პოლიტიკა

რატომ არ იღებს „ნატო“ თავის რიგებში ქვეყნებს, სადაც არსებობს გადატრიალების მოწყობის ალბათობა და დგება თუ არა ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.11

მამუკა გიორგაძე
დაკოპირებულია

ახლახან საქართველოს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვია და, მე თუ მკითხავთ, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბ-ნი ოსტინის ვიზიტი დაგვიანებულიც კი იყო, ვინაიდან სამხრეთ კავკასიაში გავლენები სხვანაირად ნაწილდება (პროცესი ჯერ არც დასრულებულა), ხოლო, თუ ამას ავღანეთის ფაქტორსაც დავამატებთ, ვითარება კიდევ უფრო რთული და აბურდულია. ვინაიდან საქართველო რეგიონში დასავლეთის ერთადერთ დასაყრდენად მოიაზრება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უპირველესად, აშშ-ის მხარდაჭერაზე დგას. შესაბამისად, იბადება კითხვა, იმ გამოწვევებს, რომლებიც, ცხადია, ჩვენი და იმავდროულად, დასავლეთის წინაშე დგას, მხოლოდ ვიზიტები უშველის? – ამ თემაზე მამუკა გიორგაძეს გავესაუბრეთ.

– მხოლოდ ვიზიტებით შეძლებს დასავლეთი სამხრეთ კავკასიაზე გავლენის შენარჩუნებას? ხოლო, თუ ვერ შეინარჩუნებს, საფრთხე ექმნება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

– ჩვენ ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ორი კუთხით. პირველია „ნატოსა“ და დასავლეთის მცდელობა, შემოვიდეს იმ სივრცეში, სადაც საქართველოა და მეორეა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, მიერ გადადგმული ნაბიჯები დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, ანუ თანხვდენილად უნდა ვმოძრაობდეთ ერთმანეთისკენ. პირველ ნაწილში ჩვენ ვხედავთ დასავლეთის დიდ დაინტერესებას, მაქსიმალურ ხელშეწყობას, დახმარებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომელთა განსახორციელებლადაც საქართველო იმ მომენტშია მზად. ერთი წამითაც არ დაუტოვებია საქართველო დასავლეთს და, უპირველესად, აშშ-ს, უყურადღებოდ; იქნება ეს ხუთი მეტრით მავთულხლართების გადმოწევა თუ რომელიმე ქართველის უფლების შელახვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

– და რა შედეგი მოაქვს ამას? ამ კითხვას ვსვამ მხოლოდ იმიტომ, რომ ნებისმიერი მოვლენისა თუ ქვეყნის იდეალიზებას გავექცეთ.

– სწორედ მაქეთკენ მივდივარ. რაც შეეხება შედეგს: ამის სურვილი, ხომ, უნდა ჰქონდეს ქართულ მხარესაც?! როგორ ავაშენებთ ჯარს მხოლოდ ამერიკული დახმარებით, თუ თავად არ გვინდა?! შევხედოთ საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენელთა განცხადებებს. საქართველოს ბოლო 10-15 თავდაცვის მინისტრის განცხადებებს, რომლებშიც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ქართულ ჯარში სამსახური სამარცხვინოა, რომ ქართული ჯარი იქცა საბადრაგო სამსახურად და ასე შემდეგ.

– ამას ამბობენ არა მხოლოდ ხელისუფლებებში მყოფები, არამედ ლამის სრულიად პოლიტიკური სპექტრი და, ასევე, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი.

– დიახ და ვხედავთ ხელისუფლებების დამოკიდებულებას იმ სტანდარტებთან, რომლებიც ჩვენ გვჭირდება სახელმწიფოს ასაშენებლად. ხშირად ქილიკის საგანია, რომ „ნატოს“ კარი ღიაა და ვერ შევდივართო. მაგრამ ვერ შევდივართ, ვინაიდან ის ხალხი გვეუბნება, რომ სტანდარტები უნდა იყოს დაცული, როგორიცაა, მაგალითად, დამოუკიდებელი სასამართლო, ჯანსაღი კანონმდებლობით არჩეული პარლამენტი, სტაბილური განვითარების გარანტია, მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონე, ანუ ის, რაც ჩვენთვისაა აუცილებელი.

– მე მესმის, რომ ეს სტანდარტები, უპირველესად, ჩვენთვის გვინდა, მაგრამ, მეორე მხრივ, სულაც რომ საჩვენებელი დემოკრატიისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ ვიქცეთ, ზუსტად ვიცით, რომ „ნატო“ არ მიგვიღებს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ეს ნიშნავს „ნატო“-რუსეთის ომს. აი, ამ ჩიხიდან როგორაა შესაძლებელი გამოსვლა?

– ამ ჩიხიდან გამოსავალს გვიჩვენებს პრაქტიკა. ასევე იყო დაპირისპირება ესტონეთთან, მაგრამ ის დღეს „ნატოს“ წევრია. ანუ ერთია რიტორიკა და მეორე – რეალური ნაბიჯები. თუ ქვეყანა ოდნავ მაინც მზად არის, სტაბილური განვითარების გზაზეა და რუსეთის აგენტურის გავლენა არ არის ხელისუფლებაში, „ნატო“ იღებს ასეთ ქვეყნებს. მეორე – რამდენიმე დღის წინათ, ფაქტობრივად, საბოლოოდ გაწყდა რუსეთ-„ნატოს“ ურთიერთობა. რუსეთის წარმომადგენლობა „ნატოში“ დაიხურა და „ნატო“-რუსეთი იმყოფება ცივი ომის მსგავსი დაპირისპირების პიკზე. თუ ყურადღებას მივაქცევთ, ვნახავთ, რომ პრიორიტეტად სახელდება შავი ზღვის ტერიტორია. თუნდაც, ოსტინის ჩამოსვლა საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო რეალური პრიორიტეტია. და რით პასუხობს ამ მოცემულობას საქართველოს პოლიტიკური კლასი? იმას არკვევენ, სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში უნდა უმკურნალონ თუ კერძოში; დავამთავრეთ თუ არ დავამთავრეთ „ნაცმოძრაობა“ და ასე შემდეგ. ქართული პოლიტიკური კლასი განიხილავს, ვინ ვის სად დაარტყა წიხლი და რა უწოდა და ამ დროს კი რეგიონში კარდინალური ცვლილებებია, იქმნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ახალი მოდელები. განა იმიტომ არ გვიღებენ, რომ არ ვუნდივართ, არამედ იმიტომ, რომ არ ვართ სტაბილური ქვეყანა და სხვა რომ არაფერი, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოეწყოს გადატრიალება. სადაც მთავრობის დამხობის პერსპექტივა არ არის, იმ ქვეყნებს იღებენ „ნატოში“, ხოლო, სადაც შესაძლებელია, რომ რუსულმა აგენტურამ გადატრიალება მოახდინოს, სპექტაკლები მოგიწყოს, ბუნებრივია, ასეთ ქვეყანას არ მიიღებენ, იმიტომ რომ არასანდოა და შეუძლია „ნატოს“ შიგნიდან აფეთქება.

– ბაიდენმა გაეროში გამოსვლისას თქვა, რომ არ აპირებს ომს ჩინეთთან და არც ცივი ომის განახლებას რუსეთთან.

– რატომ უნდა დააპიროს ომი?!

– მე არ ვამბობ, რომ უნდა იომონ, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამ განცხადებით, აშშ-მა აუწყა დანარჩენ მსოფლიოს, რომ შეეცდება, დაეტიოს თავის კონტინენტზე, რაც მე არ მომწონს.

– ვერ დაეტევა თავის კონტინენტზე, იმიტომ რომ ამის საშუალებას არ იძლევა მისი რესურსი და შესაძლებლობები. როგორც კი სახლში გაგიჩნდება იმაზე დიდი შემოსავალი, ვიდრე შენი ბინის ათვისებას სჭირდება, ავტომატურად გადიხარ გარეთ. მეორე, ასეთი კეთილდღეობის მქონე ქვეყნები ომს არ დაიწყებენ, მათი მთავარი ამოცანაა, შეაკავონ რუსეთის თავხედობა და ჩინეთის პოტენციალური აგრესია. ამდენად, საქართველო მათთვის არის უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული ტერიტორია, იმიტომ რომ ის შეიძლება, იყოს მთლიანად კავკასიის დომინანტი, ბუნებრივად გვაქვს ჩვენ ეს ისტორიული ფუნქცია და, შესაბამისად, ვართ გასასვლელი ცეტრალური აზიისკენ. მაგრამ დღეს ამაზე არ საუბრობენ. არადა ამის შესახებ 100 წლის წინათ წერდნენ სპირიდონ კედია, დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი; ივანე ჯავახიშვილი – თავის ისტორიულ კვლევებში და ბოლოს და ბოლოს, არსებობს ნოე რამიშვილის კრებული „რუსეთი და საქართველო“, რომელშიც პირდაპირ ვკითხულობთ, რუსეთს საქართველოში უნდა ქაოსი, რათა დასავლეთს ხელი შეუშალოს და გზა ჩაუკეტოს ცენტრალური აზიისკენ.

– ცხადია, ეს ასეა.

– და ამაზე 100 წლის წინათ საუბრობდნენ ქართველი პოლიტიკოსები და მოაზროვნეები. თუმცა სოციალ-დემოკრატები ჩემთვის მიუღებლები არიან, მაინც ეროვნული დემოკრატიის წარმომადგენელი ვარ, ამ საკითხის შესახებ ყველა ნორმალურ მოაზროვნეს ერთიანი პოზიცია აქვს. დღესაც რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოში იყოს ქაოსი, ამ ქაოსში სწორედ რუსული აგენტურაა სასათბურე პირობებში და ჩვენ ვამბობთ, რომ ის ხელისუფლებაა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ამ ქაოსს აირიდებს თავიდან. ჩვენ კი, რაც ხელისუფლებები გვყავდა, ყველა ქაოსისკენ მიდიოდა. ყველა ხელისუფლება მართავდა მიტინგებს, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო, დამსხდარიყო მაგიდასთან და კონკრეტული წინადადებები შეეთავაზებინათ ოპოზიციისთვის, თუ ოპოზიცია არ მიიღებდა, თავად გაეკეთებინათ. დღესაც მიტინგები და ხელოვნური დაპირისპირებაა და ამ საქმეში სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ დღევანდელი „ოცნებისთვის“ მისწრებაა. ჩვენ არ ვმსჯელობთ გლობალურ საკითხებზე. რატომ? იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება, ისევე, როგორც წინა ხელისუფლებები რუსული გავლენის ქვეშ არიან და დასავლეთი ამას ტაქტიანად გვეუბნება. მიშელმა პირდაპირ გვითხრა, ის პარტიები, რომლებიც ამ შეთანხმებას არღვევენ, რუსულ თამაშს ასრულებენო. მე არ ვარ არავის გაფეტიშების მომხრე. პირიქით, დასავლეთთან სერიოზული კონკურენცია მოგვიწევს და ჩვენი სპეციფიკური ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი კამათიც. მაგრამ ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო გვექნება და განვსაზღვრავთ, რა არის ჩვენი სტრატეგიული და სპეციფიკური ინტერესი, მაგრამ დღეს ამაზე არავინ საუბრობს.

– მე ასე მესმის: პოლიტიკოსი იღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, რაც, ძირითადად, არაპოპულარულია, ანუ არ იწვევს ხალხის სიმპათიას, რაც ნიშნავს, რომ მას მეორე ვადით აღარ აირჩევენ. პოპულარულია უმთავრესად არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკოსებიც მეორე გზას ირჩევენ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ჯანსაღ პოლიტიკურ ნაწილს, არჩევნებიც რომ ზეობიექტურად ჩატარდეს, აქვს კი გამარჯვების ის შანსი, რომ ძალაუფლება მიიღოს. აი, ეს მგონია მე პრობლემა.

– ერთი შეხედვით, გეთანხმებით, მაგრამ, მოდი, სხვა კუთხიდან შევხედოთ: ახსენეთ ფრაზა, ობიექტურად რომ ჩატარდეს არჩევნები, ალბათ, ჯანსაღი ძალა ვერ გაიმარჯვებსო. ამის იმედი რომ ჰქონდეს ხელისუფლებებს, ობიექტურად ჩაატარებდნენ არჩევნებს. მთელ პოლიტიკურ კლასს რომ ამის იმედი ჰქონდეს, ისინი ამხელა დარღვევებს არ დაუშვებდნენ, გინდა – ერთი და გინდა – მეორე მხარე. მათ იციან, რომ ქართველ საზოგადოებას აქვს ძალა, მათ იციან, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს პოლიტიკური ჯგუფები და მადლობა ღმერთს, საქართველოში არიან ღირსეული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ვითარების შეცვლა. იმიტომაც ეწყობა ეს დრამატული სპექტაკლები, მედია იმიტომაც დაამსგავსეს პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს, ამხელა ფული იმიტომ გამოდის არჩევნებზე, რომ მათ იციან, ოდნავ მაინც ნორმალურ პირობებში ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ჩვენი ამოცანაც ისაა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც პოლიტიკაში რაღაც გაეგებათ, მოძებნონ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები, ჩაშალონ ეს პოლიტიკური სპექტაკლები, გამოვიდნენ პოლიტიკურ მოედანზე და რეალური ცვლილებებისკენ წაიყვანონ ქვეყანა. არის ეს ძალა ქართველ ხალხში, ეს პოტენციალი რომ არ იყოს, არც რუსეთი მოიქცეოდა ისე, როგორც იქცევა, არც ეს სპექტაკლები დაიდგმებოდა, არც სააკაშვილის ჩამოყვანა დასჭირდებოდათ, მაგრამ სპექტაკლის დრამატიზებისთვისაა აუცილებელი. ასე რომ, მათ უფრო ეშინიათ, ვიდრე ჩვენ. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავანძრიოთ თავი, გამოვიჩინოთ ნებელობა, ავიტანოთ დისკომფორტი, გამოვიდეთ და დავიკავოთ ის ადგილი, რომელიც გვეკუთვნის. თუ ეს მოხდება, ძალიან მალე ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...