პოლიტიკა

რატომ აღიარებს პუტინი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად და არ მიიჩნევს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს კუთვნილებად

№53

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 05.01, 2021 წელი

ზაალ კასრელიშვილი
დაკოპირებულია

 ჯერ კიდევ წლების წინათ წერდა ზბიგნევ ბჟეზინსკი „დიდ საჭადრაკო დაფაში“, რომ სამხრეთ კავკასიის ლიდერის როლისთვის აზერბაიჯანს აქვს პოტენციალი, თუმცა არსებობის დღიდან, სწორედ, ქართული სახელმწიფოები ასრულებდა ბუნებრივად ამ ფუნქციას. 

სულ ბოლოს მომხდარი მოვლენები (აზერბაიჯანის მიერ წართმეული ტერიტორიების დაბრუნება, თუმცა სწორედ, იმ სახელმწიფოს ხელშეწყობით, ვისი წყალობითაც დაკარგა თავის დროზე) ამ ახალი ტენდენციის გამოვლენას ხომ არ მიანიშნებს? პოლიტოლოგ ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ, აქვს თუ არა აზერბაიჯანს ან ნებისიერ სხვა კავკასიურ წარმონაქმნს შესაძლებლობა, ჩაანაცვლოს საქართველოს ბუნებრივი და საუკუნეების განმავლობაში სისხლით მოპოვებული ფუნქცია.

– პუტინმა ამას წინათ განაცხადა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, რატომღაც, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თურმე, ჩვენი არც არასდროს ყოფილა. რა თქმა უნდა, ყარაბაღი აზერბაიჯანისაა, იმიტომ რომ გაერომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ცნო საბჭოთა კავშირის მომენტისთვის არსებულ საზღვრებში და ვეთანხმები პუტინს, მაგრამ, აშკარად ორმაგი სტანდარტია...

– ჩვენ ვეთანხმებით პუტინს, ის არ გვეთანხმება, უბრალოდ...

– რამენაირად უნდა დავითანხმოთ, სხვა გზა არაა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ხომ არ დააყენა ეჭვქვეშ საქართველოს, როგორც კავკასიის ლიდერის როლი და აზერბაიჯანს ხომ არ ამზადებენ ამ ფუნქციისთვის? შევეხები პუტინსა და ისტორიის მისეულ ინტერპრეტაციას. 1763 წელსო, მან თქვა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, საქართველო თავს დაესხა აფხაზეთს, უნდოდა აფხაზების განადგურება, რუსეთი იძულებული გახდა, დახმარებოდა და პირველად მაშინ დავეხმარეთ აფხაზებსო. თავდაპირველად, მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ, თურმე, არ ხუმრობდა. საქმე ისაა, რომ რუსეთის იმპერიამ 1763 წელს დაიწყო კავკასიის დაპყრობა და 1864 წელს დაამთავრა, ხოლო კავკასიის რუსეთის მიერ დაპყრობაში ლომის წილი შეიტანა საქართველომ.

– რასაც ახლა ვიმკით ხოლმე.

– მაგრამ სხვა გზაც არ გვქონდა მაშინ, წელში გატეხილები ვიყავით ოსმალეთისგან, სპარსეთისგან, ამას დაამატეთ შიდა ღალატები. ახლა რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჩხუბებიან ადგილებისა და პროცენტებისთვის, პირადად მე შუა საუკუნეებისდროინდელ ფეოდალურ დაპირისპირებას მახსენებს, ოღონდ მაშინ უფრო ველური ფორმით ხდებოდა ეს და კონკრეტული გეოგრაფიული არეალებისთვის იბრძოდნენ ხანჯლებით, თოფებითა და დაბეზღებებით გარე ძალებთან. რაც შეეხება აზერბაიჯანს: ყარაბაღი იმთავითვე აზერბაიჯანის იყო და ახლაც აზერბაიჯანისაა, დღეს ფიზიკურად დაიბრუნა. უბრალოდ, ყარაბაღის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მათ შორის, სტეპანაკერტშიც უფრო მეტი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, ვიდრე ეთნიკური აზერბაიჯანელი და გამარჯვებით წახალისებულსა და გადიდგულებულ აზერბაიჯანელ მეომრებს გენოციდი რომ არ მოეწყოთ და სომხეთის ტერიტორიაზე არ გადასულიყვნენ, ამიტომ იქ შეიყვანეს სამშვიდობო ჯარი რუსებმა. თუმცა რა შეყვანა უნდოდა, როდესაც სამი ბაზა აქვს სამხრეთ კავკასიაში და უბრალოდ, თავის სამხედროებს ჩაფხუტები დაახურა.

არავინ იცის, რამდენი კაცი ჩაიყვანა და საიდან. პრორუსი ქართველები ხომ სულ რუსების ნარატივს იმეორებენ და ახლა ამბობენ, რომ ამით რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიძლიერა. მეტი რა პოზიცია უნდა გაიძლიეროს?! ცხინვალი დაპყრობილი აქვს და რამდენიმე ბაზა აქვს იქ; აფხაზეთი დაპყრობილი აქვს და რამდენიმე ბაზა აქვს იქ, სომხეთშიც ჰქონდა სამხედრო ბაზები და ყარაბაღშიც. ასე რომ, ეს „ფეიქი“ გადაფარა იმ ფაქტმა, რომ თურქეთმა სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა და ახლა უკვე აღარავინ ამბობს იმას, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის დიდი თანამონაწილეობით არ შეძლო ყარაბაღის უკან დაბრუნება. ვერ ვიტყვით, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ, რომც ყოფილიყო წინააღმდეგი, მიიღებდა კავკასიურ ომს და ახლა ისე უჭირს ეკონომიკურად, სანქციების გამო, არაფრითაა მისთვის ხელსაყრელი კავკასიური ომი, იმიტომ რომ აუცილებლად აუფეთქდება ჩრდილო კავკასია.

გარდა ამისა, ექსკლუზიურად გეუბნებით, რომ შინაგანად შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაზე რუსეთს ხელი უკვე ჩაქნეული აქვს, ის უფრო ყირიმისთვს ემზადება. დნესტრისპირეთისა და ლუგანსკისთისაც არა, მათაც დათმობს. რუსეთისთვის ახლა მთავარი ყირიმია. 2016 წელს ვლაპარაკობდით იმაზე, რომ, თუ იქნება დასავლეთის ძლიერი ზეწოლა, რუსეთი ყირიმის მხოლოდ იმ ნაწილს არ დათმობს, სადაც გზა და ხიდი გაიყვანა, დანარჩენს, ყირიმის ორ მესამედს, ალბათ, დათმობს. ვინც ყირიმის გეოგრაფია იცის, დამეთანხმება, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის მხოლოდ დასავლეთი ნაწილია ნორმალური, ცენტრალური და აღმოსავლეთი მხარე მლაშე წითელმიწა ნიადაგია, რასაც ვერაფერში გამოიყენებ.

რაც შეეხება აზერბაიჯანს: ის იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაკარგა ტერიტორია სსრკ-ის დაშლის შემდეგ სომხეთის აგრესიის გამო, რომელსაც ეხმარებოდა რუსეთი და ტერიტორია დაიბრუნა იმ ფორმით, რა ფორმითაც დაკარგა, ოღონდ რუსეთს ახლა ხელი აღარ შეუშლია მისთვის და ამ საქმეში აზერბაიჯანი ნამდვილად ლიდერია.
ასევე, სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანი ლიდერია ნავთობისა და გაზის მოპოვებითა და რეალიზაციით, მაგრამ კასპიის აუზის ქვეყნებს შორის არ არის ლიდერი ნავთობისა და გაზის მოპოვებითა და რეალიზაციით, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენმა გმირმა, სახელოვანმა წინაპრებმა, განსხვავებით ჩვენი ეპოქის ქართველებისგან, ქარცეცხლსა და ომებში ისეთი გულულა მიწები შეინარჩუნეს, რომ ჩვენ გარეშე ვერავინ ვერაფერს გაიტანს და ვერც შეიტანს. თუ გზა არ გექნა, რაც გინდა, ის გქონდეს. ამას გარდა, კაცობრიობის განვითარებაში წვლილით საქართველო მუდმივად პირველ ადგილზე იქნება არა მარტო კავკასიაში, არამედ ხუთეულშია დედამიწაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ კაცობრიობას მივეცით ბრინჯაო...

– ეს ვიცით და ეს ჩვენი წინაპრების უდიდესი და ფასდაუდებელი ღვაწლია, დღეს რას ვაძლევთ კაცობრიობას?

– მაინც დავასრულებ: კაცობრიობას მივეცით აგროკულტურულ ღონისძიებათა მთელი ნუსხა, ღვინო, ხორბალი, რკინა, ოქრო, უნიკალური სიმღერები და ცეკვები, პროზა, პოეზია, მხატვრობა და ყველაფერი ის, რაც ჯამში განსაზღვრავს კულტურული ადამიანის პარადიგმას და ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალაა. მეორე საკითხია, რომ 78 წლის განმავლობაში, სსრკ-ში ყოფნის დროს, ეკონომიკურად ყველაზე კარგად ცხოვრობდნენ საქართველოში, მაგრამ ზოოპარკის კარგად ნაკვებ ბინადრებს ჰგავდნენ. არ იყო ჯანმრთელი კონკურენცია და ხალხი გაზარმაცდა. თან – ქართველი ბუნებით მეომარია და საბჭოთა დროს მისი ეს მეომრული თვისებები წარმართეს ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკისკენ. ვერც ბოლომდე გადააკეთეს ქართველი და ვერც ბოლომდე დაუკარგეს სახე.

მიუხედავად იმისა, რომ 1991 წლის სამხედრო გადატრიალების მერე არეულ-დარეულები ვარ, მიზანი და სურვილი ერთმანეთში გვერევა და საქართველო ჩემიანებად და სხვისიანებად დაიყო: ხელისუფლებაში მოდის ჯგუფი, რომელიც თავისიანებს ამდიდრებს სხვების გაუბედურების ხარჯზე, მაინც პატარ-პატარა პროგრესი ყოველთვის შეიმჩნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძნელად აღსაზრდელ ბავშვს აქვს ნიჭი, ფლობს უნარებს, აქვს კარგი ჩვევები, რომლებიც შეიძლება, გამოვიყენოთ მის სასარგებლოდაც და კაცობრიობასაც ვახეიროთ. ქართველებს დასავლელები ხომ, როგორც რეგიონულ ლიდერებს, ისე უყურებენ და რადგან აქ ინტელექტუალური პოტენციალია, ამიტომ ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი, ამიტომაც არ გვეშვებიან, რადგან იციან, რომ ამას დრო უნდა.

ეს ჩვენ გვინდა 6 თვეში ერთხელ არჩევნები: ვიღაც შეგვიყვარდება, ავირჩევთ, მერე გადაგვიყვარდება და ვეუბნებით, წადი. იწყება: გადადექი, არ გადავდგები, დასავლელები კი ჩამოდიან და გვთხოვენ, დაწყნარდითო. როგორც იქნა, ჩაგვსვეს სქემაში, რომ უნდა შევეგუოთ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებს და ამის გარეშე ვერავის ვეღარ გააგდებ. ამბობ, რომ არჩევნები არასწორად ჩატარდა? კეთილი ინებე და იმუშავე იმაზე, რომ ამ 4 წლის განმავლობაში დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა. ეს ყველაფერი მოვაყოლე თქვენს მთავარ შეკითხვას: კავკასიაში ვერც ჩრდილოეთსა და ვერც სამხრეთში, ვერც აღმოსავეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ ვექტორში და ვერც პირიქით, საქართველოზე მეტი ლიდერი ვერ იქნება.

– მოდი, ჩამოვთვალოთ, რატომ: იმიტომ რომ ადგილმდებარეობაა ხელსაყრელი, იმიტომ რომ არის ზღვაზე გასასვლელი, იმიტომ რომ დასავლელებისთვის ჩვენთან ურთიერთობა უფრო იოლია, ვიდრე კავკასიის ნებისიერ მკვიდრთან, არ მიწყინონ კავკასიელებმა. კიდევ რა მიზეზებია?

– იმთავითვე ეს ვთქვი: ჯერ ერთი, არ ვართ უთვისტომო, გუშინ გამოჩეკილი, წარმოვადგენთ უძველეს ცივილიზაციას უნიკალური მიკროცივილიზაციური სამყაროთი, სადაც ადამიანს ჰქონდა ყველაფერი, რაც მეთერთმეტე საუკუნიდან მიიღო დასავლურმა ცივილიზაციამ;

მეორე – შემოქმედებითობა. ინტელექტი არის პრაგმატული შემოქმედება, რაც ვლინდება შემოქმედებით ფანტაზიაში, ეს იძლევა სწორად აღქმის უნარსა და უნიკალურად გადმოცემის შესაძლებლობას: ეს არის ხელოვნება, ეს არის მედიცინა, აგროტექნიკური ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ, რაც მეცნიერებაა. ამას დავამატოთ ის, რომ ქართველები ძალიან იოლად იღებენ სიახლეებს და ეძებენ კიდეც. ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ სსრკ-ში ყველაზე კარგად ეცვათ ქართველებს და ვშოულობდით გარეთ. ახალი ტექნოლოგიებისა და ავტომანქანების შემოყვანის უფლებას არავინ იძლეოდა, თორემ შემოვიტანდით, ანუ გვაქვს მიდრეკილება ინოვაციური პროდუქტებისკენ, სიახლეებისკენ, დახვეწისკენ. დავამატებ განათლებისკენ ლტოლვას: სსრკ-ის დროს ყველაზე მეტი დიპლომიანი საქართველოში იყო.

ეს პროცესი დღესაც გრძელდება, უბრალოდ, შემთხვევითები გამოეთიშნენ. ახლა, თუ ვინმე სწავლობს, ძალიან კარგად სწავლობს, თუ ვინმე არ სწავლობს, არ უნდა სწავლა და იმიტომ, ადრე, უბრალოდ, ასეთებისთვის მამები ყიდულობდნენ დიპლომებს. პირველ წარმატებებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მიაღწიეს, სწორედ, განათლებულმა ადამიანებმა: ფიზიკოსებმა, ექიმებმა, მშენებლებმა ან კულტურისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლებმა. ეს ის თემებია, რომლებსაც დასავლეთი ხედავს, ამას რუსიც ხედავს, მაგრამ არ აღიარებს.

არ უნდა, გაღიაროს, ის გეუბნება, მე ძალა მაქვს და უნდა დამემორჩილო, რადგან, თუ შენს ინტელექტუალურ უპირატესობას აღიარებს, მაშინ ისმის კითხვა: შენზე პერსპექტიულსა და განათლებულს რატომ ჩაგრავ?! ყველაფერი აქვთ და ჩვენზე უარესად ცხოვრობენ. ასე რომ, ლიდერობა არის ინტელექტი, პროცესების სწორად ხედვისა და ანალიზის უნარი და ჩვენს ლიდერობას განსაზღვრავს ლტოლვა ცივილიზაციური პროდუქტებისადმი, იმ პროცესებისადმი, რაც გლობალურია, მაშინ, როდესაც ჩვენი სამეზობლო ჩაკეტილ სისტემებში ცხოვრობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი