პოლიტიკა

რატომ არ აწვდის მოსკოვი სოხუმსა და ცხინვალს კოვიდვაქცინას

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 07.04

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

ერთი მხრივ, ცხინვალში ახალი, ეგრეთ წოდებული, პრემიერ-მინისტრი (გვარად ბეკოევი დაინიშნა), მეორე მხრივ კი, სოხუმში გამალებულად ებრძვის „პრეზიდენტი“ ბჟანია კრიმინალს. ამასობაში კი, მსოფლიოში გამალებული პროპაგანდაა ვაქცინაციის და რუსეთი, თავისი „სპუტნიკითაც“, იმედოვნებს მსოფლიოს „დაპყრობას“ (კოვიდპანდემია იმთავითვე იქცა გეოპოლიტიკური პროცესის ორგანულ ნაწილად). და მაშინ, როდესაც მოსკოვი სამხრეთ ამერიკას ამარაგებს ვაქცინებით, სრულიად შეატოვა კოვიდს მხოლოდაღიარებული დე-ფაქტო აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. ამ ამბის მიზეზებსა და ცხინვალისა და სოხუმის როლზე შავი ზღვის აუზზე მიმდინარე პროცესებში კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე გაგვარკვევს.

– საიდან გამოჩნდა ცხინვალში ვინმე ბეკოევი „პრემიერ-მინისტრად“, ვინ არის?

– წარმოშობით ცხინვალელია, თუმცა რუსეთში ცხოვრობდა და, საერთოდაც, იქ ხომ ტრადიციაა, რომ მოსკოვი თავის კადრს ნიშნავს „პრემიერ-მინისტრად“. ხან ეროვნებით რუსებს, ხან – წარმოშობით ადგილობრივებს.

– არ ენდობიან ჩვენებურ ოს სეპარატისტებს?

– არა, უბრალოდ/ ფულს აკონტროლებენ, იმიტომ რომ, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთის“ ბიუჯეტი 92-95 პროცენტით დამოკიდებულია რუსეთიდან ტრანშებზე. ეს აფხაზეთში ჩამოვიდნენ 70 პროცენტამდე. ამდენად, მთლიანად დოტაციური რესპუბლიკაა, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთი“ და რუსები მუდმივად აწყდებიან ერთსა და იმავე პრობლემას. ფულს იხდიან ბიუჯეტური განრიგის მიხედვით, რასაც ითხოვს „სამხრეთ ოსეთის“ „ხელისუფლება“ და მერე ირკვევა, რომ რუსეთიდან წამოსული ფული არ ხმარდება იმ საქმეებს, რის გამოც მოითხოვეს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, სამუშაო ადგილები არ იქმნება. ამის გამო მოსკოვი თავის კადრებს ნიშნავს, მაგრამ შემდეგ, როგორც წესი, ხდება ისე, რომ მოსკოვის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი „ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი იწყება ან თავადაც ემსგავსებიან ადგილობრივებს კორუფციაში. და, ფაქტობრივად, ყველა, ვინც რუსეთიდან იყო ჩამოსული, ეგრეთ წოდებული, „პრემიერის“ რანგში ჩუმი სკანდალით მიდის.

– ხშირად მიფიქრია, მათთვისაც მიკითხავს და პასუხი ვერ მიმიღია, სად იღებენ, მაგალითად, მართვის მოწმობებს, ან კბილის „დაპლომბვა“ უნდათ თუ ელემენტარული რამეების მოგვარება? მათი ახალგაზრდობის პერსპექტივა როგორია?

