიერი გამოსხივების, ძლიერი სულიერების ადგილი და გამოდის, რომ ჩვენ აი, ამ ძალის წმიდა ადგილებში ვცხოვრობთ და ვლოცულობთ რამდენიმე ათასი წელია. ამ ადგილებში ადამიანი ძალიან უახლოვდება უფალს, მისი მადლი შეეწევა, ჯანსაღდება და სასწაულები ხდება. მაგრამ ასეთი ადგილები განსაკუთრებულ პატივისცემასაც ითხოვენ. იქ ადამიანის აზრი ძლიერდება, აღწევს ადრესატამდე. შესაბამისად, თუ ეს აზრი დადებითია, ძლიერდება დადებითი; თუ აზრი უარყოფითია, ძლიერდება – უარყოფითი. ეს უნდა იყოს აზრის, სიტყვისა და ქმედების სისუფთავის ადგილები. ამ ადგილებში არ შეიძლება საცხოვრებელი სახლების აშენება, არ შეიძლება სამეურნეო საქმიანობა. ეს ადგილები იმთავითვე გამიზნულია სულიერი აქტის შესასრულებლად, რასაც ქრისტიანობაში ჩვენ ლიტურგიას ვუწოდებთ. ამიტომ ეს ადგილები განსაკუთრებულ პატივისცემას მოითხოვს.

– რას გულისხმობს განსაკუთრებული პატივისცემა?

– ასეთ ადგილებში ადამიანი უნდა აკონტროლებდეს თავის აზრებს, თავის ქცევას. ამ ადგილებში არ შეიძლება ქიშპი, დაძაბულობა, ჩხუბი... თუ ასეთ ადგილებში რამე სხვა ქმედებას ჩავდივართ: ვცხოვრობთ, ვკინკლაობთ, ვუყურებთ მედია-საშუალებებს, რომელშიც ეჩხუბებიან ერთმანეთს, დაძაბულობა ჩვენზე გადმოდის, ათასმაგდება, გვიბრუნდება და გვანგრევს პიროვნებებსაც და საზოგადოებასაც. ის, რაზედაც ვილაპარაკე, არ შეიძლება, მსგავსი ადგილების სიახლოვესაც, იმიტომ რომ ის ღვთაებრივი ადგილი იძენს საპირისპირო პოლარობას. ასეთ ადგილებში გაძლიერებულია ღვთაებრივი ენერგია, რომელიც შემოდის ადამიანში, ვინც ამ ენერგიის მთავარი გენერატორია დედამიწაზე. ღვთაებრივი ენერგია ნეიტრალურია, პოლარობა არ აქვს, ის სრულია თავის თავში, ამიტომ, როდესაც ადამიანში გავლის, განწყობიდან გამომდინარე, ან დადებითი ხდება, ან უარყოფითი. ამდენად, ეს ადგილი აასმაგებს ადამიანის უარყოფით განწყობას, რაც შემდეგ ვრცელდება საზოგადოებაზე. ასევე, არ შეიძლება ასეთ ადგილებში სასტუმროების აშენება იმიტომ რომ ეს უნდა იყოს სიწმიდის ადგილი. ერთი სიტყვით, ჩვენი სულიერების ცენტრი, სადაც დგას მეტეხის ეკლესია, სიონი, ანჩისხატი, რამდენიმე რელიგიის სალოცავი უნდა შენარჩუნდეს სუფთად. მაგრამ ბოლო 30 წელია, ჩვენი ერი აირია და ამ ადგილზეც აირია საერო და სასულიერო. და, თუკი ეს ადგილი ადრე იტანდა დაძაბულობას, ახლა, როდესაც მოვიდა ახალი პერიოდი – დავარქვათ აპოკალიპტური პერიოდი – დაძაბულობა განსაკუთრებულად დამანგრევლად მოქმედებს. ახლა დალაგების დრო მოდის. სამყარო არ ეძებს ანგელოზებს, ყველას გვაქვს ცოდვები და უფალი გვაძლევს საშუალებას, გავძლიერდეთ და ჩვენ–ჩვენი ფუნქციონალი შევასრულოთ. ამიტომ ის სულიერი ცენტრები ითხოვს თავისას – წმიდა გარემოს როგორც მთლიანად ქვეყანაში, ისე კონკრეტულ მიდამოებში. ეს ალბომი მცდელობაა, რომ ჩვენში ძველი ცოდნა აღდგეს და ჰარმონიაში ვიყოთ გარემოსთან.

– როგორი იყო პატრიარქის რეაქცია, როდესაც ალბომი წარუდგინეს?

– მამამ სთხოვა, იქნებ ნუ ააშენებენ ტაძრებს ცარიელ ადგილებში, გაგახსენებთ, რომ პირველი ასეთი ეკლესია აშენდა ვაჟა-ფშაველაზე, სამხედრო მუზეუმის ტერიტორიაზე. პატრიარქმა უპასუხა: ერი ახლა ბრუნდება თავის ეკლესიაში, ჯერ თავის ხორციელ ნაბიჯს დგამს და სულიერების ნაბიჯი შემდგომში მოვაო. დღეს ჩვენ ავაშენეთ ათასობით ეკლესია, რამაც სხვა კონფესიების წარმომადგენლებს მისცა შესაძლებლობა, აეშენებინათ თავიანთი სალოცავები და საქართველოში არის რეგიონები, სადაც იმდენი სხვა სარწმუნოების სალოცავია აშენებული, რამდენიც შეიძლება, მთელ ევროპაში არ იყოს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ახალი უბნების აშენებისას, უპირველესად, აშენებენ ეკლესიას, რაც აძვირებს უძრავ ქონებას. ანუ ჩვენ ეკლესიის არსი დავიყვანეთ მატერიალურ ღირებულებამდე და ეკლესიას ხორციელი საჭიროება მივანიჭეთ. ახლა კი მოდის სულიერების პერიოდი, როგორც პატრიარქმა თქვა. ახლა ადამიანებმა მთელი ცოდნა უნდა მოიკრიბონ და გაამთლიანონ ერი – მისი ხორციელი და სულიერი ნაწილი. ეს პერიოდი, ფაქტობრივად, მეორედ მოსვლა დაიწყო 2019 წლის ბოლოსთვის. ამ პროცესის დაწყება სიმბოლურად იყო ნაჩვენები 2019 წელს, როდესაც პარიზში ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი გაუჩნდა. შემდეგ მოჰყვა კოვიდი, დაიწყო მსოფლიო ომი და დღესაც ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ორი ადამიანი მშვიდად ვერ ახერხებს ერთმანეთთან საუბარს. ამიტომაც გვაჯანჯღარებს სამყარო ბუნებრივი კატაკლიზმებით. სამყარო იმართება არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი ძალებითაც და მათი გარჩევა ძალიან რთულია. მაგალითად, შარშან ანომალია მოხდა ადიგენის რაიონის ერთ-ერთ სოფელში – ერთ-ერთ ოჯახში თვითაალება ხდებოდა, რაც ხალხმა ეშმაკეულ ძალას მიაწერა. ამ სახლიდან 15 მეტრში არის ძველი ეკლესია, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართველებმა დავანგრიეთ და როდესაც შევამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ ეს სიწმინდე ითხოვს აღდგენას და იმ პატივისცემას, რაზედაც ვისაუბრე. შესაბამისად, თვითაალებაში წმიდა ძალები იყვნენ ჩართული და აჯანჯღარებენ მოსახლეობას, რომ აღადგინონ ტაძარი და დაიწყონ ლოცვა.

– რის მანიშნებელი იყო ხანძარი ანჩისხატის სიახლოვეს?

– იგივე პროცესი მიმდინარეობს ანჩისხატთან დაკავშირებითაც. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ მოეკიდა ხანძარი „ამბასადორს“. ფაქტია ის, რომ ღმერთმა დაუშვა ეს და ისიც, რომ ეს სასტუმრო აშენებულია ანჩისხატის წმიდა ტაძრის სიახლოვეს, ისევე, როგორც „შანგრილა“ სიონის სიახლოვეს. ასეთ ადგილებში არ შეიძლება მსგავსი დაწესებულებების აშენება. ამიტომ მივმართავ მთავრობას, ხალხს, მრევლს, მეპატრონეებს, დიდი პატივისცემით, ამ ადგილებში არ შეიძლება არასულიერო დანიშნულების ნაგებობების აგება. არ შეიძლება ფულის შოვნა, აზარტული თამაშები, სექსუალური ურთიერთობები, ნარკოტიკის მოხმარება, არც ტურიზმი, თუ ეს არ არის პილიგრიმული ტურიზმი. ამიტომ ჩემი თხოვნაა მეპატრონეებისადმი, გამონახეთ საერთო ენა საპატრიარქოსთან, რომ იმ ადგილს. სადაც ძალოვანი ველი გადის, შევუცვალოთ დანიშნულება ან ეს ადგილი გადაეცეს საპატრიარქოს. იმავე თხოვნით მივმართავ „შანგრილას“, იმავე გაყოლებაზე განთავსებული გასართობი ორგანიზაციების მეპატრონეებს. ასევე, იქვეა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისი. რაც, აგრეთვე, დაძაბულობის ადგილია, იმიტომ რომ იქ იმართება აქციები და მუდმივი დაძაბულობაა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სულიერი სხეულისთვის, რომ ძველი თბილისის ძველი სულიერების ცენტრი განიწმინდოს და ამას სჭირდება ტერიტორიის მოწმენდა – ვგულისხმობ პროფილის შეცვლას და არა ნაკურთხი წყლის პკურებას. ზეცა ხანძრით გვახსენებს, რომ უკვე უნდა დავიწყოთ ეს პროცესი. ამ ადგილებს სჭირდება გაღვივება, ლიტურგიის ჩატარება, ახალი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ცარიელ ადგილებში, არამედ ძველები უნდა აღვადგინოთ, რომ ის ეკლესია–მონასტრები ჩადგეს ქართული სულიერების ღვთაებრივ სამსახურში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა