პოლიტიკა

რატომ ამზადებს ქართული განათლების სისტემა სპეციალისტებს უმუშევრობისთვის

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 12.02

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

დასავლური განათლება იმდენად გავაფეტიშეთ, რომ, საბოლოოდ, მივიღეთ თაობები, რომელთათვისაც დასავლეთში განათლების მიღება მათი არსებობის გამართლებად იქცა. ეს იდეაფიქსი იმ დონემდეც კი დახურდავდა, რომ დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში რამდენიმეკვირიანი კურსების გავლაც კი სიამაყის საფუძველი გახდა და აღმოვჩნდით რეალობის წინაშე, როდესაც ქვეყნის ახალგაზრდობა, უკეთეს შემთხვევაში, ერთმანეთს უტოლებს დასავლეთისა და საქართველოს ინტერესებს, უარესში კი – დასავლური ინტერესი მიაჩნია უპირატესად. ეს არ არის გასაკვირი, რადგან, რომელი ქვეყნის განათლების სისტემაშიც ყალიბდები, იმ ქვეყნის მენტალობას იზიარებ. იყო და არის თუ არა ეს შეცდომა? – ამ თემას ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ.

– მე არ ვაფასებ, ცუდია თუ კარგი დასავლური განათლება, რა მოგვიტანა ამ გაფეტიშებამ?

– განათლების სფეროს ექსპერტი და სპეციალისტი არ ვარ, უბრალოდ, გეტყვით ჩემს მოსაზრებას, როგორც ერთი ანალიტიკოსი.

– ძალიან სავალალო მდგომარეობაა: ვის ზრდის ქართული განათლების სისტემა, უცნობია; უცხოური სისტემები ზრდიან თავიანთი ინტერესებით და, შედეგად, ჩვენ გვყავს თაობები, დოკუმენტურად საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ გაურკვეველია, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები მენტალურად.

– ესეც უკავშირდება განათლების სისტემის ფუნქციას, ორგანიზებას, სპეციალისტების მომზადების ხარისხს და ამა თუ იმ ქვეყნის მოთხოვნებს. შესაბამისად, განათლების სისტემა ყველა დროში ეფუძნება ამა თუ იმ სპეციალისტების მოთხოვნას. შემდეგ ისინი უნდა გამოადგნენ თავიანთ თავსაც, საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც. ამ თვალსაზრისით, ამ ეტაპზე საკმაოდ სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რადგან საბჭოური სისტემის ტრანსფორმირება დამოუკიდებელი საქართველოს სპეციფიკასთან არ მომხდარა. არადა თითქოს ყველა ამას ესწრაფვოდა და რეფორმებიც დაიწყო. ყველა ხელისუფლებას ამ სფეროს განვითარების თავისი ხედვა ჰქონდა. შევარდნაძის დროს ჩაითვალა, რომ ახალგაზრდებს ესწავლათ მაინც და რადგან უმუშევრობა ემუქრებოდათ, ფორმალურად მაინც ჰქონოდათ დიპლომი. შემდეგ სააკაშვილმა, ეგრეთ წოდებული, რეფორმა დაიწყო: გვახსოვს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან პროფესურის გამოყრა და პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადმინისტრატორების დანიშვნა, რამაც, ჩემი აზრით, დიდი შედეგი ვერ მოიტანა. ეს პროცესი მექანიკურად გრძელდება და, ჩვენ, ფაქტობრივად, ვზრდით სპეციალისტებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას, ქართველ საზოგადოებას არ სჭირდება. ამდენად, ამ სპეციალისტების ხარისხზე ლაპარაკი უკვე თითქოს უადგილოცაა. თუ მზადდებიან სპეციალისტები, რომლებიც ვერ დასაქმდებიან, მით უმეტეს, პროფილის მიხედვით, მაშინ რატომ ვამზადებთ?! სახელმწიფოც თანხას ხარჯავს, ადამიანებიც იხდიან განათლების მიღებაში ფულს, რეალურად კი, უმუშევრები რჩებიან. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ დიდი ნაწილი.

– ანუ, საბაზრო ეკონომიკას ვერ აჰყვა განათლების სისტემა.

– ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ მექანიკურად განვაგრძობთ ძველ ტრადიციას. საბჭოთა პერიოდში, როდესაც არსებობდა განათლების იდეოლოგიზებული სისტემა, უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებს ამზადებდნენ, იმიტომ რომ მაშინ ეს სპეციალისტები იმ ეკონომიკისთვის მზადდებოდა, რომელიც არსებობდა და ნახევარი მაინც, პროფილის მიხედვით, საქმდებოდა. და თუ საქართველოში ვერ დასაქმდებოდა, სადმე სხვაგან შეიძლებოდა, დასაქმებულიყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე: შუა აზიაში, ციმბირში და ასე შემდეგ. ანუ სპეციალისტების მოთხოვნა იყო და ვერ აკმაყოფილებდა კიდეც საბჭოთა უმაღლესი სკოლა მაშინდელ მოთხოვნას. ჭარბი სპეციალისტების პრობლემა მაშინაც იყო, მაგალითად, ჰუმანიტარულ დარგებში, თუმცა შემდეგ პროფილით არავინ მუშაობდა. მაგრამ რაღაც სისტემა მაინც არსებობდა. განათლების ჩვენი დღევანდელი სისტემა, იგულისხმება, რომ ამზადებს სპეციალისტებს საქართველოსთვის და იმ თავისუფალი სამყაროსთვის, რომლის ნაწილიც ყველას გვინდოდა, საქართველო გამხდარიყო. ამ მხრივ, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა კიდეც: განათლების ხარისხის კონტროლი, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების აღიარება, მაგრამ, საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი იყო არასაკმარისი და დღეს ჩვენ გვაქვს განათლების სისტემა, რომელიც არაფერს ემსახურება და იმ ფონზე, როგორი ახლებური მდგომარეობაც ყალიბდება, შეიძლება, ჩვენი დიპლომების აღიარების პროცესი განულდეს. შესაბამისად, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა, ფაქტობრივად, უმუშევრებს ამზადებს.

– დასავლეთში ვინც იღებს განათლებას, ისიც უმუშევრობის პრეტენდენტია, ხოლო, ვინც ნიჭიერად სწავლობს, მას, უბრალოდ, დაიტოვებენ, თუმცა დასავლეთში ჯერ თავიანთ ახალგაზრდებს ასაქმებენ და ძალიან იშვიათად – სხვებს.

– ეს უკვე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია: საქართველოში ძალიან პოპულარულია უცხოური განათლება. მოგეხსენებათ, რომ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე, ძირითადად, ახალგაზრდებს ნიშნავენ, ივანიშვილის სტილიც ასეთია და სააკაშვილის სტილიც ასეთი იყო. იქ ძალიან ცოტაა ქართული განათლების მქონე, უმეტესობას უცხოეთში აქვს განათლება მიღებული, უცხო ენის სავალდებულო ცოდნით და ამის გამო თითქოს დიდია სწრაფვა, ახალგაზრდებმა უცხოეთში მიიღონ განათლება. მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, ყველა ქვეყანა კადრებს, ძირითადად, თავისთვის ამზადებს. შეერთებულ შტატები ტვინების მოკრებას აპირებს.

– ეს ყოველთვის ასე იყო.

– თუკი ვინმე უნარიანი აღმოჩნდება იქ განათლებამიღებულებს შორის, იტოვებენ შესაბამისი ანაზრაურებით და იგივე ხდება ევროპაშიც. ამდენად, მაპატიეთ, მაგრამ საქართველოში ბრუნდებიან ისინი, რომლებმაც იქ ვერ იშოვეს სამუშაო ან პატრიოტული სულისკვეთებით მოქმედებენ, თუმცა ასეთები, სამწუხაროდ, ცოტანი არიან. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი არის გაუაზრებელი და, ჩემი აზრით, თვითდინებაზეა მიშვებული. მეორე მხრივ, იმდენი პრობლემა აქვს ქვეყანას და წინა ხელისუფლების პირობებშიც ჰქონდა, რომ ძალიან ძნელია განათლების სფეროში რევოლუციური ან არსებითი ცვლილებების მოფიქრება და განხორციელება. მაგრამ, ვფიქრობ, მალე ყველა მიხვდება, რომ არაკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, უწინარესად, უმაღლეს სასწავლებლებს ვგულისხმობ, აზრი არ აქვს და ეს სფერო გარკვეულ რეფორმირებას დაექვემდებარება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ის კადრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, რომლებსაც აქ აქვთ დასაქმების შესაძლებლობა და ამის შემდეგ კი უნდა გავითვალისწინოთ ადამიანების ინტერესები, რომ მათ შეუძლიათ, სადაც იპოვიან სამუშაოს, მაღალი ანაზღაურებით, იქ იმუშაონ.

– მე პრობლემა მგონია დამოკიდებულება: საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილი ორიენტირებულია, თავისი ფული, ენერგია ჩადოს იმ ქვეყნების განვითარებაში, სადაც უკვე აწყობილია ყველაფერი. უმეტესობას არ სურს თავისი ენერგიის ჩადება საკუთარ ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზით. ასეთ დროს კი, ჯერ ერთი, რომ ამ ქვეყანას სხვები დაიკავებენ და, რაც მთავარია, რაშიც ენერგიას არ დებ, ის არ ვითარდება, შესაბამისად, ვიღებთ ადეკვატურ შედეგს. ჩვენ ისიც ვერ ვისწავლეთ, რომ ნაგავი არ უნდა დაყარო და ბუნებაში კოცონი არ უნდა აანთო.

- არსებითად გეთანხმებით, თუმცა დღემდე უფრო აზიელები ვართ, ვიდრე ევროპელები.

– მე ვიტყოდი, ცოტა უკულტუროები.

– გვირჩევნია, ნაგავი ქუჩაში დავაგდოთ, ვიდრე ურნაში ჩავაგდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ევროპელობას მივესწრაფოდით. ყველას უნდა, რომ მაშინ მოახმაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს და მისთვის დადოს თავი, როდესაც საქართველო ისეთი იქნება, როგორიც მას წარმოუდგენია. ესეც ეროვნული ხასიათის სამწუხარო თუ საბედნიერო თვისებაა. ქართველი არ დებდა თავს და არ იხარჯებოდა ბოლომდე იმპერიების შემადგენლობაში მთლიანად თუ ნაწილ-ნაწილ მყოფი საქართველოსთვის. მით უმეტეს, რომ დამოუკიდებელი საქართველო ყველას თავისებურად წარმოუდგენია. ხომ ვხედავთ, რა აურზაურია ატყდარი იქით და აქეთ, მაშინ, როდესაც ორივეს ერთი და იგივე რამ უნდა, მაგრამ ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ. შესაბამისად, ასეთი საქართველოსთვის დახარჯვას ვერავის მოსთხოვ. სხვა დრო მოვიდა.

– მე არ ვთხოვ არაფერს. მე ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, ყოველთვის მათხოვრულ მდგომარეობაში დარჩებიან, არ მიწყინონ, იმ იმედით, რომ ვიღაც სხვა შეიფარებს.

– ვერც მოსთხოვ, იმიტომ რომ მათი ცნობიერება სხვანაირია. მერკანტილური ინტერესები წამოვიდა წინა პლანზე, კომფორმიზმი გახდა ცხოვრების ნორმა. რა თქმა უნდა, არიან თავდადებული ადამიანები, პატრიოტები, ვაჟკაცები, სამშობლოსთვის მებრძოლები, მაგრამ ახალგაზრდობის ძირითადი ნაწილი ტრანსფორმირდა ინდივიდებად, რომლებიც საკუთარ ეგოში არიან ჩაკეტილი. ამას დღევანდელმა ჰაი-ტექნოლოგიებმაც შეუწყო ხელი და, მით უმეტეს, პატარა ერებისთვის იქნება ეს პროცესი ძალიან მტკივნეული, ჩვენს ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართოდ დამკვიდრების ფონზე. ამიტომ თქვენ სწორად აკეთებთ აქცენტს: ვინ არის ჩვენი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი?! ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება?! რა მენტალობა აქვთ მათ?! ეს სერიოზული განსჯის საგანია და, სამწუხაროდ, ამ თემაზე გონივრულად არ მსჯელობს ჩვენი საზოგადოება. ხალხი ამ განსჯის მიღმაა. სოციალურ ქსელებში ამ თემას ვერ განიხილავ, ვერც საინფორმაციო საშუალებებში, რომლებსაც ოფიციოზი აკონტროლებს, ხოლო ოპოზიციურს სულ სხვანაირად წარმოუდგენია ეს ყველაფერი. ის არის რაღაც დიდი ბაბილონის ნაწილი, თავისი ცნობიერებით და, აქედან გამომდინარე, სხვა ხედვები აქვთ როგორც ინდივიდზე, ადამიანსა და მოქალაქეზე, ისე ახალგაზრდობის მომავალზე. ამას რომ ჩვენ რაღაც გონივრული კალაპოტი მივცეთ, ჩვენი მრწამსის, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის შესაბამისი ხედვებით; ასევე, უპირველესად, სხვა ტრადიციული რელიგიებისა და შემდეგ ყველა სხვა მრწამსის ადამიანის ხედვაც გავითვალისწინოთ, საჭიროა საერთო ეროვნული განსჯის პროცესის დაწყება, რაც ამ ქვეყანაში შეუძლებელია. რადგან, მოგეხსენებათ, ხალხი გაძევებულია პოლიტიკიდან, სახელმწიფოს მართვისგან დისტანცირებულია და არანაირ მონაწილეობას არ იღებს სახელმწიფო მართვაში, მით უმეტეს, განათლების პოლიტიკის შემუშავებაში და თუ ასეთი საკითხი დადგა, ჩვენ უეჭველად უკიდურეს მარჯვენა ფლანგზე აღმოვჩნდებით, ულტრა-მემარჯვენე ან ულტრა-კონსერვატიული ხედვებით, ან ულტრა-მემარცხენე და საერთოდაც, აბსტრაქტული ცნობიერების ტყვეობაში. იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რაც ივანიშვილმა დაუშვა, იყო შუის გაკრეფა. მან გაკრიფა ოქროს სივრცე და ცნობიერების ის ნაწილი, რომელმაც უნდა შეაფასოს ორივე მხარე, განსაკუთრებით, იმ მიმართულებით, როგორიცაა ახალგაზრდობის მომავალი და მათი განათლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა