პოლიტიკა

რატომ აქვთ საქართველოსადმი განსხვავებული დამოკიდებულება აშშ-სა და ევროკავშირს

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 18.06

დავით ზარდიაშვილი
დაკოპირებულია

თუ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებებს შევადარებთ, მაგალითად, დონალდ ტრამპის მოსალოც წერილს, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირისა და აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოსადმი განსხვავებულია (თუმცა, არც ერთს არ აქვს მკაფიო კონტურები). მეორე მხრივ, იბადება კითხვა, საქართველოსთვის ევროკავშირია უფრო მოხერხებული პარტნიორი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, იმის პარალელურად, რომ კვლავაც უცნობია, როგორ გაინაწილებენ სამხრეთ კავკასიაზე გავლენას ევროკავშირი, აშშ, რუსეთი და ჩინეთი თურქეთსა და ირანსაც რომ თავი დავანებოთ. ამ თემებზე ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას.

დავით ზარდიაშვილი: ჯერჯერობით არის პროცესი, რომელშიც მკაფიოდ გამოკვეთილი არ არის მომავალი წესრიგის კონტურებიც კი. ისიც კი არ ვიცით, რა ურთიერთობა იქნება შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის. სხვადასხვა ვერსიაა და ყველაფერი დამოკიდებულია შიდა სიტუაციაზე ევროპაში და, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ცნობილ დაპირისპირებაზე „მაგასა“ და „დიფ სთეითს“ შორის. საბოლოო შედეგი ცნობილი არ არის.

– მაგრამ აშშ-სა და ევროკავშირის დამოკიდებულება თითქოს განსხვავებულია საქართველოსადმი.

– დამოკიდებულება დამოკიდებულია იმაზე, ვინ გამოხატავს პოზიციას. თუ პოზიციას გლობალისტების მხარე გამოხატავს, რომელიც მოწადინებულია, რომ საქართველო იყოს მისი ნაწილი, ეს ნიშნავს, რომ აქ აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ის არ ცნობს არათუ საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ ევროკავშირის ქვეყნების სუვერენიტეტსაც კი. ამის ძალიან მკაფიო ნიმუშია რუმინეთის არჩევნები და, ასევე, მათი დამოკიდებულება ევროპული ქვეყნების მთავრობათა მიმართ, როდესაც აშკარაა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელსაც ჰყავს ევროკომისია, პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენით, არანაირ ანგარიშს არ უწევს ეროვნულ მთავრობებს და მოქმედებენ ისე, თითქოს სუვერენიტეტი მხოლოდ ევროკავშირისაა. ამიტომაც არის, რომ ევროპა ზოგჯერ განიხილება, როგორც გლობალისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ჯერჯერობით მასთან რამე პერსპექტიული და შორს მიმავალი ურთიერთობების აღდგენა ძალიან პრობლემურია. ევროპა რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეს, ანუ გახდეს ისეთი, როგორიც ჩვენ ვიცით და როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, აუცილებელია, რომ იქ მმართველი ელიტები შეიცვალოს. ეს პროცესი ჭრიალით, მაგრამ ვითარდება და ვნახოთ, სადამდე მივა. ევროპა აუცილებლად შეიცვლება რუსეთ-უკრანის ომის დასრულების შემდეგ და მას მოუწევს გარკვეული ზომების მიღება, რათა როგორმე გაანეიტრალოს ის ზიანი, რაც მიადგა, უპირველესად, პოლიტიკური კაპიტალისგან განძარცულობა, რასაც ეს ომი მოიტანს. შედეგი უკვე ჩანს: უკრაინა დამარცხდება ამ ომში, შეიძლება, რუსეთმა დიდი სარგებელი ვერ ნახოს ამ ომიდან, მაგრამ უკრაინული პროექტი ჩავარდება, ეს ფაქტია: არანაირი ინტეგრაცია არ მოხდება დასავლეთთან.

– „ნატოს“ ხელმძღვანელობამ თითქოს თქვა, ვაპირებთ უკრაინის ინტეგრაციასო, თუმცა მესმის, რომ, განსაკუთრებით მოლაპარაკებების პროცესის დროსაა აუცილებელი მსგავსი განცხადებები როგორც საზოგადოების, ისე მოწინაღმდეგის დეზინტეგრაციისთვის და არ უნდა მიაქციო ყურადღება, მაგრამ თქმით ითქვა.

– არსებობს პოლიტიკური ტენდენცია, საით მიდის პროცესი და არსებობს კონტრტენდენცია. ძალები, რომლებიც ამ ტენდენციას ვერ ეგუებიან, ცდილობენ შესაბამისი ზომების მიღებას და ომი გრძელდება. მე ვლაპარაკობ პერიოდზე, როდესაც ომი დასრულდება და აშკარაა ტენდენცია, თუ საით წავა პროცესი. რაც უნდა წინააღმდეგობა გაუწიოს გლობალისტურმა ძალამ ამას, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ მათ შეძლონ ამ ომის შემოტრიალება, ანუ ვითარების 180 გრადუსით შეცვლა. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ეს მარცხი აუცილებლად გამოიწვევს ევროპის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებებს და იქამდეც კი, რომ, თუ ახალი ევროპული ელიტა ვერ ადაპტირდება ახლებურ ვითარებასთან, შესაძლებელია, დადგეს ვეროკავშირის გაყოფის ან დაშლის საფრთხეც კი. ბუნებრივად იკვეთება იქ არსებული განსხვავებული პოზიციები რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპისა, რომელსაც უბრალოდ, განვითარების სასიცოცხლო სივრცე არ აქვს, თუ რუსეთთან ურთიერთობა არ აღადგინეს. სხვა შემთხვევაში, რუსეთი უნდა დაიშალოს და ეს სასიცოცხლო სივრცე უნდა აითვისოს ამ აღმოსავლეთ ევროპამ. უპირველესად, იგულისხმება რუსეთის ბუნებრივი რესურსები. თუ ეს არ მოხდება, მათ ეკეტებათ ჟანგბადი. თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია, ანუ უკრაინა შეინარჩუნა თავის გავლენის სფეროში. ეს გეოპოლიტიკური გავლენის გადანაწილების ომია.

– და არა ტერიტორიების მითვისების.

– დიახ. თუ ეს მოხდა, მაშინ აღმოსავლეთ ევროპას სრულფასოვანი არსებობის საშუალება არ ექნება, თუ რუსეთთან რაღაც დონის ურთიერთობას არ აღადგენს. ამდენად, ან მთლიანად ევროპული პოლიტიკა შეიცვლება რუსეთისადმი, ან არადა ევროკავშირის ერთიანობას სერიოზული გამოცდა ელოდება.

– ევროკავშირის დაშლა არ არის იმ დონის ამბავი, როგორიცაა, მაგალითად, რუსეთის დაშლა ან საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. ევროკავშირის დაშლა არ მგონია, იყოს პოლიტიკური ტრაგედია ვინმესთვის.

– ევროკავშირის დაშლა ტრაგედია არ არის. შეიძლება, ფორმალურად არც დაიშალოს, უბრალოდ, დაკარგოს თავისი სუბიექტობა და მნიშვნელოვანი გახდეს ევროპის ცალკეული ქვეყნების პოზიციები და არა ევროკავშირის. შეიძლება, ძალიან ღრმად წავიდეს ეს პროცესი და ფორმალურადაც დაიყოს, თუმცა სასურველია, რომ ევროკავშირი გარდაიქმნას, რასაც, მაგალითად, ორბანი ამბობს, ერების ევროპად და არ იყოს ევროპული ბიუროკრატიის დიქტაქტი, რაც სულ უფრო და უფრო ემსგავსება ავტორიტარიზმს და შორდება ევროპელი ხალხის, კონკრეტული ერების ინტერესებს. ეს არის პროცესი, რომლის წინასწარ წარმოდგენა ძალიან რთულია, მაგრამ ეს ტენდენცია ჩანს. ვინც მოახერხებს ახალ რეალობასთან ადაპტირებას, ძალიან კარგი, ვინც ვერ მოახერხებს, მას პერსპექტივა არ აქვს.

– ჩვენთვის რომელი ჯობია პარტნიორად: ევროპა თუ აშშ?

– ორივესთან კარგი ურთიერთობაა ჩვენი მიზანი. თუ ინტეგრაციის კუთხით შევხედავთ, რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენი უშუალო სამეზობლო სივრცეა და ჩვენი პირდაპირი მიზანია და კონსტიტუციაშიც გვიწერია ევროპის სივრცეში ინტეგრირება. რა ფორმას მიიღებს ეს სივრცე, იქნება ევროკავშირი ერების ევროპა თუ სხვა, ამას ვნახავთ. ჩვენ ვართ ერების ევროპის, ანუ სუვერენული სახელმწიფოების თანამშრომლობის მიზნით გაერთიანების მომხრე და არა ვინმესთან დასაპირისპირებლად. რატომ აქვს კრიზისი ევროკავშირს? იმიტომ რომ ის გახდა ანტირუსული ბლოკი, რომელსაც აერთიანებს არა პოზიტივი, არამედ მტრობა რუსეთსადმი. მტრობითაა შთაგონებული და ეს ჩვენთვის არც მისაღებია და არც მომგებიანი; პირიქით, ძალიან დიდი საფრთხეების შემცველია. ჩვენ ვერ გავხდებით ასეთი გაერთიანების წევრი, იმიტომ რომ არაფრით ვართ დაცულები და პირდაპირ გავხდებით სამიზნე რუსეთისთვის. ჩვენ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს: ვიცით, რომ სამიზნედ ყოფნაში სასიკეთო არაფერია და ამას ხეირი რომ არ მოაქვს საკუთარ ტყავზეც ვიწვნიეთ: 2008 წლის ომი საკმარისად მწარე გამოცდილებაა, რომელსაც აღარ გავიმეორებთ. მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებთან რომ სტრატეგიული პარტნიორობა გვინდა და საქართველოს მიზანი ეს არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჯერ ერთი, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოა, ყველა მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ერთპოლუსიანობა აღარ არსებობს. უდავოა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იქნება მრავალვექტორული, მაგრამ, როგორც ყველაზე მძლავრ სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, რომ აშშ-თან სტრატეგიული სიახლოვე გვქონდეს. ბევრ საკითხზე ჩვენი შეხედულებები ემთხვევა კიდეც, მოქმედ ადმინისტრაციას ვგულისხმობ და ამ მიმართულებითაა მოსალოდნელი ურთიერთობის განვითარება და არა კონფრონტაციისკენ.

– მაგრამ ჯერ აუცილებელია გაძლება ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში.

– ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ისტორიულად ყოველთვის მსგავს მდგომარეობაში ვიყავით. გვმართებდა მოთმინება და ჩვენს პოზიციაზე მყარად დგომა. ჩვენი გადარჩენის ფორმულაა: დიდი მოთმინება გონიერება და მტკიცედ დგომა საკუთარ რჯულზე. ეს ჩვენი ბედისწერაა. სხვანაირად არ შეგვიძლია, ეს ისტორიულადაა დადასტურებული.

– ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამბობს, არ შეიძლება, სახელმწიფოს, ხალხს არ ჰქონდეს შებრძოლების სურვილი და ამბობდეს, რომ ომი არ უნდა.

– ეს ერთგვარი ურაპატრიოტული პოზაა. როდესაც სახელმწიფო გაქვს, ვერ გამორიცხავ ომის შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა. თუ დაგვჭირდა, აუცილებლობის წინაშე თუ დავდექით, ომზე უარს არავინ იტყვის.

– გააჩნია თამასას: თუ ყოფნა-არყოფნის საქმეა, ბუნებრივია, ომობ ბოლომდე.

– თავდაცვითი ომის საფრთხის წინაშე თუ დავდექით, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვით უარს ამაზე, საკუთარ ქვეყანას ხომ არ დავთმობთ?! ეს არც არის სადავო, ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო არ იყოს ინიციატორი და არ გამოვიდეს სამხედრო დაპირისპირების მხარედ. ჩვენ რუსეთთან ისედაც გაქვს კაზუს ბელი, საომარი მდგომარეობაა. ჩვენ საზავო ხელშეკრულება არ დაგვიდია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც დარღვეულია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი პოტენციალი და არც არასდროს გვექნება, რომ სამხედრო ძალით მოვახერხოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა. ვინც მიგვითითებს, სცადეთ და სამხედრო გზით დაიცავით თქვენი უფლებები, ის საქართველოს მტერია ან ბრმა და ყრუა. საქართველოს ისტორიას გაგახსენებთ, როდესაც ისეთ ძალასთან გვიწევდა დაპირისპირება, სადაც წინააღმდეგობა აზრს იყო მოკლებული, ბევრჯერ უკან დაგვიხევია და ბევრად უარესი პირობებითაც, ვიდრე დღეს გვაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა