პოლიტიკა

რატომ არ მოსდევს ლარის გამყარებას ფასების შემცირება და რატომ ახდენს საბინაო სექტორში მოთხოვნის მატება ფასების ზრდას ყველა დანარჩენ სექტორში

№32

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 17.08

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

ყველანი ვხედავთ, რომ ლარი მყარდება, თუმცა ფასები დიდად არ მისდევს ამ ტენდენციას, უფრო პირიქით: იმატებს კიდეც. არადა ტურისტებიც ბლომად შემოვიდნენ და არატურისტებიც, რომლებსაც შემოაქვთ ვალუტა, რაც აჩენს ფულის დამატებით მასას. თუმცა, მაგალითად, იუსტიციის სახლმაც კი გაზარდა ზოგიერთი მომსახურების საფასური, მათ შორის, უძრავი ქონების გაფორმებისა და ქორწინების, რითაც, მე რომ მკითხოთ, ჩვენს არც თუ ზნეობრივ კერძო სექტორში ფასების მატება წაახალისა. ლარის კურსისა და ფასების უცნაური ურთიერთობის ამბავს ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– ლარის გამყარებას რატომ არ მისდევს ფასები? გამყარება უბრალოდ რიცხვების ერთობლიობაა და ეკონომიკურ სინამდვილეს არ ასახავს?

– თითქოს უნდა იყოს კავშირი, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც პირდაპირი, ხისტი კავშირის გავლება არ იქნება სწორი ფასების ზრდასა და ლარის გამყარებას შორის. ფასების ზრდა პოსტკოვიდურ პერიოდში გამოიწვია იმან, რომ მიწოდების, სტანდარტული, ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირები, ლოგისტიკა მოიშალა და დღეს დღის წესრიგში დგება არა წარმოების ადგილზე იაფი საქონლის ტრანსპორტირება, არამედ ტრანსპორტირების ხარჯის მინიმიზაცია. ანუ ჩვენ ახლა საქონელს ვყიდულობთ არა იმ ქვეყნიდან, სადაც იაფი ღირს, არამედ ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით, იმიტომ რომ კომუნიკაციის ხარჯები იმდენად გაიზარდა, კონტეინერებითა თუ გემებით, რომ შეიძლება, ისეთ ადგილზე შევიძინოთ პროდუქცია, სადაც ის უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ტრანსპორტირების ხარჯის სიიაფის გამო გამოიწვევს საბოლოო ფასის ეკონომიას. პირობითად, თუ ჩინეთში საქონელი ჯდება ერთი დოლარი, მაგრამ ტრანსპორტირება ჯდება 5 დოლარი, გვირჩევნია, სამ დოლარად ვიყიდოთ სხვა ქვეყანაში და გავაკეთოთ ეკონომია ტრანსპორტირებაზე, ანუ შემოვიტანოთ იქიდან, საიდანაც ტრანსპორტირება, პირობითად, ერთი დოლარი ღირს.

– კოვიდის პერიოდშიც არ მესმოდა, რატომ გაძვირდა ტრანსპორტირების ფასი, მაგრამ ახლა რა უშლის ხელს, რომ ტრანსპორტირების ხარჯი გაიაფდეს?

– ჩვენ ვცხოვრობთ პოსტგლობალისტურ პერიოდში, როდესაც საყოველთაო მოცულობის კოსმოპოლიტური დამოკიდებულების ნაცვლად ყალიბდება რეგიონული არა მარტო ეკონომიკური კავშირები და ეს მომენტი მუშაობს. რა თქმა უნდა, გლობალიზაცია არავის გაუუქმებია, მაგრამ ამ ეტაპზე იზრდება რეგიონული ფაქტორების როლი და წყდება ძველი, ტრადიციული კავშირები. მოკლედ, სიტუაცია, მიწოდების მხრივ, საკმაოდ აჭრილია და ყალიბდება ახალი ურთიერთობები. ამდენად, ფასების ზრდა მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, ამ პრობლემას გლობალური მასშტაბი აქვს. მაგალითად, ამერიკა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საწვავის დაბალი ფასით, დღეს უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა საკმაოდ დიდი საკუთარი წარმოებაც აქვს, უზარმაზარი სტრატეგიული რეზერვიც...

– დიახ, ვერ ვხვდები, რატომ არ ხსნის ნავთობის რეზერვს.

– ეს თეთრი სახლის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, ისინი კი თვლიან, რომ ამ ეტაპზე უფრო მიზანშემწონილია იმპორტის გაზრდა, ვიდრე რეზერვის გახსნა. მეორე მხრივ, საუდის არაბეთს სთხოვენ, გაზარდოს ნავთობის მოპოვება, რომ ფასები შემცირდეს. შეიძლება, ეს დიდი პოლიტიკის პარადოქსია. ლარის კურსის გამყარება კი სულ სხვა სიბრტყეში უნდა განვიხილოთ. ეს უკავშირდება, ჯერ ერთი, ფულად ტრანზაქციებს, მათ შორის, ძირითადად, რუსეთის ფედერაციიდან. მიმდინარე წლის თებერვლამდე რუსეთის წილი ფულად გადმორიცხვებში თანდათანობით იკლებდა, არადა იყო დრო, როდესაც რუსეთის წილი 70 პროცენტზე მეტი იყო, მაგრამ თანდათანობით დაიკლო და ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯერ წმინდა ტრანზაქციებით ჩამოვიდა მეორე ადგილზე იტალიასთან შედარებით, ბოლო წელს კი აბსოლუტური მოცულობითაც – 25-27 მილიონ დოლარს შეადგენდა თვეში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები, თუმცა აპრილის თვიდან მკვეთრად დაიწყო ზრდა რუსეთიდან ფულადმა გადმორიცხვებმა. არ მგონია, რომ ამას გრძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ძალიან დიდი ფულადი რესურსი შემოუვიდა. ამას გარდა, ტურისტული ნაკადების მოზღვავებაც შეინიშნება. ბათუმში ვარ, რამდენიმე წუთის წინ დავბრუნდი, რამდენიმე არაბული ჯგუფი შემხვდა არაბულენოვანი ექსკურსიამძღოლით. იმის თქმა მინდა, რომ ბათუმში უმრავლესობა რუსი ტურისტი არ არის, უამრავი სხვა უცხოელი ტურისტიცაა. ტურიზმი კი ნიშნავს დამატებითი ფინანსური სახსრების მოზიდვას და ეს ფაქტორიც მუშაობს, ისევე, როგორც პოზიტიურ როლს ასრულებს ის სიმშვიდე, რომელიც საქართველოშია შენარჩუნებული, რაც აისახება ტურიზმზე და შემდეგ ეს არა მარტო ტურიზმის ხაზით ახდენს გავლენას ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე. ამასვე ემატება ტრანზიტული ტვირთების გადმომისამართება საქართველოზე და, ხატოვნად რომ ვთქვათ, როგორც ამ პროცესის ლოკომოტივი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით, ძალას იკრებს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება, მომსახურება გავუწიოთ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დაძრულ ტვირთებს და ამით დამატებული ღირებულებაც შეიქმნას ეკონომიკაში და დამატებითი შემოსავლების მობილიზაციაც განხორციელდეს ბიუჯეტში. შესაბამისად, მოგვეცემა საშუალება, რომ ბიუჯეტის ზრდის ხარჯზე შევძლოთ ფასების ზრდის ერთგვარი კომპენსაცია. თუმცა ეს არ იქნება აფთიაქის სასწორით დაბალანსებული, რომ იმდენით მოხერხდეს კომპენსაცია, ვის რამდენითაც გაეზარდა სამომხმარებლო ბიუჯეტი, მაგრამ ამ გამოწვევას სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები შედარებით ადეკვატურად შეხვდებიან.

– ცხოვრების დონე ხელშესახებად არ იცვლება, იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ტურისტები, გაიზარდა თუ არა ფულადი გადმორიცხვები, ჩვენ, ასევე, გავზარდეთ საერთაშორისო გადაზიდვების ფასი საქართველოს ტერიტორიაზე. რით ვერ მოვიდა გაზაფხული ინდივიდუალურ ქუჩებზე?

– ქუჩაზე გაზაფხულიც მოდის, წესრიგიც, დასუფთავებაც და გამწვანებაც. ეს ყველაფერი შეიძლება, ინდივიდუალურ შემოსავლებში არ ისახება, მაგრამ საზოგადოებრივი პროდუქტი, საზოგადოებრივი საქონელი იქმნება და ეს იგრძნობა. რაც შეეხება ცხოვრების დონეს: ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ მას მიღწეული დონე არასდროს აკმაყოფილებს, ცნობისმოყვარეობა და პიროვნული ამბიცია არის პროგრესის მამოძრავებელი. ადამიანი ამბიციური რომ არ იყოს და არ ჰქონდეს ინტერესი, ვერაფერი განვითარდებოდა და დავრჩებოდით ქვის ხანაში. ამდენად, ესეც მუშაობს: ადამიანები არ უნდა იყვნენ კმაყოფილი ცხოვრების საკუთარი დონით, ისინი მუდამ უნდა ესწრაფოდნენ განვითარებას, მატერიალური კეთილდღეობის ზრდას და სულიერი კმაყოფილების მიღწევას. ადამიანი, რომელიც კმაყოფილია ყველაფრით, ვერ ვითარდება. ამიტომ ჩვენ ბევრი რამით ვართ უკმაყოფილონი, მათ შორის, სამართლიანადაც, მაგრამ პროგრესიც ჩანს, ისე არა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ რაღაცები უმჯობესდება, წინ მიდის და ეს უნდა დავინახოთ.

– ფასები?

– კაცობრიობის განვითარების ისტორია ეს არის ფასების მატების ისტორია. ვერ დამისახელებთ ეპოქას, რომელიც ფასების კლებით ხასიათდებოდეს. ჩვენმა ცნობილმა ეკონომისტმა დავით იაკობიძემ თავის ერთ-ერთ შრომაში გადაიანგარიშა, თანამედროვე კურსით, რამდენი იქნებოდა 30 ვერცხლი და, დაახლოებით, 1 200 დოლარი გამოვიდა. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ფასები გაზრდილია, დაახლოებით, 19-ჯერ, ანუ ახლა ამერიკაში გვჭირდება 19 დოლარი იმ საქონლის შესაძენად, რაც საუკუნის წინათ ერთი დოლარი ღირდა. ამდენად, ეს პროცესი გაგრძელდება, მთავარია, ადამიანის, ოჯახის ხელფასებმა და შემოსავლებმა უნდა მოიმატოს იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ფასები იზრდება. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება აყენებს საკითხს, რომ უნდა უზრუნველყოს საჯარო სექტორში ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა, იქ წერტილი კი არა, მძიმე უნდა დავსვათ და პირობაც უნდა დაიდოს, რომ ინფლაციის დონე არ იქნება 10 პროცენტზე მეტი, თორემ აღმოჩნდება, რომ ხელფასი გაიზრდება 10 პროცენტით, მაგრამ, თუ ინფლაცია ისევ ორნიშნა რიცხვი იქნება, მომატებული ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა კი არ გაიზრდება, არამედ შემცირდება. გვახსოვს, რომ 1995 წლამდე ყველანი მილიონერები ვიყავით, იმიტომ რომ ხელფასები გაიცემოდა კუპონებით. ამდენად, აი, ეს მომენტია მხედველობაში მისაღები.

– ტურისტების მოზღვავებამაც გამოიწვია ფასების ზრდაო, იმიტომ რომ ისინი, მათ შორის, ხილსა და ბოსტნეულშიც ნებისმიერ ფასს იხდიან.

– დიახ, როდესაც მიწოდება ვერ ახერხებს მოთხოვნაზე მყისიერად გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, მაშინ ფასები იზრდება. ეს მოხდა ჩვენს საბინაო ფონდშიც, სადაც მყისიერად გაიზარდა ფასები, თუმცა ჩვენთან საკმაოდ სწრაფად აშენებენ ძალიან კარგი ხარისხის ბინებს. მაგრამ მიწოდების გაზრდა ჩამორჩა მოთხოვნის ზრდას, ამიტომ ფასები იზრდება და შემდეგ ტალღისებურად გადაეცემა დანარჩენ სექტორებს და იწვევს ფასების, ასევე, ტალღისებურად ზრდას, რაც სპირალივით წრეზე ტრიალდება და ეს სპირალი ზემოთ-ზემოთ მიდის.

– ანუ ფულმა, რომელიც შემოსულებმა შემოიტანეს, გააძვირა პროდუქცია ჩვენთან? იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი მზად არ იყო ამდენი კლიენტის მომსახურებისთვის?

– რა თქმა უნდა და როდესაც ძვირდება ბინის ფასი, ბინის მეპატრონეს უჩნდება დამატებითი მოთხოვნილება, მაგალითად, შეიძინოს ახალი ავტომობილი, ხოლო ახალი ავტომობილების რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ დააკმაყოფილოს ბინის მფლობელთა მიერ მიღებული დამატებითი შემოსავლით გამოწვეული მოთხოვნა, ამიტომ მანქანის მფლობელებიც აძვირებენ მანქანას. ეს ნიშნავს, რომ ახლა მანქანის მფლობელს უჩნდება დამატებითი ფული რაღაც სხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და ასე გრძელდება დომინოს პრინციპით. შესაბამისად, ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ამ სექტორებთან: ბინებთან, ტურიზმთან, მანქანებთან. ის მომატებული ფასების პირისპირ აღმოჩნდება და რადგან ასეთ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე იმ პირთა, რომლებმაც ისარგებლეს არსებული კონიუნქტურით, სხვადასხვა ფორმის საზოგადოებრივი უკმაყოფილება იქმნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი