პოლიტიკა

რატომ აღმოჩნდა საქართველო კომფორტული თავშესაფარი უკრაინელისთვისაც, რუსისთვისაც და ბელორუსისთვისაც

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.06

რამაზ საყვარელიძე
დაკოპირებულია

ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ყარაბაღის ომი დაიწყო, ჩვენს ქვეყანაში არათუ ერთმანეთს სცემდნენ ხმას უბატონოდ ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკურად სომხები და აზერბაიჯანელები, არამედ საქართველოში დასასვენებლად ჩამოსულ სომეხსა და აზერბაიჯანელსაც კი არაფერი უკადრებიათ ერთმანეთისთვის (მეტიც – ერთ რესტორანშიც კი ქეიფობდნენ საკურორტო სეზონებზე). ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება და ახალიც დაემატა: აღმოჩნდა, რომ უკრაინელების (ეს კიდევ გასაგებია), ბელორუსებისა და თვით რუსების თავშესაფარიც კი საქართველო ყოფილა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. სწორედ ამ თემას განვიხილავთ რამაზ საყვარელიძესთან ერთად.

– რატომ აღმოჩნდა საქართველო ოაზისივით დაპირისპირებული მხარეებისთვისაც კი, როგორც კი ომი დაიწყო, საქართველოსკენ გამოემართნენ და ერთმანეთს არ ერჩიან?

– მართალი ხართ. ყარაბაღის კონფლიქტის დროს, დასაწყისში დაპირისპირების იმპულსი გაჩნდა, მაგრამ საქართველომ მოახერხა ამ დაპირისპირების ჩაქრობა და შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც აღწერეთ. ანალოგიური რამ მოხდა დღესაც, როდესაც რუსები და უკრაინელები ჩამოვიდნენ, თავდაპირველად, გავრცელდა ხმა, რომ რუსებმა და უკრაინელებმა ერთმანეთს ხელი შეახეს, მაგრამ შემდეგ ესეც მიწყნარდა. როგორც ჩანს, სტუმრად რომ ხარ, ადვილად ვერ ჩხუბობ – ისინი კი სტუმრებად გრძნობენ თავს და მგონი, მაინც ერიდებათ იმ კონფლიქტის გაღვივება, რომელსაც საქართველოსთან კავშირი არ აქვს. მით უმეტეს, დღევანდელი მიგრანტები – როგორც რუსების, ისე უკრაინელების დიდი ნაწილი – თავ-თავიანთ ქვეყნებში არ არიან კომფორტულად ამ კონფლიქტის გამო. გარდა კლიმატისა, საქართველოში ჩამოსვლა იმანაც განაპირობა, რომ გეოგრაფიულად უფრო ადვილად მოსაღწევი ქვეყანა გვაქვს.

– შუა აზიაც ხომ გეოგრაფიულად ადვილად მისაღწევია რუსებისთვის?

– შუა აზიაშიც იოლად ჩავლენ, ოღონდ მე არ ვიცი, არის თუ არ ხელსაყრელი მათთვის თვითმფრინავის გარეშე გადაადგილება. რუსებისთვის ესეც პრობლემაა, დღეს მათ უჭირთ თვითმფრინავით გადაადგილება.

– სომხეთში ძალიან აქტიურად ჩადიან რუსები და ტურიზმის გარკვეული სეგმენტი წაგვაგრთვა. როგორც ვიცი, რუსები, ძირითადად, სომხეთიდან შემოდიან.

– უცნაურია, რაღას შემოდიან, დარჩნენ იქ?! შეიძლება, იმიტომ რომ სომხეთი იზოლაციაშია – გეოგრაფიულ იზოლაციას ვგულისხმობ – ანუ ბიზნესის წარმოების პირობებია შეზღუდული და ამიტომ შემოდიან საქართველოში.

– როგორც გავარკვიე, საქართველოში შემოვიდა ბელორუსებისა და რუსების საშუალო და საშუალოზე შეძლებული ფენა.

– ამიტომ მგონია, რომ აქ შემოსვლას ბიზნესკონტექსტი აქვს: იოლადაა შესაძლებელი ბიზნესის დაწყება და ასე შემდეგ. ამდენად, ჩვენკენ მოდის არა მხოლოდ ის, ვისაც, უბრალოდ, წყნარად ცხოვრება უნდა, არამედ, ვფიქრობ, ის, ვისაც ბიზნესის აწყობის მიზანიც აქვს.

– ეს ნიშნავს იმას, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, მართლაც, წარმატებული სახელმწიფოა? სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობაც მოსწონთ?

– დიახ, სოციალური და პოლიტიკური ფონი, რაც, ერთი მხრივ, იმასაც ავლენს, რომ, თუნდაც, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან დიდია, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც იციან, რომ მოკვდავ რუსებს საქართველოში არ ერჩიან ჩვენი ოკუპაციის გამოც კი. ამ ოკუპაციის ავტორად ქართველი არ აღიქვამს რუსეთის ჩვეულებრივ მოქალაქეს და მისადმი აგრესია არ უჩნდება.

– როგორ იხსნება ფსიქოლოგიურად ის, რომ ქართველი აცალკევებს რუსეთის სახელმწიფოს რუსისგან? მესმის, რომ მოქალაქე ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩაიდინა მისმა სახელმწიფომ. ვაღიარებ, მე მაღიზიანებენ თავისუფლად და ლაღად მოსეირნე რუსეთის მოქალაქეები. პირადად მე მომერიდებოდა და, სხვათა შორის, როდესაც აფხაზებსა და ოსებს ველაპარაკები, თუ ისინი აგრესიულები არ არიან, ფრთებშეკვეცილი ვარ, მერიდება, რუსებმა კი მართლაც, დაგვიშავეს თუ დაგვიშავეს, მაგრამ არ ერიდებათ.

– რა თქმა უნდა, დაგვიშავეს... თქვენს ნათქვამ სიტყვას გამოვიყენებ: სხვათა შორის, რუსები ფრთებშეკვეცილები გახდნენ უკრაინის გამო. ეს მაინც, მგონია, განაპირობა გახმაურების მაღალმა ხარისხმა: მთელი მსოფლიო ლაპარკობს იმაზე, რასაც რუსები უკრაინაში სჩადიან და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის პროტესტი რუსებზე მოქმედებს. მსოფლიოს მსგავსი რეაქცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას არ მოჰყოლია. შესაბამისად, რადგან მსოფლიოს ქვეყნებს არ გაუმტყუნებიათ რუსეთი, არც ჩვეულებრივი რუსები გრძნობენ თავს მტყუანად და, ალბათ, ნაწილობრივ ამითაცაა განპირობებული, რომ სინდისი არ ქენჯნით.

– ჩვენ როგორ გვახასიათებს ის ფაქტი, რომ ყველას ვუცინით?

– სულ ასე არ ვიყავით ისტორიულად?! დავითვალოთ, რამდენი საუკუნის განმავლობაში ვიყავით დაპყრობილი სხვა ქვეყნების მიერ?! და მათი მოქალაქეები საქართველოში სრულიად თავისუფლად მოქმედებდნენ და დიდხანსაც ცხოვრობდნენ.

– თუმცა ახლა ვლინდება სიტყვიერი აგრესია იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ადრე დავუპყრივართ.

– გაბრაზებული უფრო მიმდინარე თემების გამო ვართ, იმიტომ რომ ქართული სივრცის შევიწროების ტენდენცია ახასიათებთ აზიური ქვეყნებიდან შემოსულებს. ასე რომ, ეს წარსულისთვის ანგარიშის გასწორება კი არა, აწმყოში გაჩენილ პრობლემებზე გაჩენილი რეაქციაა.

– რუსებისადმი რატომ არ ვლინდება მაშინ იგივე რეაქცია?

– ჯერჯერობით არ ვლინდება ისე მკაფიოდ, როგორც აღმოსავლეთიდან შემოსულების მიმართ, რადგან აღმოსავლეთიდან ჩამოსულებს სჩვევიათ ერთად, კომპაქტურად დასახლება, ანუ თავიანთი უბნების შექმნა და შეიძლება, ხშირად ისეთ ადგილებში აღმოჩნდე, სადაც მხოლოდ თურქულ ან არაბულ საუბარს გაიგონებ. ასეთი კომპაქტური დასახლებები რუსებს ჩვენთან ჯერჯერობით არ შეუქმნიათ.

– ისევ აზერბაიჯანის მოქალაქე აზერბაიჯანელებსა და სომხეთის მოქალაქე სომხებს რომ დავუბრუნდე, ისინი ყველგან ჩხუბობდნენ და ჩხუბობენ. მოლაპარაკების მაგიდასთანაც კი ვერ სვამდნენ ერთად.

– მართალი ხართ. ცოტა სხვანაირი კლიმატი არის ჩვენთან და მართლაც დაფიქრებას იმსახურებს, ეგრეთ წოდებული, „ქართული კლიმატი“.

– მაინც დავაზუსტებ, ალბათ, მხოლოდ კლიმატურ პირობებს არ გულისხმობთ.

– დიახ, ლაპარაკია ფსიქოლოგიურ კლიმატზე. მაგალითად, რუსები თითქმის ყველგან ლოთობისკენ მიდრეკილები არიან, საქართველოში მყოფ რუსებს კი ეს პრობლემა არ აქვთ. მათი სასმელისადმი მიდრეკილება თვალშისაცემი მოვლენაა და ის არ თავსდება მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში. როგორც ჩანს, ჩვენებური ფსიქოლოგიური კლიმატი ახდენს გავლენას იმ მხრივ, რომ საქართველოში, მაგალითად, იმ ხარისხის ლოთობა, რომ ქუჩაში შეგეტყოს, სირცხვილია. სავარაუდოდ, ეს სირცხვილი გადამდებია და რუსსაც რცხვენია. შეიძლება, ანალოგიური ტიპის მოვლენა ხდება იმ შემთხვევაშიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ: დანამუსება იციან ქართველებმა ასეთ დროს, სტუმრად ხარ და რატომ აწყობ დებოშს ჩემს სახლში?! დაახლოებით, ასეთი დანამუსების ფორმულით ჩააქრეს, ალბათ, ქართველებმა ის პირველი შეჯახებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყარაბაღის ომის ფონზე. ძალის გამოყენებით და პოლიციის მეშვეობით კი არა: სტუმრად ხართ და მოიქეცით ისე, როგორც სტუმრებს შეეფერებათ.

– ანუ სახალხო დიპლომატია უფრო მუშაობს, ვიდრე სახელმწიფო პოლიტიკა?

– ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არ მუშაობს. როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა უკან იხევს და სახალხო დიპლომატიას უშვებს წინ, სწორედ იმიტომ იქცევა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებით არ ავნოს შექმნილ მდგომარეობას. ესეც სახელმწიფო პოლიტიკაა.

– რუსებიც, ბელორუსებიც, უკრაინელებიც, გასაგებია, რომ უსაფრთხო ადგილს ეძებენ. გრძნობენ, იციან, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა? იმის იმედი აქვთ, რომ რუსეთი არ დაგვესხმება თავს, თუ, უბრალოდ, ისიც საკმარისია, რომ ჩვენგან, მოსახლეობისგან, არ ელით საფრთხე?

– არ მგონია, რუსეთის იმედი ჰქონდეთ, იმიტომ რომ რუსეთისგან დაცული ლამის მსოფლიო მასშტაბით არავინაა: ერთადერთი, შეიძლება, ამერიკა იყოს დაცული და ყველა უჩივის, რომ უკრაინასთან ომის ფაქტმა რუსეთის თავდასხმის რისკი ყველასთვის ცხადი გახადა. ფინეთი და შვედეთიც კი „ნატოსკენ“ დაიძრნენ. ამდენად, მეეჭვება, რომ რუსეთის ფაქტორს უწევდნენ ანგარიშს. მგონია, რომ ამ ეტაპზე მათთვის ქართული რეალობა უფრო მისაღებია, მით უმეტეს, თუ რამე მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს ჯერ ჩვენ და შემდეგ – ისინი, რომლებიც საქართველოში არიან, ბოლოს და ბოლოს, აქედან უფრო იოლია გადაადგილება თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, თურქეთისკენ, რომელიც, უდავოდ, კომფორტული ქვეყანაა ბევრისთვის.

– უკრაინელებისა და რუსების მასობრივი შემოსვლა ეს შეიძლება, იქცეს დივიდენდად, მათ შორის, მორალურ დივიდენდად?

– დივიდენდსაც გამოყენება უნდა... ფაქტია, ეს ნაკადი უფრო მიგრაციულია და არა – ტურისტული. თუკი ეს ნაკადი ტურისტული ნაკადების გაზრდის წინაპირობა გახდება და შეიძლება, გახდეს, თუ აქ მყოფმა, გინდა რუსმა და გინდა უკრაინელმა ურჩია თავის ახლობელს, რომ ჯობია, საქართველოში დაისვენონ. მორალური დივიდენდი კი უკვე მივიღეთ უკრაინისგან, როდესაც საქართველო კომფორტულ ქვეყნად დაასახელეს უკრაინელებმა. ეს შეფასება დღევანდელ პირობებში საკმაოდ კარგი და ხელსაყრელი შეფასებაა იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, როდესაც ქართველების ერთი ჯგუფი, ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, აქეთ საყვედურობენ თავიანთ თანამემამულეებს, რატომ არ უწყობთ ხელს უკრაინელებსო, რასაც იმეორებდნენ უცხოელებიც და ამ კამათში უცებ ამოტივტივდა თავად უკრაინელების შეფასება. ამდენად, გამოგვადგა. რაც შეეხება იმას, რომ რუსებსაც გავუღეთ კარი, ძნელი სათქმელია, გამოგვადგება თუ არა დივიდენდად, მაგრამ ფაქტი ერთია: შემოვიდნენ ის რუსები, რომლებიც მიუღებლად თვლიდნენ ამ ომს. ეს ადამიანები უმეტესწილად ინტელიგენციის ფენებს წარმოადგენენ. ეს შეიძლება, შემდეგ დაბრუნდეს დივიდენდად, იმავე ტურისტული სახით, ვინაიდან ჩვენ ისიც ვიცით, რა განსხვავებულად აფასებენ რუსები აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში მოგზაურობას, თუმცა რუსეთის პოლიტიკური ცხოვრება მისი მოქალაქეების განწყობების მიხედვით არ იცვლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...