პოლიტიკა

რატომ არ არის საქართველოს ინტერესი არც „ნატო“, არც ევროკავშირი, არც ბრიქსი და არც უკვე დაშლილი სამს პლუს სამის ფორმატი

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.09

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი გამალებული მსჯელობს, თუ როგორ იმარჯვებს უკრაინა, რის კონტექსტიცაა, თუ როგორი მხდალები არიან დანარჩენები, რომლებსაც ომი არ უნდათ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათი უმეტესობა არც თუ სახარბიელოდ მოიქცევა ავტომატის კაკანისა თუ ბომბის აფეთქების ხმის გაგონებისას. მეორე მხრივ, საზოგადოების მეორე ნაწილისთვის ხსნა რუსეთია და ამ ორ ნაწილს ერთმანეთი ეზიზღება, იმდენადაც კი, რომ ურთიერთგანადგურებას ნატრობენ. ამასობაში კი, იბადება კითხვა, რის იმედით მამაცობენ ჩვენი თანამემამულეები, რის შნო აქვთ და შეძლება? – ამ თემას ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.

– დიდი მადლობა იმისთვის, რომ საშუალებას მაძლევთ, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აზრი გავაცნო საზოგადოებას. საერთოდ, ეს არის არასრულფასოვნების კომპლექსი და ეს კომპლექსები ჩვენს საზოგადოებას 90-იანებში გაუჩნდა. როდესაც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების იმედი არა აქვს, როდესაც არ იცის თავისი შესაძლებლობების ზღვარი, ის ყოველთვის ცდილობს, თავის სამოქმედო და საცხოვრებელი არეალის ფარგლებს გარეთ უფრო ძლიერი, უფრო ავტორიტეტული და უფრო გავლენიანი ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის, ან, თუნდაც, ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვოს. როდესაც ადამიანს არ აქვს მიზანი, პროგრამა, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის პატრიოტიზმი იქცა ხელობად, რომლის საშუალებითაც შეიძლება, ხელისუფლებაში მოხვდნენ და შემდეგ ფული იშოვონ, ასეთი ადამიანები ცდილობენ, დაცულობის მიზნით, უფრო ძლიერი გარე ძალები ჩარიონ ჩვენს შიდა ცხოვრებაში.

– მე არ ვიცი, ვინ მისცა რწმუნება ახალგაზრდებს, რომლებიც შინ - ევროპაში მიდიან, რომ ასე იმამაცონ. მათ თუ ჰგონიათ, რომ ქართველი პოლიციელია გინდა, რუსი, გინდა, ამერიკელი ჯარისკაცი, ძალიან ცდებიან ან რომ წყლის ჭავლია ტყვიების წვიმა.

– რწმუნება, პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე, არც დასავლეთისგან აქვთ პროდასავლელებს და არც პრორუსულებს – რუსეთიდან. სანამ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ გაირკვევა და დალაგდება, არც დასავლეთი და არც რუსეთი დამატებით პრობლემებს არ გაიჩენს და არ შეეცდება, სადმე კიდევ ცეცხლის ახალი კერა გახსნას. ამდენად, რაც ხდება, არის ორივე მიმართულების ადგილობრივი ჯგუფების მცდელობა, თავი მოაწონონ თავიანთი აქტიურობით, ეგრეთ წოდებული, თავდადებითა და შემართებით, რომ ხვალ, ზეგ თუ მაზეგ, არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, დასავლეთმა ან რუსეთმა მათზე დადოს ფსონი და ხელისუფლებაში მოსვლაში წაეხმარონ. ოღონდ არც ერთი მხარე არ ითვალისწინებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი მხარდაჭერაც უნდა გქონდეს გარედან, თუ შენს ხალხს არ უნდიხარ, ძალით ვერავინ ვერსად დაგსვამს. ვერც პიარტექნოლოგიები გიშველის, რადგან, თუ 90-იანებსა და 2000-იანებშიც კი კარგად არ იყო მოსახლეობა გათვითცნობიერებული პიარტექნოლოგიების შესაძლებლობაში, ახლა ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, რისთვის უკეთდება ვინმეს რეკლამა, რისთვის უკეთებენ ვიღაცას შავ პიარს ან ვიღაცას რატომ აპიარებენ, როგორც დადებით პიროვნებას. ასე რომ, ეს ყველაფერი მე მაინც შიდა სამზარეულოს დაულაგებლობის მიზეზი მგონია.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიეტუვაში ახალგაზრდების ჯგუფს ბრიტანელი ინსტრუქტორები ატრენინგებენ, როგორ იმოქმედონ საპროტესტო აქციებისას არეულობის გამოსაწვევად. მანამდე შევიტყვეთ, რომ აქ, ადგილზე ამზადებდნენ ახალგაზრდებს ქუჩის ბრძოლებისთვის „პიტარდებით“.

– ვინმე თქვენიანი, თავისი ნებით, მაგ ტრენინგებზე წავიდა?!

– ჩემიანს, არც თავისი ნებით და არც ნების გარეშე, არ აქვს კავშირი მსგავსი ტიპის პროცესებთან.

– ჩემს შემოგარენშიც ასეა: არც რუსებს ეძალება ვინმე და არც დასავლეთს. ესე იგი, „პირამიდის“ მსგავსი რამ ხდება: ვიღაც წავიდა და დაავალეს, მიიყვანოს სამი კაცი, შემდეგ იმ სამ კაცს დაავალეს, კიდევ სამ-სამი მიიყვანოს. პირობითაც ვამბობ. ვიმეორებ, ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ: სანამ დასავლეთსა და რუსეთს შორის სიტუაცია არ დალაგდება და ვგულისხმობ არა მარტო ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დამთავრებას, არამედ ომის შემდგომ პერიოდში მშვიდობისა და სტაბილურობის ახალი სისტემის მოწყობას, ვინც უნდა დაატრენინგონ და როგორც უნდა დაატრენინგონ, არაფერი გამოვა. მარტო დასავლეთზე ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, ხომ გვახსოვს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, პარტიებმა საქართველოდან ერთმანეთს რომ ჩაასწრეს მოსკოვში?! შედეგი რა იყო?! ნული.

– მე საკმაოდ კომიკურად მეჩვენება შეგონებები, რომ უნდა მოვილაპარაკოთ რუსეთთან, ამერიკასთან. საერთოდ, არც ის მესმის, მცირე ქვეყანამ როგორ უნდა დაალაგოს ურთიერთობები დიდებთან, მგონია, რომ უბრალოდ, თავი არ უნდა მოიგიჟიანო.

– დიახ, თავი არ უნდა მოიგიჟიანოს, უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი მიზანი, ანუ სტრატეგია და როდესაც დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყება ომის შემდგომ პერიოდის უსაფრთხოების სისტემასა და მის მოწყობაზე, მაშინ უკვე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეთავაზებები უნდა გააკეთოს. ახლა ინიციატივა გამორიცხულია. რომც მოგისმინონ, ის მაინც არ გაკეთდება.

– თუნდაც, შემდეგ რომ შესთავაზო მხარეებს რამე, ვინმე გაითვალისწინებს რამეს იქიდან? ხომ გვახსოვს, რომ 2008 წლის შემდეგ სააკაშვილს უთხრეს, მაგისტრალური გაზსადენი არ მიჰყიდო რუსებს, მაგრამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებას ხმა მიეციო. პირდაპირი დირექტივა მოდიოდა ამერიკიდან. შეიძლება, სხვა დირექტივები მოსკოვიდან იყო და იგივე გრძელდება ახლაც.

– მაგას ვამბობ, გააჩნია, რას შესთავაზებ. ჩვენ, როგორც მცირე, მაგრამ, როგორც ძალიან საჭირო ქვეყანას, არავინ მოგვისმენს, თუ შევთავაზებთ ინიციატივებს, რომლებიც სცილდება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფარგლებს, მაგრამ, თუ რეგიონში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს გავასაჯაროებთ და დავასაბუთებთ, რაც მთავარია, ყველაფერს თან უნდა სდევდეს ეკონომიკური გაანგარიშება, მოგვისმენენ. ყველაფერი, რასაც ჩვენ შევთავაზებთ დასავლეთსა თუ რუსეთს, თუ, რასაც შემოგვთავაზებენ რუსეთი და დასავლეთი, უნდა დაითვალოს და უნდა იყოს მომგებიანი როგორც მორალურად, ისე ეკონომიკურად. 1992 წლის შემდეგ ჩვენი მხრიდან ასეთი შეთავაზებები არ მახსენდება. ერთადერთი იყო ბაქო-ჯეიჰანის შეთავაზება ჰეიდარ ალიევის მხრიდან, რაც მისაღები იყო რეგიონისთვისაც, დასავლეთისთვისაც, აღმოსავლეთისთვისაც და საქართველოსთვისაც. ასეთი რამდენიმე ვარიანტი გვაქვს დღესაც. ვიმეორებ: თუ ჩვენ საქართველოსა და რეგიონის ფარგლებს გარეთ გავიტანეთ ჩვენი ინტერესები, არც მოგვისმენენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 1992 წლიდან მესმის: ხან „ნატო“, ხან ევროკავშირი, ხან ბრიქსი, ხან სამს პლუს სამი. არადა ჩვენი ინტერესია დერეფანი, შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნებს შორის კავშირურთიერთობების გაძლიერება, ურთიერთშეთანხმებითა და ურთიერთმომგებიანი პირობებით. თუ სწორად წარვუდგენთ ამ ჩვენს ინიციატივებს, მაშინ მოგვისმენენ. თუ არადა, 1992 წლიდან დღემდე სულ მიტინგებია, სულ დროშები ფრიალებს, სულ ვიღაც იმუქრება: ცალკე ხელისუფლება, ცალკე ოპოზიცია, დრო კი მიდის და არაფერი იცვლება.

– იმავდროულად, თურქეთმა გამოგვიჩინა კლანჭები, თუმცა სითავხედესაც აქვს საზღვარი: აზერბაიჯანსა და თურქეთში ეთნიკურ ქართველებს ქართული სახელების დარქმევისა და თავიანთი ქართული გვარებით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ და, თურმე, მესხეთი თურქული მიწა ყოფილა.

– ამ თემაზე ძალიან დიდი ხანია, ვლაპარაკობთ, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ თემაზე. ამიტომ კითხვას დავსვამ: 1992 წლის შემდეგ, ვიდრე დღემდე, ერთი ხელისუფლება დამისახელეთ, რომელმაც ამ თემებზე დიალოგი დაიწყო ან ერთ, ან მეორე მეზობელთან?!

– როდესაც თურქეთი მოითხოვდა აზიზიეს მეჩეთის აშენებას ბათუმში თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ, პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ ორ საკითხს შორის კავშირი არ იყო და აზიზიეს მეჩეთი არ აშენდა.

– ჩვენმა პატრიარქმა ძალიან მართებული პოზიცია დაიკავა, აგრეთვე სომხეთთანაც. როდესაც სომხებმა საქართველოში, ეგრეთ წოდებული, სომხური ეკლესიების მათ დაქვემდებარებაში გადაცემა მოითხოვეს, მაშინ უწმიდესმა ბრძანა, გადმოგვეცით ქართველების მიერ აშენებული ეკლესიები სომხეთში და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. მაგრამ მე ახლა ვლაპარაკობ პოლიტიკოსებზე. არც ერთ პოლიტიკოსს არ მახსოვს, ეს საკითხი დაეყენებინოს ზრდილობიანად, კულტურულად და არგუმენტებით და ეკითხოს, რატომ არ აქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენს სამეზობლოში მცხოვრებ ქართველებს უფლება, ატარონ ქართული სახელი და თავიანთი გვარი მაინც?! რელიგიას ხომ არ ვეხებით?! როდესაც შენ არ დაგიყენებია ეს საკითხი, მათმა ერთმა პროვოკატორმა ერთი თქვა და გაუვიდა, მერე მეორე პროვოკატორმა თქვა, გადავყლაპეთ, მესამემ თქვა – გადავყლაპეთ და იმის მაგივრად, რომ 1919 და 1922 წლების ხელშეკრულებებზე ვისაუბროთ ლენინსა და ათა თურქს შორის, ახლა უკვე გვეუბნებიან, რომ მესხეთია ძირძველი თურქული ტერიტორია. ვიმეორებ: ერთი პოლიტიკოსი დამისახელეთ, გინდა მსოფლიო დონის პოლიტიკოსი, რომ ერქვა და გინდა – „დემოკრატიის შუქურა“, გინდა – ახლანდელი, ვინც ეს საკითხი გაერთიანებული ერების ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ფართო შეხვედრაზე დააყენა. გნებავთ, ბრიქსში წამოწია ეს საკითხი და, გნებავთ, მაშინ, „სამს პლუს სამის“ ფორმატი რომ შემოგვთავაზეს. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს ფორმატი აბსურდი იყო, დაიშლებოდა და დაიშალა კიდეც. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ვინც შემოგვთავაზა ეს ფორმატი, მისთვის გვეთქვა, რომ გვესაუბრა ამ საკითხზე?! ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ვიღაცამ ტერიტორია უნდა მოგვცეს?! ჩვენ ვამბობთ, რომ ძირძველი მოსახლეობა თავის ძირძველ მიწაზე ცხოვრობს, შენი სახელმწიფოა, მაგრამ რატომ არ აძლევ უფლებას, თავისი ნამდვილი სახელი და გვარი ატაროს?! ერთხელ ცხოვრობ და გეძლევა საშუალება, შენს ერს, შენს ქვეყანასა და რწმენას ემსახურო და რისთვის იყენებ, რომ ქონება შეიძინო და შვილიშვილები კარგად გყავდეს? გყავდეს, მაგრამ ისიც დაგვანახვე, რომ თავგანწირვა შეგიძლია შენი ქვეყნისა და ერის ბედნიერებისთვის. კანონი ჩვენ მხარეზეა, დროება ჩვენ მხარეზეა. ახალი გადანაწილება მიდის და მსგავსი შანსი აღარ გვექნება, როდისღა უნდა გამოვიყენოთ?! ვთქვათ, ვთქვით და თოფი გვესროლეს. თუ პოლიტიკოსი ხარ, იმასაც უნდა შეეგუო, რომ წინა ხაზზე შეიძლება, იბრძოლო და გესროლონ და მოგკლან, აბა, ჩვენმა წინაპრებმა როგორ მოიტანეს ეს ქვეყანა?! მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა ვერ ჩამოყალიბდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა