პოლიტიკა

რატომ აჯერებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი თავის მოსახლეობას, რომ უფრო მეტი ტერიტორია ეკუთვნით სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე უკავიათ

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 19.11

მამუკა არეშიძე
დაკოპირებულია

იმას გარდა, რომ სრულიად გაუგებარი დარჩა, ან რატომ დაუპირისპირდა ალიევი პუტინს, ან შემდეგ რატომ დაუმეგობრდა, აშკარად გამოიკვეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ აზერბაიჯანის დიად წარსულზე ამბების მოყოლის ტენდენცია, რისი მიზანიც იმის წარმოჩენაა (ცხადია, მცდარად), რომ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ოდითგანვე არსებობდა და უდიდესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს. ახლახან ლამის სევანის ტბაც აზერბაიჯანის საკუთრებად გამოაცხადა. ვის ატყუებს, თუ ატყუებს, რა ახალ ისტორიას წერს და ვისზეა ეს გათვლილი? – ამ თემებს მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.

– საერთოდაც, რა თამაშს თამაშობენ სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის წინააღმდეგ თუ რუსეთთან ერთად? და, მათ შორის, რას ემსახურება პუტინთან ხან მათი დაპირისპირება, ხან – დაზავება?

– უნდა გვესმოდეს, ახლა რა ტიპის ურთიერთობა აქვთ აზერბაიჯანსა და რუსეთს, რა კავშირებია მათ შორის, უახლესი ისტორიიდან გამომდინარე. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, მიუხედავად ყველაფრისა და იმისიც, რომ აზერბაიჯანი ჩართული იყო სომხეთთან ომში და სომხეთი მიიჩნეოდა რუსეთის განსაკუთრებულ მოკავშირედ სამხრეთ კავკასიაში, მაინც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში, თუმცა ვითომ დისტანცირდა რუსეთისგან, ყველაფერს აკეთებდა, რომ სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის, რუსულ დიპლომატიურ ფრონტზეც ეფექტიანად ემუშავა. ეს იყო კლასიკური აღმოსავლური დიპლომატიის ნიმუში, როდესაც დიპლომატიის მთავარი ფაქტორი ხდებოდა ეკონომიკა და ფინანსები, ლობისტური ჯგუფების მუშაობა. ყარაბაღის მოვლენებისა და რუსეთის სომხეთზე ორიენტაციის მიუხედავად, აზერბაიჯანმა ყველაფერი გააკეთა, რომ თავისი განსაკუთრებული სიძლიერის დიასპორული ფორმატი შეექმნა რუსეთში, სადაც სამიდან ხუთ მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათი დიდი ნაწილი გარკვეულ ფორმატშია გაერთიანებული.

– რა ფორმატს გულისხმობთ?

– სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა, სავაჭრო სისტემის, ბაზრობების შექმნა და კონტროლი. ესე იგი, რუსეთის ხელისუფლებასთან გარკვეული ჯგუფების თანამშრომლობა, რომლებიც, როგორც წესი, იმართებიან ბაქოდან. ეს ეხება არა მარტო მოსკოვს, არამედ რუსეთის ყველა დიდ ქალაქს: ურალის მთების იქითაც და ურალის მთებამდეც. ყველგან არის ძლიერი აზერბაიჯანული დიასპორა თავისი ვერტიკალით, ყველგან არის სოფლის მეურნეობის ბაზრობები, რომლებსაც აზერბაიჯანელები აკონტროლებენ კრიმინალური თუ საზოგადოებრივი ფორმით და ეს ჯგუფები თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე. ძალიან დიდი ფული ტრიალებს ამ საქმეში და ეს ფული ნაწილობრივ ადგილობრივი რუსი ჩინოვნიკების ჯიბეებშიც ილექება. სამაგიეროდ, ძლიერი საზოგადოებრივი პოზიცია აქვს ამ დიასპორულ ორგანიზაციებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში და ყველა ეს ორგანიზაცია ბაქოდან იმართება, სომხებისა და ქართველებისგან განსხვავებით, რომლებიც მიმოფანტული არიან მთელი რუსეთის მასშტაბით და ცალკეული პიროვნებები ქმნიან კლიმატს და არა ჯგუფები, როგორც ამას აზერბაიჯანელები აკეთებენ. რაც შეეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის საკითხებს: მიუხედავად გარკვეული გაუცხოებისა, იგულისხმება აზერბაიჯანის არგაერთიანება რუსეთის მიერ შექმნილ სტრუქტურებში, „ოდეკაბე“ იქნება, „შოსი“ თუ სხვა, აზერბაიჯანი და რუსეთი არიან უახლოესი ეკონომიკური პარტნიორები და ამის ყველაზე საინტერესო და ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური მაგალითი არის ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზა, რომელსაც სხვანაირად ჰქვია სავაჭრო გზა პეტერბურგიდან მუმბაიმდე. ეს გზა საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს და კიდევ უფრო ინტენსიურად იმუშავებს უახლოეს მომავალში.

– მე მეგონა, ჯერ არ მუშაობდა.

– უბრალოდ, ირანის ტერიტორიაზე არ არის რკინიგზა და, აქედან გამომდინარე, რუსეთიდან ტვირთი რკინიგზით ჩადის აზერბაიჯანის ტერიტორიამდე, შემდეგ საზღვრიდან გარკვეული მანძილის გავლა უწევთ ავტომობილებით ირანში. საბოლოოდ, რკინიგზის ხაზიც ამუშავდება და საერთო სისტემა შეიქმნება. ტვირთბრუნვა საკმაოდ დიდია. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, აზერბაიჯანი ეხმარება რუსეთს ნავთობის გასაღებაში. არსებობს მილსადენი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და ბაქოდან ნოვოროსიისკის პორტამდე მიდიოდა. თითქოს ამ მილსადენით ხდება ხოლმე სანქციების გვერდის ავლა და რუსული ნავთობი საღდება, როგორც აზერბაიჯანული.

– მაშინ, რა აჩხუბებდათ, ვის დასანახავად ჩხუბობდნენ?

– მივდივარ მაგ თემამდე: გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ყარაბაღის უახლოეს მოვლენებთან. ვიდრე რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა. ალიევი წინა დღეს ჩაფრინდა მოსკოვში.

– დიახ, ეს ძალიან კარგად მახსოვს და მაინტერესებს, რა წერია იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც მოაწერეს ხელი.

– დიახ, ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას. რასაკვირველია, ეს ხელშეკრულება მანამდე მზადდებოდა, მაგრამ ალიევმა დააჩქარა ხელმოწერა, იცოდა რა, რომ შეტევა უკვე მზადდებოდა. უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის დაზვერვა ძალიან აქტიურად მუშაობს რუსეთში და საკმაოდ ინფორმირებულია ბაქო იმის შესახებ, თუ რა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ მოსკოვში ამა თუ იმ საკითხზე. ესე იგი, ალიევმა თავი დაიზღვია. თან, არსებობს ირიბი ინფორმაცია, რომ უკრაინის მოვლენების კონტექსტში აზერბაიჯანმა მიიღო თანხმობა ყარაბაღის დაბრუნებაზე. გახსოვთ, რომ მოსკოვი ძალიან გაღიზიანებული იყო ფაშინიანის თავისუფალი ქცევითა და მისი ანტირუსული გამოხდომებით. ვერ გეტყვით, როგორ, მაგრამ ალიევმა მოახერხა, რომ მოსკოვს ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა. დღეს ამას ნანობს მოსკოვური პოლიტიკური ელიტა, მაგრამ უკვე გვიანაა. ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა აღმოჩნდა თეთრ ცხენზე. ისეთი სახალხო აღტკინება იყო აზერბაიჯანში, რომ ეს ცალკე აიძულებდა ალიევის კაბინეტს, თეთრი ცხენიდან არ ჩამოსულიყვნენ. აი, ამ კონტექსტში გაჩნდა ის ამბიციები, რომელზეც მკითხეთ, რომ აზერბაიჯანს უფრო მეტი ტერიტორია ეკუთვნის სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე დღეს უკავია. ყარაბაღის მოვლენებისა და მას შემდეგ, რაც რუსეთის გავლენები ძალიან შეიზღუდა სამხრეთ კავკასიაში, მადა ჭამაში მოვიდა. ყარაბაღის მოვლენებში თურქეთიც აქტიურად იყო ჩართული, რაზეც ერევანში თვალებს ხუჭავენ. აზერბაიჯანის გენშტაბს აკონტროლებდა თურქული სამხედრო ხელმძღვანელობა. მეტიც, სპეციალური უწყება შეიქმნა, რომელიც არ ექვემდებარება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს და რომელსაც თურქი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ. საბოლოოდ, აზერბაიჯანის თეთრ ცხენზე ჯდომა ბევრადაა განპირობებული ანკარის კმაყოფილებით, იმიტომ რომ ანკარა აქტიურად დაბრუნდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში და ეს აზერბაიჯანის მეშვეობით მოახერხა. ამას დაემთხვა ერდოღანის მთავრობის შემდგომი ნაბიჯები – დიდი თურანის პროექტის ამუშავება. ამ პროექტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აზერბაიჯანს. მოკლედ, აზერბაიჯანის პოლიტიკამ, დიპლომატიურმა, საგარეომ, კულუარულმა თუ სხვამ, თავისი შედეგები მოიტანა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მდგომარეობა დღეს იმდენად გამყარდა, მიუხედავად უამრავი პრობლემისა, რომელიც ქვეყანაშია, რომ ერთი თეთრი ცხენი აღარ არის საკმარისი.

– და ვის აჯერებს ბ-ნი ალიევი, რომ აზერბაიჯანს რაღაც ისტორია, კულტურა და გავლენა ჰქონდა კავკასიაში?

– ვიღაცას ჰგონია, რომ ალიევს თავში აუვარდა, მაგრამ, სინამდვილეში, ალიევი ხვალინდელ დღეზე ფიქრობს და მისი, ერთი შეხედვით, პოპულისტური განცხადებები, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიები ადრე აზერბაიჯანელებს ეკუთვნოდათ, არ არის უბრალო განცხადება. ეს განცხადება გათვლილია იმაზე, რომ მავანს თავში ჩაეჭედება. უპირველესად, გათვლილია საკუთარ მოსახლეობაზე, რომლის საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს ალიევის მთავრობას და, ამას გარდა, აზერბაიჯანში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა იმ იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების რაოდენობა, რომ სამხრეთ კავკასიაში ისტორიულად ყველაფერს ისინი აკონტროლებდნენ.

– შეიძლება, ასეთი ბრიყვი და გაუნათლებელი იყო, დაიჯერო, რომ სამხრეთ კავკასიაში არარსებული აზერბაიჯანი რამეს აკონტროლებდა?

– სიბრიყვეზე არაა. მოსახლეობის 70 პროცენტი იჯერებს იმას, რასაც ჩაუდებ თავში. როდესაც პროპაგანდა აქტიურია და ეფექტიანად მუშაობს, შედეგი მოაქვს. გავიხსენოთ ნაცისტური გერმანია. ადამიანის ბუნებაა ასეთი. ისევ მოსკოვთან დამოკიდებულებას დავუბრუნდეთ: თვითმფრინავთან დაკავშირებულმა თემამ ვითომ შეცვალა აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობის სურათი, მით უმეტეს, რომ რუსეთი ჯიბრში ჩაუდგა ბაქოს, არც ბოდიში მოიხადა, როგორც სახელმწიფომ და არც კომპენსაციის გადახდაზე იყო თანახმა პირველ ეტაპზე, მაგრამ აზერბაიჯანმა მიაღწია იმას, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, პუტინის პირით, კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში და კომპენსაციის გაცემასაც დაჰპირდა დაზარალებულთათვის. დღეს აზერბაიჯანი გრძნობს თურქეთის ძლიერ და პაკისტანის სერიოზულ მხარდაჭერას. თან, მარტო ამით არ შემოიფარგლება. აზერბაიჯანი ძალიან სწორად თამაშობს სათავისოდ. ამ ორი ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას ემატება კიდევ ერთი – ძალიან თბილი ურთიერთობები იერუსალიმთან. ბაქოს ხელმძღვანელობას, ასევე, აქტიური კავშირი აქვს ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან. ეს ის ხალხია, რომელთა იდეაც იყო დიდი თურანის ორგანიზაციის შექმნა 2000-იანი წლების დასაწყისში. ბოლო დროს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასა და ინგლისის წარმომადგენლებს შორის. ბრიტანეთის ელჩის გარდა, ესწრებოდნენ ბრიტანეთის სამხედრო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელდა. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა ალიევმა გაბალაში გამართულ დიდი თურანის ორგანიზაციის შეხვედრაზე, რომელსაც ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ (თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის), რომ 2026 წლიდან ეს ორგანიზაცია ჩაატარებს სამხედრო წვრთნებს. ანუ ორგანიზაცია ეკონომიკურიდან გადავიდა სამხედრო-პოლიტიკურ ეტაპზე.

– მე მახსოვს, ჯერ კიდევ შარშან წერდნენ თავიანთ გამოცემებში ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგები, რომ ეს გაერთიანება იქნება სამხედრო-პოლიტიკური და „ნატოს“ ალტერნატივაო.

– იქნება თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ ამ განცხადებამ, ყოველ შემთხვევაში, დიდი შეშფოთება გამოიწვია მსოფლიოში. იმის თქმა მინდა, რომ ალიევი სხვადასხვა ფრონტზე ერთდროულად თამაშობს და ჯერჯერობით იგებს. ისევე, როგორც ერდოღანი, რომელიც უაღრესად ავანტიურისტულად მოქმედებს სხვადასხვა ფრონტზე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა