რატომ არ კმაყოფილდება აზერბაიჯანი მხოლოდ ყარაბაღის ავტომონიის დაბრუნებით და სომხეთის რა ტერიტორიის მიერთებაზე აცხადებენ პრეტენზიას
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.12
ბაქოს განცხადებით, მათ თავიანთი წილი სამუშაოები დასასრულისკენ მიჰყავთ ზანგეზურის დერეფანში და ახლა ჯერი სომხეთზეა. ბუნებრივია, აზერბაიჯანი ვერაფერს ააშენებდა უშუალოდ ზანგეზურის დერეფანში, იმიტომ რომ ეს სომხეთის ტერიტორიაა, მაგრამ მაინც იბადება კითხვა: რას აშენებენ სომხეთი და აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე იმ დერეფანში, რომელიც აზერბაიჯანს აკავშირებს თავის ავტონომიასთან და არა მხოლოდ, არამედ თურქეთთანაც უჭრის სახმელეთო დერეფანს. ვიცით, რომ საქმეში თეთრი სახლიცაა ჩართული და თეთრ სახლში ხელმოწერილი დეკლარაციით, ზანგეზურის დერეფანს ტრამპის გზა ეწოდა. ამ თემაზე სამხედრო ექსპერტ კოტე ფორჩხიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– ასე მარტივია ამ დერეფნის ამოქმედება და, ზოგადადაც, რა ხდება იმ დერეფანში ამჟამად, რას ემსახურება აზერბაიჯანის ეს განცხადება და რა ხდება ახლა დერეფანში, რომლის გახსნა-არგახსნა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენაა?
– მცირე ექსკურსია მოვაწყოთ ზანგეზურის ირგვლივ: ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ გაჩნდა მაშინ, როცა ყარაბაღში 2020 წელს დასრულებული კონფლიქტის შემდეგ, მოსკოვში გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკება, სადაც 2020 წლის 10 ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იქ აზერბაიჯანულმა მხარემ დააყენა, ეგრეთ წოდებული, კონცეპტუალური ხედვა, რომ აზერბაიჯანის დასავლეთის მხარე დაკავშირებოდა თავის ავტონომიურ ოლქს. იგულისხმებოდა პირდაპირი სატრანსპორტო კავშირები. ამის შესახებ მიაღწიეს შეთანხმებას და ეს შეთანხმება, რომელიც გაფორმდა რუსეთის მონაწილეობით, ხელშეკრულებაა და არა მემორანდუმი. მას ხელი მოაწერეს პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა. ძალიან საინტერესოა ხელშეკრულების ტექსტი: საუბარი იყო ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვის შესახებ; ასევე, სომხეთის რესპუბლიკა თავის თავზე იღებდა განბლოკვის ამოცანების შესრულებასა და გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ორივე მიმართულებით და მათზე კონტროლს იღებდნენ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების სტრუქტურები. ამ ხელშეკრულებას, ვიმეორებ, ხელი მოაწერეს როგორც პუტინმა, ასევე, ფაშინიანმა და ალიევმა და ეს ხელშეკრულება დღემდე მოქმედი ხელშეკრულებაა.
– მაშინ რაზე მოაწერეს ხელი ალიევმა, ფაშინიანმა და ტრამპმა თეთრ სახლში?
– ამის შემდგომ გაჩნდა შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეთანხმებასაც ვერ დავარქმევთ, ეს უფრო იყო განზრახვების მემორანდუმი, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა ზანგეზურის დერეფანს დაარქვა ტრამპის გზა. იმ მომენტში ეს მძლავრად არ გაუპროტესტებია სომხურ მხარეს, მაგრამ სომხეთის წარმომადგენლები ყველა თავიანთ გამოსვლაში აღნიშნავენ, რომ ეს არის დამოუკიდებელი სომხეთის მიწა და მას უნდა აკონტროლებდეს სომხური მხარე. მაგრამ ამავე დროს პრეტენზიები აქვთ აზერბაიჯანელებსაც. ისინი თვლიან, რომ 101 წლის წინ ეს ტერიტორია უკანონოდ გადაეცა სომხურ მხარეს. ანუ საუბარი არის არა დერეფანზე, არამედ განზრახვაზე, რომ აზერბაიჯანს სურს, დაიბრუნოს ტერიტორია და დააკავშიროს ერთმანეთთან აზერბაიჯანის დასავლეთი რეგიონები ნახჭევანის ოლქთან და მის იურისდიქციაში მოექცეს ზანგეზურის დერეფანი. ეს არის მათი განზრახვა და ამას არც მალავენ.
– ისევე, როგორც დავით გარეჯზე არ მალავენ თავიანთ პრეტენზიას, სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, თუმცა აქ არ ჭრის ლოგიკა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და უკანონოდ მიაკუთვნეს აზერბაიჯანის სოციალისტურ რესპუბლიკას.
– მოდი, შევხედოთ, რა ინტერესებია: რუსეთი, ბუნებრივია, ამ ხელშეკრულებას იყენებს თავისი კონტროლის გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიაში და ზანგეზურის ეს მონაკვეთიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მათთვის. მათი განცხადებებიც პირდაპირი იყო: არანაირი ზანგეზურის დერეფანი არ იქნება. და, თუ აზერბაიჯანის ორი რეგიონი ერთმანეთს დაუკავშირდება, ეს შეიძლება, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერალური სასაზღვრო ჯარების კონტროლის ქვეშ. რას წარმოადგენს რუსეთის ფედერალური ჯარები ძალიან კარგად ვიცით, ეს არის, ეგრეთ წოდებული, „ეფ ეს ბეს“ დაქვემდებარებული შეიარაღებული დანაყოფი, რომელიც ამჟამად სრულად აკონტროლებს ირანის საზღვარს სომხეთის მხრიდან და ამ ვითარებაში დასავლეთისა და ამერიკული კომპანიების იქ შეღწევა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ამდენად, ის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას უწოდეს, ეგრეთ წოდებული, ტრამპის გზა, უბრალოდ, ფარატინა ქაღალდია და მხოლოდ პოლიტიკური მოხმარებისათვის შეიძლება, გამოიყენონ. ახლა რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს: მათთვის მთავარი ინტერესია ამ რეგიონში ფეხის მოკიდება ზუსტად ირანის საზღვართან და ჩინური ინიციატივის: ერთი სარტყელი, ერთი გზა“, რომელშიც მოიაზრება ირანის, ჩაკეტვა. შესაბამისად, ამას ირანის მხარეც აპროტესტებს, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, ხდება ამერიკელების მიერ იმ სქემის უგულებელყოფა, რომელიც შემოთავაზებული იყო რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ჩართვით საერთო ეკონომიკურ პროექტში. ესეც გარკვეულწილად გამაღიზიანებელი ფაქტორი შეიძლება, იყოს, მაგრამ რეალობასთან არსებითი კავშირი, არც ჰქონდეს.
– რით შეიძლება, ივაჭრონ ამერიკელებმა და ვისთან?
– ბევრმა არ იცის, რა არის ეს ზანგეზური და მხოლოდ დერეფანი ჰგონიათ, მაგრამ ზანგეზურის დერეფანი მდებარეობს სომხეთის სიუნიქის ოლქში და ეს ადგილები მეტად დატვირთულია სასარგებლო წიაღისეულით. საუბარია დიდი ოდენობით სპილენძის საბადოებზე და, ასევე, მოლიბდენზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი წიაღისეულია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. აქვე გეტყვით, რომ იქ არსებული მარაგი მსოფლიო მარაგის 7 პროცენტს შეადგენს. ასე რომ, ტრამპის ინტერესები შეიძლება, განპირობებული იყოს აი, ამ წიაღირსეულზე წვდომის მოპოვებით. მაგრამ აქ მეორე თემაც არის, რომელიც უკავშირდება უშუალოდ ევროპელებს. დღესდღეობით გერმანიის სახელმწიფოს კომპანიები აკონტროლებენ აი, ამ ზანგეზურის დერეფანში მოლიბდენის მოპოვების 60 პროცენტს.
– ანუ მოქმედი საბადოებია თუ კიდევაა აღმოსაჩენი ან უკვე აღმოჩენილია დამატებითი მარაგები?
– დიახ, მოქმედიცაა და დახურული საბადოებიცაა და მოგეხსენებათ, სადაც სპილენძია იქ ოქროც არის. რას ითხოვს აზერბაიჯანი? აზერბაიჯანი ითხოვს რკინიგზის აღდგენას. ზანგეზურზე გადის 43-კილომეტრიანი დერეფანი და საბჭოთა პერიოდში არსებობდა ორი გზა. ერთი გზა გადიოდა ზანგილანიდან მეგრი-ნახჭევანის მიმართულებით. ეს იყო ძალიან მოკლე გზა და აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს რკინიგზით პირდაპირ აკავშირებდა ნახიჭევანთან. მეორე გზა, მეორე სარკინიგზო ხაზი კი, ყაზახი-იჯევანის ხაზი (გრძელდებოდა ერევნისკენ და იქიდან უკავშირდებოდა ნახჭევანს) იყო. პირველი ხაზი 1941 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო მეორე ხაზი კი – 1980 წელს. 1992 წლის ომის შემდეგ ეს ორივე ხაზი უმოქმედოა და მათ რეაბილიტაციას სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა. პირველი ხაზის აღდგენას უნდა 250 მილიონი დოლარი, მეორე ხაზის აღდგენას კი – 450 მილიონი დოლარი. სხვადასხვა შეფასებით, შეიძლება, სხვადასხვა თანხები იყოს. ეს მარტო იმ შემთხვევაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რომ აღდგეს კავშირი. ხოლო რაც შეეხება პროექტის შემდგომ განვითარებას, რაზეც საუბრობს ტრამპი, რაც წერია ამერიკულ დოკუმენტში და გულისხმობს ამ გზის ყარსთან და თურქეთთან დაკავშირებას, ეს 3-4-ჯერ მეტ თანხას მოითხოვს და, შესაბამისად, მეტ დროს. ამდენად, დღევანდელი რეალობიდან, რუსეთის პოზიციიდან და 2020 წელს ხელმოწერილი დოკუმენტიდან გამომდინარე, როდესაც ვალდებულებები აქვთ აღებული როგორც აზერბაიჯანულსა და სომხურ, ასევე რუსულ მხარეს, რუსეთს იქიდან ვერავინ გამოდევნის. ეს დოკუმენტი დღესაც ძალაშია. მისი დენონსაცია არ მომხდარა და ვერც მოხდება. როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის ფედერალური ძალების, სასაზღვრო ჯარების გამოყვანა ირანის საზღვრიდან, იმ ტერიტორიიდან და იმ რეგიონიდან?! ამიტომ ეს ყველაფერი ამ ბოლო დროს პოლიტიკური ვაჭრობის თემად იქცა და ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რას უკავშირდება. ისიც საინტერესოა, ვინ გაიღებს ამ თანხებს?! ვინ დააფინანსებს ამ პროექტებს – ეს იქნება კერძო კომპანიები თუ რაღაც სხვა. ამდენად, ეს ჯერ არც დაწყებულა და არც შეიძლება, განხორციელდეს ასე სწრაფად. გავა ცოტა დრო და უფრო ნათლად გამოჩნდება, რა ხდება. როგორც კი უკრაინაში ეს კონფლიქტი დასრულდება და რუსეთი უკვე მოიცლის თავისი პოზიციების გასამაგრებლად კავკასიაში, ალბათ, იქვე გაჩერდება ეს თემაც, იმიტომ რომ ამის შესახებ განცხადებებს აკეთებენ თვითონ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები. რუსეთის საგარეო სამინისტროც აცხადებს, რომ არანაირი ზანგეზურის დერეფანი არ იქნება და ვერც შეიძლება, რომ იყოს.
– თურქეთს აქვს ზემოქმედების რამე ბერკეტი, რომ აზერბაიჯანმა თავისი განზრახვები მოიყვანოს სისრულეში? თუმცა ამ დერეფნის გაჭრა თურქეთის ინტერესიცაა.
– ამ შემთხვევაში – ვერანაირი, იმიტომ რომ, ვიმეორებ, არსებობს ხელშეკრულება. თურქეთმა შეიძლება, რაღაც მაპროვოცირებელი კამპანია წამოიწყოს, მაგრამ ეს დარჩება მხოლოდ კამპანიისა და პოლიტიკური მოხმარებისათვის განკუთვნილი აქტივობა. რა ბერკეტი უნდა ჰქონდეს?! თუ ომი განაახლა, მას უკვე ომი მოუწევს რუსეთთან.
– ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ნათელი მოჰფინა, თუ რატომ დაუჭირა თავის დროზე რუსეთმა მხარი სომხეთს, წაერთმია აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღი. ეს უბრალოდ მისი სტრატეგიული ინტერესი იყო და არა სომხეთის მხარდაჭერა.
– გეთანხმებით, თავის ინტერესებს დაუჭირა მხარი და ეს ინტერესები ვერავინ უგულებელყო. არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთში არის რუსეთის უდიდესი სამხედრო ბაზა, რომლის გადაიარაღებაც დღეს მიმდინარეობს. ის არის ერთ-ერთი ულტრათანამედროვე ბაზა დღესდღეობით, შეტანილია თანამედროვე იარაღი, თანამედროვე რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებები და თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემებიც.
– ვიმედოვნებ, რომ ზანგეზურის დერეფნის საკითხი დიდი ომის გარეშე მოგვარდება, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან სახიფათოა, თუ საქმე კონფლიქტამდე მივა?
– რა თქმა უნდა. თუმცა არ მგონია, კონფლიქტამდე მივიდეს საქმე. გაჩერდებიან და სამივე მხარე იძულებული იქნება, რომ დაიცვან ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულ იქნა 2020 წლის 10 ნოემბერს. იმიტომ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ეს დოკუმენტი გაფორმებული, მიღებული და ხელმოწერილია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დაცვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