– მართვის მოწმობის აღებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება სამკურნალო დაწესებულებებს: იქ სავალალო მდგომარეობაა. კოვიდის გამო რუსეთს რაღაცები გამოსტყუეს, ცხინვალში იყო ინფექციური საავადმყოფო და ის გაარემონტეს, არადა საბჭოთა პერიოდიდან ხელი არ შეუვლია არავის. რაც შეეხება სხვა დარგებს: იქ არიან კვალიფიციური ექიმები, მათ შორის, სტომატოლოგები, ოღონდ მხოლოდ ცხინვალში. მარტივი მკურნალობის ჩასატარებლადაც კი ცხინვალში უნდა ჩახვიდე ახალგორიდანაც, ჯავიდანაც და ცხინვალიდანაც. ცხინვალის რეგიონში მუდმივად, დაახლოებით, 50 000 ადამიანამდეა თავის რუსის ჯარიანად. ამდენი ხალხი მოსკოვში ცხოვრობს არბატზე, შეიძლება, მეტიც. ფაქტობრივად, ერთადერთი ქალაქია – ცხინვალი, დანარჩენებს ქალაქები კი ჰქვია: ჯავას, ზნაურსაც და ახალგორსაც, მაგრამ სინამდვილეში ეს ნახევრად დაქცეული დაბებია. თუ ვინმეს მკურნალობა სჭირდება, არც ისე შორსაა ცხინვალი და იქ მიდიან. რაც შეეხება ახალგაზრდებს, იმის გამო, რომ ცხონვალში სამუშაო ადგილები არ იქმნება, მათი გადამწყვეტი უმრავლესობა, მიდის ცხინვალიდან, ვისაც სწავლა უნდა, ის ულაპარაკოდ მიდის. ვისაც ეს არ შეუძლია, ცდილობს, თავი შერგოს, ეგრეთ წოდებულ, სახელმწიფო სტრუქტურაში, უმეტესად, ძალოვან სტრუქტურებში, ჩრდილო ოსეთში მიაღწიოს იმავეს ან, ზოგადად, ჩრდილო კავკასიაში. სხვადასხვა მონაცემით, ცხინვალის რეგიონიდან ახალგაზრდების გასვლის პროცენტია 60-70, რაღაც ნაწილი ბრუნდება უკან, იმიტომ რომ არც რუსეთშია მარტივი ცხოვრების აწყობა, მაგრამ დღეს ჩრდილოეთ კავკასიის განთავსების სივრცეს რომ გადახედოთ რუსეთში, მაგალითად, ქალაქი ნორილსკი, ფაქტობრივად, ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია მუსლიმი მოსახლეობის ზრდის მხრივ. მართალია, ოსები არ არიან მუსლიმები, მაგრამ იგულისხმება, რომ რუსეთის ეს ქალაქი ჩრდილო კავკასიელების თავშესაფარია. რუსეთის ასეთ ქალაქებში კლიმატური პირობების გამო მაღალი ხელფასებია (ყველა მოსკოვში აღარ გარბის) და ამიტომ ბევრი მიდის იქ ჩრდილო კავკასიიდან, მათ შორის, სამხრეთელი ოსებიც.

– რუსეთი დარწმუნებულია თავისი კოვიდვაქცინის ეფექტიანობაში და იმედოვნებს, რომ ეს ვაქცინები მას მოუტანს იმაზე მეტ შემოსავალს, ვიდრე ნავთობითა და იარაღით ვაჭრობა, ლამის მთელ სამხრეთ ამერიკას ამარაგებს და ცხინვალი და სოხუმი რატომ შეატოვა კოვიდს?

– აფხაზები ამბობენ, ჩვენ გვსჯიან და იმიტომ არ გვაძლევენო და შეიძლება, ასეც არის, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, აფხაზეთსა და, ეგრეთ წოდებულ, „სამხრეთ ოსეთში“ ისეთი მასობრივი არ არის კოვიდეპიდემია, როგორიც ჩრდილოეთ კავკასიაშია.

– სავარაუდოდ, იმიტომაც, რომ იქ თითქმის არავინ ჩადის, იზოლირებულები არიან დანარჩენი სამყაროსგან და ვინ შეიტანს?

– დიახ, ურთიერთობები მწირია, მაგრამ მეორე საკითხია ბიუროკრატიული: ოსებს უნდა მისცე უფასოდ. ლათინურ ამერიკაში კი „სპუტნიკს“ ყიდიან, იმიტომ რომ რუსული ვაქცინა არის ამერიკული და ჩინური ვაქცინის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი.

– დიახ, ვაქცინებიც ჩაერთო გეოპოლიტიკურ ომში.

– დიახ, გეოპოლიტიკური ომია. მათ კი უფასოდ უნდა მისცე, მართალია, ხალხი იქ ბევრი არაა, მაგრამ რუსეთი ხელმძღვანელობს პრინციპით: ცხინვალი მოიცდის. ბოლო დროს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ იქ დისლოცირებულ რუსულ ჯარში გაჩნდა კოვიდის პრობლემა. ჯარისკაცებზე ნაკლებად ფიქრობენ, მაგრამ ეპიდემია ყველას მოედება, ამდენად, იძულებულები არიან, ჯარისკაცებზეც იფიქრონ, ოღონდ უპირველესად დადგა სამხედროების ოჯახების ვაქცინაციის საკითხი და მათთვის ვიცი, რომ შემოიტანეს გარკვეული პარტია, მაგრამ თავდაცვის სამინისტროდან, ანუ სამხედრო ჰოსპიტლის დონეზე წყდება ეს საკითხი. გადინებაც მოხდება ამ პრეპარატის სამხედრო ნაწილებიდან და სხვებიც გაიკეთებენ, მაგრამ „სახელმწიფოსთვის“ ჰუმანიტარული მიზნით რუსეთს ცხინვალისთვის ვაქცინა არ მიუწოდებია. მეტიც, რუსეთის სიღრმეში ქალაქებია, განსაკუთრებით, ცენტრალურ რუსეთში, ციმბირისკენ, სადაც საერთოდ არ მისულა ეს ვაქცინა. დიდ ქალაქებშიც მხოლოდ სამედიცინო პერსონალი აიცრა. ამდენად, ნუ გაგვიკვირდება, რომ რუსული ვაქცინა ცხინვალში არ არის.

– მე არ მიკვირს, რომ რუსული ვაქცინა არ არის ცხინვალში, მე ის მიკვირს, ცხინვალში რომ არ უკვირთ, რომ ცხინვალში რუსული ვაქცინა არ არის.

– იქ ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ერთ-ერთმა ბლოგერმა ბოლო ხანს, თუ აქამდე ფორმალურად მაინც ვიყავით საერთაშორისო სუბიექტი, დღეს ვხდებით ობოექტი და საერთაშორისო კონტექსტი მოგვშორდა, ხოლო ხვალ შეიძლება, ესეც არ ვიყოთ, ზუსტად იმიტომ, რომ აი, ამ წლების განმავლობაში უმარტივესი სახელმწიფო სტრუქტურებიც ვერ ავამუშავეთო. აფხაზებისგან განსხვავებით, ცხინვალში „მთავრობა“, „პარლამენტი“ ყოველთვის ბუტაფორიული იყო.

– მეჩვენება თუ ობიექტურადაც ასეა, რომ სოხუმი და ცხივალი დღეს აღარ არის აქტუალური რუსეთისთვის? თუ, უბრალოდ, ფსონი გაიზარდა, რომ ზოგადად სამხრეთ კავკასიაა ყურადღების ცენტრში და რადგან დაპირისპირების არეალი გაფართოვდა და მთლიანად მოიცვა შავი ზღვის აუზი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისადმი ყურადღება შემცირდა?

– ყარაბაღში რუსული სამხედრო კონტინგენტის განლაგების შემდეგ ერთგვარ ზურგად გადაიქცა, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთი“. აქამდე გიუმრიში იყო რუსეთის ერთადერთი ბაზა სამხრეთ კავკასიაში და ახლა უკვე დაემატა ყარაბაღი, მაგრამ ცხინვალს აქვს თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და ეს არის სამხრეთ კავკასიის კონტროლის საშუალება. სოლივითაა ეს ტერიტორია საქართველოში და საქართველოს კონტროლისთვის, ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთი“ არის ყველაზე მომგებიანი ტერიტორია, იმიტომ რომ თბილისთანაც ძალიან ახლოსაა და, მეორეც, იქაა განლაგებული რუსული რადიოდაზვერვის ძირითადი საშუალებები. მეორე მხრივ კი, მოსკოვმა აფხაზეთში საშუალება მისცა ბჟანიას, ანუ დაეხმარა იმაში, რომ კრიმინალური სტრუქტურები გაენადგურებინა.

– ახრა ავიძბას დაპატიმრება დიდი ამბავი იყო.

– დიახ და, უპირველესად, „პიზას“ სიკვდილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო ბჟანიასთვის, ავიძბას დაკავება დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან მის უკან მოსკოვის ძალიან სერიოზული ძალები იდგა: ახრა ავიძბა იყო „გრუს“ კრეატურა და აი, ამ კაცს შეჰბედეს, მისი დაცვაც განაიარაღეს, მთელი იარაღიც წაართვეს და თავადაც დაიჭირეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ახრა ავიძბა არის რუსეთის მოქალაქე. საქმე იქამდე მივიდა, რომ, როდესაც ახრა ავიძბას დაკავებამდე დაიწყო ბჟანიას საპირისპირო მიტინგები, ამის უკან მდგარი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ახრა ავიძბის იყო. ფაქტობრივად, ამ მიტინგების ორგანიზატორი დააპატიმრა ბჟანიამ და როგორც ჩანს, ეს შეთანხმებული იყო. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია, მაგრამ მიტინგების დაწყებისთანავე უცებ გამოაცხო წერილი გრიგორიევმა, აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ და ძალიან გააკრიტიკა ამ მიტინგების ორგანიზატორები, რაც აქამდე რუსეთის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. ანუ რუსეთის ამ ჟესტში აფხაზეთის ოპოზიციისადმი, იგრძნობოდა, ხელს ნუ გვიშლითო.

– დაახლოებით, ისე ყოფილა, როგორც ჩვენთან, დასავლეთი რომ ეუბნება ჩვენს ოპოზიციას, რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, როგორც იქცევით, რაც იგივეა, ხელს ნუ გვიშლითო.

– დიახ, ზუსტად იმიტომ, რომ როგორი სურვილიც აქვს დასავლეთს საქართველოში გეოპოლიტიკის დალაგების, ისეთივე სურვილი აქვს რუსეთს თავის სატელიტებში სიტუაციის დალაგების. მაგალითად, დღეს რომ დააკვირდეთ მოლაპარაკე თავების ტონალობას აზერბაიჯანსა და სომხეთში: ერთნი თავიანთი გამარჯვებების გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, მეორენი კი – პირიქით, რევანშის მწვავე სურვილს. სომხეთში იმაზეც კი მსჯელობენ, როგორ გავიდნენ კასპიის ზღვაზე და ყველა ხვდება, რომ ეს ვითარება მხოლოდ მოლაპარაკებით არ დასრულდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი