პოლიტიკა

რატომ არ არის განათლების სისტემა ბავშვის აღზრდის ერთადერთი საშუალება და როგორ ჩლუნგდება მომხმარებლურ საზოგადოებაში ზნეობა

№35

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 06.09

პაატა ამონაშვილი
დაკოპირებულია

განათლების სისტემამ, რომელიც არსებობს, თითქოს დაკარგა თავისი როლი და მნიშვნელობა, განსაკუთრებით, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში. ადამიანის უნარები ნაწილობრივ ჩაანაცვლა ტექნიკამ და, მეტიც, გვპირდებიან, რომ უახლოეს მომავალში სწორედ ტექნიკა, ხელოვნური ინტელექტის სახით, გააკეთებს ყველაფერს, რაც, ერთი მხრივ, მართლაც, კომფორტულია, თუმცა, მეორე მხრივ, ბადებს კითხვას: რა ფუნქცია რჩება ადამიანს?! და არა მხოლოდ ფუნქცია – დარჩება კი ადამიანის ადგილი სრულად ავტომატიზებულ სამყაროში?! საინტერესო ფაქტია, რომ, მაგალითად, წერა მხოლოდ ადამიანის უნარია, ისევე, როგორც ფიქრის სიტყვებად ჩამოყალიბება, კლავიატურაზე აკრეფას სწავლობს ყვავიც და მაიმუნიც. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები, ფაქტობრივად, აღარ წერენ, ტვინის შესაბამისი უბანი ატროფირდება, რაც, სავარაუდოდ, იმოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზეც, თუმცა როგორ, ჯერჯერობით უცნობია (ასე რომ, უმჯობესია, ყოველდღე ფურცელზე ორიოდ წინადადება მაინც დავწეროთ ხოლმე, იმიტომ რომ წერა არ ჰგავს მანქანის ტარებას, წერა ადამიანს ავიწყდება).

ამასთან, ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, ყველანაირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რაც, ასევე, ერთი მხრივ, კომფორტული და საშურია, მეორე მხრივ კი, აჩენს საშიშროებას, რომ ცოდნის ნაცვლად მცდარი ინფორმაცია მიიღო, აღარაფერს ვამბობ პროფესიული უნარების გამომუშავებაზე, რისთვისაც მხოლოდ რამის სწავლა არასაკმარისია და, რაც მთავარია, აღზრდაზე, როგორც ადამიანისთვის ჰაერივით აუცილებელ კონპონენტზე. მხოლოდ ადამიანს სჭირდება ადამიანების გარემოცვა ადამიანად ჩამოყალიბებისთვის.

ხომ არ ამოწურა თავისი თავი განათლების აქამდე არსებულმა მოდელმა, თუ, პირიქით, ეს არის ის ერთადერთი მოდელი, რომელიც, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავადაც, ადამიანის, როგორც მაღალინტელექტუალური და მაღალზნეობრივი ცოცხალი არსების ჩამოსაყალიბებლადაა აუცილებელი? – ამ თემას ფსიქოლოგ პაატა ამონაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ყველაფერს გასდის ყავლი, განათლების აქამდე არსებულ მოდელებსაც იგივე ბედი ხომ არ ეწია?

– ცოტა რთული შეკითხვაა და მეც მიჩენს კითხვებს: ერთი განათლების სისტემა არ არსებობს, თუ კლასიკურზე ვილაპარაკებთ, მით უმეტეს. ზოგიერთი ძალიან ეფექტიანია, ზოგიერთი – ნაკლებად, მაგრამ, თუ კლასიკური განათლების სისტემებზე ვლაპარაკობთ, ის, რაც პედაგოგიკის კლასიკაშია აღწერილი, მოიცავს საკმაოდ ძლიერ მეთოდებს. განათლების სხვადასხვა სისტემა შემიძლია, დავყო ორ ჯგუფად ერთი სისტემაა, რომელიც აქცენტს აკეთებს მხოლოდ ცოდნაზე და უნარ-ჩვევების შეძენაზე და მეორე სისტემაა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, აღზრდაზე ამახვილებს ყურადღებას. განათლების ის სისტემა, რომელიც აღზრდაზეა ორიენტირებული, ყოველთვის პროგრესული განათლების სისტემა იქნება, იმიტომ რომ იქ ლაპარაკია ადამიანური თვისებების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც არასდროს მოძველდება. ისეთი ადამიანური თვისებები, როგორიცაა პატიოსნება, უფროსის პატივისცემა...

– კეთილშობილება, დიდსულოვნება.

– დიახ, ცოდნისკენ მისწრაფება, საკუთარი თავის შემეცნებისკენ ლტოლვა. ასე თუ აღიზრდება ადამიანი, ეს სისტემა ვერანაირად ვერ მოძველდება და დროს არასდროს ასცდება.

– იმიტომაც დავსვი კითხვა, რომ დღეს ყველაფრის, რაც პირზე მოგადგება, მათ შორის, სისულელეების თქმა შეფასებულია, როგორც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, თვითგამოხატვის უფლება, რაც დარტყმას აყენებს აღზრდას, როგორც ასეთს და ესაა პრობლემა.

– თუ ჩვენ განათლების სისტემებზე ვილაპარაკებთ, მე მგონი, ამ კუთხით უნდა შევაფასოთ: განათლების სისტემა, რომელიც აღზრდას ან არ ითვალისწინებს, ან მეორე პლანზე აყენებს, ან შეიძლება, აღიარებს, რომ საჭიროა, მაგრამ პრაქტიკულად არ ახორციელებს, სრულყოფილი ვერ იქნება. ხოლო ის, რომელიც აღზრდაზე აკეთებს აქცენტს, ყოველთვის იქნება პროგრესული და ყოველთვის ბევრად უფრო ეფექტიანი.

– მე ვერ ვიგებ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ვის აღზრდის საქართველოს განათლების სისტემა, მგონი, ყველას, გარდა საქართველოს მოქალაქისა.

– ვფიქრობ, არ უნდა განვაზოგადოთ. ჩვენს განათლების სისტემაში უამრავი პედაგოგია, ისინი, სამწუხაროდ, უმრავლესობა არ არიან, რომლებიც ხედავენ და გრძნობენ, რომ აღზრდა მნიშვნელოვანია. ამიტომ სისტემასთან მათ ვერ გავაიგივებთ. ისინი ღმერთისგან მასწავლებლები არიან და მადლობა ღმერთს, რომ არიან. მე შემხვედრიან ისინი საქართველოს ყველა კუთხეში. ისინი სისტემის ნაწილები არიან, მაგრამ აქცენტს აკეთებენ აღზრდაზე. მათ არავინ უშლის ხელს და ძალიან კარგ ადამიანებსაც ზრდიან. ზოგადად სისტემაში რას ექცევა ყურადღება და რას არა, არ ვიცი. არც წამიკითხავს განათლების სისტემის დოკუმენტებში, რა არის მთავარი: აღზრდა თუ განათლების მიცემა. აღზრდა ნახსენებია, მაგრამ ზოგიერთი მასწავლებელი ან აქცევს ამას ყურადღებას, ან არა.

– ჩვენ შეიძლება, არ წაგვიკითხავს, რა წერია განათლების სისტემის დოკუმენტებში, მაგრამ ვუყურებთ რეალობას, რა ხდება სოციუმში. ეს ხომ არის განათლების სისტემის სარკე?

– ალბათ, არის სარკე, მაგრამ მასწავლებელი არ არის ბავშვის ერთადერთი აღმზრდელი. ბავშვის აღმზრდელები არიან, ასევე, მშობლები, მთლიანად საზოგადოება და ისეთი მომხმარებლური საზოგადოება, რომელიც ახლაა ჩვენ გარშემო: ნივთების შეძენისკენ, კარიერისკენ მისწრაფების, ბევრი ფულის ფლობის სურვილის მქონე, რომელშიც ზნეობრიობა ნაკლებია. საერთოდ, რაც უფრო კაპიტალისტურია საზოგადოება, იქ ზნეობრიობა ბუნებრივად ნაკლებია. ჩვენც ამ სისტემაში შევაბიჯეთ და, შესაბამისად, ზნეობრიობა ნაკლებია და უფრო მომხმარებლური საზოგადოება გავხდით. ასეთი საზოგადოება თვითონ ზრდის ბავშვს. აქაც ბევრი აღმზრდელობითი ელემენტია: ნებისმიერი რეკლამა, რომელსაც ბავშვი შემთხვევით ნახავს, აღზრდელობითია; ნებისმიერი ფილმი, რომელსაც ბავშვი უყურებს; ნებისმიერი თამაში, რომელსაც თამაშობს; ნებისმიერი ბლოგერი, რომლებსაც უყურებენ ახლანდელი ახალგაზრდები. ეს ყველა აღმზრდელობით სურათხატებს მოიცავს და ეს სურათხატები მოაქვს. ასე რომ, მასწავლებელი არ არის ერთადერთი აღმზრდელი და ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ მარტო განათლების სისტემაა ის, რაც ბავშვის აღზრდაზე ახდენს გავლენას.

– სისტემამ, რომელიც ადამიანის თავისუფლებას ქადაგებს, რატომ მოიტანა ბევრი უზრდელობა?

– თავისუფლება ძალიან საშიშია, როდესაც ზნეობრიობა დაბალია და სინდისი არ არის გაღვიძებული და აღზრდილი ბავშვში, თუ თავისუფლება ზნეობას არ არის დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია და შეიძლება, ბავშვმა ცუდი რამეც თქვას, შეურაცხყოფაც მიაყენოს სხვას, იჩხუბოს. ანუ თავისუფლების დონე, ჰუმანურ-პედაგოგიური გადმოსახედიდან, განისაზღვრება ცნობიერების დონით. რაც ფართოა ცნობიერება და მეტია ზნეობრიობა, მით მეტი თავისუფლება შეიძლება, მიეცეს ადამიანს, მაგრამ, თუ ეს არ არის, მაშინ თავისუფლება საშიშიცაა.

– როდესაც ვახსენე განათლების აქამდე არსებული სისტემის ყავლგასულობა, ვიგულისხმე, რომ მაგალითის ძალასაც აქვს დიდი მნიშვნელობა: ანუ რა სტატუსი აქვს სოციუმში ზრდილობიან, კარგად აღზრდილ, განათლებულ ადამიანს. თუ ასეთ ადამიანს არ აქვს ადეკვატური სტატუსი, მაშინ ზრდილობა და განათლება ხომ უფასურდება?

– დიახ, გაუფასურებას გამოიწვევს, მაგრამ, თუ მაღალზნეობრივ თვისებებს ატარებს ადამიანი, მას დაბალი სტატუსი ვერ ექნება.

– იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენს მოქმედსა და ყოფილ თანამდებობის პირებს, პოლიტიკოსებს მაღალზნეობრივი თვისებები აქვთ?

– ნარკოდამოკიდებული მომღერალი შეიძლება, მაღალი სტატუსის მქონედ ჩაითვალოს, მაგრამ ზნეობრიობა ხომ არ აქვს?! მე ამ კატეგორიის ხალხზე არ ვლაპარაკობ. მე ვგულისხმობ პატივსაცემ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება, მოუსმინო, რჩევებს იძლევა და ეს რჩევები აღიქმება. თუ ადამიანი მაღალზნეობრივ თვისებებს ატარებს, ის აუცილებლად იქნება მაღალი სტატუსის მქონე, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ, ვისაც მაღალი სტატუსი აქვს, ყველა მაღალზნეობრივია.

– მსოფლიოს მილიარდერების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს არანაირი განათლება, მაგრამ მათ შეძლეს იმის მიღწევა, რაც ადამიანის მიერ აღიქმება წარმატებად. ეს ფაქტი როგორ ზეგავლენას ახდენს?

– არათუ მათ უმეტესობას, იშვიათად ვინმეს ჰქონდეს განათლება, მაგრამ ისინი ბედნიერებიც არ არიან. არც იციან, რა არის ბედნიერება. მე თვითონ შემხვედრია ბევრი შეძლებული ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე უბედურია, უმეტესობა ასეთია. მაღალი ზნეობრიობა კი ბედნიერების გზა არის, რისთვისაც ფული არ არის საჭირო. ასე რომ, აქ მთავარი არ არის განათლების არქონა. ბევრს შეიძლება, არ აქვს განათლება და სიმდიდრეს მოიხვეჭს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერ ცხოვრებას ეწევა. ჩვენ რა გვირჩევნია ჩვენი შვილებისთვის?! ბედნიერება კი ცოდნის გარეშე არ არის.

– ჩვენ კი გვინდა ჩვენი შვილებისთვის ბედნიერება, რომელიც იმალება ცოდნაში და არა ფულში, მაგრამ ეს მაგალითები უფრო ძლიერი ხომ არ არის?

– ეს მაგალითები ცალმხრივია. თუ ვინმესთვის ფულია წარმატების მთავარი გასაღები, ეს სხვა თემაა, მაგრამ წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ვერ იქნება ბევრი ფული, ვერც პოპულარობა. ბევრი სპორტსმენი ძალიან პოპულარულია და ძალიან ბევრი ფული აქვს, მაგრამ კარიერის დამთავრებისთანავე ძალიან ცუდ პიროვნულ თვისებებს ავლენენ, ავადდებიან, ადრე მიდიან ამ ქვეყნიდან. ანუ ასეთი მაგალითები ბოლომდე უნდა დავასრულოთ და მთლიანობაში შევაფასოთ.

– და ისიც სათქმელია, რომ მთელ ცხოვრებას ატარებენ ვარჯიშსა და შეზღუდვებში.

– დიახ, იგივე ემართებათ ცნობილ ვარსკვლავებს, მომღერლებს, მსახიობებს. მუდამ, რაც მსმენია, ოჯახური კონფლიქტები აქვთ, სასამართლო გარჩევები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, შემდეგ მკურნალობის პროცესი... ამდენად, ადამიანის ცხოვრებას უნდა შევხედოთ მთლიანობაში: ერთია გარეგნული წარმატება, რაც უკავშირდება ფინანსებს და მეორეა, რა ცხოვრებას ეწევა და რამდენად ბედნიერი და ჯანმრთელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...