პოლიტიკა

რატომ არ დათმობს აშშ საქართველოს და რა შეიძლება, მოიმოქმედოს რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის აღდგენის მიზნით

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 05.02

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

აშშ–მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, თუმცა სომხეთი, იმავდროულად, დსთ–ის წევრიცაა, „ო დე კა ბესიც“ და „ბრიქსის“ ბოლო სამიტსაც დაესწრო ყაზანში (რაც მთავარია, დოკუმენტურად, რფ–ის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეცაა, მათ შორის, სამხედრო ხელშეკრულებაც აქვთ გაფორმებული, რის მიხედვითაც, რფ–ის სამხედრო ბაზები სომხეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად იმყოფება და სომხეთის ყველა სტრატეგიული და არასტრატეგიული ობიექტიც რუსეთის საკუთრებაა). რას უნდა მიანიშნებდეს აშშ–ის ეს ნაბიჯი: ვაშინგტონი ფსონს ახლა უკვე სომხეთზე დებს თუ პოლიტიკურმა თუ სამხედრო–პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ფასი დაკარგა და ფარსად იქცა, ისევე, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორობამ? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– რა სამხედრო–პოლიტიკურ–დიპლომატიური დატვირთვა აქვს ამ სტრატეგიული შეთანხმების გაფორმებას? როგორ უნდა გავიგოთ ეს დოკუმენტი?

– ფაშინიანმა შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია და ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობის ისეთი რეჟიმი შექმნას, როგორიც ჰქონდა საქართველოს წლების განმავლობაში. მით უმეტეს, გამოჩნდა სოხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირებისას, რომ რუსეთი ცალსახად სომხეთის მხარეს აღარ არის. თუმცა, სკეპტიკურად განწყობილ ადამიანს შეუძლია, თქვას, თვითონ ფაშინიანმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ სომხეთ-რუსეთის თანამშრომლობა და ყარაბაღის კონფლიქტისადმი რუსეთის დამოკიდებულება შეცვლილიყოო. რაც შეეხება ამერიკის მიდგომას: დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ ყოველთვის ცდილობდა, რომ სომხეთი მის ორბიტაზე ყოფილიყო. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა ამერიკის სომხური ლობი, განსაკუთრებით, მისი ის ნაწილი, რომელიც განლაგებულია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამას მოწმობს, თუნდაც, ის, რომ ყველაზე დიდი საელჩო პოსტსაბჭოთა სივრცეში, მოსკოვის გარდა, ერევანშია აშენებული და ყველაზე მეტი თანამშრომელი აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობას იქ ჰყავს. ამდენად, მე თუ მკითხავთ, ამ სტრატეგიული შეთანხმების გაფორმება დააგვიანა კიდეც აშშ–მა, თუმცა იმის გამო, რომ მაშინ სხვა ტიპის ორიენტაცია ჰქონდა სომხეთს. დღეს ვითარება შეიცვალა და ამერიკელებმა ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს და ეს იმ გეგმის განხორციელების დასაწყისი აღმოჩნდა, რაც დასავლეთს დასახული ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან.

– და რას მოუტანს სომხეთს პოლიტიკურად ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი?

– ერთი შეხედვით, ვერაფერს განსაკუთრებულს, თუმცა ამ დოკუმენტთან ერთად გაჩნდა გარკვეული გარემოებებიც სომხეთის რეალობაში. ეს დოკუმენტი ნიშნავს, რომ სომხეთი ამ რეგიონში აშშ-ის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა და, წესით, ოფიციალური ერევნის მოლოდინით, ამან უნდა შეცვალოს ანკარისა და ერევნის ურთიერთობა. დასავლეთის პარტნიორად თურქეთი მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ერდოღანი ერთგვარ პოზაშია. მეორე მხრივ, მინუსიცაა, იმიტომ რომ სომხეთის დასაყრდენი ანტიაზერბაიჯანულ პოლიტიკაში არის ირანი და ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შეიძლება, გაცივდეს თეირანისა და ერევნის ურთიერთობები, თუ აშშ თეირანზე ზეწოლას გააგრძელებს და აუცილებლად გააგრძელებს, მით უმეტეს, ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ამით ერევანი ცდილობს აზერბაიჯანის აქტივობების შემცირებას. დღეს ერევანში აზერბაიჯანი მოიაზრება, როგორც რუსეთის მოკავშირე რეგიონში. აქედან გამომდინარე, ერევანს სჭირდება ძლიერი მხარდამჭერი აშშ-ის სახით და ამიტომაც ეს დოკუმენტი, ერევნის აზრით, თავის როლს შეასრულებს. აშშ ერთადერთი ქვეყანაა დასავლეთში, რომელსაც ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს აზერბაიჯანი, ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს, ბრიტანეთის გამოკლებით, აზერბაიჯანი, თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩანს, რომ ანგარიშს აღარ უწევს. ასე რომ, სომხეთმა გადაწყვიტა, დასავლურ საჭადრაკო ველზე უფრო აქტიურად ითამაშოს და არა მარტო აშშ–თან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, არამედ საფრანგეთთანაც შექმნა განსაკუთრებული ურთიერთობის სისტემა. თუმცა, ეს გარკვეულწილად არღვევს საერთო მიდგომას, ვინაიდან, ერთი შეხედვით, საფრანგეთი თითქოს დასავლეთის პოლიტიკას ახორციელებს რეგიონში, მაგრამ, მეორე მხრივ, თავისი ინტერესები აქვს, რაც გულისხმობს უფრო სერიოზულად ფეხის მოკიდებას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, ეს არის მაკრონის ახალი მიდგომა. ამ თვალსაზრისით, საფრანგეთს ძალიან სერიოზული ფიგურა ჰყავს საქართველოში სალომე ზურაბიშვილის სახით, ასე მიიჩნევენ პარიზში. ჩვენს მკითხველს შეიძლება, არ ახსოვს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არის, როგორც ფრანგული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, ფრანგული სპეცსამსახურების ვეტერანიც. ამდენად, ასეთი რანგის პოლიტიკოსის არგამოყენება წარმოუდგენელი იყო და საფრანგეთი იყენებს კიდეც, რაც კარგად ჩანს. დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანასა და სტრუქტურაში სალომე ზურაბიშვილს ლობირებას უწევს საფრანგეთის პრეზიდენტის აპარატი.

– გასაგებია, რომ მის წინ და უკან სიარულს სჭირდება თანხა და ვიღაც იხდის.

– ვიღაც აფინანსებს, რასაკვირველია, მაგრამ ვინ, მე არ ვიცი, თუმცა ზურაბიშვილი ფიგურირებს, როგორც საფრანგეთის ადმინისტრაციის ყოფილი და იქნებ ახლანდელი თანამშრომელიც და ეს ფაქტია. ფრანგული პოლიტიკა იქით იყოს და, საბოლოო ჯამში, სომხეთი რამდენიმე ფრონტზე თამაშობს ერთდროულად. აზერბაიჯანიც ასე მუშაობს. ჩვენგან განსხვავებით, ორივე ქვეყანა ცდილობს, რომ სხვადასხვა საჭადრაკო დაფაზე ერთდროულად ითამაშოს. მაგრამ აზერბაიჯანს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, უკეთესი შედეგი მიიღოს, ვიდრე სომხეთს, იმიტომ რომ სომხეთი ჩაკეტილი, პატარა ქვეყანაა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში აქვს გარკვეული ფუნქცია, დიდი ამოცანის გადასაწყვეტად არ აქვს პოლიტიკური წონა.

– რა პოტენციალი აქვს სომხეთს, რომ გავლენა მოახდინოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის გარეშე?

– ქართველი საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილი წარმომადგენელი იტყვის, რომ აი, აქცენტი ჩვენგან სომხეთზე გადავიდა, მაგრამ ასე არ არის, იმიტომ რომ მარტო სომხეთი სამხრეთ კავკასიაში არანაირ შედეგს არ მოუტანს დასავლეთს. დასავლეთი ყოველთვის იყო ორიენტირებული, ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, რომ სამხრეთ კავკასია ყოფილიყო მისი გავლენის სფერო და ძალიან აქტიურად მუშაობდნენ. დასავლეთს საქართველოსთვის თავი არ დაუნებებია და არც აზერბაიჯანისთვის, ოღონდ განსხვავებულია მიდგომები. თუ ადრე იყო კოლექტიური დასავლეთის აქტივობები, დღეს არის სხვადასხვა ქვეყნის აქტივობები და შენარჩუნებულია აშშ-ის აქტივობა. აშშ საქართველოში გეოპოლიტიკურ მიდგომებს არ შეცვლის. მაგალითად, გაჩნდა მოსაზრება, რომ, თუ ტრამპმა მოინდომა გრენლანდიის დაკავება ან პანამის არხის, ან კანადის მიერთება, არ არის გამორიცხული, აშშ–მა და რუსეთმა მოილაპარაკონ, რომ მე ამერიკის კონტინენტზე ვიაქტიურებ, შენ – შენს კონტინენტზეო. არ იქნება ასე. ერთია კონკრეტული პრეზიდენტის კონკრეტული გადაწყვეტილებები და მეორე – სტრატეგიული გეგმა, რომლითაც ამერიკა მოქმედებს 1912 წლიდან: ეს არის ეკონომიკური ბერკეტებითა და ძალის დემონსტრირებით მსოფლიოში ჰეგემონია და ამას წყალი არ გაუვა. თუ აშშ–მა დღეს სამხრეთ კავკასია დათმო, გამოდის, რომ დაუთმია ცენტრალური აზია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისთვის, შავი ზღვის აუზი, რომელიც „ნატოს“ დოქტრინაში აღნიშნულია, როგორც განსაკუთრებული ინტერესების ზონა. ასე რომ, მარტივად არაფერი მოხდება. სომხეთშიც ახლანდელი აქტივობა ორიენტირებულია იმაზე, რომ აშშ დროს აჩქარებს, რომ სომხეთმა, რაც შეიძლება, დაცულად იგრძნოს თავი; გავიდეს ყველა იმ ორგანიზაციიდან, რომლებიც მას რუსეთთან აკავშირებს და გახდეს დასავლეთის ერთპიროვნული პარტნიორი ამ რეგიონში და ასევე, უნდა მოხდეს საქართველოშიც აშშ–სა და დასავლეთის პოზიციების განმტკიცების ან გადატვირთის ფონზე.

– რით გამოიხატება ეს გადატვირთვა ჩვენთვის?

– ეს გადატვირთვა ხელსაყრელია ჩვენთვის, იმიტომ რომ დასავლეთისთვის ეს გადატვირთვა არ არის მთავარი, დასავლეთისთვის მთავარია მისი მდგომარეობის შენარჩუნება და გაძლიერება. სომხეთი საქართველოს გარეშე დასავლეთისთვის იმდენად მისაღები არ არის, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობს დასავლეთი საქართველოს.

– რას ნიშნავს, როდესაც ამბობთ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ დათმობს? სომხეთში რუსეთის ბაზაა, ჩვენთან დგას ჩვენს ორ ოკუპირებულ რეგიონში, ისევ ჩვენზე ხომ არ გადატყდება რუსეთის აგრესიული მადა?

– გააჩნია, ვინ როგორ იმოქმედებს. მე ვამბობ, რა მოცემულობა იქნება. რაც შეეხება იმას, რუსეთი როგორ იმოქმედებს, ეს კითხვათა კითხვაა. რუსეთს ვერაფერი ვეღარ შეუშლის ხელს, იმიტომ რომ მსოფლიო წესრიგის წესებზე უარს ამბობს. როდესაც კოსოვოს პრეცედენტი მოხდა, ვამბობდი, რომ ამის შემდეგ აუცილებლად დადგებოდა ჩვენი სეპარატისტული ტერიტორიების რიგი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მაგინებდნენ უკანასკნელი სიტყვებით, ასე არ იქნებაო. მაგრამ ვნახეთ, რაც მოხდა და პუტინმაც თქვა, რომ, როდესაც კოსოვოს პრეცედენტი მოხდა, მანაც დაიწყო ფიქრი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის შეცვლაზე. მოსკოვი ტრამპის გადაწყვეტილებების გამეორებასაც მოინდომებს, რომ თავისი მდგომარეობა განიმტკიცოს სამხრეთ კავკასიაში. თან, სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების თემა არ დგას, არამედ ორ ქვეყანას შორის ჯახისაც: რუსეთისა და თურქეთის. თურქეთი, როგორც კი რუსეთი მომაგრდებოდა და შავ ზღვაზე გავიდოდა, ორიენტირებული იყო, რომ სრუტეები გაეკონტროლებინა. დღესაც აი, ამ სიტუაციაშია. რუსეთმა, რომელიც იძულებული გახდა, სირიიდან თავისი ჯარი გამოეყვანა, ვერსად წაიყვანა სამხედრო კონტინგენტი, იმიტომ რომ თურქეთი უკეტავს სრუტეებს და არ აძლევს საშუალებას, შავ ზღვაში შემოიყვანოს და თავისი ფლოტი ნოვოროსიისკში დააბრუნოს. ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი ტვირთია. ახლა მოსკოვში, როდესაც ფაშინიანზე ნაწყენებმა თავს უფლება მისცეს, გადაედგათ ის ნაბიჯები, როგორიც გადადგეს, ლამის ერთმანეთი დახოცონ იმის გამო, რომ სამხრეთ კავკასიაში ფეხი ამოიკვეთეს და უნდათ, რომ დაბრუნდნენ. მოკლედ, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი დაპირისპირების ველი ხდება მსხვილ მოთამაშეებსა და რეგიონულ მოთამაშეებს შორის, იმ ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნებიც აქტიურობენ, მაგალითად, ირანი, საფრანგეთი.... ძალიან მძიმე პერიოდი გველოდება ამ დაპირისპირების გამო. სხვანაირად რომ ვთქვათ: დასავლეთი შეეცდება, რომ თავისი გავლენა გააძლიეროს საქართველოში; რუსეთი შეეცდება, თავისი გავლენები აღადგინოს მთელ საქართველოზე; ჩვენი სამხრეთელი მეზობლებიც შეეცდებიან, რომ თავიანთი გავლენების ფონი შექმნან საქართველოში; ეს კი სამხრეთ კავკასიის ახალ დღის წესრიგს ჩამოაყალიბებს. ჩვენი ამოცანაა, როგორმე შევინარჩუნოთ ბალანსი მსხვილსა და რეგიონულ მოთამაშეებს შორის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა