პოლიტიკა

რატომ არ შეასრულა დასავლეთმა გორბაჩოვისთვის ბუშის პირით მიცემული დაპირებები და როგორ დაახეიბრა თბილისის ომმა ქართული სახელმწიფო ჩანასახშივე

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 12.01, 2022 წელი

აკაკი ასათიანი
დაკოპირებულია

30 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან და თბილისის ომის დაწყებიდან. ამ უკანასკნელმა, ჩემი აზრით, ჩვილობიდანვე დაახეიბრა ქართული სახელმწიფოებრიობა. მეტიც, დღემდე დაზუსტებით არათუ თბილისის ომის დაწყების საბაბ-მიზეზი ვიცით, არამედ არც კი გაგვიანალიზებია, რა მოხდა. ამ თემაზე თავის აზრს აკაკი ასათიანი გაგვიზიარებს.

– რას ელოდა საბჭოთა კავშირის დაშლით დასავლეთი, რას ველოდით ჩვენ და ამ 30 წლის შემდეგ რა მიიღო დასავლეთმა და რა სინამდვილის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენ?

– დასავლეთი სულ არ ელოდა ამ ამბავს, თორემ აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტები, ლუის კორვალანი სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდნენ საბჭოეთის დაშლას, ისევე, როგორც ბევრი ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის წარმომადგენელი. მთავარი ისაა, რომ დასავლეთი არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მუშაობდნენ, ასე უცბად თუ გაქრებოდა ასეთი ძლევამოსილი იმპერია, არ ელოდნენ და იმ ზომამდეც, რომ მისი დაშლის კიდეც ეშინოდათ. ამიტომ დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ ჯერ ბალტიელების მიერ და შემდეგ ჩვენ მიერ საბჭოეთიდან გასვლის საკითხის დაყენებას. მამა ბუშს გორბაჩოვთან შეხვედრის შემდეგ აჩემებული ჰქონდა, რომ უდიდესი მიღწევა იყო საბჭოეთის მიერ სოციალისტური ქვეყნების გაშვება – იგულისხმებოდა აღმოსავლეთ ევროპა და უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლებოდა, დამდგარიყო ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის გაშვება. მაგრამ ბუში არ ითვალისწინებდა, რომ არც თავად იყო რუზველტი და არც გორბაჩოვი – სტალინი, რომელთა შეთანხმებებსაც ძალა ჰქონდა, მათი პიროვნული და მათი სახელმწიფოების სტატუსებიდან გამომდინარე. პუტინი დღემდე იმას ედავება დასავლეთს, რომ დაირღვა მამა ბუშისა და გორბაჩოვის შეთანხმება, მაგრამ დასავლეთს მარტივი პასუხი აქვს: აღარც ის ქვეყანაა და აღარც ის კაცი, ვისთანაც შეთანხმდნენ და საბჭოეთის დაშლაც თავიდან ბოლომდე საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების დამსახურება იყო. მათ შორის, რუსეთის. მაგრამ ეს ვრცელი თემაა: საბჭოეთი ბოლოს უკვე ეწინააღმდეგებოდა როგორც მასში შემავალი სხვა ხალხების, ისე რუსების ინტერესებსაც. რაც მთავარია, მისმა დამფუძნებლებმა, ლენინმა და სტალინმა, კონსტიტუციურად ჩადეს საბჭოეთის დაშლის შენელებული მოქმედების ნაღმი – რესპუბლიკების თანასწორობა, სუვერენიტეტი და, რაც მთავარია, აღნიშნეს ის უფლება, რომ მათ შეეძლოთ, გასულიყვნენ საბჭოთა კავშირიდან. მითქვამს და გავიმეორებ: ვერაფრით გვიწოდა საბჭოთა ხელმძღვანელობამ სეპარატისტები, იმიტომ რომ სეპრატიზმი გულისხმობს სახელმწიფოს ნაწილის გასვლას, საბჭოეთში კი, ფორმალურად, ამის უფლება გვქონდა და ამ უფლებით ვისარგებლეთ.

– სსრკ-ის ჰიმნშიც ხომ ასეთი ტექსტი იყო – „სოიუზ ნერუშიმიი რესპუბლიკ სვობოდნიხ“.

– დიახ, ოღონდ ასე გრძელდებოდა: „სპლოტილა ნავეკი ველიკაია რუს“. აი, ეს „სპლოტილა ნავეკი“ ვეღარ გამოუვიდათ, იმიტომ რომ თვითონ „ველიკაია რუსმა“ ვერ გაიგო, თავად რა იყო. თავისი კომპარტიაც კი არ ჰყავდა რუსეთს, მეცნიერებათა აკადემიაც...

– სამაგიეროდ, შემდეგ ყველაფერი საბჭოთა მიითვისეს.

– მათ უნდოდათ, რუსეთთან ყოფილიყო გაიგივებული საბჭოეთი. გაეროს წევრები იყვნენ უკრაინა, ბელორუსია და საბჭოთა კავშირი. კომიკური სიტუაცია იყო. სხვათა შორის, სტალინი გაეროს სთავაზობდა, რომ 15-ვე რესპუბლიკა მიეღოთ გაეროს წევრებად, მაგრამ იმდენად ახლომხედველები აღმოჩნდნენ დასავლეთის მაშინდელი ლიდერები, რომ ხმები ექნება მეტი საბჭოეთსო და უარი თქვეს. არადა, ვეტოს უფლება როცა არსებობს, ხმებს რა მნიშვნელობა აქვს?! მაშინ, როდესაც ეს უდიდესი სტიმული იქნებოდა, მათ შორის, ჩვენთვის. ბელორუსებს ამით არაფერი მომატებიათ ან მოკლებიათ, უკრაინასაც გვიან გაახსენდა, რომ გაეროს წევრი იყო. დღემდე ვერ ამიხსნია დასავლეთის მაშინდელი ახლომხედველობა, თუმცა ის ხშირად ავლენს ამ თვისებას, თუნდაც, ახლა. გორბაჩოვის „პერესტროიკამ“ „დიდი ლაგერის“ კარი შეაღო. ხოლო, თუ თვლი, რომ „ლაგერში“ ძალით ჩაგსვეს და კარი შეაღეს, უნდა ისარგებლო ამით და გახვიდე, თუ მართლა მონად არ ხარ დაბადებული ან თავს დამნაშავედ არ თვლი. მთელი ეროვნული მოძრაობა, ვისაც ეს გაცნობიერებული ჰქონდა, ეფუძნებოდა ამ შესაძლებლობის გამოყენებას, იმიტომ რომ „მრგვალ მაგიდასთან“ დაპირისპირებულ პარტიებს, ეგრეთ წოდებულ, კონგრესს აბსოლუტურად აბსურდული წინადადებები ჰქონდათ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ლეგიტიმური მეთოდებით მიგვეღწია დამოუკიდებლობისთვის და არჩევნების ჩატარებას, მართლაც, დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ჩვენ, ბალტიელებმა, მოლდოვამ ვიარეთ ჩვენი გზით, უკრაინაში – უფრო დასავლეთ უკრაინამ, კრავჩუკიც იქიდან იყო წარმოშობით. ამასობაში ბელორუსიამაც იგივე გადაწყვიტა, სხვათა შორის, ლუკაშენკო იყო წინააღმდეგი, მაგრამ, საბოლოოდ, ვავრცელებული ხმებით, აბანოში სამმა მთვრალმა კაცმა ხელი მოაწერა საბჭოეთის დაშლას. მაინც გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთმა. როგორც კი 1990 წელს სუვერენიტეტი გამოაცხადა, ჩემთვის და ზვიადისთვის აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ საბჭოეთის დაშლა გარდაუვალი იყო. უბრალოდ, ზვიადი ვერ იტანდა გორბაჩოვს – თვალთმაქცად მიაჩნდა, ელცინისადმი კი კეთილგანწყობილი იყო. ზვიადს უფრო ელცინთან ჰქონდა ურთიერთობა, მე – გორბაჩოვთან. რა დასამალია და, ვისარგებლეთ გორბაჩოვსა და ელცინს შორის წინააღმდეგობითაც, მაგრამ ეს არ ყოფილა პიროვნული წინააღმდეგობა, რაც ბევრმა ვერ გაიგო, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა ელჩმა მოსკოვში – მეტლოკმა, რომელმაც შემდეგ დაწერა, ეს წინააღმდეგობა რომ არა, საბჭოეთი არ დაიშლებოდა და დღეს შტატებში იჯდებოდა საბჭოთა კომპარტიის „ობკომიო“. სინამდვილეში გორბაჩოვი და ელცინი ერთმანეთს არსობრივად უპირისპირდებოდნენ, ანუ ზენაციონალური, გაუგებარი ინტერესები უპირისპირდებოდა რუსულ ინტერესს. ამ წინააღმდეგობამ შექმნა ის, რომ რუსეთი გახდა საბჭოეთის დაშლის კატალიზატორი. ჩვენი 9 აპრილი იყო ამის ერთ-ერთი ნიშანსვეტი. ისტორია ერთ წამში არ იცვლება, მას წინ უძღვის ნიშანსვეტები. 9 აპრილს მოჰყვა ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში ხავერდოვანი რევოლუციები, ერთადერთი რუმინეთში დაიწყო საგიჟეთი და გერმანიის გაერთიანებაც დაემთხვა იმავე წლის ოქტომბერში. ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთს წაეწყო და ამაზეც დაობენ რუსები, ვინაიდან, მართლაც, შეჰპირდა დასავლეთი მათ, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე არ განლაგდებოდა „ნატოს“ ჯარები, რომ „ნატოში“ არ მიიღებდნენ ბალტელებსა და ყოფილ სოციალისტურ რესპუბლიკებს. ამის გამო პუტინი დღემდე ედავება, ებრიქება და ერთ ამბავშია, მაგრამ წასულ საქმეს არაფერი ეშველება ხოლმე. მით უმეტეს, გამქრალი იმპერიის ილუზიაც ძალიან ძვირად უჯდებათ ამისთვის მებრძოლებს, რუსეთში ჰყავთ კარგი ბიზანტიისტები და ჩვენთანაც იყვნენ, მაგრამ არ მგონია, პუტინმა იცოდეს, რომ მეექვსე საუკუნეში იყო გრანდიოზული იმპერატორი იუსტინიანე, მან დატოვა აია სოფია, დღესაც კი დგას და ერთი ბზარიც არ აქვს დღემდე და იუსტინიანეს სამართლის კოდექსი, რომელიც დღემდე სამაგალითოა და რასაც ემყარება მთელი დასავლური იურისპრუდენცია. მაგრამ მან მთელი თავისი პოლიტიკური ძალისხმევა შეალია რომის იმპერიის აღდგენას, ანუ ევროპული ნაწილის დაბრუნებას. დროებით მოიგო, მაგრამ იმპერია სისხლისგან დაიცალა, დასუსტდა და ამის შემდეგ ძალიან მალე რომის იმპერიის მთელი აღმოსავლეთ ნაწილიც კი გახდა არაბების ლუკმა. აი, ეს ჭკუის სასწავლი მაგალითია, რით სრულდება სამუდამოდ გამქრალისთვის ბრძოლა. ბევრი ამბობს ეს ფანტომური ტკივილებიაო. ალბათ, ასეც არის, მაგრამ ძალიან მშვიდობიანად დაიშალა საბჭოეთი. ყველგან არჩეულმა ორგანოებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ჩვენ კი საერთოდაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმიც დავამატეთ და ეს შეუქცევადი გახდა. თვითონ რუსებისგანაც კი მიუღებელია პრეტენზია, იმიტომ რომ მათმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა დაუსვა საბოლოოდ წერტილი საბჭოთა კავშირს. პირდაპირ ასე წერია დეკლარაციაში – საბჭოთა კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა შეწყვიტა არსებობაო. გორბაჩოვსაც ეყო ჭკუა და მშვიდობიანად დატოვა პოსტი.

– მიკვირს, რომ ვერ გათვალა დასავლეთმა საბჭოეთის დაშლის წინაპირობების არსებობა.

– დასავლეთისთვის ეს იყო მოულოდნელი, ბოლო მომენტამდე არ უნდოდათ თუ არ სჯეროდათ. როდესაც შეერთებულ შტატებში ვიყავი, რამდენიმე სენატორს შევხვდი და, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებსაც. მათ მითხრეს, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ ამ ჩვენს პრეზიდენტს არ სჯერა თუ ვერ წარმოუდგენია, ამიტომ ფრთხილად იყავით, არ დაგიჭერთ მხარსო. სხვათა შორის, ზვიადი იმან გააღიზიანა, რომ მამა ბუშისგან მხარდაჭერა არ იგრძნობოდა და ცნობილმა გაპაექრებამ, როდესაც ბუშმა უკრაინელებს უთხრა, თავი დაანებეთ დამოუკიდებლობაზე ფიქრსო, ზვიადი წყობიდან გამოიყვანა და მამა ბუშმაც უპასუხა. წარმოიდგინეთ, ქვეყნის პრეზიდენტი გამგებელს არ უპასუხებს და აქ ამხელა სახელმწიფო გამოეპასუხა ზვიადს, იმიტომ რომ მტკივნეულად მოხვდათ ზვიადის საყვედური, რაც საკუთარი კრეტინიზმის პასუხი იყო და იდიოტური ფრაზა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავო, აღმოჩნდა, რომ ზვიადს ესმოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ბუშს არ ესმოდა: საბჭოეთი მაინც დაიშალა. თუ არ ვცდები, ორტეგაც ამბობს და ფრომიც, რომ ადამიანებს სჯერათ შეთქმულების თეორიების, ვინაიდან ხანდახან მოვლენები ისე წაეწყობა ერთმანეთს და ისეთი შედეგი მოაქვს, რაც ვერ იხსნება შემთხვევითობით. შემთხვევითობა სინამდვილეში არც არსებობს და სარწმუნოებაში ხომ არ არსებობს და არ არსებობს – ღვთის განგება მოქმედებს. სხვა საკითხია, რომ თავისუფალი ნება გვაქვს. მარქსიც კი, ამას წინათ ჩემმა უფროსმა მეგობარმა ვახტანგ გვარამიამ გამახსენა, ამბობდა, შემთხვევითობა არის გაცნობიერებელი კანონზომიერებაო. უნდა ვაღიარო, რომ მართებული ფორმულირებაა, თუ ათეისტი ხარ. საბჭოეთის დაშლა გამოიწვია მოვლენების ჯაჭვმა და ეს ჯაჭვი შექნეს პიროვნებებმა, ერებმა, ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სხვა უამრავმა ფაქტორმა, რომლებიც დაემთხვა ერთმანეთს. თუ შეგინიშნავთ, ხანდახან ფაზლს შემთხვევით უფრო ააწყობ, ვიდრე დიდი წვალებით. აი, ასე უცნაურად დაიშალა საბჭოეთი, თუმცა მე მგონია, მაინც ღვთის ნება იყო. რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ, დიდმა კაცმა, რომლის არჩევითაც გამოიხატა ღვთის ნება, რომ საბჭოეთი უნდა დაშლილიყო – თავის პირველივე საშობაო მილოცვაში მეშვიდე მილოცვა ქართულად წარმოთქვა. ჩემი მეგობარი ვანო შატბერაშვილი მოვარდა, რადიო „თავისუფლებამ“ გადმოსცაო. ეს სიგნალივით იყო, ნუ გეშინიათ, გვახსოვხართ და თქვენთან ვართ – ასე გავიგეთ ჩვენ, ყოველი შემთხვევისთვის. მას რომ ჰკითხეს, უფლის ნებით დაიშალაო, არაო, უფალი ასეთ რამეში არ ერევაო. აბა, რა მოხდაო? თავისმა უსამართლობამ და უღმერთობამ დაშალაო.

– და გამოვიყენეთ რამე აქედან?

– ის შედეგი რომ არ არის, რასაც, თუნდაც, მე ველოდი: ამ დროისთვის საშუალო ევროპული დონის ქვეყანა უნდა ვყოფილიყავით, ფაქტია, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას – არავის. რუსები ბევრს ეცადნენ, რომ დაეშავებინათ ჩვენთვის, ოღონდ მაინც ჩვენ არ გვეყო პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული, ამდენ გარეწარს არ ველოდით და ესეც ერთგვარი ინფანტილიზმია, რატომ არ გვეგონა?! თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა არის და იქნება დამოუკიდებელი და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის, სულ რომ ამოხტეს შარვლიდან პუტინი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი