პოლიტიკა

რატომ აიღო საქართველოს სახელმწიფომ ორჯერ გაზსაცავის ასაშენებლად კრედიტი და როგორ მოახმარა ის ყველაფერს, გარდა გაზსაცავის აშენებისა

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 28.08

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

ვიცით, რომ სამყარო დაყოფილია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად (ამ უკანასკნელებს ასეთ სტატუსს პირველები ანიჭებენ), რომლებიც განვითარებული ქვეყნების რეკომენდაციებითა და ფინანსური დახმარებით ვითარდებიან. ბუნებრივია, ისე, როგორც ეს განვითარებულებს წარმოუდგენიათ. ამის პარალელურად, თუმცა ქვეყნებსა და მათ გარეთ ფულის ნაკადებს ცენტრალური ბანკები აკონტროლებენ, ისეც არ არის, რომ, განსაკუთრებით, განვითარებადის სტატუსის მქონე ქვეყნებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რამდენი და სად შეიტანონ. შესაბამისად, იბადება კითხვა, განვითარებადის სტატუსის მქონე ქვეყნებს აქვთ თუ არა უფლება, თავად განსაზღვრონ, რომელ სფეროში უნდა დააბანდონ მოზიდული თანხები? – ამ თემაზე ეკონომისტი იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.

– რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ: ვინ აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს მსოფლიოში?

– აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს, ვინაიდან ფინანსურ რესურსს აქვს ძალა. ფული საკმაოდ სწრაფად ლიკვიდური რესურსია და მას სხვადასხვა მიზნით იყენებენ. კონტროლის მიზანი რამდენიმეა: რამდენად რაციონალურად ხდება ამ რესურსის გამოყენება; ხომ არ გამოიყენება კრედიტორის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ხომ არ უქმნის საფრთხეს კრედიტორის ინტერესებს; არის თუ არა ფინანსური ნაკადების მოძრაობა კანონიერი და შეესაბამება თუ არა მსოფლიოში არსებულ თამაშის წესებს. ასევე, ითვალისწინებენ მოვალის, ანუ სესხის ამღების ინტერესების დაკმაყოფილებასაც. თანხები არ მოძრაობს ალტრუისტული მიზნებით, ასეთი დამოკიდებულება შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ მშობელსა და შვილს შორის. როდესაც თანხების მოძრაობაზეა საუბარი, იგულისხმება ან დახმარება, ან კრედიტის გაცემა და აქ უკვე სხვადასხვა ინტერესი შეიძლება, იყოს, უპირველესად, კრედიტორის, რომ მან მაქსიმალური სარგებელი ნახოს. კრედიტორი ხელმძღვანელობს თავისი ინტერესებით. მას აქვს ჭარბი ფინანსური რესურსი და ის უნდა დააბანდოს იქ, საიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს. და არ არის პირველი დატვირთვის ამოცანა, წაადგება თუ არა ეს მოგება მოვალის ინტერესებს. კრედიტორს ფინანსური ნაკადით შეიძლება, უნდოდეს პოლიტიკური გავლენის მოპოვება, საკუთარი პროდუქციის ბაზრის რეალიზაციის სფეროს გაფართოება და რიგი სხვა მიზნების მიღწევა. ამდენად, მოვალემ გარკვეული ნებისყოფა, ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, რომ შეძლოს საკუთარი ინტერესების რეალიზაცია, გარედან თავსმოხვეული რეკომენდაციების, თუნდაც, დიქტატის მიუხედავად. ამის კარგი მაგალითია სამხრეთ კორეა, როდესაც, მიუხედავად სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა, ძალისხმევა გაიღო, ნებისყოფის გამოავლინა, რითაც შეძლო ჯერ მძიმე ინდუსტრიის განვითარება, გემთმშენებლობის, შემდეგ – მაღალტექნოლოგიურ სფეროსი და დღეს მეცნიერულტევადი პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. დიდ საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონით გესაუბრებით და ამ პროდუქციას ფუნქციები წლიდან წლამდე ეზრდება.

– მიუხედავად რეკომენდაციებისა, სამხრეთ კორეამ არ დაუჯერა სავალუტო ფონდს და სხვა სფეროები განავითარაო, ესე იგი, ეს რეკომენდაციები არ არის ყოველთვის სასიკეთო მისთვის, ვისაც ამ თანხას ვალად აძლევენ?

– ბიუროკრატიას თავისი ცხოვრების წესი აქვს და ის ცდილობს, ზედმეტად არ აიტკიოს თავი. სულ სხვა სისტემა ყალიბდება მეტ-ნაკლები წარმატების შემდეგ. რას ნიშნავს ნოვაციებში თანხის დაბანდება?! უფრო რისკიან სფეროებში დაბანდებას, საიდანაც მოგების მიღების ასპროცენტიანი გარანტია არ არის და ამიტომ ირჩევენ იმ სფეროებს, რომლებიც გატკეპნილი ბილიკის სახითაა შეთავაზებული ეკონომიკებისთვის. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველომ რომ თანხა მიიღო აგვისტოს ომის შემდეგ, თავისი მსყიდველობითუნარიანობით, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, იყო ორჯერ მეტი, ვიდრე დასავლეთ ევროპას მისცეს, ეგრეთ წოდებული, მარშლის გეგმით. მარშლის გეგმამ სული შთაბერა დასავლეთ ევროპის ეკონომიკას, ააღორძინა ინდუსტრია, სოფლის მეურნეობის პროდუქცია გახადა მოგებიანი, ევროპამ თვითუზრუნველყოფა შეძლო და სწორედ იმ ფულმა მისცა ის სახე ევროპას, რითაც დღეს ის სამაგალითოა. ხოლო ჩვენ, მსყიდველობითუნარიანობით, ამაზე ორჯერ მეტი თანხა გვქონდა და ეს თანხა მხოლოდ ომის მძიმე შედეგების დაძლევისთვის გამოიყენეს და არა ნახტომისთვის.

– რატომ? მიზეზებად რას ხედავთ?

– იმ პერიოდში ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ უნდა გადარჩენილიყო საბანკო სექტორი და საბანკო სექტორი გადარჩა; ბიუჯეტის მდგრადობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი და ამას მიაღწიეს. რადიკალური ამოცანები და მიზნები ამ კრედიტისა და დახმარების თანხით არ იყო გათვლილი, ამდენად, შესაბამის შედეგებსაც ვერ მივაღწიეთ. იმისთვის, რომ ამას მიაღწიო, ჯერ მიზანი უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ამის შემდეგ უნდა მოახდინო შიგა თუ გარე რესურსების მობილიზაცია. თუ შესაბამისი იდეა არ არის, ყველაფერი სხვანაირად ვითარდება.

– ერთხელ პომპეომ გვითხრა, ჩინური ფულით ვერ ააშენებთ ანაკლიის პორტსო, ახლა ობრაიენმა სენატში მოსმენაზე თქვა, რომ ჩინური ფული არ უნდა ჩაიდოსო. ფულის წარმომავლობაც ფულის ნაკადების გაკონტროლების სქემაშია, ესე იგი.

– აქ, უბრალოდ, საქართველოს ინტერესების რეალიზაციისას ერთმანეთს შეეჯახა ორი დიდი მოთამაშის ეკონომიკური და შემდეგ უკვე ამას მიბმული პოლიტიკური ინტერესები. ამერიკისა და ჩინეთის გლობალურმა დაპირისპირებამ საქართველოშიც იჩინა თავი. ამერიკისთვის, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი არ არის ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობით ჩინური პოზიციის გაძლიერება საქართველოში, რადგან ამას მოჰყვება ჩინური ტვირთების ინტენსიური მოძრაობა საქართველოს გავლით ევროპისკენ. ეს ნიშნავს ჩინური ექსპანსიის გაძლიერებას ევროპის მიმართულებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს, როგორც თავის სატელიტს და სურს, რომ იქ იყოს აბსოლუტურად უკონკურენტო.

– ესე იგი, დიდი ქვეყნებისთვის ხელსაყრელია, რომ შენ ყოველთვის მათზე იყო დამოკიდებული, ისევე, როგორც რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, მის ბაზარზე შედიოდეს ჩვენი ხილი, ბოსტნეული, ღვინო, მინერალური წყლები, რადგან ამ ბერკეტს აქტიურად იყენებდა და გამოიყენებს. ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია. დასავლეთს, უბრალოდ, სხვაგვარად აქვს შეფუთული?

– ყოველ ეპოქას თავისი გამოწვევა აქვს. ძლიერი სახელმწიფოები და იმპერიები ცდილობდნენ, რომ მომიჯნავე ან დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნები თავიანთი ინტერესების რეალიზაციისთვის გამოეყენებინათ. თავის დროზე რა რჯიდათ ქართველებს, რომ მონღოლთა დროშებით ეომათ წინა აზიაში?! ათეულ ათასობით ქართველი შეეწირა ამას. ამდენად, ეს პროცესი მუდმივია. ქვეყანას უწევს ხარკის გაღება ან ფიზიკურად, ანუ სისხლის ღვრით, ან ეკონომიკურად. აბსოლუტური დამოუკიდებლობის მიღწევა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და მხოლოდ დიდ ქვეყნებს შეუძლიათ. თუმცა, ისინი საკუთარი დამოუკიდებლობის მიღმა შემდეგ ჰეგემონობაზე იწყებენ ფიქრს და ბრძოლის სხვა მეთოდებზე გადადიან. ასე რომ, მშვიდად არც ისინი არიან.

– ესე იგი, ერთგვარად დაშვებაა, რომ გახდე მილიარდერთა კლუბის წევრი. დიდი ფული შემთხვევითი ადამიანის ხელში ვერ აღმოჩნდება, არა?

– რაც უფრო მაღალ დონეზე ადის პიროვნება თავისი კაპიტალით, მით მეტად უნდა დაემორჩილოს გლობალური თამაშის წესებს. ცოტა ცუდი შედარება გამომდის, მაგრამ ეს იგივე პრინციპია, რაც ქურდულ სამყაროშია: რაც უფრო მაღალ დონეს მიაღწევს, მით უფრო უნდა დაიცვას წესები და ოდნავი გადახრაც კი ძალიან ძვირად უჯდებათ ფიზიკურადაც და ფინანსურადაც.

– ქვეყანას რამდენად ძვირად უჯდება? როგორ დავიჯერო, ყველა ხელისუფლება ისეთი გვყავდა, რომ ერთი ხეირიანი გეგმა ვერ მოიფიქრა, გამოეკვება 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი და ეკონომიკის ერთი სფერო მაინც განევითარებინა?

– ჩვენთვის იოლია ამ თემაზე მსჯელობა, მთავრობას კი ძალიან ბევრი ოპერატიული საკითხის გადაწყვეტა უწევს და მიმდინარე წვრილმანი საკითხების გადაჭრისას მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის დრო და ხედვა ნაკლებად რჩება. მე არ ვცდილობ მთავრობის გამართლებას, ვცდილობ, ავხსნა, რაც არის, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ მთავრობას უნდა ჰყავდეს მრჩეველთა ჯგუფი, რომლებიც შესაბამის ხედვებზე იმუშავებენ და შესაბამის გზებსაც დასახავენ. სწორედ მათ დასკვნებზე უნდა აიგოს სახელმწიფო სტრატეგია. ჩვენ იმდენად ფინანსური რესურსის დეფიციტი არ გვაქვს, რამდენადაც არსებული რესურსის ეფექტიანად გამოყენების პრობლემაა. მათ შორის, თქვენ მიერ ნახსენები სასურსათო უსაფრთხოებაც იგულისხმება, მიგრაციის პრობლემა უნდა შემცირდეს და დავასაქმოთ ადამიანები, განსაკუთრებით, აგრარულ სექტორში, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის სიუხვით მეტი მოტივაცია შევუქმნათ ახალგაზრდებსაც და სხვებსაც, რომ აგრარულ სექტორში აწარმოონ მეტი პროდუქცია და ამით საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს – სასურსათო უსაფრთხოებას. ორ მილიარდ დოლარზე მეტი აგროსასურსათო პროდუქციის შეძენა გვიწევს, არადა ამის რესურსი აქვს ქვეყანას. მაშინ გარედან ფინანსურ დახმარებაზე შედარებით ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული.

– როგორც ვიცი, არაოფიციალურად, ნავთობის აღმოჩენა თუ მოპოვებაც, მისი გადამუშავებაც კონტროლდება, იმიტომ რომ ახალი შემოსავლიანი სახელმწიფო არ გაჩნდეს მსოფლიო პოლიტეკონომიკურ რუკაზე.

– უბრალოდ მსოფლიო ბაზარი სტრუქტურირებულია და ახალი ჭაბურღილების გახსნა უკავშირდება საკმაოდ დიდ ხარჯებს. საპირისპიროს გეტყვით: საქართველოს სახელმწიფომ ორჯერ აიღო უცხოეთიდან კრედიტი გაზსაცავის მშენებლობისთვის. ერთხელ ეს იყო აგვისტოს ომამდე, აპრილში – 500 მილიონი, მეორედ 200-მილიონიანი კრედიტის აღება უკავშირდებოდა ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში, მაგრამ ორივეჯერ ეს თანხა სხვა მიზნებისთვის იქნა გამოყენებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა