რატომ არ აღიარებს ურსულა ფონ დერ ლაიენი გეოგრაფიას და რატომ გამოესარჩლა ილჰამ ალიევი საქართველოს ევროკავშირთან
ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.04

მას შემდეგ, რაც სამარყანდში ევროკავშირისა და შუა აზიის ქვეყნების სამიტი ჩატარდა, რომელზეც, მათ შორის, ისაუბრეს შუა აზიიდან ევროპისკენ ტრანსპორტირების გზებზე და ევროკავშირის ერთ-ერთმა უმაღლესმა წარმომადგენელმა არც კი ახსენა ამ მარშრუტში საქართველო, მხოლოდ აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა და ყველას შეახსენა აზერბაიჯან-საქართველოს უკვე მოქმედი მარშრუტი და ისიც აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში უცხო ჩარევები უნდა დასრულდეს. აქვს თუ არა საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემს უნარი, არ დაუშვან სამხრეთ კავკასიაში გარე მოთამაშეების ჩარევა? – ამ თემას ბიძინა გიორგობიანთან ერთად განვიხილავთ.
–არსებობდა მოსაზრება, რომ, ვისაც ექნებოდა გავლენა აზერბაიჯან-საქართველოს ტანდემზე, ის განსაზღვრავდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ კურსს. რამდენად მნიშვნელოვანია თბილისისა და ბაქოს ერთობა და რამდენად გულწრფელია აზერბაიჯანის პრეზიდენტი?
– დავიწყებ იმით, რომ კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ ის სიმართლის მხარეს დგას და მიუკერძოებლად აფასებს ვითარებას სამხრეთ კავკასიაში. დიდი მადლობა ილჰამ ალიევს საქართველოს გვერდით დგომისა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისთვის. დავამატებ, რომ, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველო-აზერბაიჯანის ტანდემზე, აქვე უნდა ვახსენოთ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე თურქეთის სახელმწიფო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. რამდენიმე დღის წინ გამართულ დიპლომატიურ სამიტზეც აღნიშნა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, რომ თურქეთი ამიერკავკასიაში მშვიდობის ერთ-ერთი დასაყრდენი და გარანტია. ასევე, ამიერკავკასიაში ინტერესები აქვთ ირანსა და რუსეთს და ჩვენი, ამიერკავკასიის სახელმწიფოების, გონივრული ქმედება იქნება, თუ ერთიანი დამოკიდებულება გვექნება ამ სამი დიდი მოთამაშე სახელმწიფოს ინტერესებისადმი და აღარ განმეორდება ის ტრაგიკული შედეგი, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მივიღეთ, როდესაც ამიერკავკასიის სეიმი სწორედ იმიტომ დაიშალა, რომ მაშინ ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ ვერ შეძლო საერთო ინტერესების ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიაში.
– და ყველას ჰყავდა თავისი გარე მოკავშირე, რომელთა ინტერესები არ ემთხვეოდა.
– ყველას ჰყავდა თავისი სამხედრო მოკავშირე. ჩვენ ისტორიას კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ, მართალია, საქართველომ 1921 წელს თავის მატარებელში მიღებულ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური იყო, მაგრამ საქართველო ნეიტრალური არ ყოფილა, თუმცა საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალსახად და ცალმხრივად დაარღვია რუსეთის ფედერაციამ. ეს ორივე ფაქტია და ფაქტებს ვერ გავექცევით. რაც შეეხება სამარყანდში ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, მინდა, ცოტა ირონიულად ვთქვა, რომ, როდესაც დემოკრატიის აკვანში, სამარყანდში, ჩასული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი გველაპარაკება, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ, თუ ევროპა სამარყანდიდან გვიცხადებს დამოკიდებულებას სამხრეთ კავკასიისადმი, ეს ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივი და მრავლისმეტყველია. როდესაც ჩვენ ევროპაზე ვლაპარაკობთ, უნდა განვაცალკევოთ ერთმანეთისგან: ევროპა, ევროპის წარსული, ევროპული კულტურა, შრომის კულტურას ვგულისხმობ, თორემ აფრიკის ქვეყნების კოლონიზაციისა და სხვა ქვეყნების შევიწროების კულტურა ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს აქვთ ევროპის სახელმწიფოებს. როდესაც ამ გაერთიანების უმაღლესი წარმომადგენელი სამარყანდიდან გვესაუბრება სტაბილურობასა და სამხრეთ კავკასიის მომავალ მოწყობაზე, მან უნდა იცოდეს გეოგრაფია და ისიც, რომ, თუ ის გულისხმობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირ დერეფანს ან სომხეთზე გასასვლელს აზერბაიჯანიდან, ეს ძალიან შორი ხედვაა, უფრო სურვილი, ვიდრე სინამდვილე. ამიტომ, მოდი, ამ ქალბატონს, რომელიც კაია კალასისგან გონებრივად შორს არ დგას და შეამჩნევდით, რომ კაია კალასიც დამალეს ამ ბოლო ხანს, ძალიან დიდ დროს ნუ დავუთმობთ და უფრო მეტი ვისაუბროთ იმ დადებით ფაქტზე, რაც ხდება. საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიით დანარჩენ სამყაროსთან ცენტრალური აზიის უმოკლესი გზით დაკავშირებას სარკინიგზო და საზღვაო ხაზებით, რაც, ფაქტობრივად, უკვე ფუნქციონირებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით, ბაქო-ყულევის მილსადენით და საქართველო-აზერბაიჯანზე გამავალი მშენებლობის ბოლო ეტაპზე გადასული ავტობანის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთის ჩართულობა ამ პროექტში იქნება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, თუ დავუშვათ, ღმერთმა არ ქნას, ამ პროექტში ჩინეთი პირდაპირ არ ჩაერთვება ფინანსურად, ცენტრალური აზიის ქვეყნები: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც მოისურვებენ ამ პროექტში მონაწილეობას, ჩაერთვებიან და ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისთვის. ეს უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება, ვიდრე იმ ქალბატონის კომენტირება, რომელმაც, მგონი, გეოგრაფია კარგად არ იცის. სხვათა შორის, გეოგრაფიის მასწავლებელი ახლოს ჰყავს.
– მეც ეს ვიფიქრე, მაკრონისთვის ეკითხა.
– დიახ, მაკრონი, რომელზეც ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ ევროკავშირის „დიფ სთეითია“. თუ გახსოვთ, მაკრონი ახსენა ალიევმაც, როდესაც თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და დესტაბილიზაციის უკან მაკრონის ყურები ჩანს. მოკლედ, ამდენი ყურების ყურებით დავიღალეთ. ვიცით, ვხვდებით მათ კოლონიალურ პოლიტიკასა და მიდგომას. როდესაც ჰგონიათ, რომ აქ ვიღაცამ რაღაც არ იცის და ვიღაც რაღაცას არ თუ ვერ ხვდება, ეს უკვე ძალიან მოძველებული მეთოდებია და იმდენად პრიმიტიულია მათი საქციელი ბოლო 5 წლის განმავლობაში, როდესაც ყველაფერი ხელის გულზე დევს და ძალიან ცუდი სანახავია; ძალიან ცუდად გამოიყურება ევროკავშირის, ზოგადად, ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების პრეტენზიის ფონზე, რომ არიან ზესახელმწიფოები. საფრანგეთი, საერთოდაც, ატომურ ქოლგას ჰპირდება მთელ ევროპას. ძალიან კომიკურად და არასერიოზულად გამოიყურება ეს ყველაფერი.
– რუსეთი, თითქოს, საერთოდ არ ჩანს სამხრეთ კავკასიურ ავანსცენაზე.
– რუსეთს იმდენი სამხედრო ბაზა აქვს...
– ვგულისხმობ, რომ არ ჩანს პოლიტიკური აქტივობის თვალსაზრისით, თორემ სამხედრო ბაზა იმდენი აქვს, რომ მის ინტერესებს ჰყოფნის.
– როდესაც რუსეთის საქმეს აკეთებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, რა საჭიროა, გამოჩნდეს ლავროვი?! ის ლავროვის საქმეს აკეთებს, შემოაქვს დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში. რუსეთის დიპლომატია დღეს რამდენიმე თავით მაღლაა, ვიდრე ევროკავშირის, რომლებიც ისევ ინსტინქტის დონეზე მოქმედებენ. რუსეთი რატომ გაირთულებს საქმეს ზედმეტად საქართველოსთან ან აზერბაიჯანთან, ან თურქეთთან, თუნდაც, სომხეთთან, როდესაც მის გასაკეთებელს აკეთებენ, უფრო ზუსტად, აშავებენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და მაკრონი. რატომ უნდა გააკეთოს რუსეთმა რამე მოძრაობა ზედმეტად?!
– ერთი შეხედვით, ჩანს, რომ რუსეთის გავლენა თურქეთმა შეავიწროვა.
– არავის არ შეუვიწროებია. რუსეთის გავლენები იზრდება სამხრეთ კავკასიაშიც და ევროპაშიც. არც მისი ეკონომიკური კავშირები შეუვიწროებია არავის ევროპასთან. ეს არის პროლიბერალური პროპაგანდისტების მიერ მოყოლილი ზღაპრები. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული რუსეთის გავლენის შესუსტებაზე ან ველოდოთ, როდის შესუსტდება რუსეთის ან თურქეთის გავლენა. ჩვენ უნდა მივიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის და ამ რეალობაში განვსაზღვროთ ჩვენი პოზიცია. ეს არის პოლიტიკა და არა ის, როდესაც ჩვენი ვითომ პოლიტოლოგები გამოთქვამენ საოცარ აზრებს, რომ რუსეთის გავლენები შესუსტდა, რომ აქედან განდევნეს რუსეთი და ასე შემდეგ. თუ შესუსტდა, დაგვანახვონ, როგორ შესუსტდა, როგორ აიღო უკრაინამ მოსკოვი. გვაჩვენონ ფაქტები, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების.
– ჩემთვის გაუგებარია, განსაკუთრებით, ახლა სომხეთის განაცხადი ევროკავშირის წევრობისკენ, საკანონმდებლო დონეზეც კი შესაბამისი დოკუმენტების მიღება. სომეხი ერი არ არის არაგონიერი ერი, რომ ვერ ხვდებოდეს, როგორი პოლიტიკური პროცესია. არავინ იცის, რა მოხდება. თქვენ რით ხსნით სომხეთის ასეთ თითქოს სამხრეთ კავკასიური კონტექსტიდან ამოვარდნილ აქტივობას? თუმცა, ისტორიულად, სომხეთი ყოველთვის ასეთ როლს ასრულებდა, იმედია, არ მიწყენენ.
– რატომ უნდა გვიწყინონ?! ჩვენი მეზობლები არიან და ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენ ვამბობთ რეალობას და ისეთ ფაქტორებზე ვლაპარაკობთ, რომლებმაც შეიძლება, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება, მოჰყვეს ომი და უბედურება, ათასობით მსხვერპლი. ამიტომ წყენა-არწყენაზე არაა საუბარი. არ ვიცი და ვერც გეტყვით, როგორია მათი პოლიტიკური გათვლა ევროკავშირსა და „ნატოში“ გაწევრიანებისადმი. თუ მათ ჰგონიათ, რომ „ნატოში“ გაწევრიანდებიან, როგორც თურქეთის მეზობელი სახელმწიფო და ევროკავშირში გაწევრიანდებიან, როგორც, ასევე, თურქეთის მეზობელი სახელმწიფო, საქართველოს გვერდის ავლით, ეს უკვე მათი წარმოდგენების საქმეა და ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. ჩემთვის ეს გაუგებარი წარმოსახვითი კოშკებია. თუმცა, ევროკავშირის მხრიდან ყველაფერი გასაგებია. მათ სურთ ახალ-ახალი მარიონეტული ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შემდეგ ამ კანდიდატის სტატუსით ამ ქვეყნებით მანიპულირება, რომ შექმნან ცხელი წერტილები; არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების სახით პროქსიძალები და შემდეგ იქიდან არაგამჭვირვალე თანხები ამოძრაონ მათთვის საინტერესო ქვეყნებში ისე, როგორც, დავუშვათ, საქართველოდან ხვდებოდა არასამთავრობო სექტორისთვის მიწოდებული გაუმჭვირვალე თანხების გარკვეული ნაწილი ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. თუ სომხეთში ანალოგიური ჰაბის შექმნა უნდათ, ეს მათი ნებაა და სომეხი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, წაჰყვებიან თუ არა ხელისუფლებას ამ ავანტიურაში. მე ამას ვერ შევაფასებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა და მათ შინაურ საქმეებში ვერ ჩავერევი. მით უმეტეს, მათ პრაგმატულობა და ანგარიშიანობა ჩვენგან არ ესწავლებათ.
–როგორც მივხვდი, ფიქრობთ, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია სტაბილურობის შენარჩუნება საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობით.
– დიახ, თურქეთთან ერთად. უნდა ვეცადოთ, რომ ერთობლივ მუშაობაში ჩაერთოს სომხეთიც. უნდა ვეცადოთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაძლიეროთ რუსეთთან და ძალიან მიზანშეწონილად მიმაჩნია, საქართველომ იფიქროს, დაიკავოს თუ არა თავისთვის განკუთვნილი ადგილი „სამი პლუს სამის“ ფორმატში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან