პოლიტიკა

რატომ აღმოჩნდა დასავლეთისთვის პრორუსად წოდებული ივანიშვილი უფრო მოსახერხებელი პარტნიორი, ვიდრე პროდასავლურად მიჩნეული სააკაშვილი

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 12.01, 2021 წელი

ვაჟა ბერიძე
დაკოპირებულია

რატომღაც და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე დასავლეთისთვის საქართველოში ყველაზე კომფორტული პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია, უხერხული კი – მიხეილ სააკაშვილი. თვალში საცემი იყო, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს აშშ-ის ელჩის განცხადებებს ჰქონდა ერთადერთი მიზანი: არ დაეშვათ შიდა დესტაბილიზაცია. ასევე აღვიქვი პირადად მე მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე უცხოელი ელჩების ერთხმად დასწრებაც. ვაჟა ბერიძესთან ერთად განვიხილავთ, იმოქმედებს საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების სურვილზე ის, თუ, საბოლოოდ, ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე: დაგეთანხმებით პრობლემის ასე ჩაშლაში, მაგრამ აქვე შევნიშნავ: რომ არა ეს ექსტრაორდინარული ვითარება თვით შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დავეთანხმებოდი თქვენს პოზიციას, რომ აშშ-სა და დასავლეთის წარმომადგენლებს აქვთ თავიანთი მთავარი სტრატეგიული ინტერესი და ამ ინტერესის ფარგლებში ჩვენ მნიშვნელოვანი მცირე ქვეყანა და პარტნიორი ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადადაც და ამას ცხადჰყოფს დახმარების მოცულობებიც ბოლო წლებში. მაგრამ რეალობას რამდენადმე ცვლის ის გარემოება, რომ ტრამპიზმი და ლიბერალური დემოკრატია, რომლის კლასიკური მიმდევრები ამერიკელი „დემოკრატები“ არიან, არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათ შორის, აშშ-ის ფარგლებს გარეთ მოქმედების ტაქტიკითა და პრინციპებით. მაგალითად, გავიხსენოთ, რომ სააკაშვილი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ აშშ-ის შეუცვლელი პარტნიორია ზოგადადაც და რეგიონშიც და ამიტომ მისი მმართველობა დროში შეზღუდული არ იქნებოდა საქართველოში, მაგრამ ვნახეთ, რომ 2012 წელს „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ თანხმობით, საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება და სააკაშვილი ხელისუფლებიდან გაუშვეს. ოღონდ ჩვენ გარკვეულწილად მაინც ვართ იმ წარმოდგენის ტყვეობაში, რომელიც თავს მოგვახვია პროდასავლურად თვითწოდებული ოპოზიციის იდეოლოგიურმა მანქანამ, რომ, თუ ხელისუფლებაში იქნებიან მათი მოკავშირე ამერიკელები, არა ტრამპი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო რუსებთან გარიგებებსა და მათი მხარდაჭერით გამარჯვებაში, არამედ ამერიკული ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების ნამდვილი მემკვიდრეები, მაშინ სხვა ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში საქართველოში, თუ არა ყველაზე პროდასავლური და ჭეშმარიტად პროდასავლური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ მიერ მართული მოკავშირეთა ჯგუფი?! ამიტომ აი, ამის პოზიციონირება ხდება. თავისთავად, ცხადია, რომ ჩვენს ოპოზიციას აქვს თავისი სტრატეგია, ხედვა, მიზანი, მაგრამ მათი მთავარი იდეოლოგიური საყრდენი არის ნიკა გვარამია, რომელიც, მიუხედავად საზოგადოების ნაწილის მიერ მისი მარგინალიზაციის მცდელობისა, გამჭრიახი ადამიანია, აცხადებს, რომ მთავარია არა ფაქტი, არამედ ამ ფაქტის აღქმა და, აქედან გამომდინარე, მთავარია არა ჭეშმარიტება, არამედ ჭეშმარიტების ინტერპრეტაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. და ამ ფონზე მან მეორე, ძალიან საინტერესო რაღაცაც შემოგვთავაზა: ჩვენ ყველასთან უნდა დავსხდეთ, როგორც თანასწორები, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლებთან. ჩვენ ჩვენს ცნობიერებაში რუსი არ უნდა ჩავანაცვლოთ ამერიკელითო.
– მე სულ მაგას ვამბობდი და ვწერდი, როდესაც გვარამია ხელისუფლებაში იყო და ახლაც ვიმეორებ, რომ „უფროსი ძმის“ კომპლექსი დასაძლევია, მაგრამ...
– დიახ, როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში ამერიკულ პოლიტიკას ერთგულად, თანმიმდევრულად და ხმის ამოუღებლად მიჰყვებოდნენ, თუმცა შიგადაშიგ, როგორც, მაგალითად, 2008 წელს, თავნებობდა სააკაშვილი, მაგრამ მე არ მახსოვს იმ 9 წლის განმავლობაში ამერიკელების რამე ნათქვამსა ან ნამოქმედარზე „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერს ან ამ პარტიის რომელიმე პოლიტიკოსს ხმა ამოეღოს, ოღონდ ახლა ეს ძალა ძალიან გამამაცდა და თვით აშშ-ის ელჩს შეუტია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ქ-ნი დეგნანი აშშ-ის მიმავალი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული მოხელეა და, ამდენად, პროდასავლურად თვიგამოცხადებულ ძალას, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს, ქ-ნი დეგნანი გამოაცხადოს მოსყიდულად, არაკეთილსაიმედოდ, შეუმოწმოს, ვინ ჰყავს თანამშრომლად საელჩოში, ვისი მეშვეობით ახდენს მასზე ზეგავლენას ჩვენი არაფორმალური მმართველი ივანიშვილი და ასე შემდეგ. ხედავთ, რა სიღრმეებში შეიძლება, შესვლა, როდესაც მიმავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელ ელჩზე ვსაუბრობთ?! თორემ, რა თქმა უნდა, თავმოყვარე ადამიანი ნებისმიერ დიდთან ურთიერთობაში ღირსებას არ კარგავს, თავისი ხალხის ინტერესების გამომხატველია და ყველას ელაპარაკება, როგორც თანასწორს და დიდი და ღირსეული პატნიორიც ასეთივე დამოკიდებულებით პასუხობს მცირე სახელმწიფოებს, მაგრამ ხომ წარმოუდგენელია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან თითები უქნიო გინდა შტატებს, გინდა – თურქეთს, გინდა – ევროკავშირს და გინდა – ნებისმიერ სხვას?! აბა, თუ ხელისუფლებაში მოვლენ, რაც მეეჭვება, ვნახოთ, როგორ დაელაპარაკებიან აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს და როგორ მედგრად და ღირსეულად დაიცავენ თავიანთ უფლებებს. აქედან გამომდინარე, უცებ აღმოჩნდა, რომ მათ მიერ „რუს ოლიგარქად“ გამოცხადებული უფრო საინტერესო პარტნიორია შტატების, ვიდრე...
– შტატების მიერ „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადებულები.
– დიახ, მათ მიერ „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადებული, მძლეთამძლე და ბაყბაყდევი მიხეილ სააკაშვილი. ხედავთ, რა მოხდა?! თუ სიღრმეში წავალთ და გავიხსენებთ სააკაშვილის ნათქვამსა და ქმნილს, არაფერი ალოგიკური არ არის, რადგან, როდესაც ვიღაცაზე გაბრაზებული ან რაღაც მიზნის მიუღწევლობის გამო გაგულისებული ამბობ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის დამოკიდებულება პოსტაბჭოთა სივრცეში შექმნილი ქვეყნებისადმი ნეოკოლონიალურია, შენ ამით შენს დასავლურ იმიჯს ხელაღებით უარყოფ. რადგან, თუ ფიქრობ, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, მართლაც, ნეოკოლონიალური ინტერესები ამოძრავებს საქართველოში, რომელსაც აქვს ღირებულება, როგორც გეოპოლიტიკური სივრცის მნიშვნელოვან მონაკვეთს, რაც ჩვენი განძი და სიკეთეა; რომ მათთვის არ შეიძლება, ინტერესის საგნად იქცეს მთაგორიანი და პრობლემური სომხეთი, თუნდაც, აზერბაიჯანი, თავისი ენერგომატარებლით, მაშინ შენ მიერ ნეოკოლონიალიზმად ამის შეფასება გაცილებით რუსული ნარატივი და ხედვაა, ვიდრე ივანიშვილის ნებისმიერი მთავრობის წევრის პოზიცია და ნამოქმედარი. აქედან გამომდინარე, ნუ გვგონია, რომ დასავლეთმა არ იცის კარგად აქ მიმდინარე პროცესები, ხალხის განწყობა, დამოკიდებულებები და სხვა. მართალია, ჩვენ მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ, მით უმეტეს, ახლად შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. მათ შესაძლოა, „ენ დი აისა“ და „აი არ აის“ აქაურმა კურატორებმა და ველზე მომუშავე მათ მიერ დაქირავებულმა ქართულმა კომპანიებმა შეასწორონ გამოკითხვების შედეგები მათი რეალური პატრონების, „ნაციონალური მოძრაობის“, ინტერესებიდან გამომდინარე, ოღონდ ის რეალური შედეგი, დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული იყოს ყველა, რომ ზუსტად იქ მიდის შტატებში, სადაც ამ ყველაფერს შეისწავლიან და პოლიტიკას შეიმუშავებენ. ამდენად, მათ კარგად იციან, ვისი პროდასავლურობაა უფრო რეალური, უფრო პრაგმატული, უფრო საღი და ვისი მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა.
ამის იქითაც რომ წავიდეთ და ამა თუ იმ ჯგუფის პროდასავლურობა და პრორუსულობა შევაფასოთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ იგივე ჩვენი ქართული საზოგადოება, მეც, როგორც არაპარტიული ანალიტიკოსი და თქვენ, როგორც არაპარტიული ანალიტიკოსი და ჟურნალისტი, გაცილებით პროგრესისა და პროდასავლურობის მხარდამჭერები ვართ, ვიდრე ეს დეკლარირებულად პროდასავლურები, რომლებმაც იმ ავადსახსენებელ 9 წელიწადში ისეთი რამეები დაატრიალეს ამ ქვეყანაში, ლათინური ამერიკის კვაზიდიქტატორებსაც კი რომ შეშურდებოდათ. საოცრებების ქვეყანა ვართ: ამას წინათ, გაკეთდა განცხადებები, რომ ვიღაცას უსმენენ და, რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ვიღაცას უსმენენ და ვიღაცას შეიძლება, უკანონოდაც უსმენდეს დღევანდელი ხელისუფლება, არც ამას გამოვრიცხავ, მაგრამ ამაზე გაჰკიოდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი 28 000 ფაილი დაამზადა, უკვე საზოგადოების აბუჩად აგდებაა, იმიტომ რომ ჩვენ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მცირეწლოვნები არ ვართ და ყველაფერი გვახსოვს. ამდენად, დავანებოთ თავი ტრამპი-ბაიდენის დაპირისპირებას, უბრალოდ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი დასაყრდენი ამ ეტაპზე არის დასავლეთი. ჩვენ ამ გზით ვიარეთ 30 წელი და ამ მიმართულების გადახედვა, ალბათ, არასწორი იქნება (თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების პრორუსულად წოდებული ნაწილი მოღალატეა, უბრალოდ ისინი ასე ხედავენ გამოსავალს). ამდენად, ბუნებრივია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილი ცდილობს პროდასავლურობას, მაგრამ თითოეულმა ძალამ ეს პროდასავლურობა უნდა დაამტკიცოს თავისი ქმედებებითა და მრწამსით. ამიტომ მე არ მეჩვენება ალოგიკურად, რომ დასავლეთი ამ ეტაპზე, არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც კი, რადგან არ მგონია, რომ საზოგადოების მიერ უფრო მხარდაჭერილი მთავრობის გაშვება და „ნაციონალების“ დაბრუნება მოინდომოს ხელისუფლებაში, ვინაიდან მათ აქვთ გააზრებული ის უმარტივესი საკითხი, რომ, მართალია, საქართველოში ამომრჩევლის ნახევარი მხარს უჭერს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ იმავდროულად, იციან, რომ საზოგადოების 70 პროცენტი სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგია. ამდენად, დესტაბილიზაცია საქართველოში დასავლთის ინტერესი არ არის, მაგრამ იგივე არის ინტერესი რუსეთის, მათ უკვე აქვთ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი, სამშვიდობო კონტინგენტიც შეიყვანეს ყარაბაღში, ძალიან რთული და ბუნდოვანია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ახალი ცეცხლის დანთება არ არის ხელსაყრელი, როგორც ზოგადად, შტატების ფაქტორის გათვალისწინებით, ისევე, ჩრდილო კავკასიის მეზობლობის გამო, ამიტომ რუსეთის მთავარი ამოცანაა ანექსია და საქართველოში დესტაბლიზაციის მუდმივი კერის არსებობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი