პოლიტიკა

რატომ აღმოჩნდა ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი გარე ძალების გავლენის ქვეშ და როგორ ჩაანაცვლა გულანათებულობა ფულანთებულობამ

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 26.06

ირაკლი გოგავა
დაკოპირებულია

ისე მოხდა, რომ გასული საუკუნის 80-ანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ლამის ყველა შემდგომი თაობა წინა თაობის ქმედებებს იმეორებს და გულზე თუ დავიდებთ ხელს, ყოველი გამეორება წინაზე კომიკურია. ერთ დეტალს გამოვყოფდი: მაგალითად, საქართველოს დროშის მოხვევას, რაც, თუკი გასაგები იყო საბჭოეთის არსებობის პერიოდში, იმიტომ რომ საბჭოთა საქართველოში დამოუკიდებელი საქართველოს დროშა აკრძალული იყო, სრულიად გაუგებარია დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფრიალი დამოუკიდებელ ქვეყანაში, როდესაც დროშა ოფიციალური ატრიბუტია. ირაკლი გოგავასთან ერთად ვიმსჯელებთ, სიმბოლიკების უცნაური და არაადეკვატური გამოყენების მიზნებზე.

– არ გვჯერა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, თუ რით იხსნება ეს ინფანტიკური ქმედებები, რატომ ჩავრჩით ბავშვობაში?

– რაც შეეხება დროშების საპროტესტო აქციაზე გამოყენებას: პოლიტიკაში სიმბოლიზმი საკმაოდ ქმედითი იარაღია. სოციოლოგია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დროშის ხილვა იწვევს სიამაყისა და კმაყოფილების განცდას მოქალაქეების 70 პროცენტში. ამას აწყობენ ის ძალები, რომლებიც დავალებებს უცხოეთიდან იღებენ. საკითხი, რასაც აპროტესტებდნენ, უკავშირდებოდა უცხოეთს, უცხოეთიდან დაფინანსებას, შესაბამისად, სჭირდებოდათ, გაენეიტრალებინათ ეს ტრენდი და შემოიტანეს დროშა, იმიტომ რომ სიმბოლურად ეს თარგმნილიყო, თითქოს ქართულ საქმეს აკეთებდნენ. ამას გარდა, ფსიქოლოგიური მომენტია, რომ მოქალაქეების სიმპათიები გამოიწვიონ, რომ პატრიოტები არიან, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში იქ თავმოყრილია ულტრალიბერალური ახალგაზრდობა, რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი განათლების დონით, არც პატრიოტიზმის გრძნობა აქვთ გამძაფრებული და, ამასთან, ეროვნული დროშით დგანან ცისარტყელის დროშასთან, რომელიც ელ გე ბე ტე სიმბოლოა. თუ ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ბუნებრივია, იბადება კითხვა, მაშინ იმ აქციაზე რას აკეთებენ, რომლის ორგანიზატორიც თბილისი-პრაიდია?!

– ხელოვნური ინტელექტია ჩართული ამ აქციებშიც და, ზოგადადაც, რაღაც ავტორიტეტად აქცევენ, თითქოს რამეს წარმოადგენდეს პროგრამა და მინიშნებაა, იყავი ფერადი, თუმცა ფერადი რატომ უნდა ვიყო და არა, მაგალითდ, იისფერი, არ მესმის და კიდევ ერთი, ხაზგასმაა, რომ პოლიციელი მუქია, ხოლო აქციის მონაწილე – ფერადი. არადა, ყველა სახელმწიფოში სპეცსარზმელის ფორმა მუქია.

– ადამიანის ფსიქიკაზე გათვლილი ხრიკებია. ვიცით, რომ ამ ტიპის რევოლუციებს ახასიათებს გარკვეული ილეთები, რომლებსაც შაბლონურად იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, პოლიციისა და სპეცრაზმელების შავ ფორმებში წარმოჩენა, შემდეგ მათთან დედობრივი საუბრები კამერის წინ, სპეციალურად მომზადებული ქალების მიერ, პიანინოზე დაკვრა სადმე, ქუჩაში, ყვავილის მიწოდება პოლიციელისთვის, პომადის წასმა აქციაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თავის დროზე გამოყენებულია სერბეთში, უკრაინაში, მაიდნის დროს და ყველგან, სადაც სახელმწიფო გადატრიალების ტექნოლოგია აამოქმედეს. მაგრამ ამას უკვე აღარავინ „ჭამს“. ეს გავლილი გვაქვს. ახალგაზრდების მცირე ნაწილი შეიძლება, მოატყუონ, თუმცა საზოგადოება აღარ წამოეგება. რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ იზოლირებულები არიან თავიანთ „ბაბლში“. დაახლოებით, 10 000-მდე პარტიული აქტივია, იმ 15 ლიბერალური პარტიის აქტივი, რომლებმაც გეი-მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ფიცი დადეს, რომ ელ გე ბე ტე პროპაგანდას დაუშვებენ და დაცავენ ამ ქვეყანაში. ამას გარდა, არის 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივი, რომლებიც პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ: საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ და ამ თანხას სრულად იღებენ უცხოეთიდან. ეს, დაახლოებით, 7 000-8 000 ადამიანია და, ასევე, მათ ჰყავთ სტუდენტები, რომლებიც „ფრანკლინის კლუბის“, „დაფიონისა“ და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ქსელის მეშვეობით შეაგროვეს. ესეც, დაახლოებით, 8 000 ადამიანამდეა. საქართველოში 161 000 სტუდენტია და აქციებზე გამოდის 7 000-8 000, რაც არც ისე ცუდია, იმიტომ რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ხვდება, ვინ არიან აქციის მომწყობები, რომ უცხოური დავალებით მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებთან სამუშაო არ არის.

– იქ არიან ჩემი კარგი ნაცნობების, განათლებულების, პატრიოტების შვილებიც. რაღაც ნაწილია, რომელიც მართლაც მიდის ამ ტიპის აქციებზე, იმიტომ რომ ჩაბჟირებულია ევროპას და ისინიც ჩვენი ნაწილია, როგორც ისინიც, რომლებიც „ფრანკლინის“ გავლენით თუ ვიღაც სხვების გავლენით მოქმედებენ. როგორ მოხერხდა, რომ უცხოებმა გვაჯობეს?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობენ იდიოტები, ნაკლები ინტელექტის ხალხი, რომლებიც შეიძლება, ვერ ერკვეოდნენ ყველა საკითხში, ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ისინი არც ცდილობენ საკითხის არსში ჩაწვდომას. ეს მათი დაბალი ინტელექტის ბრალია, მაგრამ ამაზეც უნდა იზრუნოს განათლების სისტემამ, რომ რამენაირად ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს ლოგიკური აზროვნებისა და პრიორიტეტების გამოყოფის უნარი. მთელი ინფორმაცია რომ მიიღოს ახალგაზრდამ, აღმოაჩენს, რომ ცხოვრობს კოლონიაში, რომლის ადმინისტრირება ხდება იმ ენჯეოების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ამიტომ მე ამ ახალგაზრდებს ვერ ვუწოდებ გულანთებულებს, ისინი უფრო ფულანთებულები არიან. ბერნარდ შოუ ამბობს ასეთ ფრაზას: პროპაგანდა არ აქცევს ადამიანს იდიოტად, ის იმთავითვე იდიოტებზეა გათვლილი და მცირე ნაწილი იდიოტების გამო საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის ინტერესები არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

– რა თქმა უნდა. ეს არც მიგულისხმია, უბრალოდ მე ვხედავ, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ერთი და იგივე სცენარი მეორდება. მეც გავბითურდი თავის დროზე. სცენარი რატომ არ იცვლება?

– სცენარი არ იცვლება იმიტომ, რომ აპრობირებული ტექნოლოგიაა, ახალგაზრდების ჩათრევა სხვადასხვა მეთოდით ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში უფრო იოლია. მათი ცოდნა და გამოცდილება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საღად შეაფასონ მოვლენები და, რა თქმა უნდა, მიზეზია არა მხოლოდ განათლების სისტემა, არამედ ოჯახებიც პასუხისმგებლები არიან. ვიცით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი, ეგრეთ წოდებული, დისტანციური ოჯახია: ერთ-ერთი მშობელი ლუკმა-პურის საშოვნელადაა წასული, შესაბამისად, ყურადღება აკლდება ბავშვს და სწორედ ასეთ ბავშვებს ჩაითრევენ ხოლმე ლიბერალური წრეები. მით უმეტეს, როდესაც ეს პროცესი ფინანსდება და ეგრეთ წოდებულ „კაი პონტებს“ აჩვენებენ. ელექტრონული მუსიკის საღამოზე წაიყვანენ და ახალგაზრდა რაღაც პროცესის მონაწილედ გრძნობს თავს, ცოდნა და გამოცდილება კი არ აქვს, რომ განსაზღვროს, რისკენაა ეს მიმართული. ანუ სასარგებლო იდიოტების როლში გამოჰყავთ და იყენებენ ბრმა იარაღად, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ამაში არ მონაწილეობს.

– ვერ ვხვდები, გქონდეს ასეთი მდიდარი ისტორია და ლიტერატურა და ვერ მოახერხო ისეთი სახელმძღვანელოების შექმნა, რომლებიც აღზრდის შენი ქვეყნის მოქალაქეს. განათლების რეფორმა დაიწყო ჯერ კიდევ კარტოზიას დროს, მაშინ გამოიყო პირველად 60-მილიონიანი გრანტი და იმ დროიდან მოყოლებული უარესდება და უარესდება განათლების დონეც და სახელმძღვანელოებიც. გავიგე, რომ გარეთ ვიღაცას ინტერესი აქვს, მაგრამ შიგნით რა ხდება? საქართველოს ყველა ხელისუფლება პირდაღებული რატომ უყურებს ყველას, ვინც მის ახალგაზრდობას ტვინს ულაყებს?

– 1988 წელს საქართველო განათლების დონით იყო მსოფლიო სამეულში, 114 კვლევითი ინსტიტუტი გვქონდა, მაღალი დონის უმაღლესი სასწავლებლები, მათ შორის, ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, 80-იან წლებში შესამჩნევი იყო უკუსვლა, მაგრამ იმდენი მარაგი ჰქონდა ამ სტრუქტურებს, რომ მაინც განათლებული თაობები მოდიოდნენ. შემდეგ მოხდა საქართველოს კოლონიზება. ჩვენ აყვავების გეგმას ველოდით დასავლეთიდან, მაგრამ, რეალურად, მივიღეთ მეტროპოლია-კოლონიის ურთიერთობის მოდელი, რომელიც თავს მოგვახვიეს. მეტროპოლიას ყოველთვის აინტერესებს, რომ კოლონიზებულ ქვეყანაში იყოს ცოტა მოსახლეობა და ეს მოსახლეობა არ იყოს განათლებული, რომ ვერ მიხვდეს, რა პროცესებია, როგორ უწევენ ექსპლუატაციას მათ და მათ ბუნებრივ რესურსებს. შესაბამისად, ამოცანა დადგა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაესუსტებინათ ჩვენი განათლების სისტემა, რაც მოხდა კიდეც. ზოგიერთი მინისტრი, რა თქმა უნდა, ამას შეგნებულად უწყობდა ხელს. მათ აირჩიეს მხარე და ემსახურებოდნენ მეტროპოლიას, კოლონიური ადმინისტრაციის გუშაგები იყვნენ და ამის ნათელი მაგალითია განათლების წინა მინისტრი ჩხენკელი, რომელმაც სკოლის სახელმძღვანელოებში ელ გე ბე ტე პროპაგანდის ელემენტები შეიტანა. მე ჩემი შვილის სახელმძღვანელოში „მე და საზოგადოება“ ვნახე ელ გე ბე ტე პროპაგანდის ირიბი მცდელობა. ასევე, როდესაც შვილი წავიყვანე წიგნების გამოფენაზე, რომელიც განათლების წინა მინისტრმა მოაწყო, იქაც სულ ბოლო დახლზე იდო ელ გე ბე ტე დროშები და ეწერა „მხიარული დროშა“. ასეთი ცბიერი, თითქოს ირიბი მეთოდებით ხდებოდა ეს ყველაფერი რამდენიმე წლის წინ. მადლობა ღმერთს, წინა მინისტრი შარშანდელი თოვლივით გაქრა, მაგრამ ასეთ რამეს რომ მოაწერ ხელს, ქართველობასა და პატრიოტობაზე საუბარი ზედმეტია. ძალიან კარგია, რომ დღეს გამოვიდა მმართველი პარტია და ლიბერალური სიგიჟეების წინააღმდეგ კანონების პაკეტი გამოიტანა, მათ შორის, ოჯახის ღირებულებების დაცვის, ელ გე ბე ტე პროპაგანდის აკრძალვისა და, საერთოდ, სასკოლო განათლების სივრცეში ამ ყველაფრის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. ულტრალიბერალიზმი არ არის იდეოლოგია, ეს არის ტექნოლოგია, როგორ დაშალონ საზოგადოებები, ატომიზაცია მოახდინონ და შემდეგ მათ მიერ შექმნილ უმცირესობის ჯგუფებზე დაყრდნობით მართონ უმრავლესობა. ამას ისინი პოზიტიურ დისკრიმინაციას უწოდებენ და ფრანკფურტის სკოლის სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების ნამუშევარია, რაც 1958 წლიდან ამერიკაში დაინერგა, შემდეგ – ევროპაში და ახლა უკვე ჩვენთან ცდილობდნენ ამის დანერგვას. გვიან, მაგრამ ქართველი ხალხი გამოფხიზლდა და ეს ყველაფერი მალე გაჩერდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული