პოლიტიკა

რატომ ამბობს ქართული და ამერიკული მხარე, რომ ურთიერთობის დაწყება თეთრი ფურცლიდანაა აუცილებელი

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00

პეტრე მამრაძე
დაკოპირებულია

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მარკო რუბიოს შეხვდა და, როგორც გვაუწყა, რუბიოს თქმით, აუცილებელია ტექნიკური ჯგუფის შექმნა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებაში დაეხმარება. უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც არაერთხელ უხსენებია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. რას ნიშნავს ეს სუფთა ფურცელი და რა უნდა დაიწეროს მასზე? – ამ თემას პეტრე მამრაძესთან ერთად განვიხილავთ.

– რა არის გასასუფთავებელი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაში და რატომ ლაპარაკობს ორივე მხარე სუფთა ფურცლის აუცილებლობაზე?

– ჩვენი ურთიერთობების მცირეოდენი პრეისტორია უნდა გავიხსენო. სტრატეგიული პარტნიორობა სააკაშვილის მმართველობის წლებში დაგვირგვინდა იმით, რომ „ნატოს“ წვრთნები ტარდებოდა ვაზიანში, თბილისთან ახლოს. წვრთნები 2008 წლის ივნისის ბოლოს დაიწყო: 1 400 ჯარისკაცი იღებდა მონაწილეობას, ასევე, ამერიკელი ოფიცრები და გენერლები იყვნენ ჩამოსული და დასრულდა 7 აგვისტოს, დილით, ხოლო 7 აგვისტოს საღამოს სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი, განახორციელა სისხლიანი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა. დანარჩენი ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ყოველდღიურად ვიხდით იმ ავანტიურის საფასურს. მაშინ იყო განწყობა, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ისინი ჩვენთან ერთად არიან ბოლომდე, ვკეტავთ როკის გვირაბს და ასე შემდეგ. მაგრამ გამოქვეყნდა ცნობილი და პატიოსანი ამერიკელი მეცნიერებისა და დიპლომატების წერილები, თუ როგორ შეუწყო ამ განწყობამ ხელი, რომ სააკაშვილის გონებაში შექმნილიყო აზრი, რომ რუსეთი ვერაფერს გაბედავდა ჩვენი ასეთი პარტნიორების გამო. ასევე, შეგახსენებთ, რომ შემდეგ პარტნიორობა გამოიხატა იმაში, რომ, როდესაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის სისხლიანი აგრესია უკრაინაში, იმ დღეებში საქართველოს ხელისუფლება, ანუ „ოცნების“ ხელისუფლება ყველა ფორუმზე რუსეთის წინააღმდეგ ხმას აძლევდა ისევე, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები: ამერიკა და „ნატოს“ წევრი ქვეყნები. გმობდნენ ამ აგრესიას, ითხოვდნენ რუსეთის სტატუსის შეჩერებას ევროპის საბჭოში; რუსეთის გარიცხვას და შემდეგ, ჰოი, საოცრებაც, საქართველო გამოვიდა, როგორც პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინიციატორი.

– მე მახსოვს, რომ შეუერთდა, მაგრამ, თუ ინიციატორი იყო, არ მახსოვს.

– დიახ, 2022 წლის 7 მარტს. ეს მაშინ, როდესაც შეგროვდა მხოლოდ 32-33 ქვეყანა, გაეროს წევრთა მეექვსედი. ჩვენი არცერთი მეზობელი ამ პოლიტიკას არ მიჰყვებოდა. გაგახსენებთ, რა მოხდა შემდეგ: ჯერ უკრაინიდან, შემდეგ კი ამერიკიდან გვიკიჟინებდნენ, გადაეცით უკრაინას თქვენი შეიარაღება: „ჯაველინები“, „ბუკები“, ანტისარაკეტო სისტემები. და, როდესაც ჩვენებმა დაიწყეს ახსნა, ამ შემთხვევაში, აქ დაიწყება ომი, ჩვენზე წამოვა რუსეთი, რომლის ტანკებიც თბილისიდან 29 კილომეტრში დგას (ბუნებრივია, ისმის კითხვა: ხმას რომ აძლევდი პუტინის წინააღმდეგ, მაშინ რატომ არ გახსენდებოდა ეს ტანკები?! მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს), გვითხრეს, რომ სამი მილიონი სამ დღეში ვერ ამოწყდებით, შეგიძლიათ, პარტიზანული ბრძოლა გააგრძელოთ. კელი დეგნანი ამბობდა, კი ბატონო, საქართველომ მართლაც მისცა ხმა ყველა ფორუმზე ისე, როგორც საჭირო იყო; მართლაც გაუწია ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას, მაგრამ ახლა მეტია საჭირო; ჩვენ ვითხოვთ მკვეთრ პოზიციას: ვის მხარეზე ხართ, უკრაინის თუ რუსეთის?! ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, თურმე, ჰყავს ძლიერი ლობისტები კონგრესში, განსაკუთრებით, სენატში. „ოცნებას“ კი საერთოდ არავინ ჰყავს, ვინც რაღაც დადებით სიტყვას იტყვის კონგრესსა თუ სენატში. თურმე, პეტრე ცისკარიშვილი დიდძალ ფულს უხდის ჯო ვილსონს, რომელიც ამბობს, ტრამპისტი ვარო, რომ მან იყვიროს, თურმე საქართველოს მართავენ ჩინეთის კომუნისტური პარტია და ირანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვსვამ კითხვას: ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ვახორციელებთ, პრაგმატული პოლიტიკა კი ნიშნავს მოქმედებებს და რა მოქმედებებია ეს?! იარაღს მოგვაწვდიან, ინვესტიციას განახორციელებდნენ თუ რას ჩაიდენენ კონკრეტულად?! ყველას ვეუბნები, განა ცხადზე ცხადი არ არის, რომ არის ძალიან მკვეთრი წითელი ხაზი: არანაირი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ისეთი, რომელმაც შეიძლება, გააღიზიანოს კრემლი; რომელიც შეიძლება, კრემლს მოეჩვენოს მიუღებლად. ამას წინათ თქვეს კრემლიდან, ახლა კი დავრწმუნდით, რომ საქართველოდან ხიფათი არ მოდის. აი, ეს არის მთავარი, თუ დეკორაციული განცხადებები, რომ აი, ვიწყებთ ურთიერთობას. მე ამ დარგში ვმუშაობდი ამდენი წელი და მითხრას ვინმემ, პრაგმატული თვალსაზრისით, რა ტიპის ურთიერთობა იქნება დადებითი?! ჯეი დი ვენსი რომ ჩამოსულიყო საქართველოში, ვიცით, ჩავიდა აზერბაიჯანსა და სომხეთში, და ჟურნალისტებს ეკითხათ, ვიცე-პრეზიდენტო, მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? თქვენ არ მოითხოვთ, რომ რუსეთის ბაზები გავიდნენ საქართველოდან?! რა უნდა ექნა ჯეი დი ვენსს?! გაჩუმებულიყო თუ ეთქვა: დიახაც, მოვითხოვთ. მაგრამ რაში გვჭირდება ჩვენ ეს?! მე ვერ ხედავ ვერანაირ პრაგმატულ, დადებით შედეგს საქართველოსთვის როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური, ფინანსური და სხვა თვალსაზრისით. ინვესტიცია იქიდან არც ადრე მოსულა არასდროს და, მით უმეტეს, არც ახლა მოვა, როდესაც ვალებშია ჩაფლული შეერთებული შტატები და ეს ვალი იზრდება; სხვა რა?!

– როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება, იყოს საქართველოსთვის პრაგმატული ქმედება? რა უნდა დაიწეროს იმ სუფთა ფურცელზე როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ? გასაგებია, რა ინტერესია სომხეთსა და აზერბაიჯანში, რისთვისაც ჩადის იქ ვენსი, საქართველოსადმი რა ინტერესი შეიძლება, ჰქონდეთ?

– ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს სომხეთისა და აზერბაიჯანის შესახებ, ტრამპმა თქვა კიდეც შემდეგ, პუტინმა შემაქო, ეს ხომ მისი ტერიტორიააო. ბევრი დაიწერა დასავლურ პრესაში, რომ ტრამპი ცინიკურად აღიარებს, რომ საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორია რჩება რუსეთის პირდაპირი გავლენის სფეროდ. ზანგეზურის დერეფნის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოეწერა ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში, პუტინის ეგიდით და რაც ხდება, დასაშვებად მიიჩნიეს. ჩვენ შემთხვევაში რა უნდა იყოს?! მე ასე წარმომიდგენია: თანდათან უნდა შეიქმნას ასეთივე კეთილგანწყობილი ჯგუფი, რომ წარმომადგენელთა პალატაში, კონგრესში, სენატში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სიმართლეს იტყვიან, ჩვენ მეტი არაფერი გვჭირდება: ყველა მონაცემი მეტყველებს, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები არ გაყალბებულა. სამწუხაროდ, ზოგიერთებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია და ჩვენ ამას ვემიჯნებით; რომ საქართველო თანამიმდევრულად გამოდიოდა ნამდვილი ადამიანური ფასეულობების დასაცავად, იქნებოდა ეს „ელ გე ბე ტე“ პროპაგანდის შეზღუდვა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, რომელმაც ამხელა ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას თუ გამჭვირვალობის კანონი; ჩვენმა ადმინისტრაციამ აკრძალა „იუსაიდი“ და სხვა ორგანიზაციები, საქართველო კი ჯერ კიდევ მაშინ გამოდიოდა ამის წინააღმდეგ და ამის გამო უამრავი უსამართლო ლანძღვა და კრიტიკა მიიღო პასუხად. არანაირი შეღავათი არ გვინდა, უბრალოდ, ვინმემ თქვას სიმართლე და ეს უკვე კარგი იქნება ჩვენი ურთიერთობისთვის. მაგრამ ხაზს ვუსვამ, არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რომ ამ ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან აღდგენის პირობებში გაღიზიანდეს მეზობელი გიგანტი ქვეყანა, რომელიც ახლა ომის მდგომარეობაშია; რომლის სამხედრო ბაზები სააკაშვილისა და ბიძამისის მიერ მოყვანილი აქ დგას. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის მაშინდელი აღიარება სკანდალურ ინტერვიუში, რომ პუტინმა ყველაფერი სწორად გააკეთა და საქართველოს აღარასოდეს მიიღებენ „ნატოსა“ და ევროკავშირში. ამდენად, ეს წითელი ხაზი უნდა იყოს დაცული. არ უნდა განმეორდეს ის, რაც მოახერხა სააკაშვილმა, როდესაც შეერთებულ შტატებთან, ასევე, „ნატოს“ ბლოკთან, ევროკავშირთან ურთიერთობა გადაიქცა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ ხიფათად, რაც დაგვირგვინდა იმით, რომ ამ ლოზუნგებსა და ილუზიებს აყოლილმა სააკაშვილმა განახორციელა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა 2008 წელს და საქართველო გადაიქცა ხეიბარ სახელმწიფოდ. მისი ორი რეგიონი მოწყვეტილია და იქ რუსეთის ბაზები დგას. ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, იმიტომ რომ ერთია დეკორაციები და ხელის ჩამორთმევები და მეორე – რეალური დახმარება, პარტნიორის რეალური გაფრთხილება, რაც, სამწუხაროდ, არ ყოფილა. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაიცავს ამ წითელ ხაზებს და მხოლოდ პრაგმატულ გზას აირჩევს.

– ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რამე ინტერესი საქართველოსადმი?

– ნულოვანი ინტერესია. ამჟამად პრეზიდენტი არის ტრამპი, რომელიც არც მალავს, რომ აქვს პირადი ინტერესები. ვენესუელის ნავთობი ხომ მან თვითონ ჩაიგდო ხელში?! ამერიკელ ხალხს კი არ მისდის შემოსავალი ვენესუელის ნავთობიდან, არამედ ტრამპმა გახსნა საიდუმლო ანგარიში და იმ საიდუმლო ანგარიშზე ირიცხება მთელი ის შემოსავალი. ახლა უკვე ინდოეთსაც წაუყენა ულტიმატუმი: დაანებე თავი რუსულ ნავთობს, იყიდე ჩემგან და არა შეერთებული შტატებისაგან.

– ამერიკელი საზოგადოება, რომელიც დემოკრატიის აკვანში გაზრდილადაა მიჩნეული, ასე მშვიდად რატომ უყურებს კანონდარღვევებს?

– იმიტომ რომ ასეთ ფაზაშია ამერიკის საზოგადოება. აბა, მითხარით, დადგა ამერიკის საზოგადოება ფეხზე და გამოვიდა ქუჩაში იმის გამო, რომ ტრამპმა თქვა, გრენლანდია ჩვენი ახალი შტატი იქნებაო?! მაშინ, როდესაც დანია შენი ერთგული სტრატეგიული პარტნიორია „ნატოში“ და მან ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო 2001 წელს, როდესაც შეერთებულ შტატებს თავს დაესხნენ და შეერთებულმა შტატებმა გაილაშქრა ერაყისა და ავღანეთის წინააღმდეგ. შეერთებული შტატების პრინციპი კონსტიტუციაა, არადა ვხედავთ სხვა ქვეყნის საზღვრების აშკარად შელახვას. კონგრესში მაშინვე მოამზადეს კანონპროექტი გრენლანდიის ანექსიისა და შემდგომ მისი შტატად გადაქცევის შესახებ. უბრალოდ, შემდეგ თვითონ ტრამპმა შეცვალა თავისი „ჩვენება“, იმიტომ რომ ბირჟაზე დაეცა, მათ შორის, მისი პირადი ფირმის აქციების ფასი. მაგრამ სად იყო ამერიკის საზოგადოება, რომელმაც გამოხატა აღშფოთება და შეშფოთება, რომ მათი პრეზიდენტის ქმედებები ეწინააღმდეგებოდა მათ კონსტიტუციასა და პრინციპებს?!

– დემოკრატია ყოველთვის ფიქცია იყო და იფუთებოდა თუ ახლა გახდა ფიქცია?

– ახლა სულ სხვა ფაზაა. ამის შესახებ წამყვანი ამერიკელი მეცნიერები წერდნენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში. რამდენჯერ დაიწერა, რომ ამერიკაში ჩაიკეტა სოციალური ლიფტი და უკვე კუნძულებზე შენდება ნამდვილი სასახლეები, სადაც არავის უშვებენ მდიდარი ადამიანები. რომ ძალიან დიდი ფული შედის ამერიკის პოლიტიკაში და ამ ფულმა წალეკა ყველაფერი. რაიხი ამბობს, თავიდან, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ეს იყო პატარა წყარო, შემდეგ ეს წყარო იქცა პატარა მდინარედ, შემდეგ – დიდ მდინარედ, ბოლოს, წამოვიდა წარღვნა. ახლა ნამდვილი ცუნამია და ნეოფეოდალიზმად გადაიქცა ჩვენი საზოგადოებაო. სწორედ ამ ფონზე გახდა შესაძლებელი ტრამპის მოსვლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი