რატომ აქვს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას მოცემულ ეტაპზე ევროკავშირზე მეტი მნიშვნელობა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:47 05.02
სულ ახლახან მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი (სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) ერთმანეთს შეხვდნენ ვაშინგტონში და გაგვიზიარეს ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა, რომელსაც ეწოდება ტრამპის პროექტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მათ ისე დაგეგმეს იმ 43-კილომეტრიან დერეფანში მოქმედების სტრატეგია-ტაქტიკა, რომ თითქოს მხოლოდ სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და შტატები არიან რეგიონში. რა მიზანს ისახავს ტრამპი? – ამ საკითხს მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ისე აწყობენ გეგმებს, თითქოს არ არსებობს არც რუსეთი, არც ირანი, არც ჩინეთი, საქართველოზე აღარაფერს ვამბობ. რა სცენარებია მოსალოდნელი და რატომ ატყდა ეს ფაციფუცი ამ ზანგეზურში?
– შევთანხმდეთ, რომ დღეს საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს.
– დიახ, მხოლოდ ტრამპის მორალს ვემორჩილებით.
– და არის ძალის სამართალი. ვისაც მეტი ძალა აქვს, ის არის მართალი. ეს არის მოცემულობა დღევანდელ მსოფლიოში. სხვათა შორის, იგივე ვარიანტი თამაშდება ზანგეზურის დერეფანშიც. ალბათ, იცით, რომ მოგების 74 პროცენტი უნდა დარჩეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო 26 პროცენტი – სომხეთს. აქედან გამომდინარე, ეს ხომ სომხეთის შეურაცხყოფაა. თანაც, ეს ხომ არ არის ნავთობის გამტარი მილი: სხვისი გაკეთებული, სხვისი გამოგზავნილი, ანუ მხოლოდ ტრანზიტის თანხას იღებ საფასურად, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში ხდება. ზანგეზურის დერეფანი არის ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი ჩვეულებრივი გზა, რომელმაც უნდა იფუნქციონიროს, იმისდა მიუხედავად, რომ მომავალში იქნება რკინიგზაც. აზერბაიჯანელებმა თითქმის უკვე ააშენეს თავიანთ ტერიტორიაზე რკინიგზა სომხეთის საზღვრამდე. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ კარგად ჩავუფიქრდებით, იმ პოლიტიკას განაგრძობს, რაც ადრე ჰქონდათ დიდ ქვეყნებს: სუსტი ქვეყნების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის შექმნა. ამას კოლონიური პოლიტიკა ერქვა სხვა სიტყვებით. ახლა აღარ ჰქვია ეს სახელი, მაგრამ იმპერიის თვისებაა ასე მოქმედება. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დაადგებოდა ამ გზას, როდესაც არსებობდა ფსევდოლიბერალური პოლიტიკა, მაშინაც იმავეს აკეთებდნენ, ოღონდ შეფარულად. ახლა ეს კეთდება აშკარად. ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვხედავთ, მაგალითად, ჩვენს ტერიტორიაზე როგორ ხელოვნურად აკონსერვებდნენ მონაწილე მსხვილი მოთამაშეები კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს იმისთვის, რომ თავიანთი გავლენები გაეძლიერებინათ. ამას აკეთებდა რუსეთი და ამას აკეთებდა დასავლეთი: ევროპა იქნებოდა თუ ამერიკა. ამდენად, დღეს არსებული პოლიტიკა არ არის მისაღები, მაგრამ გასაგებია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველას თავისი ადგილი მიუჩინონ. მათ შორის, თურქეთსაც. თურქეთმა უკვე დაიწყო თავის მხარეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მშენებლობა. სხვათა შორის, მარტო ზანგეზურის დერეფანში არ არის ისეთი კაბალური პირობები ტვირთის გატარებაზე, დანარჩენ გზაზეც იგივე პირობებია. პროცენტები სხვა არის, მაგრამ პირობები კაბალურია.
– აზერბაიჯანი რომ გაატარებს თავის ტერიტორიაზე ტვირთს, ოღონდ თურქეთისკენ, იმის წილშიც ტრამპია?
– დიახ. ამ საკითხზე ჯერჯერობით აშკარად არ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ჯერ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული დერეფნის საკითხია დასამთავრებელი, თორემ ითქვა, რომ ნახიჭევანის ტერიტორიაზეც იგივე პირობები იქნება. ესე იგი, ძლიერი სახელმწიფო ისე ირგებს მთელ მსოფლიოს, რომ მომავალში პრობლემა არანაირად აღარ შეექმნათ და ყველამ იცოდეს, ვინ არის ძალის პატრონი.
– ჯერ არ უხსენებიათ თურქეთი, რომელიც ამ გზით აპირებს, დაუკავშირდეს შუა აზიას.
– ეს პროექტი დიდი თურანის პროექტის ნაწილია, დიდი თურანის იდეაა, თურქეთის გავლენის ქვეშ თურქული ტომებით დასახლებული ტერიტორიის მოქცევა. ამერიკელები და ბრიტანელები ცდილობენ, თავიანთი მოკავშირე თურქეთის ქვეშ მოაქციონ ყველა თურქული წარმომავლობის ქვეყანა, უპირველესად, ცენტრალური აზიის ქვეყნები იგულისხმება. შუალედური რგოლი აზერბაიჯანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ის უფრო ახლოსაა ცენტრალურ აზიასთან და, ამასთან, კასპიის ზღვის აუზის ქვეყანაა, თურქეთი კი იქნება ამ ყველაფრის სტრატეგიული ხელმძღვანელი. რასაკვირველია, თურქეთის ბედითაც თამაშობენ და ეს არც არის გასაკვირი. თურქეთი აღიქმება, როგორც რეგიონის მსხვილი მოთამაშე, თორემ, მსოფლიო მასშტაბით, თურქეთის როლიც მეორეხარისხოვანი ქვეყნების რიგში გადის. ჩვენ მესამეხარისხოვანი ქვეყანა ვართ. თურქეთის როლი ჩანს კიდეც სირიის მოვლენებისა და ისრაელი-თურქეთის ურთიერთობების ფონზე. იმიტომ რომ დღეს ისრაელისთვის რეგიონში გავლენებისთვის ბრძოლაში მთავარი მეტოქე არა არაბული სამყარო, არა ირანი, არამედ თურქეთია. აქედან გამომდინარე, თუმცა ბევრი ვერ ხედავს, გააფთრებული ბრძოლაა ისრაელის მიერ მხარდაჭერილ ქურთებსა და თურქებს შორის სირიის ტერიტორიაზე.
– ქურთები, პირდაპირი მნიშვნელობით, საზარბაზნე ხორცია ახლო აღმოსავლეთში.
– საზარბაზნე ხორცია დიდი პოლიტიკის ბრძოლაში. ჩვენ სახელმწიფო მაინც ვართ, ქურთებს კი სახელმწიფოც არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ 40 მილიონს აღწევენ. ამდენად, ყოველთვის ხურდაში იყენებენ ამ ხალხს. მაგალითად, ამ დღეებში სირიის ისლამისტურმა ძალებმა, რომლებიც მთავრობაში არიან, დაიკავეს პროვინცია დეირეზორი, სადაც არის სირიის ნავთობისა და გაზის მთავარი საბადოები. ბოლო პერიოდამდე მას აკონტროლებდნენ ქურთული შეიარაღებული ფორმირებები. მაგრამ ისინი ახლახან განდევნეს. ეს ზონა იმიტომ ვახსენე, რომ მას ისლამური სახალიფოსა თუ სირიის სამოქალაქო ომის დროს ყოველთვის ამერიკული შეიარაღებული კონტინგენტი აკონტროლებდა.
– დიახ, ბოლო პერიოდშიც ქურთები ამერიკელებთან ერთად აკონტროლებდნენ. ახლა სად წავიდნენ ამერიკელი სამხედროები?
– ამერიკელები გავიდნენ და ქურთები შეატოვეს სირიის ოფიციალურ ხელისუფლებას. დღეს თურქეთი ყველგან ებრძვის ქურთებს. გამონაკლისია ერაყის ქურთისტანი. უნდა ითქვას, რომ თურქეთია ირანის დაშლის კატეგორიული წინააღმდეგი და ირანზე მასირებული სამხედრო თავდასხმის წინააღმდეგიც, რადგან თურქეთმა იცის, რომ ირანის დაშლის შემთხვევაში ქურთებს აქვს ძალიან მაღალი შანსი, მიიღონ ავტონომიური წარმონაქმნის სტატუსი, რაც თურქეთისთვის სიკვდილის ტოლფასია, ვინაიდან ირანის ქურთისტანს ესაზღვრება თურქეთის ქურთისტანი.
– ისევ სამხრეთ კავკასიას დავუბრუნდეთ: სულ ვსვამ ამ კითხვას, არა და არ მესმის, რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი შტატებისა თუ ბრიტანეთისთვის თურქეთის გავლენების გაძლიერება ასეთ დიდ ტერიტორიაზე?
– უპირველესად იმიტომ, რომ, მათი აზრით, თურქეთს თავად გააკონტროლებენ. თავის დროზე ინგლისელებმა შექმნეს დიდი თურანის პროექტი და ამ პროექტით ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან რუსეთს. ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდებენ თუ საერთოდ გააჩერებენ რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჩრდილო-სამხრეთის სავაჭრო გზას, რომელიც ინდოეთისკენ მიდის. ინდოეთი ხვალინდელ სამყაროში უნდა იყოს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი და, თუ რუსეთს ჩაეკეტა ინდოეთისკენ მიმავალი სახმელეთო გზა, ინდოეთი მისი პარტნიორი ვერ იქნება, რაც უნდა იძახოს, პარტნიორიაო. დღეს რუსეთს ორი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჰყავს: ჩინეთი და ინდოეთი. ჩინეთთან გზას ვერ ჩაუკეტავენ.
– ესაზღვრებიან ერთმანეთს.
– დიახ, ამიტომ ინდოეთთან უქმნიან პრობლემებს. შესაძლოა, თურქეთის გავლენების გამო ამერიკელებისა და ინგლისელებისთვის იდეალური კონტროლის ზონა აღმოჩნდეს მთელი ცენტრალური აზია და პლუს – წინა აზია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ანალოგიური პროცესები, რომლებიც ადრე ხდებოდა, როდესაც ინგლისელებმა მოახერხეს და პირველი მსოფლიო ომის დროს არაბული სამყარო თურქებს დაუპირისპირეს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც არაბები მოფერიანდნენ, კრიჭაში ჩაუდგენ დასავლეთს. დღესაც ასეთი ვითარებაა და დასავლეთი, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი – თავისთავად, იძულებული არიან, რომ არაბულ სამყაროს ანგარიში გაუწიონ. მართალია, პირდაპირი კონფრონტაცია არ არის, მაგრამ არაბებს ხშირად უმოქმედიათ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, ლონდონს აღარ უჯერებენ, თუმცა ვაშინგტონთან მაინც ცდილობენ, რაღაც პარიტეტი შეინარჩუნონ. ასე რომ, შეიძლება, იგივე შეცდომა დაუშვან ახლაც, რადგან ძალიან გაძლიერებულმა თურქეთმა შეიძლება, სერიოზული პრობლემები შექმნას ხვალ და ამის შესახებ უკვე წერს ზოგიერთი ინგლისურენოვანი ექსპერტი.
– ასე რბილად ჩაივლის აშშ-ის სამხრეთ კავკასიაში შემოსვლა?
– ასე მარტივად არ არის საქმე. ალბათ, იცით, რომ შეიქმნა სამშვიდობო კლუბი. ტრამპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვილ მოთამაშეებთან მოილაპარაკოს და ისე მოაწყოს სიტუაცია, რომ ეს მსხვილი მოთამაშეები მისი ფრთის ქვეშ იყვნენ და უჯერებდნენ. ჩინეთის გარდა ყველას ვგულისხმობ, თუმცა, თუ ჩინეთიც იმავეს გააკეთებს, ტრამპი ამას სიამოვნებით დათანხმდება. მოკლედ, ამერიკა უნდა იყოს ჰეგემონი, მსხვილი მოთამაშეები უნდა იყვნენ მათ გვერდით, ხოლო მეორე და მესამეხარისხოვანი მოთამაშეები კი – მსხვილი მოთამაშეების ნების აღმსრულებლები. ოღონდ ყველაფერი უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში. ამას ეუბნება პუტინს დაჟინებით ტრამპი ამდენი ხანია. და პლუს, მას უნდა, რომ მსოფლიო რესურსების განმკარგავი იყოს ამერიკის შეერთებული შტატები. ის თავისი ქვეყნისთვის ზრუნავს და თან ამის თეორიული და პრაქტიკული შანსიც აქვს. მეორე მხრივ, მსოფლიო, როგორც იქნა, გამოვიდა იმ რეჟიმიდან, როდესაც აგრესიულად კეთდებოდა დიდი პოლიტიკა და ტრამპმა ისევ დააბრუნა მე-20 საუკუნის დასაწყისის პოლიტიკა, როდესაც ძალა იყო მთავარი და არა საერთაშორისო სამართალი. ამასობაში მსოფლიო მიეჩვია საერთაშორისო სამართლის რეჟიმში ცხოვრებას. ახლა ისევ ძალის სამართლის დემონსტრირებაა და მსოფლიო ამას მოუმზადებელი შეხვდა. პირველი, ვინც განსაკუთრებულად მოუმზადებელია, არის ევროპა. მოდი, ასეც ვთქვათ: ზოგ შემთხვევაში ევროპის რიგ ქვეყნებზე უფრო საინტერესოა, მაგალითად, ჩვენი რეგიონი. იმიტომ რომ ჩვენი რეგიონი არის დერეფანი, არის ენეგომატარებლების მფლობელი და ჩვენი რეგიონი არის წიაღისეულის მფლობელი. ევროპა არაფრის მფლობელია, გარდა ქვანახშირისა და კეთილდღეობისა, თუმცა ის კეთილდღეობაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უფრო ინერციით გრძელდება, იმიტომ რომ დღეს ევროპის მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა როგორც ეკონომიკური, ისე სულიერი და საზოგადოებრივი მოწყობის თვალსაზრისით. დღეს ევროპა დანარჩენი მსოფლიოსთვის საინტერესოა მხოლოდ, როგორც გასაღების ბაზარი და ამიტომ მას შეიძლება, ელაპარაკო ხმამაღალი ტონალობით და ამას აკეთებს კიდეც არა მხოლოდ შეერთებული შტატები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





